მიხეილ შარვაშიძე (ჩაჩბა)
Sokhumi Daily
მიხეილ შარვაშიძე(ჩაჩბა), იგივე ხამუთ-ბეი, იყო აფხაზეთის სამთავროს უკანასკნელი მთავარი 1822–1864 წლებში, უბრწყინვალესი თავადი, გენერალ-ადიუტანტი.
ის იყო აფხაზეთის მთავრის, გიორგი II შარვაშიძის და სამეგრელოს მთავრის, კაცია II დადიანის ასულ თამარ დადიანის მეორე ვაჟი. იზრდებოდა უბიხების წინამძღოლ ჰაჯი ბარზეგ დაგუმოყვასთან. მამის, საფარ-ბეის ნებით მიიღო ქრისტიანობა. მოგვიანებით იგი გააგზავნეს თბილისში კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდლის შტაბში. მან განათლება რუსეთში მიიღო.
1823 წელს, უფროსი ძმის, დიმიტრის გარდაცვალების შემდეგ 15 წლის მიხეილი დაბრუნდა აფხაზეთში ორი რუსული პოლკის თანხლებითა და კაპიტან მორაჩევსკის მეთაურობით. 1824 წლამდე აფხაზების ალყაში იყო თავის რეზიდენციაში, სოფელ სოუკსუში.1824 წელს 800 კაციანი რუსული რაზმის მხარდაჭერით, გენერალ-მაიორ პ. გორჩაკოვის მეთაურობით, შეძლო ალყის გარღვევა და აფხაზეთის მთავრობის მოვალეობის შესრულებას პრაქტიკულად შეუდგა.
1830 წელს აფხაზეთში დაიწყო მოძრაობა თურქეთის ქვეშევრდომობაში გადასასვლელად. მიხეილ შარვაშიძემ შეძლო თავიდან აეცილებინა მოვლენათა ამგვარი განვითარება და დაელოდა რუსული ჯარის მოსვლას, რომელმაც საბოლოოდ ჩაახშო ეს მოძრაობა. 1838 წელს მინიჭებული ჰქონდა პოლკოვნიკის ჩინი. მონაწილეობდა რუსეთსა და უბიხებს შორის მოლაპარაკებებში. წარმოადგენდა რუსეთის დასაყრდენ ძალას შავიზღვისპირა რეგიონში. რუსებთან ერთად იბრძოდა უბიხების დასამორჩილებლად, რისთვისაც ის არაერთხელ დააწინაურეს, მან ჯერ გენერალ-მაიორის წოდება მიიღო, შემდეგ კი – გენერალ-ლეიტენანტის და გენერალ-ადიუტანტის. მუდმივად ექიშპებოდა სამურზაყანოს გამო ოდიშის სამთავროს, სადაც 1840 წელს დამყარდა რუსული მმართველობა.
1853-55 წლებში, ყირიმის ომის დროს რუსებს აფხაზეთიდან სამეგრელოში ჯარების უდანაკარგოდ გადაყვანაში დაეხმარა. თავად კი თავისი ცოლის ნათესავებს შეაფარა თავი, მაგრამ შემდეგ კვლავ დაუბრუნდა თავის სამფლობელოს. აფხაზეთში ჩასულს შეხვედრა ჰქონდა შამილის ნაიბ მაგომეტ ამინისა და ჩერქეზ თავად საფარბეისთან. მათი მიზანი იყო გადაებირებინათ მიხეილ შერვაშიძე, რაზეც უარი მიიღეს.
ყირიმის ომის დროს მან საბოლოოდ მაინც გამოუცხადა ლოიალობა ოსმალეთს და ომარ ფაშამ 1855 წელს მას აფხაზეთის სანაპიროს ფაშობა უბოძა. ეს ფაქტი მას გაუხსენეს, მაშინ როდესაც ომის დროს თურქეთთან თანამშრომლობაში დასდეს ბრალი. იმავე წლის 24 ივლისს მეფისნაცვალმა ოფიციალურად აუწყა მიხეილ შარვაშიძეს იმპერატორის ბრძანება აფხაზეთის მთავრის მოვალეობისაგან მისი განთავისუფლებისა და აფხაზეთში რუსული მმართველობის შემოღების შესახებ. აფხაზეთის მთავარი, რომელიც მაშინ ავადმყოფობდა და ითხოვდა საცხოვრებლად საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში დატოვებას, ვორონეჟში, რუსეთში გადაასახლეს , რაც უარყოფითად აღიქვა საზოგადოებამ. მიხეილ შარვაშიძე 1866 წ. 16 აპრილს გარდაიცვალა. მაისის თვეში მისი ნეშტი ჩამოასვენეს და მოქვის ტაძარში დაკრძალეს.
მიხეილ შარვაშიძის დეპორტაციის და მალევე მისი გარდაცვალების შედეგი იყო ის, რომ 1864 წლის 24 ივნისს საბოლოოდ გაუქმდა აფხაზეთის სამთავრო და შეიქმნა სოხუმის სამხედრო განყოფილება. 1866 წლის ივლისში აფხაზთა სახალხო აჯანყების მონაწილეებმა მიხეილის ვაჟი გიორგი აფხაზეთის მთავრად გამოაცხადეს, მაგრამ იმავე წლის აგვისტოში რუსეთის არმიამ აჯანყება ძალის გამოყენებით ჩაახშო.
#აფხაზეთი
#რუსეთი
#საქართველო
#პოლიტიკა
#sokhumidaily