9 votes
1 comments
0 shares
Save
ნიკოლოზ გამყრელიძე კორონავირუსისგან განიკურნა
162 views
Primetime
Tbilisi · 3 months ago

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის შვილის, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

„პაციენტი

#10

-ც გამოჯანმრთელდა და შესაბამისად 26-ე დღეს დავტოვე კლინიკა და გადავედი თვითიზოლაციაში. უღრმესი მადლობა ესეთი მხარდაჭერისთვის და გულშემატკივრობისთვის, ძალან გამაძლიერეთ ამით.

არ შემიძლია ქედი არ მოვიხარო და როგორც რიგითმა მოქალაქემ უდიდესი მადლიერება არ გამოვხატო სრულად სამედიცინო პერსონალის წინაშე ვინც გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამ ომში იბრძვის წინა ხაზზე ჩვენი ყველას ჯანმრთელობისთვის. თამამად შემიძლია ვთქვა რომ 26 დღის განმავლობაში არცერთხელ არ მიგრძვნია მათგან არც დაღლა, არც შიში, მხოლოდ სითბო, მხარდაჭერა და ძალიან დიდი შემართება იყო სულ. აქამდეც ჩემი პატივისცემა მათ მიმართ ისედაც ძალიან დიდი იყო, მაგრამ ეხლა კიდევ სხვანაირად დავინახე როგორც პაციენტმა. მადლობა თქვენ, ნამდვილად საამაყო ხართ და გამძლეობას გისურვებთ!

ჩვენ კი როგორც მოქალაქებმა ჩვენი ვალდებულება აუცილებლად უნდა შევასრულოთ, ვალდებულება კი არის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს რომ გამოუსწორებელი ზიანი არ მივაყენოთ ჩვენს ირგვლივ მყოფებს, დავრჩეთ აუცილებლად სახლში. მხოლოდ ამ გზით დავამარცხებთ ყველა ერთად ამ გამოწვევას. ვულოცავ ყველა გამოჯანმრთელებულს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა ინფიცირებულს“, – წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.


ნიკოლოზ გამყრელიძე კორონავირუსისგან განიკურნა - Primetime
primetime.ge
Primetime
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 week ago
რას წერს შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის მოწმე ფოტოგრაფის დედა?
ჩემი შვილი ხომ ერთადერთი იყო, ვინც სამართალდამცავებს დახმარებისთვის მიმართა? დაფიქრდით, 19 წლის ბიჭი რომ ასეთ ვითარებაში მოახერხებს უშველოს თავს და დარეკოს პოლიციაში, მერე რატომ წაშლის რამეს, თუკი აქვს გადაღებული? , - ამის შესახებ სოციალურ ქსელში 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის დედა წერს. როგორც ფოტოგრაფის დედა აღნიშნავს, ინციდენტის ღამეს ბრეგვაძეს არც მისთვის და არც ნინო გიორგობიანისთვის არ დაურეკავს. იაკობ ბრეგვაძის დედის პოსტს უცვლელად გთავაზობთ. „უპირველესად, მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახს. მე, 7 შვილის დედა და 6 შვილიშვილის ბებია ვარ, 18 წლის წინ მეუღლე გარდამეცვალა, რომელიც სასულიერო პირი იყო და ამხელა ოჯახს მარტო ვუძღვები. წარმოდგენაც არ მინდა იმ ტკივილის, რასაც ახლა გარდაცვლილის ოჯახი გრძნობს. ეს ენით აღუწერელი ტრაგედიაა და სანუგეშო სიტყვებიც არ მაქვს! არავის ვუსურვებ მსგავს უბედურებას... ამავდროულად, როგორც იაკობის დედა, თავს ვალდებულად ვთვლი, ატეხილი აჟიოტაჟის გარშემო განმარტება გავაკეთო. ამ პოსტს არ ვწერ მათთვის, ვინც ისედაც ტყუილებს ავრცელებს და სიმართლე არ აინტერესებს, ამ დღეებში კი ტყუილი ნამდვილად ბევრი ითქვა. შემაძრწუნებელია, რომ ასეთ ფაქიზ თემას ზოგიერთი მედია ისე აშუქებს, რომ არც გარდაცვლილის ოჯახზე ფიქრობენ, არც დაზარალებული არასრულწლოვნების ფსიქიკაზე და არც ეთიკა გააჩნიათ. არაფერი მაქვს დასამალი და მზად ვარ, ყველა გაჩენილ დამატებით კითხვას ვუპასუხო. უპირველესად, საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც ყველა ყველას ნათესავია. ნინო ჩემი ბიძაშვილია და ეს მეამაყება. რაც შეეხება იმ საბედისწერო ღამეს, იაკობმა არამცთუ ნინოს, მეც არ დამირეკა, მომხდარის შესახებ მხოლოდ რამოდენიმე დღის მერე გავიგე, თუმცა, ასეთ მძიმე ფაქტთან თუ გვქონდა საქმე, ნამდვილად არ ვიცოდი. იცით, რომ ფოტოგრაფი კამერის გარეშე ვერ იმუშავებს და ტელეფონის გარეშე ვერ დაუკავშირდებიან დამკვეთები, არადა, ეს მისთვის დღეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა და თავს შეკვეთებით ირჩენს. ბუნებრივია, ვრეკავდი ყველასთან, ვისთანაც ხელი მიმიწვდებოდა, რომ დაებრუნებინათ ტელეფონი და კამერა , მათ შორის დავრეკე ნინოსთანაც. ნინო ჩამეკითხა, თუ რატომ ჰქონდა ჩემს შვილს ისინი ჩამორთმეული და გაუკვირდა, რომ ამ საქმეში ჩემი შვილი ფიგურირებდა, დიდი ხანია არ შევხმიანებივართ და იაკობისა და მისი საქმიანობის შესახებაც მისთვის არაფერი იყო ცნობილი. მიპასუხა, რომ ტელეფონი და კამერა მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებულებაა და სანამ გამოძიება არ დამთავრდებოდა, ვერავინ ვერაფერს დაგვიბრუნებდა. ამ ფაქტის გადამოწმება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი და ვინც დაინტერესებულია სიმართლით, შეუძლიათ ჩვენი საუბრის ამონაწერიც ამოიღონ, მე ამის პრობლემა არ მაქვს, პირიქით! 112 -ის ჩანაწერებითაც ჩანს, თუ როდის ვის და ვისთან აქვს დარეკილი. რაც შეეხება "დაქირავებულ ფოტოგრაფს"- დაეკითხეთ მოწმეებს, ვინმეს თუ დაუნახავს წვეულებაზე, რომ იაკობს კამერა ეჭირა ხელში და იღებდა? ჩემი შვილი იქ სტუმრად იყო, და დღეს პირიქით, ნანობს კიდეც რომ არაფერი გადაიღო, ნეტა გადამეღოო…იუბილართან მეგობრობს და მან დაპატიჟა, სხვებს არ იცნობდა... ხიდზე, ვიდეოშიც ჩანს, რომ ბიჭები სულაც არ მოელოდნენ საფრთხეს, მშვენიერ ხასიათზე იყვნენ და როდესაც გაჩერდა მანქანა და რკინის ჯოხით გადმოვიდა თავდამსხმელი, მანდ უკვე გადაღებაზე კი არა, სიცოცხლის გადარჩენაზე ფიქრობდა იაკობი. მადლობა ღმერთს, რომ შეძლო იმ შენობისთვის თავი შეეფარებინა, თორემ, რა მოხდებოდა, წარმოდგენაც არ მინდა! ნეტა, გიორგიც გადარჩენილიყო... მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებას მაყურებლის ყურადღება სხვა მიმართულებით შეგნებულად გადააქვს, რომ ნამდვილი დამნაშავე არ გამოიკვეთოს. ვინც ეხლა განსჯის იაკობს და ტყუილებს უვრცელებენ, ვურჩევ, დაფიქრდნენ და გაანალიზონ, ვის აწყობს ეს ყველაფერი და რატომ ატყდა ასეთი ამბავი ერთ ზარზე პოლიციაში? ჩემი შვილი ხომ ერთადერთი იყო, ვინც სამართალდამცავებს დახმარებისთვის მიმართა? დაფიქრდით, 19 წლის ბიჭი რომ ასეთ ვითარებაში მოახერხებს უშველოს თავს და დარეკოს პოლიციაში, მერე რატომ წაშლის რამეს, თუკი აქვს გადაღებული? ის დაზარალებულია და მაინტერესებს, რატომ აძლევენ თავს უფლებას რომ აბულინგონ ჩემი შვილი და მკვლელი ეძახონ? იაკობი გარდა იმისა, რომ ამ საქმის დაზარალებულია, ის დღეს უკვე ზოგიერთი მედიასაშუალებებისა და საზოგადოების ჯგუფების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლია... ეს დაუშვებელია! იმედია, ყველაფერი მალე დასრულდება და სიმართლეს ფარდა აეხდება!“- წერს ფოტოგრაფის დედა სოციალურ ქსელში.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
დარჩით სახლში, ჩვენ ვიდგებით ტაძარში მათ მაგივრადაც, ვინც სახლიდან ლოცულობს ჩვენთვის - დეკანოზი
დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე მოქალაქეების მიმართავს. დეკანოზი საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ თვითიზოლაცია მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება. „ვფიქრობ, აშკარად გამოიკვეთა, რომ დიდი მისია გვექნება შესასრულებელი. რა თქმა უნდა, ეს მისია ერგება ყველას, მაგრამ მას სჭირდება არა გულზე მჯიღის ცემა, არამედ დამშვიდება, დაფიქრება და მოცდა. გაიხსენე, ვინ ამტკიცებდა, რომ არ მიატოვებდა და უარყო. ფრთხილად! გაიხსენე, ვინ იყო, ვინც თითქოს საერთოდ არ იდგა უფლის გვერდით და ფარული მოწაფე აღმოჩნდა, რომელიც იმ მნიშვნელოვან „წამს“, საჭირო და მნიშვნელოვან დროს ელოდებოდა და უფალთან სწორედ მაშინ აღმოჩნდა, როდესაც ის ყველამ მიატოვა. ამიტომ ნუ ჩქარობ, ილოცე, იფიქრე, ელოდე და ის თავად გიჩვენებს, სად, როდის და როგორ სჭირდები ღმერთსა და მოყვასს! (საკეთებელი ბევრი იქნება...) ვფიქრობ, ამ რთულ რეალობაში არ არის კამათისა და საქმის გარჩევის დრო! ვფიქრობ, მორწმუნეების ის ნაწილიც გულწრფელია, ვისაც სწამს და სჯერა, რომ არც ერთი ნაბიჯი არ უნდა გადადგას უკან და მიაჩნია, რომ სწორედ ამით რჩება უფლის ერთგული. მეორენი კი ფიქრობენ, რომ თვითონ მზად არიან თავგანწირვისთვის, მაგრამ მათ მაინც არ აქვს უფლება, სხვის ნაცვლად გადაწყვიტონ ეს გმირობის აქტი და საფრთხის წინაშე დააყენონ მოყვასი. მჯერა და მწამს, რომ ორივე პოზიცია ღვთისა და მოყვასის მსახურების გულწრფელი სურვილიდან მომდინარეობს. ჭკუის დარიგების დრო არ არის, საჭიროა სწრაფი მოქმედება! პროგნოზებს არ გავაკეთებ, რადგან ვფიქრობ (ღმერთმა ქნას, შევცდე) სულ მალე რეალობა თავად გვიჩვენებს, დაგვაფიქრებს და შეგვაშფოთებს. ამიტომ, უპირველესად გასაკეთებელია არ ავჩქარდეთ (განცხადებებით, მოწოდებებით), გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რადგან საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს - დარჩით სახლში! (არ ვგულისხმობ სასულიერო პირებს, რომელთაც ყველა შემთხვევაში მოგვიწევს მსახურება სულიერი თუ ხორციელი ყველა ადამიანისათვის). უწმინდესის საკვირაო ქადაგებაშიც გარკვევით იყო მითითებული, რომ რთული გზა გველის და ერთმანეთი არ უნდა მივატოვოთ. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი მისია არა გულზე მჯიღის ცემა, შფოთვითა და ოხვრით თვითმკვლელობაა, არამედ სიტუაციის გართულების (რაც, ვფიქრობ, გარდაუვალია) პირობებში აღმოვჩნდეთ სწორედ იქ, სადაც უფლის მიერ მოწოდებული მისია მიგვანიშნებს, იქ, სადაც ღვთისა და მოყვასის მსახურების შესაძლოა ყველაზე სარისკო ზონებია! ამიტომ აუცილებელია, მივენდოთ უწმინდესის სიტყვებს - ვილოცოთ, ვიფიქროთ, დაველოდოთ ჩვენი მოქმედების დროს ღვთისა და მოყვასის თავგანწირვით მსახურებისთვის და უფალი აუცილებლად მოგვიხმობს! (ანუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რესურსი რომელიც ჩვენში ძალიან დიდია სწორად იქნას გამოყენებული) წირვა, ლოცვა, მარხვა და ზიარება სწორედ იმისთვისაა, რომ მოგვამზადოს ამ მსახურებისთვის და არა პირიქით, რომ არ ვიფიქროთ მოყვასის უსაფრთხოებაზე, არ გავუფრთხილდეთ მის სიცოცხლეს, არ ვიზრუნო მასზე და მხოლოდ ზიარება იყოს ჩვენი თვითმიზანი; ჩვენ ხომ იმიტომ დავდივართ ტაძარში, იმიტომ ვეზიარებით ქრისტეს სისხლსა და ხორცს, რომ ჩვენი მაცხოვარივით თავი დავდოთ მოყვასისათვის. ამიტომ, ვილოცოთ დაველოდოთ და მოვემზადოთ - მოყვასისათვის თავის დადების ჟამი მოგვიახლოვდა, ყველას გვერგება დავალება, ყველას ექნება თავისი მისია, მაგრამ ხმაურით, გულზე მჯიღის ცემით, ცრუ დაპირებებით შეიძლება მთავარი გამოგვრჩეს, გამოგვეპაროს, დავრჩეთ ტრაბახის ამარა და ავტირდეთ, ვითარცა თავი მოციქულთა პეტრე. აშკარაა, რომ მოყვასისათვის თავდადების დრო დგება და პირველად მივხვდი (შესაძლოა, ვცდები), როგორ შეიძლება გაბრწყინდეს (ამ სიტყვის ძალიან უბრალო გაგებით) საქართველო. დარწმუნებული ვარ, ჩვენ აღმოვჩნდებით მოწოდების სიმაღლეზე და ერთხელ და სამუდამოდ გავერთიანდებით ღვთისა და მოყვასის მსახურებისთვის, განურჩევლად პარტიისა, ეროვნებისა და სხვა სოციალური სტატუსისა! სულ ვფიქრობდი, რას შეიძლება ჩვენს ირგვლივ გამეფებული საშინელი დაპირისპირება და პოლარიზება დაესრულებინა და სწორედ ახლა დადგა ეს დრო. ეს არის უდიდესი მისია, გავერთიანდეთ ღვთისა და მოყვასის მსახურებისთვის! (ვილოცოთ, მოვემზადოთ, დაველოდოთ) ნუ გაკითხავ საკუთარ თავს და ნურც მოყვასს, რომ მცირედ შეშინდი, დაიბენი ან სახლში ჩაიკეტე. ეს ბუნებრივია, და საჭიროც, ეს ზრუნვაა მოყვასზე და საკუთარ თავზე. მოციქულებიც ჩვენსავით იყვნენ მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ. მთავარია იფიქრო, ელოდო, მოემზადო და ის დახშულ კარშიც შემოვა, მოგიწოდებს და შენს მისიას აღგასრულებინებს!. ესეც გაივლის! მთავარი არა ისაა ჯვართან დგახარ თუ არა ჯვარცმის დროს, არამედ ჯვარცმის მერე ჯვარცმულის გარეშე სიცოცხლე რომ აღარ შეგიძლია! გაუფრთხილდით თავს! დარჩით სახლში! ჩვენ ვიდგებით ტაძარში და ვიდგებით თქვენს და მათ მაგივრადაც, ვინც სახლიდან ლოცულობს ჩვენთვის!”, - წერს მამა გურამ ჭარელაშვილი.
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
Covid-19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტის ისტორია
ლილე აბსანძე რამდენიმე დღის წინ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერეს. მანამდე იგი კლინიაში 28 დღის განმავლობაში Covid-19-ს მკურნალობდა. გამოჯანმრთელებული პაციენტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას განვლილი დღეების, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და კლინიკაში არსებული ვითარების შესახებ. უცვლელად გთავაზობთ პოსტს: "მგონი უკვე ყველამ იცით, მაგრამ იმ 139 ადამიანიდან, რომელიც covid19-ისგან გამოჯანმრთელდა, ერთ-ერთი მე ვარ. 28 დღე ვმკურნალობდი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და იქედან საერთოდ სხვანაირ ქვეყანაში გამოვედი. მართალია, ძირითადად ყველანი იმაზე ხართ კონცენტრირებული ვირუსისგან თავი როგორ დაიცვათ, სახლში როგორ დარჩეთ და რა თქვა მარინა ეზუგბაიამ ამ დილით, მაგრამ მაინც მოგიყვებით, რა ხდება როცა კორონა გიდასტურდება და ამ სიგიჟეებს უკვე პალატიდან კითხულობ. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ ტექსტში წერია მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გამოცდილება, წყალგაუვალი სიმართლე ეს არ არის, და რა თქმა უნდა, ყველაზეც ნამდვილად არ ვრცელდება. ჩემი ამბავია მარტო. მე მარტის ბოლოს ერთ-ერთ კლინიკაში ვმკურნალობდი ფილტვების ბაქტერიული ანთებით. საერთო პალატაში შემოიყვანეს პაციენტი, რომელმაც კონტაქტები დამალა (მე ასე ვიცი) და როგორც შემდგომ აღმოჩნდა, კორონავირუსით იყო ავად. 2 დღე ამ ადამიანთან ერთად ვმკურნალობდი პალატაში და შემდეგ სახლში გამწერეს. კიდევ ორი დღის მერე, დამირეკა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და გადამიყვანეს კლინიკაში. მეორე დღეს ლუგარის ლაბორატორიამ ამიღო ნაცხი ცხვირიდან და ხახიდან და 6 საათში დამიდასრუტდა კოვიდ-19. მოსაყოლად ხო ძალიან მარტივია, მაგრამ მგონი ყველაზე ცუდი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. სანამ სასწრაფო მოვიდა, 20 წუთი ყვველაფერს განურჩევლად ვჩურთავდი ჩანთებში, თან მეტირებოდა, თან ვიგინებოდი, თან ჩემებს ვუყვიროდი ახლოს არ მოსულიყვნენ და არაფერში დამხმარებოდნენ და თან მარტო იმაზე ვფიქრობდი, რომ რა აზრი აქვს, უკვე ყველას გვჭირს. არ გვჭირდა ყველას, არავის ჭირდა ჩემ გარდა, მაგრამ ეს არც მაშინ ვიცოდი, არც მომდევნო 14 დღე ვიყავი დარწმუნებული და ბოლომდე ახლაც არ მჯერა. დღესაც, დედაჩემს რომ ველაპარაკები მარტო იმას ვუსმენ როგორ სუნთქავს და ხომ არ ახველებს. როგორც მე ვიკონტროლებდი ტემპერატურას ბოქსირებულ პალატაში, ისე ვაკონტოლებდი ოჯახის წევრების ტემპერატურას დისტანციურად და ობსესიურად. მე საშუალოზე ოდნავ მძიმე პნევმონია მქონდა, პლაქვენილიც ვსვი (კანფეტი ნამდვილად არ არის) და ხანდახან ჟანგბადსაც ვიშველიებდი სუნთქვისას. ჩემს შემთხვევაში, ხველა გვიან დაიწყო და არც ისე ძლიერი იყო, არც ტემპერატურა მქონია ძალიან მაღალი. ძირითადი სიმპტომები იყო ვერტიგო, გულის ტკივილი, გულმკერდის არეში ზეწოლა, თავის ტკივილი, დაბალი წნევა, დაბალი სიცხე და იშვიათად სუნთქვის გაძნელება. აქვე კიდევ ერთხელ დავწერ, რომ ვირუსი ძალიან ინდივიდუალურად უდგება ყველას და თუ თავბრუსხვევა იგრძენით, არ არის აუცილებელი კორონა გჭირდეთ მაინცდამაინც. პალატებს აქვს ძალიან თხელი კედლები და პაციენტების ხველება თავისუფლად გესმის, როგორ ელაპარაკებიან ახლობლებს ეგეც გესმის, როგორ ხდებიან უარესად, როგორ გადაყავთ რეანიმაციაში ან როგორ წერენ სახლში. ამიტომ მარტოობის შეგრძნება არ გაქვს, მარტო არ ხარ შარში. რთული ძირითადად ის არის, რომ კუბოებზე მიმების სქროლვა გიწევს ფეისბუქზე, ვიღაცეების დარიგების წაკითხვა რო ,,ნუ აი არ მესმის ეს ხალხი სად დადიოდა", ხშირად კითხულობ სიტყვას "დაუდევრობა" და ზუსტად იცი, რომ შენზე ფრთხილად არც არავინ ყოფილა და არც ახლაა არავინ. ალბათ, ამაზე უფრო დიდი სირთულეა ის, რომ დანამდვილებით არც შენ და არც არავინ იცის რა გჭირს, როგორ მორჩები ამისგან და მერე რა იქნება. მე ჩემმა ექიმმა პირდაპირ მიხრა, რომ ამ დაავადებას მე და შენ ახლა ერთად ვსწავლობთო, თავიდან დავიზაფრე, მაგრამ მალევე ეჩვევი. ეს იმასაც ნიშნავს, რომ როცა დაავადებას შენთან ერთად სწავლობენ, ყველა შესაძლო მხრიდან გაკონტროლებენ. იქ რომ ხარ, პანდემიას არ აბრალებ არავის, იმიტომ რომ სულერთია. მარტო იმ ჩაკეტილი პალატიდან ხედავ, რომ ეს საყოველთაო უბედურება უფრო დიდი რაღაცაა ვიდრე ქალი, რომელმაც კონტაქტები დამალა, იმიტომ რომ არ ჯეროდა, რომ თვითონ შეიძლება რაიმე დამართნოდა, უფრო დიდია ვიდრე რელიგიური დღესასწაული, მამაოების შეგონებებზე უფრო უტიფარია და სტატისტიკაზე უფრო მომაბეზრებელი. მიუხედავად იმისა, რომ ვინც მივლიდა თითქმის ვერავის ვცნობ სახეზე, დიდი, სულისშემხუთავი ეკიპირების გამო, უუუღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ექთნებს, დამხმარეებს, სანიტრებს და მარინა ექიმს. მთელი ეს პანდემია ყველაზე მეტად მათ აწვება. ჩემხელა და ჩემზე პატარა სტუდენტები ყოველდღე მორიგეობენ და ეკიპირებაში იოფლებიან, არც ძინავთ წესიერად და ისინიც იზოლირებულები არიან ოჯახებისგან. ასევე, მადლობა ვინმე საბას, რომელიც ყველაზე კარგი კურიერია მსოფლიოში და ჩემს მეგობრებს, თბილი სიტყვებისთვის და გემრიელი ამანათებისთვის. თუ ვინმეს დაგიდასტურდათ ვირუსი, შეგიძლიათ მომწეროთ, დამირეკოთ და 24/7-ზე მომიყვეთ რა ხდება თქვენს თავს, რისი გეშინიათ, რა გაიმედებთ, რომელი ანალიზი რამხელა დისკომფოტს იწვევს და ა.შ. ძალიან გამეხარდება ვინმესთვის პატარ-პატარა სასარგებლო გამოცდილებების გაზიარებების საშუალება თუ მექნება. მე პირადად სულ ვეძებდი ეგეთ ადამიანს. P.S " ვაიმე, 37 მაქვს და კორონა ხო არ მჭირს" და მსგავსი ტექსტები შეგიძლიათ არ მომწეროთ, მაგას ადგენს მხოლოდ ტესტი."#კორონავირუსი #პაციენტი #გამოჯანმრთელებული #TbilisiDaily
Zugdidelebi. Ge
Batumi · 3 weeks ago
ამბავი ორ ქირურგ ძმაზე
ქირურგი ძმები: ზურაბ და კონსტანტინე ჯიჯიხიები ზუგდიდში დაიბადნენ. მათი მშობლები: ნონა და მალხაზი, სიალალით და საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით ცნობილი მოქალაქეები არიან. ჯერ ზუგდიდში, შემდეგ კი, კრასნოდარში, არაერთი ქართველი თანამემამულის ხელის გამმართავი და მხარდამჭერები იყვნენ და არიან დღესაც. შვილებიც ამ პრინციპით გაზარდეს,–ზურგი არ უნდა აქციონ ადამიანს, გასაცემი სიკეთე გასცენ, ფეხზე დაუდგნენ მტერს და მოყვარეს, საქმეში იყვნენ პროფესიონალები და მართლები. ბიჭები კარგად სწავლობდნენ სკოლაში, გატაცებებიც ჰქონდათ–ზურაბს სიმღერა, კონსტანტინეს–სპორტი. მაგრამ, სკოლის დამთავრების შემდეგ, ორივემ, პროფესიად ექიმობა აირჩია. შემდეგ, ორივემ, ქირურგობა გადაწყვიტა. ზურაბი ნეიროქირურგია და კრასნოდარში მოღვაწეობს. კონსტანტინე კარდიოქირურგი და მოსკოვში, ბაკულევის ცნობილ სამეცნიერო კლინიკაში მუშაობს. ისე მოხდა, რომ პროფესიული წარმატება, ორივეს, თითქმის ერთდროულად “ესტუმრა”, თუმცა, ჩვენი მასალის წაკითხვის შემდეგ, თქვენ ნახავთ, რომ მარტივად არა, მხოლოდ დიდი შრომით. “ზუგდიდელები”, პარალელურ რეჟიმში დაუკავშირდა ძმებს–კრასნოდარში ზურაბს და მოსკოვში-კონსტანტინეს. ზურაბ ჯიჯიხია: “–2005 წელს, წარჩინებით დავამთავრე კრასნოდარის 54-ე გიმნაზია და ჩავირიცხე კუბანის სამედიცინო უნივერსიტეტში, რომელიც დავამთავრე 2011 წელს. ამავე წელს, ჩავირიცხე ორდინატურაში ნეიროქირურგის სპეციალობით, რომელიც დავამთავრე 2013 წელს და დავიწყე მუშაობა კრასნოდარის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში, 1 ნეიროქირურგიულ განყოფილებაში, სადაც დღემდე ვმუშაობ. პარალელურად ვსწავლობ ასპირანტურაში, რომელსაც ვამთავრებ წელს. ვმუშაობ თემაზე:”თავის ტვინის სიმსივნის ეპიდემიოლოგია კრასნოდარის მხარეში”. -ზურაბ, გახსოვთ თქვენი პირველი ოპერაცია… -პირველი ოპერაცია რომ გავაკეთე, ჯერ კიდევ ორდინატორი ვიყავი. შემოვიდა პაციენტი, მძიმე ქალა–ტვინის ტრავმით. ოპერაცია საოცრად რთული იყო ორდინატორის დონისთვის, თუმცა ყველაფერმა მშვენივრად და მშვიდობიანად ჩაიარა,–პაციენტი გადარჩა. მახსოვს, როგორი ამაყი ვიყავი… გმირის, გამარჯვებულის გრძნობა მქონდა, რადგან ცხოვრებაში პირველად, მე როგორც ქირურგი, საკუთარი ხელით დავეხმარე ადამიანს სიცოცხლისკენ მობრუნებაში. მას შემდეგ, ყოველდღე ვზრდი ჩემს თავს, უკვე ნეიროქირურგი ვარ, ბუნებრივია, იზრდება ოპერაციების რაოდენობა, ოპერაციების სირთულე, მაგრამ… გმირობის შეგრძნება ქრება, იწყებ გაცნობიერებას, რომ ეს არის არა იმდენად გმირობა, რამდენადაც უბრალოდ, დიდი სურვილი, გააკეთო რამე სიკეთე ამ ცხოვრებაში. ძალიან ამაყი ხარ, როცა ხედავ, როგორ დგებიან პაციენტები ფეხზე, როგორ უბრუნდებათ მეხსიერება, სმენა, მოძრაობის უნარი, როგორ უბრუნდებიან სრულფასოვან ცხოვრებას, თავიანთ ოჯახებს, შვილებს, მშობლებს და მეგობრებს. ასეთი იყო ჩემი ბოლო ოპერაცია, როცა მძიმე და შეიძლება ითქვას, უკურნებელის სენით დაავადებული ახალგაზრდა ქალის ცხოვრება, ჩემი, როგორც ექიმის, დროული ჩარევით, ისევ საინტერესო და იმედიანი გახდა. ასეთი ოპერაციებით სიცოცხლეს უბრუნდებიან ჩვენი პაციენტები და აქვე ვიტყვი იმას, რომ ასეთი წარმატებული ოპერაციები გვაძლიერებენ ჩვენ, ქირურგებს. ეს არის ნამდვილად ექიმისა და პაციენტის ერთობლივი გამარჯვება. სხვათაშორის, ეს წარმატებული ოპერაცია უყურადღებოდ არ დარჩენიათ კრასნოდარელებს. -ექიმის ცხოვრება ადვილი არ არის. განტვირთვას როგორ ახერხებთ? -მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ოპერაციას, ექიმისგან მიაქვს “გულის სისხლი”, სიცოცხლის გარკვეული წუთები, გღლის, მე მაინც ვრჩები სიცოცხლისმოყვარე ადამიანად. მიყვარს მეგობრებთან, ოჯახთან დასვენება. -თქვენზე მითხრეს, შესანიშნავად მღერისო… – აბა, რომელ ქართველს არ უყვარს სიმღერა? მუსიკით ბავშვობიდანვე ვარ გატაცებული, სამუსიკო სკოლაში ვსწავლობდი და წითელ დიპლომებზეც კი დავამთავრე, ვუკრავდი გიტარაზე, ვიოლინოზე, ფორტეპიანოზე, მაგრამ დღესდღეისობით, ჩემთვის ყველაზე “მოთხოვნადი” გიტარა დარჩა. ვიკრიბებით მეგობრები ერთად, ვუკრავთ, ვმღერით, ალბათ ამაშია ჩადებული ძალა, განწყობა და ენერგიის მუხტი. ჩვენს ოჯახს საკუთარი მუსიკალური ტრადიციებიც აქვს, მამა კარგად მღერის, უკრავს გიტარაზე. ოჯახში, ხშირად დიდ სუფრებს ვშლით და ერთად ვმღერით. -ალბათ, ქართველები იკრიბებით ერთად… -სუფრასთან არიან არა მხოლოდ ქართველები… კუბანი ძალიან მეგობრული და მრავალეროვანია. როგორც გითხარით, ჩვენ, ვიწრო ოჯახურ წრეშიც კი ვმღერით… სანამ ჩემი ძმა მოსკოვში გადავიდოდა, მთელი ოჯახი ვიკრიბებოდით ვახშამზე. თითქმის ყოველი საღამო სიმღერით სრულდებოდა, აი, ასე, უბრალოდ, მთელი ოჯახი ვმღეროდით და ამით ვახარებდით ერთმანეთს. ალბათ ასეთ მომენტებშია ჩადებული ბედიერება ცხოვრებაში. კონსტანტინე ჯიჯიხია: “–მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე რუსეთში. 2008 წელს დავამთავრე კრასნოდარის 54-ე გიმნაზია. სკოლის პერიოდში არ ვიყავი კარგი მოსწავლე, მშობლები მაიძულებდნენ, მესწავლა. საკუთარი თავი წარმოდგენილი მყავდა როგორც პროფესიონალი და ცნობილი სპორტსმენი. მინდოდა, სპორტული კარიერა გამეგრძელებინა, მშობლებს კი, სურდათ ზურაბივით, სამედიცინოზე ჩამებარებინა. ბოლოს და ბოლოს, მეც მივიღე გადაწყვეტილება ექიმი გავმხდარვიყავი. უნივერსიტეტში შეიცვალა მთელი ჩემი ცხოვრება. ვიგრძენი, რომ მედიცინა მიყვარს და ჩემი თავი ვიპოვე ამ საქმეში. სწავლისკენ მოვბრუნდი 180 გრადუსით. ყოველდღე ვსწავლობდი და ვვითარდებოდი. ერთი სიტყვით, ერთი დღეც არ გამიტარებია, რომ რამე არ მესწავლა და ცოდნა არ მიმეღო. 6 წლის განმავლობაში, დავწერე 18 სამეცნიერო ნაშრომი. მესამე კურსზე ვიყავი, მოსკოვში, სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე დავიკავე პირველი ადგილი. უნივერსიტეტი დავამთავრე 2014 წელს წითელ დიპლომზე. სიმართლე გითხრათ, ცხოვრებაში არასოდეს მიფიქრია, რომ ასეთი სწავლისმოყვარე ვიქნებოდი.” -რატომ პედიატრობა? -ჩემი ძმა, ზურაბი, სწავლობდა პედიატრიულზე, მეტი სხვა მიზეზი არ იყო. შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ორდინატურა მოსკოვში უნდა გამევლო. მოგეხსენებათ, რომ რუსეთში არის ერთ–ერთი ყველზე ცნობილი და მაღალი დონის კარდიოქირურგიული ცენტრი “ა.ნ.ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა სამეცნიერო ცენტრი”. სწორედ აქ გავიარე ორდინატურა, ასპირანტურა და აქ ვმუშაობ დღემდე. -ვიცით, ცნობილ ქართველ ექიმთან, ლეო ბოკერიასთან დაიცავით დისერტაცია… -ბატონი ლეო ხელმძღვანელობდა იმ სხდომას, რომელზეც დავიცავი დისერტაცია, მაგრამ ხელმძღვანელი გახლავთ კონსტანტინ შატალოვი. ადამიანი, ვინც უკვე 5 წელია ჩემს გვერდით ერთგულად დგას. დისერტაციის დაცვამ წარმატებით ჩაიარა. ერთი იყო მასზე მუშაობა, და მეორე, თუ როგორი შეფასება მისცეს მას ჩემმა უფროსმა კოლეგებმა. რაც შეეხება, სამეცნირო დარგს, დისერტაციის გარდა, დღეისთვის, მაქვს 29 სტატია, 6 გამოგონების პატენტი,–გულის პროტეზები, ოპერაციის ახალი ტექნოლოგიები. –რას გვეტყვი ქართველ ქირურგზე, თითქმის ლეგენდად ქცეულ ლეო ბოკერიაზე? -ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ხშირი კონტაქტი არ გვაქვს. ეს ადამიანი გახლავთ დიდი პიროვნება, საქმის პროფესიონალი და კოლორიტი. 79 წლის გახლავთ და ყოველდღიურად აკეთებს მინიმუმ სამ ოპერაციას. -საავადმყოფოში, თქვენს გარდა, კიდევ არიან ქართველი ექიმები? -დიახ. ჩვენთან ბევრი ქართველი ექიმი მუშაობს სხვადასხვა სპეციალობაზე. არიან ქირურგები, კარდიოლოგები, დიაგნოსტები. ქართველები ყოველ წელს მოდიან ორდინატურაში. -თქვენი თავისუფალი დრო… -თავისუფალი დროს ვუთმობ თვითგანვითარებას. ვმუშაობ ახალ ნაშრომებზე, ვკითხულობ წიგნებს და ვსწავლობ უცხო ენას. -რა არის საიდუმლო, რის გამოც, დღეს, ძმები ჯიჯიხიები წარმატებულები არიან? -ეს მოხდა უპირველესად, ღვთის წყალობით, შემდეგ კი, დედაჩვენის ლოცვით და დისციპლინით. -საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებთ? -საქართველოში ყოველ წელს ჩამოვდივარ. ხშირად მინდა ჩამოვიდე, მაგრამ სამწუხაროდ დრო არ მაქვს. -სამომავლო გეგმები… -სადოქტორო დისერტაცია, დაოჯახება და უცხო ენის სწავლება. -წარმატებებს გისურვებთ. -მადლობა. ეკა ფარულავა
Primetime
Tbilisi · 3 months ago
შეიძლება უბრალოდ მოვკლათ სხვა ადამიანი! – ნიკოლოზ გამყრელიძე
„ჩვენი როგორც საზოგადოების ვალდებულებაა, ამ შემთხვევაში გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, არ დავაზიანოთ ერთმანეთი“, – ამ სიტყვებით მიმართავს ამირან გამყრელიძის შვილი, ნოკოლოზ გამყრელიძე საზოგადოებას და სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს. „ჩვენი როგორც საზოგადოების ვალდებულებაა ამ შემთხვევაში გავუფთხილდეთ ერთმანეთს, არ დავაზიანოთ ერთმანეთი. გაუფრთხილებლობით შეიძლება უბრალოდ მოვკლათ სხვა ადამიანი და ეს ადამიანი შეიძლება ჩვენი ძალიან ახლობელიც აღმოჩნდეს (ეს არ არის გადაჭარბებულად ნათქვამი). ძალიან გთხოვთ, გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები რასაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ და ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის – სოციალური დისტანცირება. ეს რეკომენდაციები გასათვალისწინებელია უკლებლივ ყველასთვის მიუხედავად სატატუსისა თუ რელიგიური აღმსარებლობისა, აბსოლიტურად ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის. მხოლოდ ასე შევძლებთ ამ გამოწვევის დაძლევას“, – წერს ნიკოლოზ გამყრელიძე. ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის შვილს, ნიკოლოზ ამყრელიძეს კორონავირუსი 7 მარტს დაუდგინდა. ამჟამად მას კორონავირუსის არანაირი სიმპტომი არ აქვს. მაშინ, შვილის მადგომარეობაზე ამირან გამყრელიძემ ტელეეთერშიც იალაპარაკა და თქვა, რომ მისი რძალი და შვილიშვილები თვითიზოლაციაში არიან.#coronavirus #news #primetime #nikolozgamyrelidze
Zugdidelebi. Ge
Batumi · 3 weeks ago
მღვდელი, რომელიც განსხვავებული საჭიროების მრევლთან სასაუბროდ ჟესტურ ენას სწავლობს
სოფ დავითიანის (თარგამულის) მთავარაგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი ლაზარე (ჯიქია) ზუგდიდის სმენადაქვეითებულ და უსინათლო პირთა კლუბის წევრია და ჟესტურ ენას სწავლობს. მამაო, მეუფე გერასიმეს ლოცვა -კურთხევით, ზუგდიდის რეფერალურ და ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოში ავადმყოფების მოსანახულებლად ხშირად დადის და საჯანმრთელო პარაკლისებს იხდის. ჩართულია სოფელ ოირემეში წმინდა ქეთევან დედოფლის სახელობის ტაძრის მშენებლობაში. -თქვენს მიერ განვლილი გზის შესახებ გვიამბეთ… – ჭაქვინჯიდან ვარ, მაგრამ გავიზარდე ზუგდიდში. დავამთავრე ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლა. პარალელურად ვცეკვავდი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ჩელაში“. გარკვეული წლების განმავლობაში, თბილისში, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „დიოსკურიას“ წევრი ვიყავი, ვმუშაობდი მსახიობ-მოცეკვავედ. მოგვიანებით, ჩამოვედი ჩემს ქალაქში. 2010 წლიდან დაიწყო ჩემი სულიერი ცხოვრება. თავიდან, მე და ჩემმა ბავშვობის მეგობარმა პირველი ნაბიჯი გადავდგით სარწმუნოებისკენ-დავიწყეთ ოთხშაბათს და პარასკევს მარხვა, რაც დღემდე დაუვიწყარია. შემდეგ ისევ მეგობრის რჩევით, გავიცანი დღეს უკვე ჩემი მოძღვარი, სულიერი მშობელი, სოფელ რუხის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილ ფიფია, რომელმაც საკუთარი შვილივით გამზარდა და ღვთისმსახურება შემაყვარა. ჩემი მოძღვრის დამსახურებაა, რომ მე, დღეს, სასულიერო პირი ვარ. მამაომ, 2010 წელს, მაკურთხა სტიქაროსნად. 2016 წლამდე ვმსახურობდი ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში წიგნის მკითხველად (მედავითნედ), სადაც სულიერად გავიზარდე და სითბო დღემდე მომყვება. პარალელურად ვმუშაობდი წალენჯიხაში ანსამბლ „მასქურის“ ქორეოგრაფ-რეპეტიტორად. 2016 წელს, მამაომ, წარმადგინა მეუფესთან დიაკვნად, მეუფემ უწმინდესთან. შემდეგ მოხდა ჩემი ხელდასხმა. დიაკვნობისას, ვმსახურობდი სოფელ რუხის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში. 2017 წლის 30 ივლისს მღვდლად მაკურთხეს და მეუფემ წარმადგინა სოფელ დავითიანის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღოლად. მადლობა მეუფეს, ნდობისთვის, რომ ჩამაბარა ტაძარი, მრევლი და სოფელი. სოფელმა თბილად მიმიღო. ისეთი შეგრძება მაქვს თითქოს იქ გავიზარდე და დავიბადე და ვგრძნობ, მათგან დიდ თანადგომას და სიყვარულს. -თქვენს ტაძარზე მოგვიყევით… მეუფე გერასიმეს ლოცვა კურთხევით, 2007 წელს, ჩაეყარა ტაძრის მშენებლობას საფუძველი. ტაძარი ააშენა დავითიანის მკვიდრმა (ქტიტორი) ბადრი აბაკელიამ. მინდა სოფლის სახელით, მას მადლობა გადავუხადო მადლიანი და სულგრძელი საქმისთვის. ღმერთმა დალოცოს მისი ოჯახი. ტაძრის მშენებლობაში ჩართული იყო მთელი სოფელი. 2012 წელს ტაძარი იკურთხა. ტაძარში 17 სტიქაროსანი და ქალ მგალობელთა გუნდი გვყავს, ტაძარში ბევრი ადამიანია მონათლული და ბევრი აღმსარებელ-მაზიარებელიც გვყავს. სოფელ დავითიანის ტაძარში მეუფის ლოცვა-კურთხევით, შენდება საკვირაო სკოლა, ჩვენი სტიქაროსნების დაუღალავი, უანგარო, დაუზარელი შრომით და კეთილი ხალხის დახმარებით. პირველ რიგში კი მთავარანგელოზების შეწევნით. სკოლაში, მრევლი შეისწავლის მედავითნეობას, გალობას. წირვის დასრულების შემდეგ კი, მრევლს ექნება შესაძლებლობა მოძღვართან ისაუბროს სულიერ თემებზე. -მამაო, თქვენ ჟესტურ ენას სწავლობთ, განსხვავებული შესაძლებლობების მქონე პირებთან საკომუნიკაციოდ…. -დიახ. თბილისში, სამების კარიბჭის ღვთისმშობლის შობის ხატის სახელობის ტაძარში ვიმყოფებოდი წირვაზე დეკანოზ გიორგი კალანდიასთან, რომელიც ათი წელია წირვა-ლოცვას ჟესტურ ენაზე აღავლენს. მან მირჩია, ჟესტური ენის შესწავლა. სოფელში ცხოვრობს სმენადაქვეითებული ოჯახი და ამ ფაქტორმაც განაპირობა ჟესტური ენის შესწავლის სურვილი. რამდენიმე თვეა უკვე, მეუფის კურთხევით ზუგდიდის სმენადაქვეითებულ და უსინათლო პირთა კლუბში დავდივარ. ყოველ ორშაბათს ვიკრიბებით. ბენეფიციარებმა, როცა გაიგეს ჩემი იქ მისვლის მიზეზი, ძალიან გაუხარდათ, თბილად მიმიღეს, ისე, როგორც საკუთარ სახლში. მათთან ძალიან ბედნიერად და კომფორტულად ვგრძნობ თავს. თვითონაც ხელს მიწყობენ. კეთილები, მგრძნობიარენი და თბილები არიან. კლუბში გვყავს თარჯიმნები, რომლებიც მეხმარებიან ჟესტის შესწავლაში. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი, მაგრამ მთავარია, მიზანი ერთად დავისახეთ და ღვთის შეწევნით ყველაფერი გამოგვივა. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო დეკანოზ გიორგი კალანდიას იმ დიდი საქმისთვის, რომელსაც აკეთებს და იმისთვის, რომ მეხმარება ჟესტური ენის სწავლაში. -სმენადაქვეითებულები თქვენთან ტაძარში დადიან, მამაო? -დიახ. ხშირად დადიან ჩვენს ტაძარში. საუფლო დღესასწაულებზე და განბანვაზე იყვნენ. საოცარი ემოცია და განცდა ჰქონდათ. -მამაო, რომელი თვისებებია აუცილებელი მართმადიდებელი ადამიანის საცხოვნებლად… -პირველ რიგში, ადამიანს უფლის რწმენა და ღვთის სიყვარული უნდა ჰქონდეს. იმედი, სასოება არასდროს არ უნდა დაკარგოს. უხვად სიკეთე დათესოს და ამით ადამიანი ღვთის ხატება და მსგავსება ხდება. ეკლესიას ადამიანი სრულყოფილებისკენ მიჰყვას და ამზადებს მარადისობისთვის. ცხონება უფალთან მარადისოფაში ყოფნაა. -მამაო ოჯახზე მოგვიყევით… – მყავს მეუღლე და ოთხი შვილი. შუათანა ბართლომე ხუთი წლისაა. სტიქაროსნად ვაკურთხეთ ჩვენს ტაძარში. ოჯახი ეს უფლის საჩუქარია და დიდი სიწმინდე. მადლობა უფალს ჯანმრთელი და ბედნიერი ოჯახისთვის. -და ბოლოს, მამაო… -და ბოლოს… სიცოცხლის სიყვარულით მადლიერებას გამოხატავს ადამიანი უფლის მიმართ, ამიტომ ეკლესია თქვენ მუდამ გელოდებათ. მიგიღებთ ისეთს, როგორიც არ უნდა იყოთ. ცხოვრება მშვენიერია, როცა ერთმანეთი გვიყვარს. გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს და მოვეფეროთ ერთმანეთს. დიდი სიყვარულით და პატივისცემით მინდა მოვეფერო ჩვენს ემიგრანტებს და ჩემი მშობლით დავიწყებ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაკურთხოთ. მალე დაბრუნებას გისურვებთ სამშობლოში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. მთავარანგელოზთა დასი გფარავდეთ. ჩვენთან არს ღმერთი. ეკა ფარულავა
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
"გთხოვთ! ნუ დაღუპავთ ერთმანეთს"- აეროპორტის თანამშრომელი წერილს აქვეყნებს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელი, სოციალურ ქსელში, ქვეყანაში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ წერს. ანდრო კიკაბიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: "რაც არუნდა ეცადოს სახელმწიფო, რომ ვირუსი არ გავრცელდეს, ამ სამოქალაქო შეგნებით, რომელსაც ყოვედლღე ვუყურებ საზღვარზე მოქალაქეების მხრიდან, მაქსიმუმ 2 კვირით შეაჩეროს სახელმწიფომ ეს ეპიდემიური აფეთქება თუ ხალხის თვითშეგნებაზე იქნებიან დამოკიდებულნი. ან თუ ხალხი ვერ გაითავისებს, რა ხდება. ჩამოსული მოქალაქეების უმეტესობა: -იტყუება საზღვარზე თავისი მოგზაურობის ისტორიას - იტყუება სიმპტომებს და დალევენ სიცხის დამწევებს (დალიე აბა რაუნდაქნა სიცხიანი ხომ არ იმგზავრებ, მარა რომ ჩამოხვალ თქვი!) -ყველას 3 სახლი როგორ აქვს, ოღონდ თვითიზოლაციაში გაუშვან (და რა თქმა უნდა აეროპორტიდანვე რესტორანში წავა და იბლატავებს როგორ მოატყუა მესაზღვრე და ექიმი) - პანიკებში ვარდება როგორც კი კარანტინს უხსენებ, წივის, კივის, ბლატაობს, იფარჩხება და ა. შ. - გორში ან შორეულ ქალაქებში წასვლაზე უარს ამბობენ, თბილისში უნდა კარანტინში (თითქოს დიდი მნიშვნელობა ქონდეს კარანტინში სად იქნები, მაინც ცხვირს ვერ გაყოფ გარეთ) შეიგნეთ რომ ამ პატარა ქვეყანაში არ გვაქვს ფუფუნება რომ ყველა თავის ქალაქში იყოს კარანტინში. -უზრდელობა, უპატივცემულობა, შეუგნებლობა, პრეტენზიები პოლიციელების, ოფიცრების და თანამშრომლების მიმართ, რომლებიც 24 საათი ამ საშიშროებას თვალებში უყურებენ, ოჯახებში იმის შიშით მიდიან რომ, შვილს, ცოლს და დედას შეიძლება ვირუსი გადადონ, იმიტომ რომ უამრავ შეუგნებელთან ლაპარაკისას შეიძლებოდა გადადებოდა და არც იცის. -"6 საათია გზაში ვარ 3 საათი ვერ დავიცდი სპეციალურ კარავში ან ზონაში რომ სპეციალურმა დეზინფექცირებულმა ტრანსპორტმა კარანტინში გადამიყვანოს, ეს რა უბედურებაა რა მომსახურეობაა, არანაირი კომფორტი" (რა კომფორტი!!!! გეგონება 5 ვარსკვლავიან სასტუმროში იყვნენ და სახელმწიფოს სერვისს უწუნებენ საყოველთაო პანდემიის დროს, როცა ყველაფერი წამიერად იცვლება მთელს მსოფლიოში და ჩენც ამაზე ვართ დამოკიდებულები) ამ დროს მესაზღვრეები და თანამშრომლები 48 საათის უძინარები ფეხზე დგანან და მისნაირ ქვეყნის მტერს უძლებენ ყოველ 2 წუთში, 5-ს ერთად. - რო ვნერვიულობ სიცხე მიწევს - მე სულ 37.5 მაქვს სიცხე - იტალიაში რა მინდოდა, არ ვყოფილვარ, კიევიდან მოვფრინავ (Facebook-ზე 4 დღის წინ სურათი აქვს დადებული კოლიზეუმთან) - არავის შევხებივარ იტალიაში, სულ სახლში ვიყავი და სახლშიც კი პირბადე მეკეთა.... - არანაირი პატივისცემა ფორმის, ასაკის, სქესის, სტატუსის, ზრდილობის! არაფრის მიმართ! ყველაზე დიდი უბედურება ისაა რომ ასეთ რაღაცეებს ძირითადად ახალგაზრდები აკეთებენ, ჩემი თაობა, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ და ჩვენი მომავლის ინტელექტუალური მარაგია! გთხოვთ ყველას ვინც ამას კითხულობთ! მსოფლიო პანდემია არის მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი საშიშროება კაცობრიობისთვის და ყველაზე მეტად ჩვენნაირი პატარა და სუსტი ქვეყნები დაზარალდებიან. გამოიჩინეთ ის სანაქებო ქართული გვერდშიდგომა და 2 კვირა მოუფრთხილდით საკუთარ თავებს, რომ სხვებიც უსაფრთხოდ იყვნენ!!! მესაზღვრეები, მებაჟეები, ექიმები და ყველა სხვა თანამშრომელი, ყველანაირ ადამიანურ ლიმიტს არიან გამცდარები თავიანთი მუშაობით! საკმაოდ დიდი თანამდებობის პირებს ჩვეულებრივი რიგითისგან ვერ გაარჩევთ ისეთი მონდომებით და პატრიოტიზმით მუშაობენ და ისეთ საქმეებს აკეთებენ! წარმოუდგენელ გამძლეობას და მონდომებას იჩენენ და დაუფასეთ! პატივი ეცით რასაც გეუბნებიან, დაემორჩილეთ და არაფერი გვემუქრება. 25 ინფიცირებული როა დღეს და არა 25 000 ისევ ამ სიმკაცრის, ქვეყნის და ამ თანამშრომლების დამსახურებაა, უბრალოდ იცოდეთ მათაც აქვთ ზღვარი სადაც გადაიწვებიან, გული აუცრუვდებათ იმათზე ვინც უნდა დაიცვან და მერე აღარაფერი გიშველით. არც ის ხელფასი და არც ის წოდება არ ღირს იმად რასაც ეს ხალხი უძლებს და უყურებს, მხოლოდ იმიტომ რომ ქვეყანა და საკუთარი ხალხი უყვართ! 23 წლის ლაწირაკი რო თვალების ქაჩვით 60 წლის ოფიცერს უყვირის, მაშინ როცა ის კაცი ქვეყანას იცავს და ისევ მასზე და მის ოჯახზე ზრუნავს, არანაირ მორალში და შეგნებაში არ ჯდება! დაუდექით გვერდში ერთმანეთს, არაა დღეს პრეტენზიების და შეუგნებლობის დრო! გააკეთეთ ის რასაც გეუბნებიან თუარადა დავადგებით იტალიის, ირანის და სხვა ეპიდაფეთქების პირას მყოფი ქვეყნების გზას! გადავშენდებით, ან კაი ვარიანტში ქვის ხანაში აღმოვჩნდებით. გთხოვთ! ნუ დაღუპავთ ერთმანეთს!"- წერს აეროპორტის თანამშრომელი.#stopcovid19 #georgia #covid19
Tbilisi Daily
Tbilisi · 4 weeks ago
გიორგი გობრონიძე - “მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად”
“ივანიშვილი პუტინის კაცია? არ ვიცი, თუმცა ფაქტია, კონგრესმენების ანგარიშში მსგავსი ჩანაწერი გაჩნდა. ვერც ერთი ლობისტური კომპანია ვერ შეძლებდა, რომ ასეთ დოკუმენტში უსაფუძვლო ბრალდება მოხვედრილიყო. პროვინციული ყვითელი პრესა ხომ არ არის, სადაც 150 დოლარის სანაცვლოდ ნებისმიერი სტატიის შეკვეთას შეძლებ?! როდესაც სტრატეგიული პარტნიორის ქვეყნის ანგარიშში მსგავსი კითხვები და ეჭვები ჩნდება, ძალიან ცუდია და ჩვენს საგარეო იმიჯს მნიშვნელოვნად აზიანებს. არ ვიცი, რა ხდება საქართველოს ხელისუფლების კულუარებში, მაგრამ შორიდან ჩანს, რომ მოვლენების სათანადოდ აღქმის უნარი არა აქვთ. ჩვენ ახლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე არ ვლაპარაკობთ. ეს რომ სახელმწიფოს პოზიცია იყოს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი აღარ იქნებოდა...” - აცხადებს ექსპერტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად” / “ახლა ქართული პოლიტიკური ელიტის იმაზე მსჯელობა, თუ რა რანგის პოლიტიკოსები აფასებენ მათ ქმედებას, ძალიან არასერიოზულია“. “არ შეიძლება ამერიკა თავის სტრატეგიულ პარტნიორს რუსეთის მოკავშირეს უწოდებდეს, თუმცა “დაბალი რანგის” დოკუმენტში, ასეთი ჩანაწერი სიგნალია, რომ შესაძლოა ჩვენი, როგორც სანდო პარტნიორის, იმიჯი უკვე შეირყა და მსგავსი ჩანაწერი შესაძლოა მალე მაღალი რანგის დოკუმენტშიც გაჩნდეს. ჩვენი ხელისუფლება რას ელოდება? აუცილებლად სახელმწიფო მდივანმა ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მსგავსად უნდა გაგვაკრიტიკოს, რომ ჯეროვანი რეაგირება მოვახდინოთ? აშშ-ის ელჩმა ორ საკითხს გაუსვა ხაზი - თქვა, რომ ეს არ არის ოფიციალური პოზიცია და ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს. მეორე საკითხი ხაზგასმაა, რომ ამერიკის ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ საკმაოდ დიდია. შესაბამისად, დიდი რესურსიც აქვს აქ ჩადებული. ეს დახმარება ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის და ცალმხრივი არ არის. ამიტომ ჩვენი ურთიერთობა ღირებულია და ამის შენარჩუნებისთვის ორივე მხარემ უნდა ვიმუშაოთ. ახლა ქართული პოლიტიკური ელიტის იმაზე მსჯელობა, თუ რა რანგის პოლიტიკოსები აფასებენ მათ ქმედებას, ძალიან არასერიოზულია. დიპლომატიაში არსებული წესების მიხედვით, თუ მაღალი რანგის პოლიტიკოსი გაკრიტიკებს, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ცუდად გაქვს საქმე; თუ დაბალი რანგის პოლიტიკოსი გაკრიტიკებს, - არც ისე მნიშვნელოვანი ხარ - ერთიც ცუდია და მეორეც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე. “წარმოუდგენელია, მაგრამ დავუშვათ, ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის შესახებ “ნაციონალების” ლობისტების მუშაობის შედეგია. სად არიან ხელისუფლების ლობისტები? ქართული დიპლომატიური სამსახური, საელჩო რას აკეთებს? “ოცნებას” ხომ ყველაზე მეტი ფული აქვს და შეუძლია ლობისტურ საქმიანობაში მეტი ფული დახარჯოს? რა გამოდის, “ნაციონალურ პარტიას”, რომელსაც ფინანსებით რამდენჯერმე აღემატება, ლობისტების შერჩევაში ვერ ჯობნის?! სიმართლე ის არის, რომ საგარეო პოლიტიკაში სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ლობისტების მარკეტინგული პრომოუშენის საფუძველზე არ იღებენ. ასე რომ, სანამ იმას ვიტყვით, ვიღაცის ლობისტი რაღაცას აფუჭებსო, იქნებ დავფიქრდეთ... ლობისტებმა შეიძლება ბევრი რამ დაწერონ. მაგალითად, ის, რომ საქართველოში­ ადამიანების უფლებები ირღვევა, რომ პოლიტელიტა შეცდომებს უშვებს, მაგრამ იმის დაწერა, რომ ქვეყნის პირველი პირი ანტიამერიკულ საქმიანობას ეწევა და ქვეყანაში, რომელსაც მართავს, დესტაბილიზაციას უწყობს ხელს, განსხვავებული მოცემულობაა”, - განაგრძობს რესპონდენტი. “როდესაც ქვეყანაში ეპიდემია მძვინვარებს, ხალხს ყოველდღიურად უფრო და უფრო უჭირს, როგორ შეიძლება მინისტრები ასე ლაპარაკობდნენ და აღიზიანებდნენ ხალხს? პირველი პირის ოჯახის წევრები სახალისო ვიდეოებს არ უნდა ავრცელებდნენ სოციალურ ქსელებში... ხალხის გამხნევება ის იყო, ფუკუსიმას კატასტროფის შემდეგ იმპერატორი ფეხშიშველი რომ გამოვიდა ხალხის წინაშე და დაუჩოქა - მას არ უჩვენებია თავის ბაღში აყვავებული საკურა... ქვეყანაში იზრდება პოლარიზაციის ხარისხი, მმართველი გუნდი ან ვერ ართმევს თავს პროცესებს, ან არ ართმევს. შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ პროცესებს მიზანმიმართულად უწყობენ ხელს. იმედია, თავს ვერ ართმევენ საქმეს და მიზანმიმართულ ბოროტებასთან არა გვაქვს საქმე... ვფიქრობ, თუ საქართველოში ოდნავ მაინც არ გაჯანსაღდა სიტუაცია, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა გაგვიფუჭდება და ჩვენი ხელისუფლება სხვა დონის დოკუმენტებს წაიკითხავს და სხვა დონის განცხადებებს მოისმენს”, - მიიჩნევს ექსპერტი და შეკითხვაზე - “თუ არჩევნების შემდგომ დასავლელი მეგობრები, ხელისუფლების სათავეში ისევ მათგან არაერთგზის გაკიცხულ ძალას ნახავენ...” - პასუხობს: “მაშინ მოუწევს დასავლეთს თავისი პარტნიორის ჭკუაზე მოყვანა და არა მარტო სანქციებით. ვრცელი დისკუსიის საგანია, თუ როგორ მოჰყავთ ასეთი პარტნიორები ჭკუაზე. პარტნიორს ისე უნდა ელაპარაკო, რომ იძულებული გახადო შეასრულოს თავისი ვალდებულება. იმედია, საქმე აქამდე არ მივა. ქართულ-ამერიკული ურთიერთობა არ არის ხელწამოსაკრავი თემა. ვაშინგტონს ჩვენს განვითარებასა და დაცვაში ძალიან დიდი რესურსი აქვს ჩადებული და ეს იოლიც არ იყო. ამიტომ, ცხადია, ამერიკა თავის ინტერესებს აუცილებლად დაიცავს”. “ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ ამერიკის ინტერესების დაცვა დაუპირისპირდეს ჩვენს ინტერესებს. უპირველესად მათ კავკასიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მეტი დემოკრატია სჭირდებათ. გარდა ამისა, ამერიკისთვის შავი ზღვის აუზში საქართველო უფრო და უფრო ღირებული ხდება თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს ჩაკეტვით კასპიის ზღვის აუზის ხუთ ქვეყანას რუსეთის გვერდის ავლით დასავლურ ეკონომიკებში ინტეგრაციის თეორიული შანსიც აღარ ექნება და აპრიორი ამ რეგიონს რუსეთი და ჩინეთი გაიყოფენ. შესაბამისად, ამერიკა განდევნილი იქნება ცენტრალური აზიიდან. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე დავუპირისპირდით ამერიკულ ინტერესებს, როდესაც ანაკლიის პროექტი, რომელიც დიდ სიკეთეს გვიქადდა, დავბლოკეთ. მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად. ის პოსტსაბჭოთა ადამიანია - ისეთივე, როგორებიც არიან რუსეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში. დააკვირდით, რა განსხვავებულ მოცემულობაში ხდებიან მილიარდერები დასავლეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში. რუსეთში ადამიანი მილიარდს ვერ გამოიმუშავებს, მან საიდანღაც უნდა აიღოს. არავითარი ტექნოლოგიური ინოვაცია არ შეუქმნიათ, ისევე როგორც, მაგალითად, ილონ მასკს”, - ამბობს ექსპერტი. “შესაბამისად, არ იქნება სწორი, ივანიშვილს დავაბრალოთ, რომ სიღრმისეულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ თამაშებშია ჩაბმული. ის თავად არ არის პოლიტიკაში და ცდილობს ქვეყანა გარემოცვის საშუალებით მართოს, ეს გარემოცვა კი პანდემიას კარგად აკონტროლებს, მაგრამ დიპლომატიისა არაფერი გაეგება. ადამიანები, ვისი ხელითაც პოლიტიკას აკეთებს, დიდად ეფექტურები არ არიან. რა ამოძრავებს ამ ადამიანებს, იდეის ერთგულება? თუ გავიხსენებთ 2012 წლის შემოდგომას, თვალწინ წარმოგვიდგება დიდი აჯაფსანდალი: ლიბერალები, დემოკრატები, სოციალისტები, კონსერვატორები, “ნაციონალებიდან” პორტირებულები, ყოფილი არასამთავრობოები - რა იყო მათი მთავარი გამაერთიანებელი? ფული. აქედან გამომდინარე, ადამიანები მანამდე არიან მასთან, სანამ სარგებელს იღებენ. თუ ვინმე შედარებით პრეზენტაბელური ფიგურა იყო მის გუნდში, ყველა წავიდა. მაგალითად, კვირიკაშვილი, ადამიანი, რომელიც ამბობდა, 9 წელზე გამოკიდება არ არის სწორიო; ეს იყო ადამიანი, რომელიც გოიმსა და ძროხას არ უწოდებდა ოპოზიციონერს. მის დროს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გაფორმდა. მსგავსი ადამიანები აღარ ჰყავს ივანიშვილს, შესაბამისად, მისი გემი ჩასაძირად არის განწირული”, - დასძენს გიორგი გობრონიძე.
Dato Taboridze
Tbilisi · 21 hours ago
კამიუ - აბსურდი და თვითმკვლელობა
როდესაც ვსაუბრობთ თვითმკვლელობის პრობლემაზე, ახალი დროის პირმშოს პირველი სწორედ ალბერ კამიუ ახსენდება. მეოცე საუკუნის ექსისტენციალიზმის სახე, გარდა იმისა, რომ ბრწყინვალე სტილით გამოირჩევა, საოცრად სწვდება თანამედროვე ადამიანური ბუნების წიაღისეულ პრობლემებს. მისი ტრიპტიხი, „უცხო“, „სიზიფის მითი“ და „კალიგულა“ ამის სრულიად ნათელი მაგალითებია. თავისთავად საოცარია კავშირი „უცხოსა“ და „სიზიფის მითს“ შორის, რისი დანახვაც ერთი შეხედვით რთულია, თუმცა აღმოჩენისთანავე ნათელი ხდება და გვაფიქრებს, თუ რაოდენ რეალური ხორცი შეიძლება შეისხას ფილოსოფიურმა ტრაქტატმა. ამ თემაზე საუბრისას ყველაზე ხშირად გამოყენებული ციტატა „სიზიფის მითის“ პირველივე სიტყვებს გადმოსცემს: „მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი ფილოსოფიური პრობლემა არსებობს: თვითმკვლელობა. გადაწყვიტო, ეს ცხოვრება ღირს თუ არა იმად, რომ ბოლომდე გალიო, იგივეა, რაც ძირითად ფილოსოფიურ კითხვას გასცეს პასუხი“. დანარჩენი მხოლოდ თამაშიაო, დასძენს შემდგომში. რა თქმა უნდა, საინტერესოა კამიუს ამგვარი დამოკიდებულება სუიციდის მიმართ. თავისთავად ნათელია, რომ კამიუსთვის საინტერესოა მხოლოდ ის, რაც უკავშირდება სიკვდილსა და სიცოცხლეს, დანარჩენი უმნიშვნელოა, სულ ერთია: „მნიშვნელოვან საკითხებში მე იმას ვგულისხმობ, რასაც შეიძლება სიკვდილი მოჰყვეს, ან სიცოცხლის წყურვილის გაათკეცება“. ძნელია არ დაეთანხმო გამოცდილებათა სემანტიკის ამგვარ კლასიფიკაციას - ყველაფერი უმნიშვნელოა, გარდა სიცოცხლისა. თუმცა საინტერესო ნიუანსი სწორედ ამ დებულების წინააღმდეგობით შემოდის, როდესაც ადამიანს უქრება მნიშვნელოვნობის განცდა სიცოცხლის მიმართ. ეს ტენდენცია თანამედროვე სამყაროში უფრო მეტადაა შესამჩნევი. ძველად, ამბობს კამიუ, თუნდაც გალილეოს მაგალითი რომ ავიღოთ, სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იდეა. არანაირ ვიტალურ განსხვავებას არ იძლევა ის, სამყარო გეოცენტრულია და ჰელიოცენტრული, არც ონტოლოგიური არგუმენტისთვის მოუკლავს ვინმეს თავი. დედამიწაზე თუ არის რაიმე ღირებული, ესაა იდეა და თუ იდეაც კი არაა საკმარისი სუიციდისთვის, მაშ რა უბიძგებს ამდენ ადამიანს გადადგას ეს ნაბიჯი? იდეისთვის თავგანწირვა მხოლოდ ფანატიზმში გადასულ რელიგიურ აღმსარებლებს ძალუძთ, რომელთაც სურთ საკუთარ იდეალებს გაუყვნენ. ეს ფანატიზმი დადებითია და უარყოფითი - გაურკვეველია, მათ არ გააჩნიათ ჭეშმარიტება-მცდარობის კატეგორია. აბო თბილელის თავდადება ქრისტიანობისთვის იმდენადაა დადებითი, რამდენადაც იგი აღქმულია ქრისტიანის მიერ. ამდენად ეს დაშვებაც არაა საკმარისი სუიციდის აქტისკენ ნაბიჯის გადადგმის ასახსნელად. ჩვენ გვჭირდება ობიექტური საბაბი, რომელიც ვლინდება ყველაში, ობიექტური ტრანსცენდენტალიზმის მსგავსი სისტემით. ამას ეძიებს კამიუ და სწორედ აქ შემოჰყავს აბსურდის ცნებაც: „ისეც ხდება, რომ არსებული დეკორაციები ინგრევა. გაღვიძება, ტრამვაი, ოთხი საათი სამსახურში ან ქარხანაში, ჭამა, ტრამვაი, ოთხი სამუშაო საათი, ჭამა, ძილი და ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს ეს უცვლელი რიტმი მეორდება დროის უმეტეს ნაწილში. მხოლოდ ერთ დღეს გაისმის კითხვა რატომ? და ყველაფერი ამ გაკვირვებით შეფერადებული დაღლილობით იწყება. დაწყება მნიშვნელოვანია“. კამიუს ეს სიტყვები აჯამებს თანამედროვე ადამიანის ცხოვრებას. მონოტონური დღეები და ცხოვრებისგან მინიმუმის მიღებით დაკმაყოფილება ადამიანს აქცევს აბსურდულ არსებად. თვითონ აბსურდის ცნებასაც კამიუ განმარტავს, როგორც ურთიერთდაპირისპირების ერთ პრედიკატს. იგი ცალკე ერთ ცნებასთან მიმართებით არ არსებობს. ჩვენ ვერ მივაწერთ აბსურდულობას დანით შეიარაღებულ ადამიანს, სანამ მას არ დაემატება თავდასხმა თოფით შეიარაღებულ ადამიანზე. აბსურდის გრძნობა კი, როგორც სიცოცხლისეული ანუ უფრო მასშტაბური ფენომენი, შეინიშნება ადამიანსა და სამყაროს შორის კავშირში. ადამიანი სრულიად არარაობაა სამყაროს წინაშე. შემმეცნებელი არსება? არა, სამყარო თვითონ შეიმეცნებს მას, ადამიანი კი არაა ინფორმაციის მატარებელი არსება, არამედ პირიქით, ინფორმაცია ატარებს ადამიანს. ცოდნა უსასრულოა, ადამიანი კი სასრულზე უფრო სასრული არსება. კამიუ ძალიან მძაფრად აპელირებს ცოდნისა და ადამიანის კორელაციაზე და ამბობს, რომ ახალი ადამიანი ინფორმაციას ატარებს და არა ცოდნას. ცოდნა უფრო ინტიმური, თვითშემეცნებისა და თვითაღმოჩენის პროდუქტია, ხოლო ინფორმაცია საყოველთაოა, ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუმცა უსრული. ყველაზე განათლებულ ადამიანსაც კი რომ უთხრათ, რომ მას არა აქვს ძირეული ცოდნა, ყველანაირი თვალთმაქცობის გარეშე გიპასუხებთ, რომ მართალი ხართ. კამიუსთან აბსურდის გრძნობა იბადება მაშინ, როდესაც ადამიანი სამყაროს მიმართ აბსოლუტურად უსუსურად ცხადდება. ეს შედეგია ადამიანის უკვდავების იდეის მოსპობისა. როდესაც ადამიანი ხვდება, რომ მხოლოდ ის არსებობს, რაც რეალურადაა და არაფერი ტრანსცენდენტური აღარ გვეგულება, მას შიში იპყრობს - მართლაც, როდის შემიძლია ვთქვა დარწმუნებით, რომ მე ეს ვიცი - ვკითხულობთ „სიზიფეს მითში“ - მაგალითად, მე ვიცი, რომ ჩემი გული არსებობს, რადგან იგი შემიძლია შევიგრძნო; ასევეა სამყარო, რომელსაც ვეხები. ამის საფუძველზე შეიძლება ვამტკიცო, რომ არსებობს ორი რამ: - მე და გრძნობადი სამყარო. აქ ჩნდება ყველა ჩემი მეცნიერება, სხვა დანარჩენი გონების კონსტრუქციაა და მეტი არაფერი. იმ სამყაროში, რომელშიც ღმერთი მოკვდა, ძნელია დაეყრდნო გრძნობად სამყაროს, რომელიც არ გაძლევს არაფერს ისეთს, რომელიც ოდნავად მაინც შეედრება აღთქმულ მიწას, სამოთხეს ან რაიმე ამდაგვარს. კამიუ, ფაქტობრივად, საუბრობს ნიცშესა და დოსტოესვკის შემდგომი ყველა ადამიანის სახელით. მართლაც, რომელი ადამიანია კმაყოფილი საკუთარი ცხოვრებით. ცხოვრება, როგორც დეკორაცია, ოდესმე ჩამოიშლება და ადამიანი დარჩება საკუთარი აბსურდის წინაშე დაუცველი. აქ შემოდის აბსურდის ფილოსოფიაც, რომლის მანიფესტიცაა სიზიფის მითი, თვით სიზიფი, რომელიც ჩაბმულია ქვის გორვის მონოტონურ საქმეში. ქართულ ლიტერატურაში გავრცელებულია ფრაზეოლოგიზმი სიზიფეს ცოდვა, იგივე წყლის ნაყვა, რომელიც აღნიშნავს უშედეგო, უნაყოფო საქმეს, ქვას, რომელიც ყოველი აზიდვისას ისევ უკან გორდება. ასეთ საქმეს ადამიანი უნდა შეეშვას. მაგრამ რა ვქნათ, როცა ასეთი საქმეა მთელი ცხოვრება? როდესაც თვით სიცოცხლე გადაიქცევა სიზიფეს ცოდვად? უნდა დავასრულოთ თუ არა იგი? არაო, ამბობს კამიუ, მას უნდა შევეგუოთ. მართალია, ჩვენთან ერთად ჩვენივე აბსურდიც გაქრება, თუმცა ასეთი გაქრობა არ გვჭირდება. მეტიც, საერთოდ არ გვსურს მისი გაქრობა. ჩვენ გვსურს მასთან ადაპტირებული ცხოვრება. რაღაც გაგებით ეს სასარგებლოც კია: იგი არ გიშვებს მაღლა, იგი მიწაზე გაბამს და გახსენებს, რომ ყოველი შენი ქმედება აბსურდულია. ეს იგივე სოკრატეს ცოდვაა, რომელიც მთელი ცხოვრება აპელირებდა ცოდნის შეუძლებლობაზე. ის ფაქტი, რომ ერთადერთი ცოდნა არცოდნაა, სოკრატეს აქცევს აბსურდის ადამიანად და აყენებს მას სიზიფეს გვერდით აბსოლუტურად ლეგიტიმურ ილუსტრაციად. აბსურდის შეგუებას ორი შედეგი აქვს: გაძლიერებული ვნება და გულგრილობა. ეს უკანასკნელი კამიუს ბრწყინვალედ აქვს ილუსტრირებული თავის „უცხოში“, რომლის პირველივე სიტყვებიც კი შემზარავია და ამავდროულად უაღრესი აბსურდულობის, ინდიფერენტულობის გამოხატულება: „დღეს დედა გარდაიცვალა, ან იქნებ - გუშინ. რა ვიცი: მოხუცთა თავშესაფრიდან დეპეშა მივიღე: - „დედა გარდაიცვალა, დაკრძალვა ხვალ, ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას“. რას გაიგებ, იქნებ გუშინ მოკვდა“. ამას გარდა, მერსო, მთავარი პერსონაჟი, ხშირად გამოირჩევა გულგრილი რეპლიკებით: „სულ ერთია“ - პასუხობს იგი ყველას, მათ შორის რაიმონდს, რომელიც მეგობრობას სთავაზობს და მარის, რომელიც ცოლქმრობას სთავაზობს. ესაა უკიდურესი გამოხატულება გულგრილობისა, რადგან ორივე არის ადამიანური ცხოვრების განუყოფელი ასპექტი, როგორც არისტოტელემ განსაზღვრა, ადამიანი, ანუ zoon politikon, რომელიც არ მიილტვის ამგვარი ერთობისკენ, იგი ან ცხოველია ან ღმერთკაცი. მერსო ალბათ ეს უკანასკნელია. ბორხესის მიერ დადგენილ სიუჟეტურ მოტივთაგან ერთ-ერთი, როგორც ვიცით, სწორედ ღმერთის თვითმკვლელობაა. თვითმკვლელობის თემაც ზუსტად აქ ჩანს, კერძოდ, როდესაც მერსო სრულიად აბსურდულ სიტუაციაში ოთხჯერ გაისვრის და მოკლავს არაბს. ეს სუიციდის აქტია იმდენად, რამდენადაც მან იცოდა, რომ მკვლელობა სიკვდილით ისჯებოდა. ეს გადაწყვეტილება მან დამოუკიდებლად მიიღო. მთავარ შეკითხვას იგი მაინც პასუხგაუცემელს ტოვებს, როდესაც ციხის სიკვდილმისჯილთა საკანში საკუთარ თავთან საუბრისას თავისუფლებისადმი ნოსტალგია შემოაწვება და დაფიქრდება, როდესმე ხომ მაინც უნდა მომკვდარიყო, რა მნიშვნელობა აქვს, ახლა იქნებოდა ეს თუ ოცი წლის შემდეგ. თუმცა გაცდენილი ოცი წელი მაინც გულდასაწყვეტიაო, იტყვის ბოლოს.#feedcgrant @Feedc
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
რა წესები უნდა დაიცვან ონკოპაციენტებმა კორონავირუსის პანდემიის დროს
ონკოლოგიური დაავადების მკურნალობა ხშირად იწვევს იმას, რომ პაციენტის იმუნური სისტემა სხვაგვარად მუშაობას იწყებს (როგორც წესი, უფრო ცუდად, მაგრამ ზოგჯერ ძალიან აგრესიული ხდება, რაც ორგანიზმისთვის კარგი სულაც არ არის). ამიტომაც დიდ ბრიტანეთში ფილტვის კიბოს ქიმიოთერაპიით ან სხივური თერაპიით მკურნალობისას ადამიანებს განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს მიაკუთვნებენ. ამ კატეგორიაში შედიან ისინიც, ვინც იმუნოთერაპიის კურსს გადიან და მონოკლონალურ ანტისხეულებს, PARP ინჰიბიტორებს ან იმუნოდეპრესიულ საშუალებებს იღებენ. რა თქმა უნდა, აქ გარკვეული ნიუანსები არსებობს. მაგალითად, უცნობია, სინამდვილეში რა გავლენა შეიძლება იქონიოს იმუნოთერაპიამ ახალი კოროვირუსული ინფექციის განვითარებასა და მის მიმდინარეობაზე, მაგრამ გონივრულია მოსაზრება, რომ ეს შეიძლება ნამდვილად საშიში იყოს. ანალოგიურ საფრთხეში არიან ის ადამიანები, რომლებმაც ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ძვლის ტვინი ან ჰემატოპოეზის ღეროვანი უჯრედები გადაინერგეს. იმუნური სისტემა ცუდად მუშაობს ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების დროსაც. მაგალითად, ეს არის ლეიკემია, ლიმფომა და მიელომა. ამ ყველაფრის შედეგად, ადამიანი ინფექციური დაავადებებისადმი მგრძნობიარე ხდება და (ან) მათ შემთხვევაში COVID-19 რთულად მიმდინარეობს. სხვათა შორის, თუ თქვენ ენდოკრინული თერაპიის კურსს იტარებთ, როგორც წესი, ამ დროს პრობლემები არ წარმოიქმნება. ეს პროცედურა იმუნური სისტემის ფუნქციონირებაზე ცუდად არ მოქმედებს. თუ ონკოლოგიური დაავადება წარსულს ჩაბარდა და ადამიანი რემისიის პროცესშია, მაშინ იმუნური სისტემა თანდათან ნორმალურ დონეს უნდა დაუბრუნდეს. მაგალითად, სამედიცინო ონკოლოგიის ევროპული საზოგადოება თვლის, რომ ქიმიოთერაპიის დასრულებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში რისკი განსაკუთრებით მაღალია. თუ თქვენ COVID-19-ის სიმპტომები გაქვთ, მიმართეთ ექიმს! თუ თქვენ ახალი კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები გამოგივლინდათ, თქვენს ექიმს აცნობეთ. დაღლილობა და მომატებული ტემპერატურა შეიძლება იყოს არა მხოლოდ COVID-19- ის სიმპტომები, არამედ ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის შედეგი. თუმცა უმჯობესია, ეს საკითხი ონკოლოგთან განიხილოთ. ამ შემთხვევაში, ექიმთან დაუყოვნებლივ ჩაწერა და ვიზიტის დანიშვნა ნამდვილად არ ღირს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მდგომარეობის შესახებ მას არ გააფრთხილებთ. სპეცილისტების განმარტებით, ყველაზე უსიამოვნო, რაც შეიძლება ამ დროს მოხდეს არის ის, რომ თუ ინფიცირებული პაციენტი თავის სიმპტომებზე წინასწარ არაფერს იტყვის, ის მთელ ადგილობრივ სამედიცინო პერსონალს დააინფიცირებს. ახალი კორონავირუსული ინფექციის გამოვლენისას, შესაძლოა, თქვენ მხოლოდ ოჯახის წევრებისგან იზოლაცია დაგჭირდეთ. თუმცა ხანდახან ჰოსტიპალიზაციაც საჭირო ხდება. ამიტომაც უმჯობესია წინასწარ ჩაალაგოთ ყველაფერი, რაც შეიძლება საავადმყოფოში დაგჭირდეთ: - საგანგებო კომუნიკაციისთვის საჭირო კონტაქტების ჩამონათვალი; - იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებსაც თქვენ იღებთ (აქვე უნდა მიუთითოთ მიღების სიხშირე და დოზა); - ისეთი აუცილებელი ნივთები, როგორიც არის კბილის ჯაგრისი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, მედიკამენტები. როგორც წესი, ასეთ სიტუაციაში რეკომენდებულია ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის შეჩერება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იმუნური სისტემა კიდევ უფრო ცუდად დაიწყებს მუშაობას და სერიოზული გართულებების რისკი მეტად გაიზრდება. როდის უნდა განახლდეს მკურნალობა, საკამათო საკითხია. ზოგიერთი ონკოლოგი COVID-19-ისგან სრულად გამოჯანმრთელებიდან ორი კვირის გასვლას ელოდება, სხვებისთვის კი ახალი კორონავირუსის ტესტის ერთი უარყოფითი პასუხიც კი საკმარისია. უსაფრთხოების რა ზომები უნდა დაიცვას ონკოლოგიურმა პაციენტმა? ონკოლოგიურმა პაციენტმა უსაფრთხოების უფრო გამკაცრებული ძირითადი ზომები უნდა დაიცვას: - ხელები სწორად დაიბანეთ და ფრჩხილები მოკლედ დაიჭერით (გრძელი ფრჩხილების პირობებში ხელის კარგად დაბანა უფრო რთულია); - დარჩით სახლში და თუ გარეთ გახვალთ, ხალხს მოერიდეთ. ორი მეტრის ან უფრო მეტი დისტანცია საუკეთესო ვარიანტია. სამედიცინო ონკოლოგიის ევროპული საზოგადოება თვლის, რომ თქვენი ოჯახის წევრებმაც იგივე წესები უნდა დაიცვან. თუ ისინი ამას ვერ ახერხებენ, მათგან იზოლაციაში უნდა იყოთ. მაგალითად, საკუთარ თავს ერთი ოთახი გამოუყავით და შეეცადეთ, ოჯახის სხვა წევრებს არ მიუახლოვდეთ. ხშირად გაანიავეთ სახლი, ზედაპირებს დეზინფექცია ჩაუტარეთ და მხოლოდ თქვენთვის გამოყოფილი პირსახოცით ისარგებლეთ. - არ ეკონტაქტოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ახალი კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები აქვთ. თუმცა შესაძლოა, ექიმმა სხვა რეკომენდაციაც გასცეს. მაგალითად, თუ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა ისედაც შეზღუდულია, შეიძლება დამატებითი შეზღუდვა მოიხსნას. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ არ არსებობს სპეციალური რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ თქვენ სამედიცინო ნიღაბი ან რესპირატორი უნდა ატაროთ, თუ გრიპის ან ახალი კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები არ გაქვთ. თუმცა ზოგიერთი ექიმი ასეთ რეკომენდაციასაც გასცემს. ექიმთან კონსულტაცია გაიარეთ და თუ შესაძლებელია, მკურნალობა გადადეთ სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტი დღეს განსაკუთრებით საშიშია. აქ ადვილად შეიძლება დაინფიცირდეთ ახალი კორნავირუსით, რაც განსაკუთრებით ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებისთვის არის საშიში. ამიტომაც თუ სამედიცინო კონსულტაცია შეგიძლიათ დისტანციურად მიიღოთ, უმჯობესია ასე მოიქცეთ. როგორ მოვემზადო დისტანციური კონსულტაციისთვის? მოცემულ სიტუაციაში ექიმი მაქსიმალურად შეეცდება, თქვენი ვიზიტი უკეთესი დროისთვის გადადოს ან ისინი უფრო ხანმოკლე და იშვიათი გახადოს. ეს თქვენს მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუ თქვენი ვიზიტი მაინც აუცილებელია, უმჯობესია სამედიცინო დაწესებულებაში თანმხლები პირების გარეშე მიხვიდეთ (მათ შეგიძლიათ ტელეფონით დაუკავშირდეთ). თუმცა ექიმის დანიშნულების ან რეცეპტის მიღება თქვენ ნაცვლად თქვენ ჯანმრთელ ახლობელს ნამდვილად შეუძლია. ეს ეხება ნარკოტიკულ პრეპარატებსაც, მაგრამ თქვენს ჯანმრთელ ნათესავებს ხშირად შეუძლიათ მიიღონ რეცეპტები და მედიკამენტები თქვენთვის. ეს ასევე ეხება ნარკოტიკულ საშუალებებს. ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენ დიაგნოსტიკის გადადებაც შეგიძლიათ. განსაკუთრებით მაშინ, თუ წინასწარი გამოკვლევების დროს დადგინდება, რომ დაავადება სწრაფად არ პროგრესირებს. ასევე შეგიძლიათ მინიმალური დიაგნოსტიკური ტესტები ჩაიტაროთ. არსებობს მრავალი შემთხვევა, როდესაც თქვენ შეგიძლიათ მკურნალობა გადაიტანოთ იმ დროისთვის, როდესაც მისი ჩატარება გაცილებით უსაფრთხო იქნება. თუ მკურნალობა პალიატიურია, მისი გადადებაც შესაძლებელია, რადგან ამ დროს ახალი კოროვირუსული ინფექციის განვითარების რისკები და ფატალური შედეგი შეიძლება უფრო მაღალი იყოს. ამასთანავე, სავარაუდოდ, ადამიანი გარდაიცვლება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც ნათესავები არ დაიშვებიან. ხანდახან მკურნალობა შეიძლება კი არ გადაიდოს, არამედ შეიცვალოს ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება ქირურგიული ჩარევა მართლაც საჭირო იყოს, მაგრამ პოსტოპერაციის პერიოდზე COVID–19-ის დართვამ მსუბუქი მდგომარეობა გაართულოს. ამიტომაც სპეციალისტები ცდილობენ, მსგავსი სიტუაციები მაქსიმალურად აირიდონ. ამ კატეგორიაში არიან ფილტვის, კუჭის, საყლაპავის, პანკრეასისა და კოლორექტალური კიბოს მქონე პაციენტები. აქედან გამომდინარე, ექიმს ზოგჯერ შეუძლია ალტერნატივის სახით პაციენტს ქიმიოთერაპია შესთავაზოს, თუ ის მოცემულ სიტუაციაში ნაკლებად საშიში ჩანს, ოპერაცია კი მოგვიანებით დანიშნოს. ზოგჯერ შესაძლებელია პრეპარატების ინტრავენური შეყვანა ან მათი აბებით ჩანაცვლება. ჩვეულებრივ სიტუაციაში ზოგიერთ პაციენტს კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორები ენიშნება. ეს არის ნივთიერებები, რომლებიც იმუნურ სისტემას აღდგენასა და სწორად ფუნქციონირებაში ეხმარება. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ ქიმიოთერაპიის გამო პაციენტს ინფექციის განვითარების ძალიან მაღალი რისკი აქვს. დღეს უკვე კლინიკური ონკოლოგიის ამერიკული საზოგადოება გვთავაზობს ასეთი წამლების დანიშვნას იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც ამ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან. ისინი რეკომენდაციას უწევენ ანტიბიოტიკების პროფილაქტიკური მიზნით დანიშვნასაც (ანტიბიოტიკები ეფექტიანი არ არის კორონავირუსული ინფექციის მკურნალობისთვის, მაგრამ შეუძლია ბაქტერიულ გართულებებს გაუმკლავდეს). აქვე იცის უნდა ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სანდო სამედიცინო ინფორმაციის მიღება.