6 votes
0 comments
0 shares
Save
კორონავირუსის კრიზისი სამყაროსთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევაა
227 views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140362

გაერო-ს გენერალური მდივნის თქმით, კორონავირუსის კრიზისის სამყაროსთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევაა. ანტონიუ გუტერეშის თქმით, ვირუსის გავრცელებას შედეგად მოჰყვება „რეცესია, რომელიც წარსულში არასდროს გვინახავს“.

„კოვიდ-19 არის უდიდესი გამოცდა, რომლის წინაშეც გაერო-ს ფორმირების შემდეგ აღმოვჩნდით“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

მან მოუწოდა მსოფლიოს კოორდინირებული მოქმედებისკენ, რათა პანდემია შეჩერდეს. გუტერეშმა ასევე მიმართა ინდუსტრიულ სახელმწიფოებს და განვითარებადი ქვეყნების დახმარებისკენ მოუწოდა.

გაერო-ს ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსის შედეგად მსოფლიოში 25 მილიონი ადამიანი შესაძლოა, უმუშევარი დარჩეს. ამავე დოკუმენტის ავტორები პროგნოზირებენ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთელ მსოფლიოში 40%-ით შემცირდება.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში 850 000-ს უახლოვდება. ვირუსის შედეგად გარდაცვლილია 41 000 ადამიანი.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Shalva Berianidze
Tbilisi · 5 days ago
რუსეთი და ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU)
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU) რუსეთისა და მისი მოკავშირეების - ბელარუსისა და ყაზახეთის მიერ 2015 წელს დაფუძნდა. მალევე მას ყირგიზეთი და სომხეთი შეუერთდა, ხოლო მოლდოვა ჯერ-ჯერობით, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროპის კავშირის ანალოგი და საპირწონე საერთაშორისო ორგანიზაციაა. ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ერთმანეთთან ეკონომიკურ ურთიერთობაში განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ, რაც მეტწილად გაზისა და ნავთობის ფასებზე და საბაჟო გადასახადების გაუქმებაზე ვრცელდება. მკვლევართა აზრით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოები პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე პრორუსულ ქვეყნებად ითვლებიან. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ კავშირის გაფართოებასა და გაძლიერებაში რუსეთის მთავარი მოტივაცია რეგიონში გავლენის მოპოვება და საბჭოთა კავშირში ყოფნის მსგავსად, სხვა სახელმწიფოების მასზე დამოკიდებულების გაზრდაა. წინამდებარე ანალიტიკური დოკუმენტის მიზანია, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დაარსებისა და ფუნქციონირების ისტორიის მოკლე მიმოხილვა, აგრეთვე ფაქტების საშუალებით კავშირის გაფართოებაში რუსეთის, როგორც მთავარი აქტორის მიზნების ობიექტურად წარმოჩენა. ქვემოთ სწორედ ამაზე ვისაუბრებთ. ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (მოკლე მიმოხილვა) ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU) (ინგ. Eurasian Economic Union; რუს. Евразийский экономический союз) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც წევრ სახელმწიფოებს შორის რეგიონალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას გულისხმობს. მას აქვს საერთაშორისო იურიდიული ძალა და 2014 წლის 29 მაისს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულებით დადგინდა. თავდაპირველად, კავშირის შექმნის კონცეფცია, ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1994 წელს მოსკოვის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. კავშირის შექმნის იდეა, 2000 წელს განხორციელდა, როცა რეგიონალური ორგანიზაცია - ევრაზიის ეკონომიკური საზოგადოება (EAEC or EurAsEC)[1] დაარსდა. იგი აერთიანებდა ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთსა და ტაჯიკეთს. მოგვიანებით, 2010 წელს ევრაზიის ეკონომიკურმა საზოგადოებამ მისი ძირითადი ამოცანა - ევრაზიის საბაჟო კავშირი (The Eurasian Customs Union - EACU)[2] - დააფუძნა, რაც წევრ სახელმწიფოებს ერთმანეთთან საბაჟო გადასახადებისგან ათავისუფლებდა და თითოეულ საქონელზე საერთო ტარიფს აწესებდა. ამის შემდგომ, 2011 წლის ოქტომბერში ევრაზიის ეკონომიკურმა საზოგადოებამ და ევრაზიის საბაჟო კავშირმა მაშინდელი რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის ყურადღება მნიშვნელოვნად მიიქცია. შედეგად, 2011 წლის 18 ნოემბერს, ბელარუსიის, ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც 2015 წლისათვის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნას გულისხმობდა. ხელშეკრულება მომავალი ინტეგრაციისთვის სამოქმედო გეგმას მოიცავდა. მეტიც, ევროკომისიის მოდელის მიხედვით ევრაზიული ეკონომიკური კომისია (The Eurasian Economic Commission - EEC)[3] დაფუძნდა, რომელიც 2012 წლის 2 თებერვლიდან ფუნქციონირებს და იგი დღევანდელი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მუდმივ მერეგულირებელ ორგანოს წარმოადგენს. აგრეთვე, 2012 წლის 1 იანვრიდან დაფუძნდა ევრაზიის ეკონომიკური სივრცე (The Eurasian Economic Space or Single Economic Space)[4], რაც ერთიან ბაზარს წარმოადგენს და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ადამიანის, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას ითვალისწინებს. 2014 წლის 29 მაისს ბელარუსიის, ყაზახეთისა და რუსეთის ლიდერებმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეთანხმებას ხელი მოაწერეს და 2015 წლის 1 იანვირად იგი[5] ოფიციალურად დაფუძნდა. 2015 წლის 12 აგვისტოს ყირგიზეთი კავშირის ოფიციალური წევრი გახდა. ამავე წელს, მას შეუერთდა სომხეთიც და იგი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც კავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან საერთო საზღვარი არ გააჩნია. 2017 წლის აპრილში მოლდოვა კავშირის ოფიციალური დამკვირვებელი ქვეყანა გახდა, ხოლო 2020 წლის 11 მაისს უზბეკეთის კავშირში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანებას პარლამენტის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა. დღესდღეობით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, მხოლოდ 5 სახელმწიფოს აერთიანებს და იგი წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და დასავლეთ აზიის ტერიტორიებზე.[6] ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დომინანტი სახელმწიფო და მისი ზოგადი ინდიკატორები ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ კავშირი კონკურენტუნარიანობისა და ეროვნულ ეკონომიკას შორის თანამშრომლობის გასაზრდელად შეიქმნა. აგრეთვე, მას თვითგანახლების უნარი გააჩნია და წევრ-სახელმწიფოთა შორის ცხოვრების დონის ამაღლებასა და სტაბილურ განვითარებას ხელს უწყობს. უნდა აღინიშნოს, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში რუსეთი აშკარად დომინანტი სახელმწიფოა. მაგალითად, 2018 წელს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მთლიანი ვაჭრობის 96.9%-ს რუსეთთან ვაჭრობა შეადგენდა, ხოლო დანარჩენ ოთხ წევრს ქვეყანასთან - 3.1%-ს[7]. მეტიც, 2015 წლამდე, კავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობამ პიკს 2012 წელს მიაღწია და 73.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც კავშირის დაფუძნებიდან დღემდე არ განმეორებულა.[8] თუმცა, თუ გადავხედავთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ზოგად ინდიკატორებს, მივხვდებით, რომ კავშირის საშუალებით რუსეთის ლიდერი თავის გავლენას რეგიონში საკმაოდ აძლიერებს და რუსეთს, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან ცენტრად ფორმირებაში პოზიციებს უმყარებს. ამავე დროს, იგი ცდილობს, გარკვეულწილად დააკნინოს ევროკავშირის, როგორც წარმატებული პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაციის სტატუსი. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ზოგადი ინდიკატორები[9] ეკონომიკა მოსახლეობა ენერგეტიკა მთლიანი შიდა პროდუქტი - 1.9 ტრლნ აშშ დოლარი (გლობალური GDP-ის 3.2%); ინდუსტრიული წარმოება (2018) - 103.1% (გლობალური წარმოების 2.2%); საგარეო ვაჭრობა (2018) - 753.8 მლრდ აშშ დოლარი (გლობალური ექსპორტის 2.8%, იმპორტის - 1.7%). მოსახლეობა - 184.3 მლნ ადამიანი (მსოფლიო მოსახლეობის 2.4%); ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა - 94.3 მლნ ადამიანი (გლობალური მაჩვენებლის 2.8%); უმუშევრობის დონე - 5%[10]. ნავთობი - 647.8 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 14.5%, მსოფლიოში პირველი); გაზი - 781.7 მლნ კუბ/მ (გლობალური წარმოების 20.2%, მსოფლიოში მეორე.) ელექტრო ენერგია - 1 284.8 მლნ კვტ/ს (გლობალური წარმოების 4.8%, მსოფლიოში მეოთხე) წარმოება ინფრასტრუქტურა სოფლის მეურნეობა ფოლადი - 66.1 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 3.7%, მსოფლიოში მეხუთე); მინერალური სასუქები - 15.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 26.3%, მსოფლიოში მეორე); თუჯი - 55 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 4.4%, მსოფლიოში მესამე). რკინიგზა - 109.3 ათასი კმ (მსოფლიო რკინიგზის 8.4%); ავტომაგისტრალი - 1735.7 ათასი კმ (მსოფლიო ავტომაგისტრალის 4.7%); ინტერნეტი - მოსახლეობის 83.7% სარგებლობს ინტერნეტით (მსოფლიო მომხამრებლების 3.9%). სოფლის მეურნეობა - 109.9 მლრდ აშშ დოლარი (გლობალური წარმოების 5.5%); მარცვლეული - 141.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 5.3%, მსოფლიოში მეხუთე); რძე - 45.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 5.3%, მსოფლიოში მესამე) რუსეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის მიმართ როგორც უკვე ვიცით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ 15-მა სახელმწიფომ ცხოვრება დამოუკიდებლად განაგრძო. მათგან, ნაწილი დემოკრატიის გზას დაადგა და დასავლური ორიენტაცია აირჩია, ნაწილმა დემოკრატიას უარი უთხრა და კვლავ რუსეთთან ერთად თანაცხოვრება დაიწყო, ისინი უფრო პრორუსულ სახელმწიფოებად იქცნენ. მათ რიგებს გამოეყო მესამე ტიპის სახელმწიფოები, რომლებმაც უარი ბოლომდე ვერ თქვეს ვერც დასავლეთზე და ვერც რუსეთთან ურთიერთობაზე, ასეთი სახელმწიფოები, ხშირშემთხვევაში, ბუფერები არიან და მათ სატელიტებს[11] უწოდებენ. არაერთი მკვლევარი ამტკიცებს რომ რუსეთს სურს, დაიბრუნოს ,,ძველი დიდება“, რომელსაც იგი საბჭოთა კავშირის პერიოდში ფლობდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი რეგიონში პირველობას ოდესმე დათმობს, პირიქით ის გამუდმებით ცდილობს, რომ სხვადასხვა პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინსტრუმენტებით საკუთარი გავლენა და მასზე დამოუკიდებელი სახელმწიფოების რაოდენობა გაზარდოს. მეტიც, რუსეთის საგარეო პოლიტიკის განახლებული კონცეფციის (2016) ძირითადი მიზნების მიხედვით რუსეთს, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან ცენტრად, პოზიციების გამყარებას სურს, აგრეთვე - მეზობელ სახელმწიფოებში დაძაბულობის კერებისა და კონფლიქტების აღმოფხვრაში ხელშეწყობა, ახალი კონფლიქტების პრევენცია და რუსული ენის პოზიციების გავრცელება და გაძლიერება.[12] შეიძლება თამამად ითქვას, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, რუსეთის ერთ-ერთი თვალსაჩინო და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის წყალობითაც მან შეძლო და ბოლო 5 წელიწადში მსოფლიო დონის შედეგებზე გავიდა, მხოლოდ და მხოლოდ, ოთხ პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან ერთად. ამდენად ძნელი სავარაუდო არ არის, რომ რუსეთს ამ კავშირში სხვა დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების გაწევრიანებაც სურდეს, რათა კავშირის მნიშვნელობა მსოფლიო მასშტაბით უფრო გაიზარდოს და ,,საბჭოთა კავშირის ახალი მოდელიც“ შეიქმნას. ფაქტები გვიჩვენებს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციაა და მისი საშუალებით რუსეთს რეგიონში დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, თუმცა კავშირში შესვლასთან დაკავშირებით საინტერესოა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკაც, რათა განვსაზღვროთ, რამდენად რეალისტურია კავშირის გაფართოება. დღესდღეობით, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შედის 5 პოსტსაბჭოთა ქვეყანა: რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი. ვნახოთ დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების პოლიტიკა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის მიმართ უზბეკეთი - 2020 წლის 7 მარტს ტაშკენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ უზბეკეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას არ ჩქარობს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ორგანიზაციაში, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით დაკმაყოფილდება.[13] აღსანიშნავია, რომ რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს უზბეკეთს და ცდილბოს, რომ კავშირის წევრი გახდეს. ურთიერთობას აადვილებს, ისიც რომ 2016 წლიდან ისლამ კარიმოვისგან განსხვავებით, ახალმა პრეზიდენტმა შავქათ მირიაევმა უარი თქვა ძველ საგარეო პოლიტიკაზე და კავშირების გაზრდა დაიწყო. აგრეთვე, უზბეკეთი ცენტრალურ აზიაში მოსახლეობით ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანაა და კავშირში შესვლის შემდგომ ის, რუსეთის შემდეგ, სიდიდით მეორე სამომხმარებლო ბაზარი გახდება. კავშირში გაწევრიანების შემდეგ უზბეკეთმა შესაძლოა, ეკონომიკის გარკვეულ სექტორში დიდი დაასუსტება იგრძნოს და პრორუსულ ორგანიზაციაში გაწევრიანება ტაშკენტს საგარეო-პოლიტიკური მანევრის მრავალფეროვნებას შეუზღუდავს[14], თუმცა 2020 წლის 28 აპრილს უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში უზბეკეთის დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის შესახებ[15], ხოლო 11 მაისს მას მხარი პარლამენტის ზედა პალატამაც დაუჭირა.[16] ტაჯიკეთი - მას შემდეგ, რაც ტაჯიკეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ქვეყანაში სოციალური ფონი საკმაოდ შეიცვალა და დღესდღეობით, ტაჯიკეთი ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად ითვლება, ამდენად რუსეთს ტაჯიკეთის მიმართ არ აქვს იმდენად დიდი ინტერესი, როგორც - უზბეკეთის მიმართ. ამას ცხადჰყოფს ისიც, რომ ტაჯიკეთი ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოების წევრი იყო, ბელარუსთან, რუსეთთან, ყაზახეთთან და ყირგიზეთთან ერთად და მის გარდა, ყველა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია. ამასთანავა, ტაჯიკეთი საკმაოდ პრობლემური რეგიონია და ეთნიკურ ნიადაგზე არსებული დაძაბულობის გამო შესაძლოა, გარკვეული პრობლემები წარმოიქმნას, განსაკუთრებით კი მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში, სადაც პამირისპირა ხალხები ცხოვრობენ და რეგიონის კონტროლისთვის სამხედრო დაპირისპირება დღესაც მიმდინარეობს.[17] ამას ემატება ისიც, რომ ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის სასაზღვრო კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დღემდე მიმდინარეობს და ხშირია სამხედრო დაპირისპირებები.[18] ამდენად, სავარაუდოა, რომ რუსეთი უფრთხილდება ყირგიზეთთან ურთიერთობას, რადგანაც იგი კავშირის მნიშვნელოვანი წევრია და ტაჯიკეთის კავშირში გაწევრიანების მცდელობით მასთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს. თურქმენეთი - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა ცენტრალურ აზიაში, თუმცა მისი კავშირში გაწევრიანება რუსეთს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. კერძოდ, როგორც ვიცით თუქმენეთი საკმაოდ მდიდარია ენერგორესურსებით, 2016 წლის მონაცემებით, თურქმენეთი 17.5 ტრილიონ გაზის მარაგებს ფლობს, რაც მსოფლიო მარაგების 9.4%-ია. 1990-იანი წლების დასაწყისში თურქმენეთი გაზის ექსპორტს ერთადერთი მარშრუტით, ცენტრალური აზია – ცენტრის გაზსადენის სისტემით ახორციელებდა. თურქმენეთი შემდგომი წლების განმავლობაში რუსეთის მარშრუტზე და რუსეთის ფასის დიქტატზე დარჩა დამოკიდებული[19]. შედეგად, დღემდე რუსეთი თურქმენულ გაზს საკმაოდ დაბალ ფასად ყიდულობს და საკმაოდ ძვირად ჰყიდის. რადგანაც ევრაზიის ეკონომიკური კავშირი წევრ სახელმწიფოებს შორის განსაკუთრებულ შეთავაზებებს, მათ შორის პროდუქტის საერთო ფასის დაწესებას ითვალისწინებს, სავარაუდოა, რომ რუსეთს არ უნდა სურდეს თურქმენეთის კავშირში გაწევრიანება, რადგანაც მას თურქმენულ გაზში უფრო ძვირის გადახდა მოუწევს და გარკვეულ დათმობებზეც წავა. აზერბაიჯანი - ნაკლებად სავარაუდოა, რომ აზერბაიჯანი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შევიდეს, რადგანაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ აზერბაიჯანი იმ მილსადენების აშენებით გაძლიერდა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენების შემთხვევაში საქართველო მხოლოდ სატრანზიტო ქვეყნის როლს ასრულებს, თუმცა ისინი აზერბაიჯანის ეკონომიკური და პოლიტიკური ხედვების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს და რუსული ოკუპაციით გამოწვეული რუსეთ-საქართველოს არამეზობლური ურთიერთობის გამო, ნაკლებად სავარაუდოა რომ აზერბაიჯანი კავშირში გაწევრიანდეს. საქართველო და უკრაინა - ორივე ქვეყანას საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს რუსეთთან და ორივე ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შედეგად, ქვეყნის ლიდერები დარწმუნდნენ, რომ რუსეთთან თანამშრომლობა არ გამოვა და ამ ორი სახელმწიფოს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა. მოლდოვა - მოლდოვის პრორუსი პრეზიდენტი იგორ დოდონი მოლდოვას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას მხარს ცალსახად უჭრს. სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს მოლდოვა 2017 წლის აპრილში ამ კავშირის დამკვირვებელი ქვეყანა გახდა. ამდენად, იმ შემთხვევაში თუ 2020 წლის მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებს კვლავ დოდონი მოიგებს, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ იგი რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებას შეეცდება და მოსალოდნელია, რომ მოლდოვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს. ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა - მოსკოვი ყველაზე ნაკლებად მოიაზრებს, რომ ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნები გახდებიან, რადგანაც ისინი ევროკავშირში არიან და მათი კავშირის დატოვება ნაკლებად სავარაუდოა. დასკვნა ზემოთაღნიშნული ფაქტები გვიჩვენებს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროპის კავშირის ანალოგი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის წევრი ქვეყნებიც ყველაზე პრორუსულ ქვეყნებად ითვლებიან, შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ კავშირის გაფართოებასა და გაძლიერებაში რუსეთის მთავარი მოტივაცია რეგიონში გავლენის გაზრდა და საბჭოთა კავშირში ყოფნის მსგავსად, სხვა სახელმწიფოების მასზე დამოკიდებულების გაზრდაა.[20] ძნელი სავარაუდო არ არის, რომ რუსეთს ამ კავშირში სხვა დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების გაწევრიანებაც სურდეს, თუმცა კავშირის არაწევრი 10 პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან, მხოლოდ ორი - უზბეკეთი და მოლდოვა შესაძლოა შუერთდეს კავშირს და წევრთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდოს, ხოლო სხვა სახელმწიფოები, რამდენად გაწევრიანდებიან და 27-წევრიან ევროკავშირს რეალურ კონკურენციას რამდენად გაუწევენ, ეს უფრო მეტად დროში გადასასინჯი საკითხია. გარდა ამისა, კავშირის ბოლოდროინდელი პრობლემები, გვაფიქრებინებს, რომ წევრ სახელმწიფოებს შორის არასტაბილური კოლაბორაცია მიმდინარეობს, რაც არაჯანსაღ ურთიერთობებს იწვევს და კონსოლიდირებული დემოკრატიის აუცილებლობას გულისხმობს. მაგალითად, 2020 წლის 31 მარტს სომხეთის ვიცე-პრემიერმა „გაზპრომის“ ხელმძღვანელს ფასის შემცირების თაობაზე ახალი მოლაპარაკების დაწყების წინადადებით მიმართა.[21] აგრეთვე, 19 მაისს კავშირის უმაღლესი საბჭოს ვიდეოკონფერენციაზე ბელარუსმა გაზის ფასის ფორმირების საკითხზე უკმაყოფილება გამოთქვა. ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის შეფასებით კი ზენაციონალურ სამართლებრივ აქტებს არ უნდა ჰქონდეთ უპირატესი იურიდიული ძალა ნაციონალური სამართლებრივი სისტემების მიმართ, მეტიც, ევრაზიის ეკონომიკური კომისია წევრი ქვეყნების მესამე ქვეყნებთან ურთიერთობაში არ უნდა ერეოდეს და კომისიაში საკადრო კვოტირების სისტემის ფორმირებისას რუსეთს ორგანიზაციის სტრუქტურებში მეტი წარმომადგენელის დანიშვნის საშუალებას არ უნდა აძლევდეს. ამდენად, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების უკმაყოფილება გვაფიქრებინებს, რომ წევრი სახელმწიფოები რუსეთის გარდა, საკუთარი სუვერენიტეტის შეზღუდვის ხარჯზე უფრო ღრმა ინტეგრაციის წინააღმდეგები არიან. ის თუ, რამდენად ჯანსაღია ამგვარი მიდგომა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფუნქციონირებისათვის და რამდენად კარგია, მხოლოდ რუსეთის დომინირება ამას მომავალი გვიჩვენებს. ავტორი: შალვა ბერიანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრანტი [1] ЕВРАЗИЙСКОЕ ЭКОНОМИЧЕСКОЕ СООБЩЕСТВО; About EurAsEC; Basic Documents Collection - ; [2] Dreyer L.; Popescu N.; The Eurasian Customs Union: The economics and the politics; European Union Institute for Security Studies; March 2014 - ; [3] About the Eurasian Economic Commission - ; [4] Schneider U.; A Single Economic Space: From Lisbon to Vladivostok; RUSSIA BRIEFING; Issue 15; November 2015 - ; [5] About the Eurasian Economic Union – EAEU - ; [6] Busygina I.; Filippov M.; Russia and the Eurasian Economic Union: Conflicting Incentives for an Institutional Compromise; Higher School of Economics Research Paper No. WP BRP 31/IR/2018 - ; [7] Bhutia S.; Russia dominates Eurasian Union trade. Here are the numbers; Trade between members of the EAEU was higher before the free-trade bloc was formed; Oct 18, 2019 - ; [8] იქვე.; [9] About the Eurasian Economic Union – EAEU; General Information; General Indicators; Official Website of EAEU - ; [10] ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, რომ მათი უმუშევრობის დონე 2.2%-ით ნაკლებია ევროკავშირის უმუშევრობის დონეზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციაა; იხ.: -; [11] Satellite Nations: Definition & the Cold War - ; [12] FOREIGN POLICY CONCEPT OF THE RUSSIAN FEDERATION; Approved by President of the Russian Federation Vladimir Putin on November 30, 2016 - ; [13] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 4; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 მარტი, 2020 - ; [14] იქვე.; [15] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 7; მიმოხილვის პერიოდი: 16-30 აპრილი, 2020 - ; [16] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 8; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 მაისი, 2020 - ; [17] მთიანი ბადახშანი: ტაჯიკეთის მივიწყებული რეგიონი - ; [18] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 9 - ; [19] კომახია მ.; ,,ახალი დიდი თამაში“ ცენტრალურ აზიაში: ბრძოლა კასპიის ენერგორესურსების ტრანსპორტირებისათვის; ექსპერტის აზრი 97; 2018 - ; [20] ჩერჩელაშვილი ვ.; ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები, 2017 - ; [21] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 6; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 აპრილი, 2020 - ;#პოლიტიკა
+2
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 weeks ago
კურტ ვოლკერი - ხალხი 20 ივნისს ვერ დაივიწყებს
იმის ფონზე, რომ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ 1 წელი გავიდა, საინტერესოა, თუ როგორ აფასებს დასავლეთი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ამ ერთი წლის განმავლობაში და რა მოლოდინი აქვს ამჟამად ოქტომბერში ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების მიმართ. ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში და ყოფილი წარმომადგენელი ნატო-ში, კურტ ვოლკერი, „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში 20 ივნისის შემდგომ დამდგარ ცვლილებებზე, დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ექსკლუზიურად ესაუბრა. - ზუსტად ერთი წლის წინ, 20 ივნისს, რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. აღნიშნულის გამო საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი მთავრობამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში, რა შედეგები მოიტანა ამ ღამემ და მომდევნო საპორტესტო აქციებმა? - პირველ რიგში, ტრაგედიაა, რომ თავდაპირველად მშვიდობიანი პროტესტი უფრო ძალადობრივში გადაიზარდა, ერთი მხრივ, პარლამენტზე შტურმის მცდელობების გამო, მეორე მხრივ იმის გამო, რომ პოლიციამ ძალადობრივი რეაგირება მოახდინა და ხალხს პირდაპირ ესროლა რეზინის ტყვიები. ეს ტრაგედიაა, რადგან საქართველოსადმი რუსეთის აგრესია, ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია, დუმის იმ წევრების მოქმედებებიც - ეს ყველაფერი ისეთი რამაა, რაც ყველა ქართველს გააერთიანებდა. თითოეული ქართველი თანხმდება, რომ ეს მიუღებელია და რუსეთის აგრესიის წინაშე ისინი ერთად უნდა იდგნენ. ფაქტი, რომ ეს ყველაფერი უფრო გადაიზარდა მთავრობასა და პროტესტის მონაწილეთა შორის დაპირისპირებაში, დასანანია, ეს ტრაგედიაა და სწორედ ამან გაუხსნა გზა შემდგომ პროტესტსა და დემონსტრაციებს, რომელიც უფრო მთავრობის წინააღმდეგ მიმართა, ვიდრე - რუსების წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, სერიოზული დანაკარგი განიცადეს იმ ადამიანებმა, ვინც დემონსტრაიცების დროს დაკარგეს მხედველობა ან დაიჭრნენ. ხალხი ამას ვერ დაივიწყებს. მაგრამ ამ ყველაფერში ნათელი წერტილი ისაა, რომ გზა გაეხსნა მნიშვნელოვან რეფორმებს. თავიდან, მთავრობამ საარჩევნო სისტემის რეფორმირების პირობა დადო, შემდეგ ცოტა უკან დაიხიეს, მაგრამ 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე, არსებობს მთავრობასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან და ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მორიგების საფუძველი. ეს არსებითად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახლა ორივე მხარემ ერთგულად უნდა სცეს პატივი ამ შეთანხმებას. - ყოველ ჯერზე, როდესაც დასავლელი თანამდებობის პირები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ, უფრო და უფრო მკაცრ ტონს იყენებენ. 13 კონკრესმენის ანგარიშში ვკითხულობთ: „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“. თქვენ გეჩვენებათ, რომ ის და საქართველოს მთავრობა ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც რუსეთისთვის სასურველი იქნებოდა? - ამ ანგარიშის ავტორებს ვესაუბრე, ვიტყოდი, რომ დოკუმენტს ქართველმა ხალხმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ის რამდენიმე რესპუბლიკელი კონგრესმენის მოსაზრებას გამოხატავს, თუმცა არ გამოხატავს მთლიანი კონგრესის მოსაზრებებს და არ ველოდები, რომ კანონმდებლობაში გადაიზრდება. ამას გარდა, ანგარიშში რამდენიმე შეცდომაცაა. აშკარაა, რომ ივანიშვილი საქართველოში არსებითად მნიშვნელოვანი და ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ ჩემი აზრით, ის ბევრად დამოუკიდებელია მოქმედებებში, ვიდრე ანგარიშში მოხსენიებული მეორე ადამიანი, - მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში პარლამენტარია, პუტინი მისი შვილების ნათლიაა და ის უკრაინაში მართლაც წარმოადგენს პუტინის ინტერესებს. ჩემი აზრით, ივანიშვილისა და მედვედჩუკის როლები არ უნდა შევადაროთ. - რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მას ანგარიშის ამ ნაწილის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია და ამაზე ტექნიკურმა ექსპერტებმა იმუშავეს. რამდენად არიან ჩართულნი ექსპერტები მსგავსი დოკუმენტების შედგენაში და ხომ არ ნიშნავს ბეიკონის განცხადება იმას, რომ ხელმომწერი კონგრესმენები შესაძლებელია, შინაარსს არ ეთანხმებოდნენ? - კონგრესსა და სენატში ყველა ანგარიში თანამშრომლების მიერ იწერება, ისინი ამისთვის მუშაობენ: კონგრესმენებისთვის, კომიტეტებისთვის, ყველაფერს შტატის თანამშრომლები ამზადებენ - ესენი არიან ის ექსპერტები, რომლებზეც ვსაუბრობთ. მეორე მხრივ, მხოლოდ ის, რომ გამოდის ანგარიში, რომელსაც კონგრესმენები თუ სენატორები აწერს ხელს, არ ნიშნავს, რომ ისინი ყოველ სიტყვას ადასტურებენ. ეს გრძელი დოკუმენტია რესპუბლიკელების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ და მათ სურდათ, შეეჯერებინათ რუსეთის მიმართ საკმაოდ მძლავრი ისეთი პოზიცია, რომელიც ასევე, მსოფლიოში ამერიკული ლიდერობის ძლიერ როლს დაამტკიცებდა - ამის გაკეთებას ცდილობდა დოკუმენტი. მის იგნორირებას არ მოვახდენდი მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც აღვნიშნე, კონგრესის წევრების ნაწილის აზრს გამოხატავს, მაგრამ არ ველოდები, რომ ის რაიმე კანონმდებლობაში გადაითარგმნება. - ამასთან დაკავშირებით აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არ არის აშშ-ს ოფიციალური პოზიცია, თუმცა ზოგადად, სხვადასხვა წერილისა და განცხადების საფუძველზე, რომელსაც კონგრესის თუ ევროპარლამენტის წევრები აკეთებენ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბოლო დროს დასავლეთის ნდობა საქართველოსადმი შემცირდა. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და რას ფიქრობთ, რა იყო მთავარი მომენტი თუ საკითხი, რომლის გამოც მათ შეშფოთების უფრო და უფრო მკაცრად გამოხატვა დაიწყეს? - ამას შემოვაბრუნებდი და ვიტყოდი, რომ ჩემი აზრით, რასაც აშშ-დან და ევროპიდან ვხედავთ, ეს საქართველოს დიდი ერთგულება და მისწრაფებაა. ადამიანები საქართველოს მხარს უჭერენ, სურთ, რომ მან, როგორც ქვეყანამ, პოლიტიკურად და ეკონომიკურად წარმატებას მიაღწიოს, მხარს უჭერენ საქართველოს უსაფრთხოებას. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება, ქვეყნისთვის და საქართველოს ურთიერთობისთვის დასავლეთთან უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ შეშფოთება იმ იმედისა და მისწრაფების გამო გამოიხატება, რომ საქართველო ნამდვილად იყოს წარმატებული. რატომ - ახლა უფრო მეტად? ვიტყოდი, როგორც ჩვენი დიალოგის დასაწყისში აღნიშნეთ, გასული ზაფხულის საპროტესტო აქციების შედეგად, ნამდვილი აფეთქება მოხდა მთავრობასა და ოპოზიციას შორის და ეს ყველაფერი თითქოს გადაწყვეტილების მიღებისკენ, კანონმდებლობისკენ მიდიოდა. შემდეგ ეს ჩაიშალა, თუმცა შემდეგ, 8 მარტის შეთანხმებით, თითქოს ისევ შესაძლებელი გახდა. არსებობს შეგრძნება, რომ ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვნია, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ამ შეთანხმებას მისდიოს, გააუმჯობესოს საარჩევნო სისტემა, მთლიანად მიიღოს მონაწილეობა საქართველოს დემოკრატიაში და არჩევნები წარმატებად აქციოს. - თუ იქნება შთაბეჭდილება, რომ წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესი არ წარიმართა დასავლური სტანდარტების შესაბამისად, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მთავრობას - უფრო მკაცრი განცხადებები თუ ზომები, მაგალითად, სანქციები? - ვფიქრობ, აღმოაჩენთ, რომ საქართველო შანსს გაუშვებს ხელიდან, რაც ქართველი ხალხისთვის ტრაგიკული იქნება. საქართველოსთვის არსებობს შესაძლებლობა, გააძლიეროს ურთიერთობები ევროკავშირთან, ნატოსთან, აშშ-სთან, ქვეყანა ამ ტრაექტორიაზე ბევრი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ადმინისტრაციის პირობებში იდგა. თუმცა ვფიქრობ, საქართველო დგას რისკის წინაშე, რომ გარე პირები შეხედავენ ქვეყანას და იტყვიან, აჰა, საქართველო მზად არაა, არაა ჩამოყალიბებული დემოკრატია, ნატო-სთვის და ევროკავშირისთვის მზად არ არიან. შედეგად, ამ ქვეყნებისა და ინსტიტუციებისთვის არ იარსებებს იმის სტიმული და მიზეზი, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოება განაგრძონ. შესაბამისად, ეს ხელიდან გაშვებული დიდი შანსი იქნება. - საქართველოს მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან, თუმცა ამას არ ეთანხმება ოპოზიცია. აღნიშნული ტერმინი დასავლეთისგანაც მოვისმინეთ. რას ფიქრობთ - გვყავს თუ არა პოლიტიკური პატიმრები? - ვიცი, რომ სწორედ ესაა მთავრობასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების მიზეზი. მთავრობა ამბობს, რომ ერთი პოლიტიკური პატიმარიც არ არსებობს, ოპოზიცია ამბობს, რომ კი, რა თქმა უნდა, არიან, მთავრობა, მიუხედავად უარყოფისა, ციხიდან უშვებს ამ ადამიანებს და თანაც უარჰყოფს, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან. შესაბამისად, მესმის ის ბუნდოვანება, რომელთანაც ხალხს აქვს საქმე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა სამართლიანი და მიუკერძოებელი იყოს, კანონის უზენაესობის თანახმად იმოქმედოს და არ იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური საშუალება. საქართველოში ყველამ, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ხელახლა უნდა დაადასტუროს ერთგულება სასამართლოს მიუკერძოებლობის და პოლიტიკური მიზნებისთვის მისი არგამოყენების მიმართ. - თებერვალში აგვისტოს ომის შესახებ თქვენი კომენტარის სწორი ვერსია გამოაქვეყნეთ, სადაც ეწერა, რომ პუტინს საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა უნდოდა, ის რიტორიკამ გააბრაზა, თუმცა რუსულ აგრესიას საკუთარი მიზეზები ჰქონდა. ფიქრობთ, რომ ეს მიზეზები ახლაც იგივე რჩება, თუ ოდნავ მაინც შეიცვალა? ან, შეიცვალა საშუალებები და მათ აღარ სჭირდებათ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება საკუთარი მიზნების მისაღწევად? - ეს არაჩვეულებრივი კითხვაა. მე ვფიქრობ, რომ რუსები საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციით ვერანაირ მიზნებს ვერ აღწევენ. ეს რუსეთისთვის ძვირადღირებულია, შექმნა ტერიტორიები, რომელსაც სახელმწიფოებს ეძახის და რაც საქართველოსთვის დამანგრეველია. თუმცა, ეს საქართველოს არ აჩერებს, არ აჩერებს სისტემას პოლიტიკურად, მის სიცოცხლისუნარიან დემოკრატიას, არ აჩერებს მის ურთიერთობებს ევროპასთან. ჩემი აზრით, ნატომ უნდა გაუხსნას კარი საქართველოს, მაშინაც კი, სანამ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია, ტერიტორიებთან დაკავშირებით ძალის არგამოყენების პირობით, ტერიტორიების მშვიდობიანი ინტეგრაციის მხარდაჭერით. მეორე მხრივ, ოკუპაციის მიმართ პუტინის თუ რუსეთის პოზიციაში ვერანაირ ცვლილებას ვერ ვხედავ, ეს ეხება საქართველოსაც, უკრაინასაც, მოლდოვასაც. რუსეთი ისევ ცდილობს, ამ ტერიტორიების ოკუპაცია გამოიყენოს, რათა აღნიშნულ ქვეყნებზე წნეხი მოახდინოს და დისტანცია გააჩინოს მათ და დანარჩენ ევროპას შორის. ჩემი აზრით, ეს არ მუშაობს, მაგრამ რუსეთის პოლიტიკა მაინც ასეთია. - სხვა საშუალებებში ვგულისხმობდი, მაგალითად, ჰიბრიდულ ომსაც... - დიახ, ვფიქრობ, თუ შევადარებთ იმას, რაც მოხდა 2008 წელს, როცა რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ, იმასთან, რაც უკრანიაში მოხდა, ეს უკანასკნელი უფრო რბილი იყო. მათ სპეციალური ძალები და დაზვერვის ძალები გამოიყენეს, მოხალისე პერსონალი, აგენტები, რათა ტერიტორიები ჩაეგდოთ ხელში, შემდეგ უბრალოდ, რეგულარული შეიარაღებული ძალებით გააძლიერეს იქ, სადაც საჭირო იყო, შიგნით შექმნეს მარიონეტი სახელმწიფოები და ორგანოები, რათა შემდგომ დამოუკიდებლობა ყოფილიყო მოთხოვნილი და პასუხისმგებლობის უარყოფის საშუალება ჰქონოდათ. ასე რომ, ვფიქრობ, რუსეთის ტაქტიკა ჰიბრიდული ომის უფრო ეფექტურ გამოყენებაში დაიხვეწა, თუმცა, პოლიტიკა იგივე დარჩა. - ერთ თქვენს განცხადებაში აღნიშნეთ, რომ 2008 წელს, პარტნიორებს ნატო-ში შესთავაზეთ დეკლარაციის მიღება, რომლითაც ომი საშინელ ტრაგედიად შეფასდებოდა და რომელშიც ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერა გამოიხატება, თუმცა თქვენმა ევროპელმა კოლეგებმა იდეას მხარი არ დაუჭირეს და თქვეს, რომ მათი ლიდერები შვებულებაში იყვნენ. ზოგადად, ნატო ყოველთვის აღნიშნავს, რომ ჩვენ წევრობას მაშინ მივიღებთ, როცა მზად ვიქნებით. მაგრამ ზოგი თვლის, რომ უკვე მზად ვართ. საერთოდ, რას ნიშნავს „მზადყოფნა“ და აქვს თუ არა საქართველოს ძალა მზადყოფნის დემონსტრირებისთვის? თუ შესაბამისი მომენტის დადგომა სხვა აქტორებზეცაა დამოკიდებული, საქართველოსა და ნატოს გარდა? - პირველ რიგში, რა არის „მზად“? - ნატო, წლების განმავლობაში, იცავდა დემოკრატიის სტანდარტებს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საბაზრო ეკონომიკას, კანონის უზენაესობას, სამხედრო სამსახურის სამოქალაქო კონტროლს, ნატოს-თან თავსებადობას, ევროპის უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს, მეზობლებთან კარგ ურთიერთობას და ა.შ. ეს დიდი ხნის განმავლობაში ასე იყო. ამ დროისთვის, საქართველოს იმაზე მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ნატო-ს წევრობის რომელიმე სხვა კანდიდატს. ასე რომ, როცა იტყვიან, როგორია აქ დემოკრატია, როგორია საბაზრო ეკონომიკა, საქართველო განსაკუთრებულად კარგად გამოიყურება. ეს ნატო-ს აყენებს პოზიციაში, თავად ნატო თუა მზად. ნატო გადაწყვეტილებებს მხოლოდ ყველა წევრი ქვეყნის კონსენსუსის საფუძველზე იღებს. საქართველოს თუ წევრად მიიწვევენ, ეს ნატო-ს თითოეული წევრის თანხმობას მოითხოვს. დღეს ნატო-ში ასეთი თანხმობა არ არსებობს, რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც რუსეთის გამოა შეშფოთებული, ზოგი მაგალითად, არჩევნებზე მიუთითებს, ვნახოთ, რამდენად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნებაო, მიუთითებენ სასამართლოს პოლიტიზირებაზე და ამბობენ, ამასთან დაკავშირებით მთლად დარწმუნებულები არ ვართო. ნატო-ს პოლიტიკიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც იყო საჭირო, საქართველოში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოებას დაუყოვნებელი საფრთხე ემუქრება, რისადმი გამკლავებაშიც ისინი ძალიან მომთმენები იყვნენ, და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. ვფიქრობ, საქართველო ნამდვილადაა მზად, ალიანსის წევრად მიიწვიონ, და არსებობს ის გზები, რომელთა მეშვეობითაც საქართველოზე რუსეთის წნეხის მართვა შესაძლებელი იქნება იმგვარად, რომ არანაირი სამხედრო კონფლიქტი არ მოხდეს. შესაბამისად, ჩემი აზრით, დროა, ნატო-მ ამ საკითხს ახალი თვალით შეხედოს. - ფიქრობთ, რომ ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში საფრთხე ემუქრება, მას შემდეგ, რაც მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ კონტრაქტი შეაჩერა, და როგორ შეაფასებდით მომხდარს ზოგადად? - ჩემი აზრით, გვაქვს ერთგვარი ატმოსფერო ან იმიჯი ინვესტორებს შორის, რომ ისინი საქართველოში ინვესტიციების ჩადებასთან დაკავშირებით დარწმუნებულები არ არიან. ეს არ ნიშნავს, რომ ინვესტიციები შეჩერდა, თუმცა ჩემი აზრით, ბევრი დეზინფორმაცია თუ გაუგებრობაა ამ ყველაფრის გარშემო. ანაკლიის გარშემო ბევრი საკითხი ტრიალებდა და ის ამერიკელი ინვესტორებისგან არ ჩამოურთმევიათ, არამედ, ეს კერძო კონსორციუმსა და მთავრობას შორის იყო დავა ფინანსირებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, კერძო კონსორციუმმა ფინანსირება ვერ მოახერხა, მთავრობამ კი პროექტს მხარი ალბათ, ისე ძლიერ არ დაუჭირა, როგორც ამას კონსორციუმი ელოდა. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ თავად ესაა ინვესტორებისთვის შემაშფოთებელი. შეგვიძლია სხვა მაგალითები მოვიყვანოთ, მაგალითად, როდესაც ინვესტორებმა იფიქრეს, რომ სასამართლოები არც ისე სანდო წყარო იყო ბიზნეს დავების განხილვის კუთხით. ჩემი აზრით, ინვესტორებს შორის უფრო მეტი ნდობა უნდა იყოს სასამართლო სისტემის და კანონის უზენაესობის მიმართ, რათა მათი მოზიდვა მოხდეს. საქართველო სწორ გზას ადგას და განსაკუთრებით კარგად მიიწევს წინ, განსაკუთრებით, ნატო-ს წევრობის მსურველ სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ ყოველთვის უფრო მეტია გასაკეთებელი. განსაკუთრებით, ახლა, კორონავირუსის შემდეგ, როდესაც ეკონომიკას უფრო სწრაფი ზრდა სჭირდება, ვიდრე ამჟამად იზრდება. ვფიქრობ, უცხოელი ინვესტიციების მოზიდვა ახლა ქვეყნისთვის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს. - გვახსოვს, რომ თქვენ არსებით როლს ასრულებდით აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესში. ახლა რისი თქმა შეგიძლიათ მისი დამოკიდებულების შესახებ უკანასკნელი მოვლენებისადმი, როგორიცაა კორონავირუსი და ქვეყანაში არსებული სიტუაცია, რომელიც ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ განვითარდა - თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი მის წინასაარჩევნო და საარჩევნო წარმატებაზე? - ჩემი აზრით, ყველაფერი, რაც მარტამდე რჩებოდა, დიდწილად, დავიწყებას მიეცა. ვფიქრობ, იმპიჩმენტს ან მანამდე რაიმე სხვა შემთხვევას გრძელვადიანი გავლენა არ მოუხდენია და სინამდვილეში, ისინი აღარავის ახსოვს. ჩემი აზრით, სამი საკითხია, რამაც პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობის ვადა უნდა განსაზღვროს. ამ სამიდან პირველი თავად კორონავირუსია, თუ რამდენად აირიდებს თავიდან მეორე, ინფექციის დიდ ტალღას; მეორე საკითხი ეკონომიკაა, რამდენად სწრაფად და მძლავრად აღდგება ეკონომიკა; მესამეა სამართლიანობის შეგრძნების დანერგვა, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისა და ქვეყანაში საპროტესტო აქციების შემდეგ. თუ პრეზიდენტი ტრამპი სამივეს - დაავადების, ეკონომიკისა და სამართლიანობის შეგრძნების მართვას მოახერხებს, ვფიქრობ, ხელახლა არჩევის კარგი შანსი ექნება. მეორე მხრივ, თუ საჯაროდ სამიდან ერთი მაინც წარუმატებელი გამოჩნდება, ხელახლა არჩევისკენ მიმართული მისი ძალისხმევები რისკის ქვეშ იქნება და პირიქით, ხელს ყოფილ ვიცე პრეზიდენტს, ბაიდენს უფრო შეუწყობს. ინტერპრესნიუსი
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
პანდემიის გამო მსოფლიოს მასშტაბით სამუშაო ადგილი შესაძლოა 25-მა მილიონმა ადამიანმა დაკარგოს
გაეროს გენერალური მდივნის შეფასებით, კორონავირუსის კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევაა. ანტონიო გუტერეშის თქმით, პანდემიის გამო მსოფლიოს მასშტაბით სამუშაო ადგილი შესაძლოა 25-მა მილიონმა ადამიანმა დაკარგოს. იმ ქვეყნების სიას, სადაც ვირუსს 3 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ირანიც დაემატა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კიდევ 864 ადამიანი დაიღუპა. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კი ქვეყნის 16 რეგიონის ლიდერს შეხვდება და საგანგებო ზომების ვადის შესაძლო გახანგრძლივების საკითხს განიხილავს. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 870 ათასს აჭარბებს, დაღუპულთა რიცხვი კი 43 ათასს აღემატება. ვირუსისგან განიკურნა 183 ათასზე მეტი ადამიანი.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
ვირუსის მასიურ გავრცელებას ქვეყნებს შორის კოორდინაციის არარსებობამ შეუწყო ხელი - ანტონიო გუტერეში
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშიმ BBC-სთან ინტერვიუში პანდემიის მძიმე შედეგების მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ქვეყნებს შორის კოორდინაციის სიმცირემ გამოიწვია. მან ასევე უპასუხა კითხვებს ჯანმოს კრიტიკასთან დაკავშირებით და განმარტა, თუ როგორი უნდა იყოს მსოფლიო პანდემიის შემდეგ. როგორ გაუმკლავდა კორონავირუსს მსოფლიო? შოკირებული? – აშკარად ვარ, ძალიან დრამატულია, ხედავდე, რომ ამდენი ადამიანი კვდება, ხედავდე, როგორი დამანგრეველი ზეგავლენა აქვს ამას ეკონომიკებსა და საზოგადოებებზე, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე. მაგრამ არ ვარ გაკვირვებული, რადგან სამწუხაროდ, ფაქტია, მსოფლიომ ვერ შეძლო გაერთიანებულიყო და ერთად გამკლავებოდა COVID19-ს, ერთმანეთთან შეთანხმებულად. ყველა ქვეყანამ თავისი პოლიტიკა გაატარა, ქვეყნებს ჰქონდათ განსხვავებული ხედვები, სტრატეგიები და ამან საშუალება მისცა ვირუსს გავრცელებულიყო, ემოგზაურა ერთი ადგილიდან მეორეზე… ჩვენ დაგვჭირდება პანდემიაზე საერთაშორისო საპასუხო რეაქციის კოორდინაციის მექანიზმი, სადაც ყველა ქვეყანას ექნება დამატებითი, როგორც COVID19-თან ბრძოლის, ისე მისგან გამოსვლის, შემდეგ ქვეყნების ხელახლა გახსნისა და აღდგენის სტრატეგიები. ამერიკა-ჩინეთს შორის ძალების დატოლებას და პროპაგანდისტულ ომს გულისხმობთ, რომელიც COVID19 პანდემიის შემდეგ დაიწყო? ვფიქრობ, ნათელია, რომ ჩვენ გვაკლია ლიდერობა, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს მთავარი ქვეყნები, მთავარი ძალები შეძლებენ გაერთიანებას, შეძლებენ ჰქონდეთ ერთიანი სტრატეგია და შემდეგ, მათთან ერთად გაერთიანდება მთელი საერთაშორისო საზოგადოება. ეს არის ტრაგედია, მაგრამ ეს ასევე შეიძლება იყოს ერთგვარი შესაძლებლობა, კერძოდ, კლიმატის ცვლილებასთან, მსოფლიოში გაბატონებულ უთანასწორობასთან და იმ ხარვეზებთან მიმართებაში, რომლებიც ჩვენს სოციალურ დაცვის სისტემაში არსებობს – ეს შეიძლება იყოს სხვანაირად აღდგენის შესაძლებლობა. მაგრამ ეს მოითხოვს ბევრად უფრო ეფექტურ საერთაშორისო თანამშრომლობას. დააგვიანა თუ არა ჯანმომ განგაშის ზარი? ჯანმოს წევრმა სახელმწიფოებმა თქვეს, რომ მათ არ მიუღიათ გაფრთხილება იანვარში ან თებერვალში. ვფიქრობ, როდესაც გაფრთხილება იყო, ეს, სულ მცირე, საკმარისი იყო ბევრისთვის იმის გასაკეთებლად, რაც, სამწუხაროდ, არ გაკეთებულა. მაგრამ, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება, რომ სერიოზულად შევხედოთ იმას, რაც მოხდა, შევისწავლოთ და ვისწავლოთ გაკვეთილი აქედან. ჩემი აზრით, ახლა არ არის ეს მომენტი, ახლა არის მომენტი, რომ კონცენტრირებულად მივმართოთ ძალისხმევა COVID19–ის დამარცხებისკენ. შეცდომა იყო თუ არა ტრამპის გადაწყვეტილება, შეეჩერებინა დაფინანსება ჯანმოსთვის? მიმაჩნია, რომ აუცილებელია WHO-ში მაქსიმალური რესურსების შენარჩუნება, რადგან არსებულ ვითარებაში შეუძლებელია მისი ჩანაცვლება, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის დახმარების მიწოდებაში და დღეს ჩემი მთავარი წუხილი სწორედ განვითარებადი სამყაროა. განვითარებად სამყაროზე გაწეული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება მოცემულ მომენტში არ არის გულუხვობის საკითხი, ეს საკუთარი ინტერესის საკითხია. გლობალური ჩრდილოეთი ვერ დაამარცხებს პანდემიას, თუ გლობალური სამხრეთი იმავდროულად არ დაამარცხებს მას. როგორი უნდა იყოს ახალი რეალობა, რომელიც პანდემიის შემდეგ უნდა დადგეს? ვფიქრობ, ახლა შესაძლებლობა გვაქვს, რომ რაღაცები გავაკეთოთ სხვანაირად. ნათელია, რომ მსოფლიო ძალიან მსხვრევადია/სათუთია იმ გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში, რის წინაშეც ვდგავართ. ეს მსხვრევადობა აშკარად გამოჩნდა პანდემიასთან მიმართებაში, რადგან ეს იყო მყისიერი ზეგავლენა. ბევრს ეჭვი ეპარება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, რადგან ეს ხანგრძლივ პროცესში მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს უკვე აქ არის და ვიცით, რომ ის უკვე დამანგრეველია. ვფიქრობ, ახლა ჩვენ გვაქვს ვალდებულება, აღდგენის პროცესი დავგეგმოთ ისე, რომ ყველაფერი იყოს უფრო მეგობრული მწვანე ეკონომიკის, მწვანე საზოგადოების მიმართ. წყარო: batumelebi.netgazeti.ge
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
გევედრებით როგორც თქვენი სულიერი მამა, რწმენითა და მოთმინებით უპასუხეთ ყველა იმ რთულ რომელსაც ჩვენი ჯანდაცვის უწყებები და სახელმწიფოები გვთავაზობენ
გევედრებით როგორც თქვენი სულიერი მამა, რწმენითა და მოთმინებით უპასუხეთ ყველა იმ რთულ, მაგრამ აუცილებელ ზომებს, რომელსაც ჩვენი ჯანდაცვის უწყებები და სახელმწიფოები გვთავაზობენ - ამის შესახებ განცხადება, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს პირველმა, Covid-19-თან დაკავშირებით გააკეთა. "ძმანო მღვდელთავარნო და უფლისმიერ საყვარელო შვილებო, ფანარიდან, ქალაქთა დედოფლის გულიდან, დიდი ეკლესიისა და აგია სოფიას ქალაქიდან, ჩვენ გეხმიანებით თითოეულ თქვენთაგანს - ქალებს, კაცებსა და ბავშვებს - უპრეცედენტო მდგომარეობისა და გასაჭირის გამო, რომლის წინაშეც ჩვენ, როგორც ადამიანთა მოდგმა, დაგვაყენა გლობალურმა საფრთხემ, რომელიც გამოწვეულია ახალი კორონავირუსული პანდემიით, სახელწოდებით Covid-19. ასეთ დროს, ეკლესიის ხმას, დედა ეკლესიის ხმას არ შეუძლია იყოს მდუმარებაში. ჩვენი სიტყვები იძენს იმ ფორმებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ვისწავლეთ და გამოიხატება: ლიტურგიასა და სწავლებაში, გამხნევებასა და ნუგეშში. ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც თავგანწირვით იბრძვის, ხშირად საკუთარი თავისა და მათი ოჯახების უგულვებელყოფით, მათ შორის: - სამედიცინო და საექთნო პერსონალს წინა ხაზზე, ჩვენი ტანჯული და-ძმების გვერდით. - მკვლევარებსა და მეცნიერებს, რომლებიც ეძებენ სათანადო მედიკამენტებს და ვაქცინას ამ ვირუსისგან თავის დასაღწევად. - ასევე ყველას, ვინც აქტიურად მუშაობს ამ პანდემიის პრობლემის გადასაწყვეტად. თქვენი ღვაწლი ფასდაუდებელია. ეს არის ძღვენი მთელი საზოგადოებისათვის. ეს არის მსხვერპლი, რომელიც იმსახურებს პატივსა და მადლიერებას. თითოეული ჩვენთაგანი მადლობას გიხდით და ტაშს გიკრავთ, არა მხოლოდ ჩვენი სახლების ფანჯრებიდან, არამედ ყველგან და ნებისმიერ დროს. ჩვენი ფიქრები და ლოცვა თქვენთანაა. ამ ბრძოლაში შესაბამის სახელმწიფოებს, მთავრობებსა და ჯანდაცვის უწყებებს აქვთ უპირველესი პასუხისმგებლობა ამ კრიზისული ვითარების დაგეგმვის, წინააღმდეგობის გაწევისა და გადალახვისა. ჩვენ შეიძლება დავახასიათოთ ისინი, როგორც სარდლები ბრძოლის ველზე უჩინარი, მაგრამ უკვე კარგად ცნობილი მტრის წინააღმდეგ, მტერისა, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ იბრძვის. პასუხიმგებლობის ტვირთი, რომელსაც ისინი თავიანთ მხრებზე ატარებენ, აუცილებლობლად მოითხოვს ყველა ჩვენთაგანის თანამშრომლობას. ახლა დროა პირადი და სოციალური პასუხისმგებლბისა. ამიტომ, ჩვენო ძვირფასო შვილებო, გევედრებით როგორც თქვენი სულიერი მამა, რწმენითა და მოთმინებით უპასუხეთ ყველა იმ რთულ, მაგრამ აუცილებელ ზომებს, რომელსაც ჩვენი ჯანდაცვის უწყებები და სახელმწიფოები გვთავაზობენ. ყველაფერი კეთდება ჩვენი დაცვისთვის, ჩვენი საერთო სიკეთისთვის, რათა შეჩერდეს ამ ვირუსის გავრცელება. ამ გასაჭირისგან ჩვენი გათავისუფლება მთლიანად ჩვენს ურთიერთთანამშრომლობაზეა დამოკიდებული. ალბათ ზოგიერთ თქვენგანს მიაჩნია, რომ ეს მკვეთრი ზომები ძირს უთხრის, ან ზიანს აყენებს ჩვენს რწმენას. თუმცა, ის რაც საშიშროების წინაშე დგას არის არა ჩვენი რწმენა, არამედ მორწმუნე, არა ქრისტე, არამედ ჩვენი ქრისტიანები, არა ღმერთ-კაცი, არამედ ადამიანი. ჩვენი რწმენა მტკიცედ არის ფესვგადგმული ჩვენს კულტურაში. ჩვენი რწმენა ცოცხალი რწმენაა და არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება, რომელსაც შეუძლია შეზღუდოს ან ჩაახშოს იგი. ის კი, რაც უნდა შეიზღუდოს ამ საგანგებო მდგომარეობაში, არის შეკრებები და დიდი თავყრილობები. მოდით, დავრჩეთ ჩვენს სახლებში. მოდით, ვიყოთ ფრთხილად და დავიცვათ ჩვენს გარშემო მყოფნი. და იქ, ჩვენი სახლებიდან, ჩვენი სულიერი ერთიანობის განმტკიცებით, მოდით, თითოეულმა ჩვენთაგანმა ვილოცოთ მთელი კაცობრიობისთვის. ჩვენ ამ პერიოდს გავივლით უდაბნოში მოგზაურობის მსგავსად, აღთქმულ მიწამდე მისასვლელად, სადაც მეცნიერება, ღმრთის წყალობით, გადალახავს ამ ვირუსს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ჩვენი ლოცვების მეშვეობითაც, მეცნიერება ნამდვილად გაიმარჯვებს. ასე რომ, ჩვენთვისვეა კარგი, ვიყოთ ერთსულოვანნი, რადგან ვაგრძელებთ მონანიებისა და სიწმინდის ბრძოლას. ვხედავთ, თუ როგორ განიცდიან ჩვენი მეზობლები ვირუსის შედეგებს, ზოგი მათგანი უკვე დაეცა და წავიდა ჩვენგან. ჩვენი ეკელსია იმედოვნებს და ლოცულობს დაავადებულთა განკურნებაზე, დაღუპულთა სულებზე და დაზარალებული ოჯახების სიმამაცესა და სიმტკიცეზე. ესეც ჩაივლის. ცა გადაიწმინდება და სამართლიანობის მზე აღმოფხვრის ვირუსის სასიკვდილო ეფექტს. მაგრამ ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება. ეს გამოცდა ჩვენი უკეთესობისაკენ შეცვლის შესაძლებლობაა, სიყვარულისა და სოლიდარობის გამყარების მიმართულებით. უფლისმიერ საყვარელო შვილებო, უფალის კურთხევა, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მეოხებით, გვიძღოდეს ამ მოგზაურობაში, გარდაქმნას ჩვენი ნებაყოფილობითი იზოლაცია ნამდვილ თანაზიარებად და აქციოს ჩვენი ლოცვა და მიზანი მისი მნიშვნელობის დაფასებად, რათა ჩვენ დავუბრუნდეთ იმას, რაც ჭეშმარიტია, რაც ღმრთისთვის საამურია!" სიმამაცე გქონდეთ! დაე უფალი იყოს ჩვენთან! - განაცხადა მან. (თარგმნა დიაკონმა ირაკლი ჯინჯოლავამ)
ჩემი ქალაქი მკლავს
Tbilisi · 3 months ago
COVID-19-ით დაინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ თამბაქოსა და ელექტროსიგარეტის მომხმარებლები არი
COVID-19-ით დაინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ თამბაქოსა და ელექტროსიგარეტის მომხმარებლები არიან. 🚬 ✔️✔️ექიმი ვინიქოფი ამბობს, რომ სუფთა ჰაერი არის ის, რასაც უნდა ვისუნთქავდეთ, განსაკუთრებით - მსოფლიო პანდემიის პირობებში.✔️✔️ 🦠თამბაქოსა და მარიხუანას შემცველი პროდუქტები აზიანებენ ფილტვებს, ანუ ზუსტად იმ ორგანოს, რომელსაც ურტყამს კორონავირუსი. ☘️❌„ამ მშფოთვარე პერიოდში, როგორიც არის პანდემია, ადამიანი კიდევ უფრო მიდრეკილი ხდება არაჯანსაღი, „დამამშვიდებელი“ ჩვევებისკენ, იქნება ეს კარტოფილის ჩიფსის, ბევრი შოკოლადის ჭამა თუ - კიდევ ერთი ჭიქა ღვინო. მაგრამ ისეთი „დამამშვიდებელი“ ჩვევა, როგორიც არის მოწევა, საგანგაშოა დღვენადელ რეალობაში,“ - გვაფრთხილებენ ექიმები. 🚬ახლა სწორედ ის დროა, როდესაც მწეველებმა ან უნდა შეამცირონ ან საერთოდ დაანებონ თავი მოწევას, რადგან კორონავირუსი პირდაპირ ფილტვებს უტევს. 🗣„პანდემიის დროს მოწევისთვის თავის დანებებამ შეიძლება გადაარჩინოს არა მხოლოდ თქვენი სიცოცხლე; თუკი არ დაგჭირდებათ საავადმყოფოში მკურნალობა, ამით შეიძლება სხვისი სიცოცხლეც იხსნათ,“ - ამბობს ექიმი ჯონათან ვინიქოფი, პედიატრიული კვლევის დირექტორი მასაჩუსეთსის მთავარი საავადმყოფოს თამბაქოს კვლევისა და მკურნალობის ცენტრში. ხუთშაბათს ექიმმა ვინიქოფმა მასაჩუსეთსის გენერალურ ადვოკატთან, მაურა ჰეილისთან, ერთად გამოსცა წერილობითი კონსულტაცია, რომ ელექტრონული სიგარეტის და თამბაქოს მოწევამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს COVID-19-ის გავრცელებას. 🧠👥„მწეველს მიაქვს ხელსაწყო ან თავად სიგარეტი პირთან, მას ისუნთქავს და შემდეგ იმეორებს ამ მოძრაობებს,“ - ამბობს ბატონი ვინიქოფი, – „მწეველი ეხება ფილტრს, შემდეგ ეს ფილტრი ეხება სახეს, შესაბამისად ხელზე არსებული ბაქტერიები ვრცელდება სახეზე. ამასთან ერთად, ბევრს ჩემი მწეველი პაციენტებიდან აქვს გამწვავებული ხველა. ესეც ვირუსის გავრცელების პირდაპირი გზაა“. ​👎კვლევები გვიჩვენებს, რომ სიგარეტის მოწევა ასუსტებს იმუნურ სისტემას და ართულებს ფილტვების ფუნქციონირებას. ადამიანის ორგანიზმზე ელექტროსიგარეტის გავლენა ჯერჯერობით საფუძვლიანად არაა გამოკვლეული, რადგან მისი გამოყენება არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. თუმცა, ცნობილია, რომ მან შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზებისა და ფილტვების ანთება. 🤒კვლევამ ასევე დაადგინა, რომ სურნელოვანი თამბაქოს პროდუქტებს, რომლებიც ახალგაზრდებისთვის საკმაოდ მიმზიდველია, შეუძლიათ გაამწვავონ ფილტვების ინფექცია. მასაჩუსეთსის მრჩვევლები ხაზგასმით აცხადებენ, რომ მწეველები უფრო მგრძნობიარენი არიან კორონავირუსის მიმართ და თუ დაინფიცირდნენ, ასეთი პაციენტები უფრო რთულად იტანენ СOVID-19-ს, ვიდრე - არამწეველები. 🐁 „თაგვებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ისინი, რომლებიც არიან თამბაქოს კვამლის ზემოქმედების ქვეშ, მეტად მგრძნობიარენი არიან ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართ, ვიდრე - სხვა თაგვები,“- აღნიშნავს რობერტ ტარანი, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის უჯრედული ბიოლოგიისა და ფიზიოლოგიის პროფესორი. 👨‍💼👩‍💼ახალგაზრდების გასაოცრად დიდი ნაწილი მძიმედაა ავად COVID-19-ით. ზოგიერთ ადამიანს უჩნდება კითხვა, ხომ არაა ეს მონაცემები დაკავშირებული თამბაქოსა და მარიხუანას მოწევასთან? ​„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ ადამიანებს, დაანებონ თავი ნებისმიერი ნივთიერების შესუნთქვას, რაც იწვევს ფილტვების დაზიანებასა და ანთებას, რადგან ასეთი ორგანიზმი მიმზიდველ გარემოს უქმნის კორონავირუსს და სანამ სხვა, საპირისპირო თვალსაჩინო მტკიცებულება არ გამოჩნდება, მე ამაში ისეთივე დარწმუნებული ვარ, როგორც იმაში, რომ ორჯერ ორი ოთხია.“ - თქვა ექიმმა ქეროლინ დრესლერმა, სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის თამბაქოს ნაწარმის ცენტრის სამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებათა ასოცირებული დირექტორმა, გასულ კვირაში საერთაშორისო არაკომერციული ჯგუფის ვებინარის დროს - „Action on smoking and health”. 🚬🦠ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, ჩინეთში მწეველებს ორჯერ უფრო რთულად გადააქვთ COVID-19, ვიდრე - არამწეველებს. იგივე მაჩვენებელი იყო 2012 წელსაც, სხვა კორონავირუსით, MERS-ით ავადობის დროსაც. კიდევ ერთი რამ მიუთითებს კორონავირუსის მიმართ მწეველთა დაუცველობაზე. ვირუსი თავს ესხმის სხეულს, ეკრობა რა დამაკავშირებელ რეცეპტორს, რომელსაც ჰქვია ანგიოტენზინი და გარდაქმნის ფერმენტად ანუ აგფ-ად. თამბაქოს გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს აგფ-ს გამომხატველობა. სწორედ ამიტომ ამბობენ ექიმები, რომ მწეველები შეიძლება ვირუსის ბევრად მეტი სახეობებით დაინფიცირდნენ, ვიდრე - სხვა პაციენტები. 🇺🇸 ბოლო მონაცემების მიხედვით, ამერიკაში მწეველთა რაოდენობა დაახლოებით ასეთია: ზრდასრულები - 34 მილიონამდე და 5 მილიონამდე საშუალო და მაღალი კლასების მოსწავლეები, ვისაც გასინჯული აქვს ელექტროსიგარეტი ან მარიხუანა. წინა ზაფხულში სახიფათოდ გავრცელდა ფილტვების სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები, რომელსაც უკავშირებენ მარიხუანას მოწევას ელექტრომოწყობილობით, სადაც ემატება მარიხუანას ზეთი, რომელიც შეიცავს ა ვიტამინის აცეტატს. „მაგრამ ამ პაციენტებს შორის 15% აცხადებს, რომ მხოლოდ ნიკოტინის შემცველი ელექტროსიგარეტი ჰქონდათ მოწეული,“ - ამბობენ ექიმები. ოჯახის ექიმთა ნიუ-იორკის სახელმწიფო აკადემიამ გასულ თვეში მოგვიწოდა პანდემიის პერიოდში თამბაქოსა და ელექტროსიგარეტების გაყიდვის შეჩერებისკენ. თამბაქოს მაღაზიები უკვე ბევრ შტატშია დაკეტილი და არ ფუნქციონირებს, რადგან ისინი არ ითვლება „საციცოცხლოდ საჭირო“ ბიზნესად. თუმცა სუპერმარკეტებს და ავტოგასამართ სადგურებს ეს შეზღუდვები არ ეხება და თავისუფლად ვაჭრობენ თამბაქოთი. წყარო : -
Pirveliradio Ge
Tbilisi · 1 month ago
გაერო COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად მილიონ დოლარს გამოყოფს
საქართველო იმ პირველი 46 ქვეყნის ჩამონათვალშია, რომლებიც გაერო-ს „კოვიდ-19“-თან (კორონავირუსთან) რეაგირებისა და აღდგენის სატრასტო ფონდის დაფინანსებით ისარგებლებენ პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შოკისგან მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად, – ინფორმაციას საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა ავრცელებს. მათივე ცნობით, გაერო-ს „კოვიდ-19“-თან რეაგირებისა და აღდგენის მრავალპარტნიორული სატრასტო ფონდი არის უწყებათაშორისი დაფინანსების მექანიზმი, რომელიც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა შექმნა 2020 წლის 31 მარტს. მისი მიზანია, დაეხმაროს ქვეყნებს ჯანდაცვის კრიზისის დაძლევაში და პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური შედეგებთან გამკლავებაში. გაერო-ს წარმომადგენლობის ინფორმაციით, 15 მაისს სატრასტო ფონდმა გაერო-ს სააგენტოთა ჯგუფს საქართველოში ერთი მილიონი აშშ დოლარი გამოუყო, რომელიც ჯანდაცვის კრიზისზე რეაგირებასა და მოწყვლადი ჯგუფების პანდემიის უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებას მოხმარდება. „დღეს „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლის კვალდაკვალ, უმთავრესი მიზანია ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენა, ვირუსის გავრცელების შეჩერება, ასევე, „კოვიდ-19“-ით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების დაძლევა და ეკონომიკის მდგრადი და შეუქცევადი აღდგენა. ჩვენ ვაფასებთ ყველა საერთაშორისო პარტნიორის მხარდაჭერას გლობალური პანდემიიდან გამოსვლასა და პოსტკრიზისული განვითარების ხელშეწყობაში“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა. „ჩვენ უსაზღვროდ მადლიერნი ვართ ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვეიცარიისა და დანიის მთავრობების, რომლებმაც პირველი შენატანი გააკეთეს გაერო-ს „კოვიდ-19“-თან რეაგირებისა და აღდგენის სატრასტო ფონდში. ეს საშუალებას გვაძლევს, დავეხმაროთ საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში და ადამიანების ცხოვრებაზე „კოვიდ-19“-ის პანდემიით გამოწვეული შედეგების დაძლევაში. ჩვენი რეაგირება მიმართულია როგორც ჯანდაცვის სისტემის წინა ხაზის მუშაკთა მოკლევადიანი, ასევე საზოგადოების ყველაზე დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების, განსაკუთრებით ბავშვებისა და ხანდაზმულთა, გრძელვადიანი საჭიროებების მოგვარებისკენ“, – განაცხადა საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლმა. გაერო-ს წარმომადგენლობის ცნობით, მიღებული დაფინანსებით გათვალისწინებულია ჯანდაცვის სისტემის უკეთ აღჭურვა მომავალ გამოწვევებთან გასამკლავებლად; ჯანდაცვის, სოციალური და სხვა მუშაკების, ასევე მათი ბენეფიციარების სამედიცინო აღჭურვილობითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა; სასოფლო-სამეურნეო საშუალებებით ღარიბი და მოწყვლადი შიდა მეურნეობების დახმარება; წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენის საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში; მუნიციპალიტეტების და სოფლის წარმომადგენლების დახმარება, რათა მათ შეძლონ გადაუდებელი სოციალური მომსახურების გაწევა. გაერო-ს გუნდის მხარდაჭერის მთავარი მიმართულება ასევე იქნება ხანდაზმული პირების, ბავშვების, ორსული და მეძუძური დედების დახმარება, მათთვის აუცილებელი სამედიცინო სერვისების მიწოდება; განათლებასა და ბავშვთა სოციალური დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის, ბავშვებზე ძალადობის პრევენცია; ასევე, კრიზისული კომუნიკაცია და საზოგადოების ჩართულობა. პროექტს „საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თემების დახმარება პანდემიის შედეგების შესამცირებლად“ ახორციელებენ გაერო-ს ბავშვთა ფონდი, გაერო-ს განვითარების პროგრამა და გაერო-ს მოსახლეობის ფონდი, გაერო-ს სხვა სააგენტოებთან თანამშრომლობით. „აღნიშნული დახმარება საქართველოში გაერო-ს პანდემიასთან ბრძოლის ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ამ რთულ კრიზისთან გამკლავებაში. პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან გაერო ეხმარება საქართველოს მთავრობას „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული გადაუდებელი საჭიროებების სწრაფ შეფასებასა და მოგვარებაში და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების (ქალები, ბავშვები, ხანდაზმულები, ლტოლვილები, მიგრანტები და სხვ.) პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური შედეგებისგან დაცვაში“, – აღნიშნულია გაერო-ს წარმომადგენლობის ინფორმაციაში.
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
ქართული პროტოკოლი და დებატები პრეპარატ პლაქვენილის გარშემო
სადღეისოდ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის COVID-19-ის სამკურნალოდ ოფიციალურად რეკომენდებული პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატი არ არსებობს. ეპიდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან ჩინეთსა და რიგ ქვეყნებში მიმდინარეობდა სხვადასხვა მედიკამენტის გამოცდა. ამ დრომდე კლინიკურ ცდებს გადის რამდენიმე პრეპარატი, რომელთა მიმართაც არაებობს ჰიპოთეზა, რომ მათ შეუძლიათ კოვიდინფიცირებული პაციენტების განკურნება ან სიმპტომების შემსუბუქება. ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია ჰიდროქსიქლოროქინი იგივე პლაქვენილი. პლაქვენილი აქამდე მალარიის, ამებიაზის, სახსრების ზოგიერთი დაავადების, შემაერთებელი ქსოვილის და კანის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებოდა. ქლოროქინს მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან იყენებენ. ის 1934 წელს ჰანს ანდერსაგმა შექმნა. 19 მარტს აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად განაცხადა,რომ დარგის ლიდერებთან და წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს პრეპარატი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დაუყოვნებლივ COVID-19-ის სამკურნალოდ. აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ აღნიშნული მედიკამენტი ფაქტობრივად დამტკიცებულია FDA-ის მიერ. ,,რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ ამას ვაკეთებთ თვენახევარია,” - ასე გამოეხმაურა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აშშ-ის პირველი პირის განცხადებას. როგორც გაირკვა, ინფექციური საავადმყოფო პლაქვენილს თებერვლის თვიდან იყენებს, რადგან სხვადასხვა კვლევის ანალიზის შედეგად ქართველი ინფექციონისტები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არსებულ მედიკამენტებს შორის პლაქვენილი ყველაზე ეფექტურია. აღნიშნული პრეპარატი ამსუბუქებს მდგომარეობას და აჩქარებს ვირუსის ორგანიზმიდან გამოდევნას. თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, პლაქვენილი ინიშნება მაშინ, როდესაც პაციენტს აქვს მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები, 38 გრადუსი ან მეტი ტემპერატურა, ძლიერი ხველება და სისტუტე, გონების დაბინდვა და რენტგენზე გამოჩენილი პნევმონია. თუმცა სოციალურ ქსელში სრულიად გამსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, რაც შემდგომ დიდი ვნებათაღელვისა და დებატების საგანიც გახდა. მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა, ზურაბ გურულმა ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა და საქართველოში არსებული მკურნალობის მეთოდები გააკრიტიკა. მისი თქმით, პროტოკოლის მიხედვით, პლაქვენილით საქართველოში უსიმპტომო და მსუბუქ პაციენტებს მკურნალობენ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, ვინაიდან ამ პრეპარატს არ აქვს საპროფილაქტიკო დანიშნულება და მეტიც, მან შეიძლება პაციენტებში მთელი რიგი გართულებები გამოიწვიოს. მედიკოსის განცხადებით, მიიღო რამდენიმე საგანგაშო წერილი კარანტინში მყოფი ახალგაზრდა პაციენტების შესახებ, რომლებსაც სწორედ პლაქვენილის მეთოდით მკურნალობენ. გურულმა აღნიშნა, რომ პლაქვენილი რამდენიმე კვირაში ოფიციალურად იქნება მიჩნეული, როგორც გაუგებარი და მინიმალური ეფექტის მქონე მედიკამენტი კოვიდის სამკურნალოდ. ,,ბატონი გურული სტყუის, თან უსინდისოდ,” - ასე გამოეხმაურა ქართული პროტოკოლის თანაავტორი, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმის კრიტიკას. მისი თქმით, ზურაბ გურულის პოსტი იყო ფაქტობრივი ტყუილი და გამიზნული დეზინფორმაცია. ცერცვაძის განცხადებით, ქართულ პროტოკოლში გაწერილია, რომ უსიმპტომო პაციენტები პლაქვენილით მკურნალობას არ საჭიროებენ და აღნიშნული პრეპარატი ინიშნება მხოლოდ საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე (კრიტიკული) მიმდინარეობის მქონე COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში, თანაც ექიმის დანიშნულებით. ცერცვაძემ განმარტა ისიც, რომ პროტოკოლის მიხედვით, „კატეგორიულად დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება COVID-19-ის საპროფილაქტიკოდ”. ამგვარად, იგი უარყოფს ექიმ ზურაბ გურულის ბრალდებას, რომ საქართველოში პლაქვენილს უსიმპტომო პაციენტებისთვის ან პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენებენ. თუმცა საგულისხმოა, რომ ამირან გამყრელიძის შვილმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი მკურნალობისას სწორედ პრეპარატ პლაქვენილს იღებდა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ დაავადება მსუბუქად მიმდინარეობდა. ,,ეს იყო ერ­თა­დერ­თი პრე­პა­რა­ტი, რომელ­საც ვი­ღებ­დი. ჩემ შემთხვე­ვა­ში ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქად წა­რი­მარ­თა და­ავადე­ბა. იქ, სადაც მძი­მე პნევ­მო­ნია ერთვე­ბა და სუნთქვის უკ­მა­რი­სო­ბაა, სის­ტე­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი ინიშ­ნე­ბა"- ჰყვება ნიკოლოზ გამყრელიძე. თუმცა გუშინ გამყრელიძემ ,,ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ პლაქვენილს იღებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაავადების ყველა სიმპტომი გამოეხატა. მისი თქმით, პლაქვენილის მიღებიდან რამდენიმე დღეში მშრალი ხველა აღარ ჰქონია და არც რაიმე სახის უკუჩვენება უგრძვნია. პლაქვენილის გარშემო მიმდინარე დებატებს ამირან გამყრელიძეც გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, მის შვილს სწორად უმკურნალეს. გამყრელიძემ სრული ნდობა გამოუცხადა თენგიზ ცერცვაძესა და საქართველოში მოქმედ პროტოკოლს. მან ახალგაზრდა კოლეგებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ექიმის კრიტიკისგან. ასეა თუ ისე, დღესდღეობით არ არსებობს, ზუსტი კვლევა, დასკვნა თუ რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ პლაქვენილი ან რომელიმე სხვა მედიკამენტი კურნავს კორონავირუსს და ამცირებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს - მედიკოსები საქართველოსა და მსოფლიოში დღეს იყენებენ ექსპერიმენტულ პრეპარატებს და ხელმძღვანელობენ მხოლოდ არსებულ გამოცდილებასა და მიმდინარე კვლევებზე დაყრდნობით.#პლაქვენილი #კორონავირუსი #პრეპარატი #tbilisidaily
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
ფონდი „ქართუ“ ადგილობრივი წარმოების 4 მილიონ პირბადეს ჯანდაცვის სექტორისთვის შეიძენს
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიამ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობიდა აცნობეს. მათი ცნობით, წარმოების დაწყების პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად ადგილზე გაეცნო. მთავრობის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირბადეები მოხმარდება სამედიცინო პერსონალს, რომელიც დღეს Covid-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგას. „მოგეხსენებათ, Covid -19 არის გლობალური გამოწვევაა, რომელმაც ბევრი ახალი, სამწუხარო სიახლე შემოიტანა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ ყველანი, სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდით უნდა მივეჩვიოთ ყოველდღიურად პირბადით, ხელთათმანებით ცხოვრებას. თუმცა, ასევე, ამ გამოწვევის შედეგია, რომ დღეს, ისეთ ელემენტარულ ნივთზე, როგორიცაა სამედიცინო პირბადე, გლობალური დეფიციტია შექმნილი. ქართულმა კომპანიამ მოახერხა და ჩამოიტანა დანადგარი, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე აწარმოებს ერთჯერად სამედიცინო პირბადეს, რომელიც ასე გვჭირდება ჩვენ და ჩვენს მედიკოსებს. კომპანია უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ დამატებით ხაზს აამოქმედებს და შეძლებს დღეში დაახლოებით 250 000 ერთჯერადი პირბადის წარმოებას. მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ „ქართუ“ ჯგუფმა აიღო ვალდებულება და ამ საწარმოში წარმოებულ პირველ 4 მილიონ პირბადეს, სახელმწიფოს, მთავრობას აჩუქებს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს პირბადეები მოხმარდება ჩვენს სამედიცინო სექტორს, მათ, ვინც წინა ხაზზეა კოვიდ-19-თან ბრძოლაში. მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს“. ის, როგორც ყოველთვის, გვერდში უდგას სახელმწიფოს და ყოველთვის გვეხმარება იქ, სადაც ყველაზე უფრო გვჭირდება. მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, StopCov-ფონდში იმ 100 მილიონის გადმორიცხვისთვის, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. ქართული კომპანია „რესპირატორი“ დღე-ღამეში საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი 200 000-დან 250 000-მდე სამედიცინო ნიღბის წარმოებას შეძლებს. როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახის პირბადეების დასამზადებლად საჭირო ნედლეული დღეს მსოფლიოში დეფიციტშია, კომპანიამ საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით, შესაბამისი მასალის საქართველოში ჩამოტანა შეძლო. „ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს მდგომარეობას იმ კუთხით, რაც გამოწვეული იყო მსოფლიო მასშტაბით არსებული პირბადეების ზოგადი დეფიციტით. არ შეიძლება, არ აღინიშნოს ფონდ „ქართუს“ ძალიან დიდი წვლილი. „ქართუ“ დგამს კიდევ ერთ უპრეცედენტო ნაბიჯს და 4 მლნ პირბადეს უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს, რაც ძალიან მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს იმ ტვირთს, რომელიც დღეს გაგვაჩნია Covid-19-ის ინფექციასთან ბრძოლიდან გამომდინარე“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტმა ეკატერინე ტიკარაძემ. ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, რომ სამედიცინო ნიღბების საქართველოში წარმოება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ჯანდაცვის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წვლილს. „დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა ებრძვის ახალ, უხილავ მტერს, მსოფლიო პანდემია Covid-19-ს, გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ბრძოლაში. ფონდმა „ქართუმ“ გადაწყვიტა, შეიძინოს და სახელმწიფოს გადასცეს საქართველოში წარმოებული 4 მილიონი სამედიცინო პირბადე. ეს არის პირველი საწარმო საქართველოში, შპს “რესპირატორი”, რომელმაც მოახერხა ამ ხაზის უმოკლეს დროში გამართვა და მწყობრში მოყვანა. ფონდმა „ქართუმ“, როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ 100 მილიონი ჩარიცხა, კოვიდ-19-თან ბრძოლის ფონდში და ამასთან ერთად ახორციელებს შემდგომ დახმარებას სახელმწიფოსთვის. ჩვენ ამ საწარმოსგან აღნიშნულ პირბადეებს შევიძენთ და გადავცემთ სახელმწიფოს, რომელიც მას მოიხმარს როგორც ჯანდაცვის, ისე სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელ ობიექტებში. ვიმედოვნებთ, ამით აღმოიფხვრება ის დეფიციტი, რომელიც მთელ მსოფლიოშია და ბუნებრივია, საქართველოშიც გაჩნდა სამედიცინო დაცვის საშუალებებთან მიმართებაში“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა. უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. კომპანია „რესპირატორი“ დაარსა გუნდმა, რომელიც 2017 წლიდან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველო“-ს მხარდაჭერით განვითარდა და აქვს ახალი მიმართულება - ციფრული ბეჭდვა UV ტექნოლოგიით, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე უმაღლესი ხარისხის პირბადეებს აწარმოებს.
Headline
Tbilisi · 3 months ago
შესაძლებელია თუ არა კორონავირუსის კვლავ დაბრუნება პიკის შემდეგ
COVID-19-ის პანდემია ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს გიგანტური ტალღის მსგავსად უტევს; ამასობაში ექსპერტები ცდილობენ გაარკვიონ, როდის მიაღწევს ის პიკს. რა იქნება ამ „ცუნამის“ შემდეგ? პანდემიის ზოგადი ვარდნა და ნორმალურ ნიშნულზე დაბრუნება თუ რეგულარული რეციდივები? ტალღა უკვე ჩაცხრა დაავადების გავრცელების საწყის ქვეყანაში. ბოლო დღეებში იქ ინფიცირების ახალი ადგილობრივი შემთხვევები აღარ ფიქსირდება. თუმცა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფრანგი სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი ანტონი ფლაო სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ კვლევაში იძიებს იმის შესაძლებლობებს, უნდა ველოდოთ თუ არა უარესს. „დავესესხები ცუნამის მკვლევრებს და მათ ტერმინს გამოვიყენებ, იქნებ ჩინეთს ჯერ „მაცნე“ ტალღამ გადაუარა და დიდი ტალღა ჯერ გზაშია?“ — წერს ფლაო. ეპიდემიების განვითარების კომპლექსურობის გასარკვევად, საჭიროა დავუბრუნდეთ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ მსოფლიოს, როდესაც ესპანური გრიპის ტალღებმა დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, უფრო მეტი, ვიდრე თავად ამ ომმა. შემდეგ ვირუსი გაქრა. კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ, მათემატიკოსებს თავსატეხს უჩენდა. 1920-იანი წლების ბოლოს, შოტლანდიელმა უილიამ ოგილვი კერმაკმა და ანდერსონ გრეი მაკკენდრიკმა შექმნეს მოდელები, რომლებიც გარკვეულ წარმოდგენას იძლეოდა ეპიდემიების დინამიკის შესახებ. როგორც კერმაკმა და მაკკენდრიკმა აღმოაჩინეს, ეპიდემია იმის გამო კი არ დასრულებულა, რომ მან მოწყვლადი ადამიანები ამოწურა, არამედ იმიტომ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის მატებამ მიგვაღწევინა ე. წ. კოლექტიური იმუნიტეტის ზღვრამდე. „კოლექტიური იმუნიტეტი არის ვირუსის წინააღმდეგ იმუნიზებული ადამიანების (როგორც ინფექციის, ისე ვაქცინაციის მიერ) პროპორცია, რომლის მიღწევაც საჭიროა ვირუსის ხელახლა გამოცოცხლების რისკის შესაჩერებლად“, — ამბობს ანტონი ფლაო, ჟენევის უნივერსიტეტის გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ეს პროპორცია დამოკიდებულია უნარზე, რომლითაც ის ინფიცირებულიდან ჯანმრთელ ადამიანს გადაეცემა. რაც უფრო გადამდებია დაავადება, უფრო მაღალია იმუნიზებულ ადამიანთა რაოდენობა და ვირუსიც შედარებით მალე ჩერდება. „COVID-19-ის შემთხვევაში, კოლექტიური იმუნიტეტის მისაღებად და პანდემიის მოსასპობად საჭიროა მოსახლეობის 50-66 პროცენტის ინფიცირება“, — ამბობს ფლაო. თავად გადადების მაჩვენებელი ღია და ცვალებადია, შეესაბამება პრევენციისთვის მიღებულ ზომებს, მაგალითად, კარანტინს, შეკავებას და პოტენციურად ამინდსაც. ფლაოს თქმით, თუ ინფიცირებული ადამიანი საშუალოდ ერთზე ნაკლებ ადამიანს აინფიცირებს, ეპიდემიაც სრულდება. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია 1tv.ge-ს მიერ. #news #coronavirus #covid19