ლეო ქიაჩელის ცხოვრება-მოღვაწეობა

0
ქართველ მწერალთაგან ლეო ქიაჩელივით დრამატული და ფათერაკებით სავსე ბიოგრაფია, ალბათ, ცოტას თუ ჰქონდა.  მართალია, მისი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდი მწერლისავე ნაწარმოებებშია მიმობნეული, მაგრამ სრულად მთელი მისი ბიოგრაფია "გამზადებული" დეტექტიური ჟანრის სცენარია მხატვრული ფილმისთვის.  ჯგუფურ ფოტოზე (რომელიც 1923 წლით თარიღდება და მწერალთა კავშირის ბაღშია გადაღებული) აღბეჭდილებს შემდეგი თანამიმდევრობით ამოიცნობთ: ლეო ქიაჩელი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, მოსე თოიძე (ზის), ვარლამ რუხაძე (მწერალთა კავშირის მძღოლი) და კოტე მაყაშვილი.

წინაპრები

ლეონ მიხეილის ძე შენგელაია - ლიტერატურის ისტორიაში ლეო ქიაჩელის ფსევდონიმით გახდა ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ის
#წალენჯიხის
რაიონ სოფელ ობუჯში, 1884 წლის 7/19 თებერვალს აზნაურების - მიხეილ შენგელაიასა და მართა ხვიტიას ოჯახში დაიბადა. იმდროინდელი წესისამებრ, ლეო 7 წლამდე გაძიძავებული ჰყავდათ ჯიხაშკარში, ელენე ჟვანიას ოჯახში. ლეოს ძუძუმტეც ჰყოლია - პავლე არაჩემია, რომელმაც შემდგომ ქიაჩელის მშობლების დახმარებით, საშუალო განათლება მიიღო და პედაგოგად მუშაობდა ზუგდიდში.  ამის შემდეგ ლეო ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა, 9 წლის ასაკში კი განათლების მისაღებად ქუთაისში გაგზავნეს. 11 წლის ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შეჰყავთ. დაგვიანების მიზეზი შემდეგი ფაქტი გამხდარა: მიხეილ შენგელაია სასამართლოში მუშაობდა. მოსამართლესთან ჩხუბი მოუვიდა და სილა გააწნა მას. ვექილი დააპატიმრეს და აზნაურობა ჩამოართვეს. საქართველოში იმპერატორ ალექსანდრეს ვიზიტის დროს, ლეოს დედამ, რომელიც შეძლებული აზნაურის ოჯახიდან იყო, ამ ფაქტის შესახებ იმპერატორს ხმა მიაწვდინა. მიხეილ შენგელაია კვლავ ძველ პატივში აღადგინეს და აზნაურობა დაუბრუნეს, მხოლოდ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი ლეონის კლასიკურ გიმნაზიაში შესვლაზე ზრუნვა. როგორც ჩანს, პატიმრობიდან გათავისუფლებული მიხეილ შენგელაიას ოჯახი ფეხზე მაინც ვერ დადგა. ამაზე ლეოს მშობლებთან გაგზავნილი, 1885 წლის 30 ნოემბრით დათარიღებული ბარათი მეტყველებს (სტილი დაცულია): "ჩემო ბატონო დედა! პირველად ვისურვებ თქვენ კარგად ყოფნას და ღმერთსაც ვთხოვ, რომ თქვენ კარგად ბრძანდებოდეთ. მე, თუ მკითხავ, კარგად ვარ და კარგად ვსწავლობ. ორი და სამი არაფერში მაქ. სუყორფელში ოთხი და ხუთი მაქვს... ჩემო დედა, საბანი არა მაქვს, სულ დაწეწილია. სუყველა მოკითხვას გითვლიან, ჩემ მაგიერ სუყველას ხუთ-ხუთჯერ აკოცე... შენი შვილი ლეონ შენგელაია".

რევოლუციური მოღვაწეობა

1900-იანი წლების ქუთაისში, ისევე როგორც იმპერიის სხვა ქალაქებში, ახალგაზრდობა რევოლუციურ მოძრაობაში ჩაერთო. თუმცა ლეონი სასწავლებლად ხარკოვის უნივერსიტეტში მაინც გაემგზავრა. იურიდიულზე სწავლობდა, მაგრამ უნივერსიტეტის დახურვის გამო, იძულებული იყო სამშობლოში დაბრუნებულიყო. ამის შემდეგ ლეონის რევოლუციური მოღვაწეობის წლები დგება: არალეგალური კრებები, გაფიცვების ორგანიზება, დემონსტრაციები, მთავრობის საწინააღმდეგო პროკლამაციების გავრცელება, წითელარმიელებთან ერთად შეიარაღებული თავდასხმები... 1905 წელს რევოლუციის ცეცხლის ჩაქრობას შეეცადნენ. ცხადია, ამ დროს ლეო ქიაჩელი უკვე არალეგალურად ცხოვრობდა და მასზე ძებნა იყო გამოცხადებული. 22 წლის ასაკში დაპატიმრებას ვერ გადაურჩა, ჯერ ზუგდიდის ციხეში ჩასვეს, შემდეგ ქუთაისში გადაიყვანეს. პატიმარი მალე ტიფით დაავადდა, იმ დროს ლეონის მამა უკვე გარდაცვლილი იყო და მოხუცი დედა შვილის - ლეუჩკას (ლეო ქიაჩელს ბავშვობაში ასე ეძახდნენ) სანახავად ერთადერთხელ შეუშვეს. რამდენიმეკვირიანი ავადმყოფობის შემდეგ, ლეონმა ავადმყოფობა დასძლია.  ციხეში დრო ნელა გადიოდა, მაგრამ შემოდგომის ერთ დღეს, 38-მა პოლიტიკურმა პატიმარმა საიდუმლო გვირაბით საპატიმროდან გაქცევა შეძლო. პოლიცია და ჟანდარმერია გაქცეულ ტუსაღებზე ნადირობდა. საქართველოში დარჩენა შეუძლებელი იყო, ამიტომ ლეონი სამშობლოდან მოსკოვში ყალბი პასპორტით ჩავიდა. ნიკოლოზ მგელაძის პასპორტი ცოტა ხანში რაჟდენ შენგელაიას პასპორტით შეიცვალა.

პოლიტიკური ემიგრანტი

ლეონ შენგელაიამ ლიტერატურული საქმიანობა მოსკოვში დაიწყო, იმავე პერიოდში გამოაქვეყნა თავისი პირველი მოთხრობა. კვლავ დევნა და ჟენევაში გამგზავრება, სიდუხჭირე და გაჭირვებაში განვლილი დღეები, თუმცა, ჟენევაში ლეონი უნივერსიტეტის სტუდენტი ხდება. ის წერდა მოთხრობებს, ესკიზებს, ნოველებს, პიესებს და სამშობლოში გზავნიდა. წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სტიპენდიაც კი დაუნიშნა - 25 მანეთი, რაც მისთვის და მოხუცი დედისთვის მცირეოდენი შვება იყო. ამის შემდეგ ლეონი დედას გაცილებით ნუგეშისმომცემ და იმედიან წერილებს სწერდა და მწერლობაში წარმატებების მიღწევას ჰპირდებოდა. გაუმართლა კიდეც, 1914-1915 წლებში დაწერილმა "ტარიელ გოლუამ" მას დიდი წარმატება მოუტანა. ამ რომანის საქართველოში გამოგზავნის შემდეგ, მალე თვითონაც აქეთ გამოემგზავრა და დაოჯახდა.

ოჯახი

ვერა კაკაბაძე და ლეო ქიაჩელი 1916 წლის ზაფხულში, ჩერქეზოვის ქუჩაზე შეხვდნენ ერთმანეთს. აქ ვერას ძმა, ოფიცერი კონსტანტინე კაკაბაძე ოჯახით ცხოვრობდა. ეს ბინა ქიაჩელის საიმედო საკონსპირაციო ადგილი იყო. იმავე წელს "ტარიელ გულუას" გამოცემისას აღებული პირველი ჰონორარით ლეონმა ბაკურიანში დაისვენა. თბილისში დაბრუნებულმა კი ვიწრო წრეში, ფარულად ხელი მოაწერა ვერა კაკაბაძესთან. მათი სიყვარულის შესახებ ორი ვერსია არსებობს: პირველის მიხედვით წყვილმა ერთმანეთი 1916 წელს გაიცნო და მალევე დაქორწინდნენ, მეორე კი ასეთია - ვერა და ლეონი ერთმანეთს ჯერ კიდევ დაპატიმრებამდე იცნობდნენ და ქალი სატრფოს გათავისუფლებას, ემიგრაციიდან მის დაბრუნებას ერთგულად ელოდაო. სამწუხაროდ, ამ წყვილის ცხოვრებაში ტრაგედია მოხდა - მწერალს ერთადერთი ვაჟიშვილი ოთარი II მსოფლიო ომში, ქერჩში დაეღუპა. ლეო სიცოცხლის ბოლომდე უშედეგოდ ეძებდა დაკარგული შვილის საფლავს.

მემკვიდრეობა

რაც შეეხება მწერლის ლიტერატურულ და საზოგადოებრივ საქმიანობას, საქართველოში დაბრუნებული ქიაჩელის რევოლუციური ცხოვრება შეიძლება ითქვას, რომ დასრულდა, თუმცა, ის კიდევ ერთხელ ხდება პატიმარი. ქიაჩელს სატუსაღოს კარი 37 წლის ასაკში გაუღეს... ამის შემდეგ ის მთლიანად ჩამოშორდა რევოლუციურ მოძრაობას და ლიტერატურაში გადაერთო. ბევრს წერდა, თუმცა, რამდენჯერმე საკუთარი ნაწერები გაანადგურა, რაც მწერალთა კავშირში სხვადასხვა დროს გამართული სხდომების შემდეგ ხდებოდა.  მთაწმინდაზე დაკრძალეს და მისი სახელობის ქუჩა თბილისში, ვერის უბანში მდებარეობს. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის მიხედვით, სამი ფილმია გადაღებული: "ტარიელ გოლუა", "თავადის ქალი მაია" და "გვადი ბიგვა". ერთ-ერთი პირველი ნაწარმოები, რომელიც ომის შემდგომ პერიოდში მსოფლიო ლიტერატურის წიგნებს შორის მოხვდა, სწორედ ლეო ქიაჩელის "გვადი ბიგვა" იყო. 1946 წელს იგი ლონდონში, ინგლისურ ენაზე გამოიცა, ხოლო 1949 წელს არგენტინაში - ესპანურ ენაზე. ავტორის ეს ნაწარმოები სამშობლოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ისევე, როგორც იმდროინდელ საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში.

ქიაჩელის სახლ-მუზეუმი, სოფელი ობუჯი, წალენჯიხა

ლეო ქიაჩელის სახლ-მუზეუმი ცუდ მდგომარეობაშია. ხელი აქვს გამოწვდენილი, - მიშველეთ, გადამარჩინეთო, მაგრამ მშველელი არავინაა...
ფოტო:ვერა კვარაცხელია ______________________________________________ სტატიას კითხულობთ მედიაპლათფორმა Feedc-ზე. გამოიწერეთ გვერდი (@jgalani) და თვალი ადევნეთ სიახლეებს. აპლიკაცია ჩამოტვირთეთ მოცემული ბმულიდან: download.feedc.com ______________________________________________ წყარო:კვირისპალიტრა
#ლეო
ქიაჩელი
#წარმატებულიწალენჯიხელები
#წალენჯიხა
#ლიტერატურა
#ახალიამბები
0