პენტაგონის ცნობით, უკრაინას უახლოეს ხანში გადასცემს ამერიკულ ჯავშანმანქანებს Bradley-ს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტრო უკრაინას უახლოეს მომავალში გადასცემს ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, Bradley-ს. პენტაგონის პრესმდივანმა პეტ რაიდერმა 5 იანვარს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ დეტალები მოგვიანებით გამოცხდდება. რაიდერმა ხაზი გაუსვა, რომ Bradley-ს შეუძლია საბრძოლო მოქმედებების ზონაში ქვეითების გადაყვანა და განკუთვნილია როგორც შეტევის, ისე თავდაცვისთვის.
Bradley აღჭურვილია 25-მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხით და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვები ორი დანადგარით. სამხედრო ექსპერტების თანახმად, ამ საბრძოლო ჯავშანმანქანების მიღება მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინის სახმელეთო ძალების ბრძოლისუნარიანობას.
სააგენტო Reuters-ი ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ დღეს, 6 იანვარს გამოაცხადებს უკრაინისთვის კიდევ დაახლოებით 2.8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ და ამ პაკეტში იქნება 50-მდე Bradley-ც.
რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან აშშ-მა უკრაინას გაუწია 21 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32211836.html
Source: radiotavisupleba.ge