ბარსელონას პავილიონი | ლუდვიგ მის ვან დერ როე

0
ბარსელონაში გერმანიის ნაციონალური პავილიონი მსოფლიოში ყველაზე გრძელვადიანი პავილიონის შენობაა, მიუხედავად იმისა, რომ მას დროებითი დანიშნულება ჰქონდა. პავილიონის არქიტექტორია ლუდვიგ მის ვან დერ როე, რომელმაც ეს შენობა 1929 წელს დააპროექტა ბარსელონის საერთაშორისო გამოფენისთვის. პავილიონი შუშის, ფოლადის და სხვადასხვა ტიპის მარმარილოსგან აშენდა და მისი ერთ-ერთი დანიშნულება ესპანეთის მეფის, აფლონ XIII და გერმანიის ხელისუფლების გამოფენის დროს შესახვედრი ადგილი იყო. პავილიონი კატალონიის ნაციონალური ხელოვნების მუზეუმთან არის განთავსებული. ეს ადგილი განსაკუთრებულია, რადგან ჩამოშორებულია ქალაქის ხმაურს, საქმიანი და დაჩქარებული ცხოვრების რიტმს და განსხვავებულ ატმოსფეროშია წარმოდგენილი.
პავილიონი ნათლად ასახავს ცვლილებებს თანამედროვე არქიტექტურის სამყაროში. ახლა მას ბარსელონის პავილიონად მოვიხსენიებთ, მაგრამ თავიდანი გერმანიის პავილიონი ეწოდებოდა და შესაბამისად, ის გერმანიის თანამედროვე და პროგრესულ კულტურას და ქვეყნის განვითარებას წარმოაჩენდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ.
ის ასევე განსხვავდებოდა ამ გამოფენაზე წარმოდგენილი სხვა პავილიონებისგან, რადგან მისი არქიტექტორიც განსაკუთრებული პიროვნება იყო. მას პავილიონი არ დაუპროექტებია როგორც შენობა, რომელიც განკუთვნილი უნდა ყოფილიყო ხელოვნების ნიმუშების გამოსაფენად, ანდა როგორც დროებითი კონკრეტული დანიშნულების სივრცე. ის იყო სრულფასოვანი არქიტექტურული ნამუშევარი, რის გამოც პავილიონი თავისებურ სკულპტურად გარდაისახა. 1930 წელს, მას მერე, რაც გამოფენა ოფიციალურად დასრულდა, პავილიონები დაიშალა, მაგრამ როეს ამ შენობას არ დაუკარგავს მნიშვნელობა და ის აღიარეს არა მარტო როგორც როეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დიზაინად, რომელმაც იწინასწარმეტყველა მისი შემდგომი კარიერა, არამედ როგორც მეოცე საუკუნის არქიტექტურულ მიღწევად. სწორედ ამ მიზეზების გამო, 1980 წელს ბარსელონის ურბანული დაგეგმარების დეპარტამენტის ინიციატივით, პავილიონის რეკონსტრუქცია გადაწყდა. სამუშაოები 1983 წელს დაიწყო და 1986 წელს პავილიონი მეორედ გაიხსნა. პავილიონი როეს მიერ შექმნილი სისტემით არის დაპროექტებული, რომლის საშუალებითაც სტრუქტურა და მის გარშემო არსებული სივრცე ისე აღიქმება როგორც არქიტექტორს ჰქონდა ჩაფიქრებული. როეს კონცეფციით, არქიტექტურა ერთი მთლიანი უნდა ყოფილიყო. მთელი ეს შენობა თითქოს ამას ემსახურება, რადგან მასში გამოყენებული ყველა მასალა და დეტალი ხელს უწყობს ინტერიერსა და ექსტერიერს შორის მკვეთრი საზღვრების წაშლას. პავილიონი ცოკოლზეა განთავსებული და ამის გამო დაბალი ჰორიზონტალური ორიენტაცია აქვს, რომელიც კიდევ უფრო მყარდება ჭერით. ჭერი ინტერიერს და ექსტერიერს თავზე ადგას და ტოვებს იმის ასოციაციას, რომ თითქოს ჰაერშია დაკიდული. ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ირღვევა ზღვარი გარე და შიდა სივრცეებს შორის. სწორედ ამის გამო, სანამ პავილიონში შეხვალთ, უკვე იწყება პროცესი მოძრაობის და შენობის აღმოჩენის.
ასევე აღსანიშნავია ის მასალები, რომლებიც გამოყენებულია პავილიონში. მასალების მრავალფეროვნება ქმნის კონტრასტს ნატურალურსა და ხელოვნურს შორის. გამოყენებულია ოთხი ტიპის მარმარილო, ფოლადი, ქრომის მეტალი და შუშა. მარმარილოს სახეობებიდან კი – ებ მწვანე ალპური, ძველბერძნული მწვანე, ოქროსფერი მარმარილო და რომაური ტრავენტინი. აღსანიშნავია, რომ რეკონსტრუქციის დროს ზუსტად იგივე მასალები გამოიყენეს, რადგან მათ გარეშე პავილიონი კარგავს მნიშვნელობას. ყველაზე ხშირად გამოყენებული მასალა იტალიური ტრავერტინის ქვაა. მზის სხივების არეკვლისას ტრავენტინი მეორადი განათების წყაროს ქმნის და მისი სტრატეგიული გამოყენებით გარე და შიდა სივრცეები ისე აღიქმება, როგორც ერთი მთლიანი. შუშა არქიტექტორისთვის იმ დროს ინდუსტრიალიზმის სიმბოლო იყო. როეს სწამდა, რომ ნებისმიერი შენობა რეფლექცია უნდა ყოფილიყო თანამედროვეობის. არ არის გასაკვირი ისიც, რომ როეს მიიჩნევენ, როგორც ძალიან ცნობილი შუშის ცათამბჯენის დიზაინის შემქმნელს. ეს მისი 1919-21 წლებში შექმნილი განუხორციელებელი ცათამბჯენების მაკეტების დიზაინით მტკიცდება. ინტერიერის და ექსტერიერის გასაერთიანებლად შუშა აუცილებელი მასალაა. ბარსელონის პავილიონში გამოყენებული შუშის მოძრავ სტრუქტურასაც სწორედ ეს დანიშნულება აქვს.
პავილიონში ასევე ორი აუზია. მათ შორის უფრო მცირე ზომის ისეა განთავსებული, რომ ხელი შეუწყოს მარმარილოს განათებას და ინტერიერის ექსტერიერად ჰარმონიულ გარდაქმნას. მეორე, ზომით უფრო დიდი აუზი დანარჩენ ციკოლს მოიცავს. როემ ლილი რეიხთან ერთად, სპეციალურად ამ პავილიონისთვის შექმნა სკამი, რომელიც წლების განმავლობაში თანამედროვე დიზაინის სიმბოლოდ იქცა.
ასევე პავილიონში განთავსებულია ჯიორჯ კოლბის ბრინჯაოს სკულპტურის, Dawn-ის რეპროდუქცია. სკულპტურა პატარა აუზის ბოლოში დგას და მის გარშემო არსებულ წყალში, მარმარილოსა და შუშაში აირეკლება. დღეს ბარსელონის პავილიონი ორიგინალურ ადგილას არსებობს და მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
#არქიტექტურა
#ლუდვიგმისვანდერროე
0