"თამარ ჟვანიას გადადგება-არგადადგებაზე ისე ვმსჯელობთ, გეგონება რაღაც დააშავა" - ვოლსკი ჟვანიაზე
Tbilisi Daily
"თამარ ჟვანიას გადადგება-არგადადგებაზე ისე ვმსჯელობთ, გეგონება რაღაც დააშავა და უნდა გადადგეს" - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
"არაფერი დაუშავებია და თავის ადგილზე არის. საფუძველი იმის, რომ მის გარშემო რაღაც უნდა დატრიალდეს, ეს ასე არ არის" დაამატა ვოლსკიმ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აფასებენ ოპოზიციაშიც. პარტიებში ამბობენ, რომ თამარ ჟვანიას გადადგომა ქვეყანას არსებული კრიზისიდან მაინც ვერ გამოიყვანს და საჭიროა საარჩევნო ადმინისტრაცია შეიცვალოს.
"ევროპული საქართველოს" წევრის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, თამარ ჟვანიას საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ჩატარებულ არჩევნებს არავინ ენდობა და ახალი არჩევნები თვისებრივად ახალ საარჩევნო გარემოში, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში უნდა ჩატარდეს.
ლევან ხაბეიშვილის თქმით კი, თამარ ჟვანია არის იმის მაგალითი, თუ როგორი არ უნდა იყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. "ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 15 ათასი ლარით მდიდრდება, მანქანით ვემსახურებით, საწვავით ვემსახურებით, ამის შემდე, არჩევნები რომ დადგება 2X2 41-იაო გვეტყვის, შესაბამისად, ამ ადამიანს არც მორალური, არც პოლიტიკური, არანაირი უფლება არ აქვს თანამდებობა შეინარჩუნოს" - განაცხადა ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანის გადადგომის შესახებ ინფორმაცია მედიაში დღეს, 19 თებერვალს გავრცელდა. ცესკო-ში ამბობენ, რომ თამარ ჟვანია არ გადამდგარა და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები