მცირე ინციდენტი გიორგი რურუას პროცესზე
Tbilisi Daily
გიორგი რურუას სასამართლო პროცესზე ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით მცირე ინციდენტი მოხდა.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ-ერთმა პროკურორმა დაცვის მხარისა და ბრალდებულის მისამართით ყვირილი დაიწყო, რამაც პროცესი გაამწვავა. მისივე თქმით, სიტუაცია მალევე განიმუხტა და პროცესი გაგრძელდა.
„დღეს შეიცვალა ერთ-ერთი პროკურორი, რომელიც იყო აგრესიულად განწყობილი, იუზრდელა, დაგვიწყო ყვირილი დაცვის მხარეს და ბრალდებულს და ამას მოჰყვა სიტუაციის ოდნავ გამწვავება სასამართლოს სხდომის დარბაზში. უბრალოდ ამ პროკურორებს ავიწყდებათ, რომ ჯერ ისედაც მათი სტატუსი ავალდებულებს, რომ ეთიკურად და ზრდილობიანაც მოიქცნენ სასამართლოს სხდომის დარბაზში და მით უმეტეს, ისეთ საქმეზე, სადაც პოლიციელებს ჩადებული აქვთ ცეცხლსასროლი იარაღი და ტყუილად ზის გიორგი რურუა ციხეში. თავად ეს პროკურორებიც არანაკლებ დანაშაულს ჩადიან იმ პოლიციელებზე, რომლებმაც ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს გიორგის. მათი მხრიდან აგრესიულობა არის უტიფრობა და მეტი არაფერი. ეს იყო სიტუაციის გამწვავების მიზეზი, მაგრამ ეს პრობლემა აღმოიფხვრა, მოგვარდა და ვაგრძელებთ ჩვეულებრივად სასამართლო განხილვას. გინებას ადგილი არ ჰქონია, იყო უბრალოდ ხმამაღალი საუბარი, რაც დაწყებული იყო პროკურორის მიერ და მალევე განიმუხტა სიტუაცია”, - განაცხადა ადვოკატმა.
ბრალდება გიორგი რურუას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების სამი მოწმე დაიკითხა.
#news
#სასამართლო
#გიორგირურუა
#tbilisidaily
#dailynews