როგორი გავლენა იქონია პანდემიამ ეკონომიკასა და ბიზნესზე ?

Tbilisi Daily

დღევანდელი საზოგადოების თითოეული წევრი გარკვეული ფორმით დაკავშირებულია ბიზნესთან. ზოგი თავად ქმის ბიზნესს, ზოგი კი მათ მიერ წარმოებულ პროდუქტს მოიხმარს. შესაბამისად, მსოფლიოში გავრცელებული პანდემია ყველასთვის ერთგვარი გამოცდა აღმოჩნდა და რადიკალურად შეცვალა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების რიტმი. გასაკვირი არ არის, რომ პანდემიამ ძალიან დიდი გავლენა იქონია თითქმის ყველა სფეროზე, აქედან გამომდინარე სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალები სისტემატურად აქვეყნებდნენ შეფასებებს მსოფლიოსა და ცალკეულ ქვეყნებში მიმდინარე ცვლილებების შესახებ. სამუშაო რეჟიმის დისტანციურ ფორმატში გადასვლამ ინტერნეტში გავრცელებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ფასეული გახადა. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, კრიტიკული უსაფრთხოების ზომების მიღება გახდა საჭირო. მსოფლიო ჯანდაცვასა და ეკონომიკას შორის ალტერნატივის გაკეთების წინაშე დადგა. გლობალური ჩაკეტვა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, საზოგადოების თავშეყრის ადგილების დახურვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეწყვეტა - ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დადებითად მოქმედებს ქვეყანაში პანდემიის გავრცელების შემცირებაზე, მაგრამ ამავდროულად რადიკალურად აფერხებს ეკონომიკურ აქტივობას და ხელს უშლის მის ზრდას. როგორც ვიცით, მარტში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს ეკონომიკა 2.7%-ით შემცირდა. ამ ყველაფრის შემდეგ, ექსპორტმა და ფულადმა გზავნილებმა იკლო, ასევე შეჩერდა ტურიზმიც, რამაც ეკონომიკაზე კიდევ უფრო ცუდად იმოქმედა. ზარალში მყოფი ბიზნესებისთვის ძალიან მძიმე გადასატანი აღმოჩნდა შემოდგომაზე მეორე ტალღის დაწყება და შეზღუდვების ხელახალი გამკაცრება. საქსტატის წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე მოყოლებული საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდა. წინა წლის 9 თვის მონაცემებით, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორმა 32%-იანი კლება, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორმა 20%-იანი კლება, ხოლო გართობა-დასვენების სექტორის მომსახურებებმა 15%-იანი კლება განიცადეს. რაც შეეხება ინფლაციას, მის გამომწვევ მთავარ მიზეზად ლარის კურსის ვარდნა დასახელდა. კურსის ვარდნის შედეგად იმპორტირებული პროდუქცია გაძვირდა. ცნობილია, რომ მარტის ბოლოს კურსმა რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია, როდესაც დოლარი 3.48 ლარი ღირდა. ამის შემდეგ, ეროვნული ბანკის მიერ გაყიდული დოლარის გამო ლარი 3.04-მდე გამყარდა, მაგრამ სექტემბრიდან ისევ გაუფასურება დაიწყო და დეკემბრის ბოლოს დაახლოებით 3.27-ზე შეჩერდა. Forbes-ის ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში ფასზე ყველაზე დიდი ზრდა 10.2%-ით ავეჯმა და საოჯახო ნივთებმა აჩვენეს. ჯანმრთელობის დაცვის ფასმა კი 8.8%-ით იმატა. ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო 7.6%-ით, ხოლო სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 6%-ით გაძვირდა. პანდემიამ საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა სახელმწიფო ბიუჯეტზე. გაიზარდა შემოსულობები, რაც მთავრობის მიერ მეტი ვალის აღებამ განაპირობა, ხოლო ხარჯების მატება ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების და ბიზნესის სუბსიდირების ზრდამ გამოიწვია. 2020 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 4.3 მლრდ ლარი იყო, 11 თვეში (იანვარი-ნოემბერი) კი სახელმწიფო ვალი 9.5 მლრდ ლარით გაიზარდა. რა თქმა უნდა, ეფექტური ეკონომიკური ზრდის მისაღებად დაწესებული შეზღუდვების მოხსნაა საჭირო. პროგნოზირებულია, რომ ეკონომიკა მომდევნო ორი თვის განმავლობაში კვლავ კლებისკენ წავა, მაგრამ გაზაფხულისთვის უკვე ზრდის მაღალი ტემპი დაფიქსირდება. ტურიზმის აღდგენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რაც ქვეყანას საკმაოდ დიდ სარგებელს მოუტანს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #GeorgiaDaily #საქართველო #ბიზნესი #ბლოგი