სვიატლანა ციხანოუსკაია სიტყვით მიმართავს გაეროს უშიშროების საბჭოს და PACE-ს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვიატლანა ციხანოუსკაია ამ კვირაში გაეროს უშიშროების საბჭოს სიტყვით მიმართავს ბელარუსში 9 აგვისტოს სადავო არჩევნების შემდეგ შექმნილი დაძაბული ვითარების შესახებ. ციხანოუსკაიას გუნდის თანახმად, ოპოზიციის ლიდერის სიტყვის მიმართვა იგეგმება ესტონეთის ინიციატივით, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრია. ციხანოუსკაიამ 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ დატოვა ბელარუსის ტერიტორია და ამჟამად იმყოფება ლიეტუვაში, საიდანაც პრეზიდენტობის ექსკანდიდატი ტელეფონის საშუალებით ესაუბრა რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ციხანოუსკაიას პრესმდივნის თანახმად, 8 სექტემბერს, ლიეტუვაში მყოფი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სიტყვით მიმართავს PACE-ს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. ციხანოუსკაიას გუნდის განცხადების ფონია ბელარუსის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობა, რომლის თანახმად, ალექსანდრ ლუკაშენკა და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი პირად შეხვედრაზე შეთანხმდნენ. კრემლის პრეს-სამსახურმა ადრე დაადასტურა, რომ 30 აგვისტოს პუტინის და ლუკაშენკას მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა და მოილაპარაკეს მოსკოვში მომავალ კვირებში შეხვედრის შესახებ. გასულ კვირაში ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბერლინში შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმებას, სანქციები დაუწესონ 20-მდე მაღალი რანგის ბელარუს ოფიციალურ პირს, რომლებზეც არსებობს ეჭვი, რომ არჩევნების გაყალბებაში იყვნენ ჩართული და მონაწილეობდნენ 9 აგვისტოს სადავო არჩევნების შემდგომი საპროტესტო გამოსვლების სასტიკ ჩახშობაში. მინისტრებმა არ გამორიცხეს, რომ სანქციები შეეხოს ასევე პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას, თუ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევა არ შეწყდა. 30 აგვისტოს, მინსკსა და სხვა ქალაქებში გამართული მორიგი მრავალრიცხოვანი სამშვიდობო აქციების დროს, სამართალდამცველრებმა სულ მცირე 150 კაცი დააკავეს არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობისა და მილიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის. https://www.radiotavisupleba.ge/a/30812802.html #ახალი_ამბები #twitter