გიორგი გახარია: „ქართულ ოცნებას“ კოალიცია ამჯერად არ დასჭირდება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, უკვე გავაკეთეთ იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ კოალიცია ამჯერად არ დასჭირდება და 24 წელს იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ცოტა გონს მოეგება“, -ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მედიის მიერ დასმულ შეკითხვას იმის თაობაზე, რას ფიქრობს კოალიციის საჭიროებისა და ოპოზიციის მიერ "ქართული ოცნებასთან" კოალიციის შექმნის წინააღმდეგ მემორანდუმის გაფორმების საკითხებზე.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გიორგი გახარიამ ოპოზიცია არათანმიმდევრულობაში, ალოგიკურობასა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არევაში დაადანაშაულა:
„მთელ მსოფლიოში დარბოდნენ, შეაწუხეს ჩვენი პარტნიორები, უყვებოდნენ ათას ზღაპრებს, აზიანებდნენ ქვეყანას და დღეს ეს ხალხი, მერე თქვეს რომ მათ გაიმარჯვეს, მიაღწიეს პროპორციულ საარჩევნო სისტემას და ხვალე არჩევნები გვაქვს და დღეს აწერენ რაღაცას ხელს და ამბობენ, რომ თურმე კოალიციის შექმნის წინააღმდეგები არიან. არათანმიმდევრულობის პიკია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 30 ოქტომბერს, ლეიბორისტული პარტიის ფორმატში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც ისინი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30921008.html
#ახალი_ამბები
#twitter