რუსეთმა და უკრაინამ ახალ წელიწადში ტყვეების პირველი ჯგუფი გაცვალეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსეთმა და უკრაინამ დაადასტურეს, 2023 წელს ტყვეების 50-50 კაციანი ჯგუფების პირველი გაცვლა მოხდა, იტყობინება dpa.
სააგენტოს მოჰყავს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ რუსეთის 50 სამხედრო „რომლებსაც ტყვეობაში სიკვდილის საფრთხე შეექმნათ,“ უკრაინამ 8 იანვარს გაათავისუფლა. ისინი სამხედრო თვითმფრინავებით მოსკოვში ჩაიყვანეს, იქ გაივლიან მკურნალობას და რეაბილიტაციას.
კიევი იტყობინება, რომ 50 სამხედრო - 33 ოფიცერი და 17 რიგითი და სერჟანტი გადასცა მას რუსეთის არმიამ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ „უკან ბრუნდებიან ისინი, ვინც ტყვედ ჩავარდნენ ჩერნობილის ატომურ სადგურზე, ასევე მარიუპოლის დამცველები, ჩვენი ბიჭები დონეცკის ოლქიდან, ბახმუტის და სხვა რაიონებიდან“.
ტყვეების გაცვლა მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობაში რეგულარულად ხდება. ბოლო გაცვლა 2022 წელს 31 დეკემბერს მოხდა. ეს ერთადერთი სფეროა, სადაც ორ ქვეყანას შორის დიალოგი გრძელდება. სხვა დონეზე ყოველგვარი მოლაპარაკება ჩიხში მოექცა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32214411.html
Source: radiotavisupleba.ge