აფხაზეთში ჯემალ სოსელიას გატაცების საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინიტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა გალის მკვიდრის ჯემალ სოსელიას გატაცების საქმეზე.
დე ფაქტო უწყების ცნობით, 5 სექტემბერს დაახლოებით 22:00 საათზე ტყვარჩელის რაიონის სოფელ რეჩხში, ნიღბიანმა, შავსამოსიანმა, შეიარაღებულმა პირებმა, BMW-ს მარკის ავტომობილში მჯდომი ჯემალ სოსელია გააჩერეს, რის შემდეგაც ისინი ერთად დაიძრნენ გალის რაიონის სოფელ საბერიოს მიმართულებით.
დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 2 კილომეტრში ენგურჰესის ქვესადგურის ტერიტორიაზე, დაუდეგენელ პირებსა და მოქალაქე სოსელიას შორს დაიწყო სიტყვიერი შელაპარაკება მეგრულ ენაზე, რაც ფიზიკულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
უწყების თანახმად, ამის შემდეგ თავდამსხმელები, რომლებიც ძალით აკავებდნენ სოსელიას, საოკუპციო საზღვრისკენ გაემართნენ.
უწყებაში აცხადებენ, რომ ჯემალ სოსელიას ავტომობილი ე.წ. სამართალდამცველებმა გალის რაიონის სოფელ ლეკუხონასთან გზაზე იპოვეს.
„დადგინდა, რომ ეჭვმიტანილები და გატაცებული მოქალაქე ფეხით გაუყვნენ ტყისპირს სასაზღვრო მონაკვეთამდე“,- ნათქვამია ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დე ფაქტო უწყების ცნობით, გამოძიებას გალის რაიონის ე.წ. პროკურატურა აწარმოებს, ე.წ. შინაგან საქმეა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად.
ჯემალ სოსელიას გატაცების შესახებ ინფორმაცია პირველად გალის ე.წ. ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი სიტყვებით 2015 წლის შემდეგ გალის რაიონში მოქალაქის გატაცების ეს პირველი შემთხვევაა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30824889.html
#ახალი_ამბები
#twitter