მე ვარ COVID_19

0
მე ვარ COVID-19 მე ვარ COVID-19 _ თქვენი ახალი მბრძანებელი, კოსმოსიდან გამოგზავნილი. მე ვარ COVID-19 _ ახალი დროის ფილოსოფოსი, ახალი რელიგიის მქადაგებელი, ახალი წესრიგის დამდგენი, თქვენი არეული სახლის დამლაგებელი. მე ვარ COVID-19 დედამიწის ახალი მმართველი. მე მემორჩიელბიან მეფეები და იმპერატორები, პრეზიდენტები და პრემიერები, მთავრობები და მარლამენტები. დღეს მე ვწერ კანონებს, მე ვადგენ ქცევის ნორმებს და ვინც არ დამემორჩილება _ მოკვდება! მე ვარ ახალი მოძღვრების ფუძემდებელი, დაივიწყეთ თქვენი დრომოჭმული რელიგიები, დაივიწყეთ თქვენი უაზრო ბუტბუტი სიყვარულზე და სათნოებაზე, სიკეთესა და თანაგრძნობაზე, დაივიწყეთ ყველაფერი და მომყევით მე, რამეთუ მე ვარ ერთადერთი ჭეშმარიტება. მე ვიდექი თქვენ შორის და არ მამჩნევდით! მე ვცხოვრობდი თქვენს გულებში და უარმყოფდით! მე გესაუბრებოდით დილიდან დილამდე და არ მისმენდით და არ მაღიარებდით! _ ახლა ხომ დამინახეთ? _ახლა ხომ შემამჩნიეთ? _ახლა ხომ მისმენთ? _ახლა ხომ მაღიარებთ? მე ვაცარიელებ თქვენ ეკლესიებს, თქვენს მეჩეთებსა და სინაგოგებს, მე გამოგრეკავთ იქიდან და ღია ცის ქვეშ დაგაყენებთ, რომ ზემოთ ახედვა გასწავლოთ. მე გადავხდი გუმბათებს და სახურავებს თქვენს სამლოცველოებს, რომ მათ გარეშე ზემოთ ახედვა გასწავლოთ და ბოლოს და ბოლოს დაგანახოთ ის, ვინც შეგქმნათ. დაგანახოთ გუმბათების და სახურავების ტიხარის გარეშე. დაგანახოთ ლოცვების აბლაბუდის გარეშე, დაგანახოთ, როგორი კრიალა, როგორი სუფთა და მართალია ის და როგორი ცოდვილები და ფარისევლები ხართ თქვენ... სიყვარულზე ლაპარაკობთ და ერთმანეთს ხოცავთ, თანაგრძნობაზე ლაპარაკობთ და ერთმანეთს სამარეს უთხრით, სათნოებაზე ლაპარაკობთ და ერთმანეთი გძულთ, ერთმანეთს ქალაქებს უნგრევთ, სახელმწიფოებს უნგრევთ, სახლებს უწვავთ... თქვენს ამპარტავნებას, თქვენს ქედმაღლობას, თქვენს უტიფრობას, თქვნს სიხარბეს, საზღვარი არ აქვს. თქვენი ისტორია ერთმანეთზე გადაბმული ომების ისტორიაა. თქვენი ისტორია მკვლელობის ისტორიაა. დედამიწა თქვენს მიერ დაღვრილი სისხლის ოკეანეებში იხრჩობა. სისხლის ჭაობში ცხოვრობთ და ამ ჭაობიდან ამოზრდილი სარჩო-საბადებლით იკვებებით. ხომ გითხრეს, ერთმანეთს არ მიუახლოვდეთო, ხომ გაგაფრთხილეს, აკრძალული ხილი არ ჭამოთო. თქვენ მაინც არაფერი შეისმინეთ და სამუდამო წვალებისთვის გასწირეთ თავი. საკუკუნეებია ფარისევლობთ, საუკუნეებია თვალთმაქცობთ, საუკუნეებია შემოქმედის მოტყუებას ცდილობთ _ რომ გამოსწორდებით, რომ გაკეთილშობილდებით, მაგრამ არაფერი შეცვლილა _ დღეს უფრო უარესები ხართ, ვიდრე იყავით 20-30 საუკუნის წინათ _ უფრო საშინელები ხართ, უფრო საშიშები, უფრო სახიფათონი. და სანამ დედამიწა არ აგიფეთქებიათ, სანამ დედამიწა არ ამოგიყირავებიათ, სანამ ერთმანეთი ბოლო კაცამდე არ დაგიხოცავთ, მე მოვედი, რომ გიხსნათ და გადაგარჩინოთ. მე ვარ COVID-19 მე თქვენთვის მომაქვს ახალი რელიგია, რელიგია განშორებისა და დაშორიშორებისა, რელიგია განმარტოებისა, რელიგია განცალკევებისა, რელიგია საკუთარ თავთან დაბრუნებისა. გაუშვით ერთმანეთს ხელები და ორი მეტრით დაშორდით ერთმანეთს _ დაიცავით დისტანცია, არ მოიხსნათ პირბადე, რომ ერთმანეთი არ აცდუნოთ, ხელი არ მოჰკიდოთ ერთმანეთს, რომ ერთმანეთის ენერგიამ არ გაგაბრუოთ. მიყევით ჩემს რელიგიას, ირწმუნეთ ჩემი რელიგიის, მუხლი მოიყარეთ ჩემი რელიგიის წინაშე. _ ჩემი რელიგია დაშორიშორების რელიგიაა, _ჩემი რელიგია განცალკევების რელიგიაა, _ჩემი რელიგია შორი-შორს ყოფნის რელიგიაა. მე ვარ COVID-19 მე მოვედი თქვენთან, რომ გიხსნათ, თქვენ კი, მადლიერების ნაცვლად, დეზინფექციურ შხამს მასხურებთ თვალებში. ასეთი უხილავი და უჩინარი იმიტომ ვარ, რომ ვერ მომიხელთოთ, ვერ მომახრჩოთ, ქრისტესავით მეც ჯვარზე ლურსმნებით ვერ გამაკრათ... მე თქვენ გაგახსენებთ, რა დიდებულია ერთმანეთის მონატრება, მე თქვენ გასწავლით ხელმეორედ _ რა მშვენიერია სიყვარული _ როდესაც გიყვარს, მაგრამ არ შეგიძლია მის მშვენიერებას შეეხო, უფლება არ გაქვს, მის ბაგეზე შენი ბაგე დააკონო, ქარში აწეწილი თმები თითებით დაუვარცხნო და მკერდში ჩაიკრა. ამ ამძუვნებულ ეპოქაში, ამ გარყვნილ დროში _ მე თქვენ გასწავლით, როგორ უნდა დაბრუნდეთ უკან, იქ, სადაც მარადიული წალკოტია, იქ, სადაც კოსმიური ჩიტები გალობენ. დედამიწა ურჩთა გადასახლების ადგილი, დედამიწა _ უზნეოთა გამოსასწორებელი კოლონია, იკეტება! მე ვარ COVID-19 ამ კოლონიის დირექტორი _ მისმინეთ და დამემორჩილეთ! ✍ვახტანგ ხარჩილავა :
#coronavirus
#COVID-19
0