წერილი, რომელსაც ქვევით შემოგთვაზებთ, 2000 წელს გაზეთ , , პოსტსკრიპტუმში“ დაიბეჭდა მისივე გმირმა მოგვაწოდა. , , ვექტორი“ მას მცირეოდენი შემოკლებით და უკომენტაროდ გთვაზობთ.
, , თუ ვრცელი წერილი არ გამომივიდა, სათაურის შინაარსზე უფრო ქვევით მოგახსენებთ. ჯერ კი მინდა აფხაზეთში ჩემი ჩასვლის (1967წ) და იქიდან გამოსვლის (1993წ) ერთგვარი ანგარიში წარვადგინო ჩემი ხალხის წინაშე.
სოხუმში მუდმივ საცხოვრებლად მე და ჩემი მეგობარი ვალოდია ჯანხოთელი ერთად ჩავედით. რაც ტანზე გვეცვა, იმით და ხელბარგით. ჯანხოთელს ცოტა სამგზავრო ფული ჰქონდა, მე სულ არაფერი.
მივედით ჩაისა და სუბტროპიკული საკვლევ-სამეცნიერო ინსტიტუტის სოხუმის ფილიალში. ჩვენი ალალი შრომით და ინსტიტუტის ხელმძღვანელობის თანადგომით მე 5 ოთახიანი ბინა და ვალოდიამ კი საკუთარი სახლი შევიძინეთ. დავოჯახდით. ორივემ 2 ბიჭი და თითო გოგონა გავზარდეთ. ერთი სიტყვით, კარგად მოვეწყვეთ. როდესაც, სადმე თანამშრომლებთან, დღეობებზე თავს მოვიყრიდით, სიმონ ჯაფარიძე მე და ვალოდიას გვეხუმრებოდა ხოლმე, სვანეთიდან დახეული საცვლებით ჩამოხვედით და ახლა მილიონერებივით გაგხადეთო. ერთი სიტყვით, შრომით და წვალებით 1990 წლამდე თავი ისე გაგვქონდა, რომ ბედნიერი ოჯახების პატრონები ვიყავით.
არძინბას ხროვამ აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა და ჩვენი უფლებები აფხაზეთში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ერთის მხრივ, ომის დაწყებას იმედით შევხვდი - საშველი მაინც არაა-მეთქი და ორი საქმე მაინც მოგვარდება: სეპარატისტების თარეში ჩაცხრება და ჩვენი ერი ამით გაერთიანდება-მეთქი. მოლოდინმა არ გაამართლა: ერი არ გაერთიანდა და ამიტომაც, სეპარატისტებმა ომი დროებით, რამდენიმე ხნით მოიგეს. ქართველების გენოციდი ჩატარდა, რაც ყოველთვის მათი ოცნება იყო. 300 ათასი უსახლკაროდ დარჩენილი ლტოლვილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიფანტა.
ომი რომ დაიწყო, ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ, ჩემი და ვალოდიას შვილების ტოლი ბიჭები, სოხუმიდან თუ სხვა კუთხიდან სხვადასხვა მიმართულებით გააქცია, თვითონ კი სახლებისა და ქონების ყარაულებად დარჩნენ. ვითომ, ომი ჩვენ არ გვეხებოდა...
როცა შვილებს სვანეთში ან ქუთაისში წასვლა შევთავაზე, მათ მიპასუხეს: ომის დაწყებამდე რომ წაგეყვანეთ აქედან, სხვაა, ახლა კი ომი დაიწყო, ვინმემ გამოქცეული რომ გვითხრას, ამას სიკვდილი გვირჩევნიაო. ჩვენ გვარდიაში უნდა ჩავეწეროთო და სხვა ქართველებივით ვიომოთო. აბა, სახლში ველოდოთ, აფხაზი, ჩეჩენი თუ სხვა რჯულის ბოევიკები როდის მოგვადგებიანო?
მე მეტი ვერაფერი ვუთხარი. უწყება თუ მოგივათ მეც თქვენთან ერთად წამოვალ და გუმისთაზე ერთად ვიომოთ-მეთქი.
ჩვენი სახლიდან 800-1000 მეტრში პოზიცია გაიხსნა.
ასე ჩავერთე ჩემი შვილებიანად ომში.
იმ დღიდან „ყოველდღიური“ რომ შემედგინა, მრავალი ტომი იქნებოდა, მეომერი კი არა, მწერალი ვიქნებოდი. ამიტომ, ვერც მოგაწყენთ და ვერც ყველაფერს ვწერ. ორიოდე ფაქტზე გიამბობთ მხოლოდ.
15 მარტი. გამორჩეული სიწყნარეა. ყველა პოზიციაზე ვიმყოფებით. სოხუმში, ვითომდა, ომი დამთავრდაო და ის დღე პოზიციის მაგიერ ბაგრატის გორაზე, აგარაკზე გავატარე. იქიდან პროდუქტები ჩამოვიტანე, შტაბიც გამოვიარე, მწვანილები იქაც დავტოვე. ჩემი ბიჭის ასეული საღამოს გუმისთის პოზიციებზე წავიდა.
ბინაში მარტო ვიყავი, ღამის 3-ის ნახევარზე მოწინააღმდეგემ გუმისთიდან მძაფრი შეტევა დაიწყო. რუსეთის არტილერიით და ავიაციით დაგვბომბა. გუმისთის პოზიცია ცეცხლის ალში გაეხვია და ჩვენი სახლების ზევით ჭურვები მოდიოდა. ისეთი საშინელი დაბობვა იყო, მდინარე გუმისთვის ირგვლივ ყველაფერი იწვოდა.
შვილების ჯავრით ისტერიკაში ჩავვარდი, გარეთ გავვარდი და ამ ისტერიული დაბომბვის ქვეშ გუმისთისკენ გავეშურე. ჩემი სახლიდან მე-4 შენობასთან ტანკები სახლს ამოფარებული იყო. კინაღამ დამხვრიტეს. მერე გამაჩერეს, არ გამიშვეს, ბიჭებთან მაინც ვერ ჩააღწევო.
დაახლოებით, 5 საათი მათთან ვიყავი, დაბომბვა ცოტა შეწყნარდა. მაშინ პოზიციაზე ისინი გავიდნენ. ამ დროს ქვემოდან, რკინიგზის პლატფორმიდან ახალრაინოსკენ შეტევა დაიწყეს. საშინელი ცეცხლი გახსნეს. რომელ სახლთანაც ვიყავი, იმას ისეთი ჭურვები მოხვდა, აფეთქების ხმისგან გონება დავკარგე. გრძნობაზე რომ მოვედი, ნაღმის ნამსხვრევებით მკლავში მსუბუქად ვიყავი დაჭრილი. ასე დარეტიანებული, უკან შტაბისკენ წავედი. იქ მეკავშირეები ყურებჩამოყრილები იყვნენ. პოზიციებთან კავშირი არ იყო. ვინ იყო ცოცხალი, ვინ დაიღუპა, არაფერი იცოდნენ.
გათენდა. ჩვენმა არტილერიამაც აქტიურად იმუშავა, მტრის პოზიციები დაბომბა, იმათი შტურმი წელში გაწყვიტა ისე, რო სოხუმი აღებას გადარჩა. ჩვენი მხრიდან 130 გვარდიელი დაიღუპა, იმათი მხრიდან კი - 1000-მდე.
იმ 30 მებრძოლიდან, სადაც ჩემი უფროსი ბიჭი იყო, ზოგიერთებმა თურმე თავს უშველეს და გუმისთის გასწვრივ, ზევით მიმართულებით გადასვლა მოახერხეს. გამოსულები ვნახე: „შენს ბიჭსაც შეეძლო წამოსვლა, მაგრამ არ გამოგვყვა, სხვა მებრძოლებთან დარჩაო“, მითხრეს. უმცროსი ბიჭი საველე შტაბში უფროსს დაუტოვებია.
მაშველი ძალებით მტრის მეომრებისგან გუმისთის გაწმენდა დაიწყო. იმ პოზიციაზე, სადაც ჩემი უფროსი ბიჭი და 15-მდე თანამებრძოლი იყო, 50-მდე მოწინააღმდეგესთან პირისპირ აღმოჩნდნენ. ამ დროს ჩვენმა არტილერიამაც მეორე პოზიციაზე დაბომბვა დაიწყო. დამხმარე ცოცხალი ძალა იქ არ გაუშვეს. უკვე ყველა დაღუპული გვეგონა. საღამოს 5 საათი იქნებოდა, იქიდან დაჭრილი რუსლან გადრანი გამოვიდა, შემდეგ კი თავსა და ბარძაყში დაჭრილი, ჩემი ბიჭი, გოგი ავალიანი და მალხაზ ქარდავა გამოვიდნენ. იქ დაღუპულებს ვერც კი ჩამოვთვლი, ჩემი მეგობარი, ძმასავით საყვარელი პიროვნება, უნივერსიტეტის უცხო ენების კათედრის გამგე, გელა ქალდანი, მისი დისშვილები გასვიანები, ნონა მურღვლიანი, ბადურ ჯაჭვლიანი, გოგი წერედიანი, ტარიელ სტეფლიანი, ზური გურლიანი... ფრიდონ ტყემელაძემ თავი აიფეთქა და 5 მტერიც თან გაიყოლა, ბრძოლის ველზე ასე ვაჟკაცურად დაეცა. მძიმედ დაჭრილი თემურ სტეფლიანი გვიან ნახეს.
ნამეტანი როლში შევიჭერი. ბევრი გამომდის, შეიძლება ბევრისთვის საინტერესოც არ იყოს.
მაგრამ 16 მარტს მე ხომ იმხელა ნერვიული სტრესი გადავიტანე. შვილები, 100%-ით დახოცილები მეგონა. ამიტომ, გულგრილად ვერ ვყვები..
26 სექტემბერს მე და ჩემი შვილები ალყაში მესამედ მოვხვდით.
25 სექტემბერი. დღის 3 საათია. მეკავშირემ ცენტრალური შტაბიდან ზარი მიიღო: პოზიცია დატოვეთ და წამოდითო. ეს ჩემთვის მეხის გავარდნა იყო. შინ გავიქეცი, პიჯაკი ჩავიცვი, ოჯახის წევრების საბუთები და სალაროს წიგნაკები ჩავიწყვე: 20 ათას-20 ათასი ორივე ბიჭის სახელზე შეტანილი იყო, მერე ყველაფერი დავკარგე.
ჩემს სახლთან ჩემმა ბიჭებმა და მთელმა ასეულმა გამოიარეს. ქალაქის ცენტრალურ შტაბში ზღვის ნაპირით წავედით. წინ შტაბის უფროსი ვალერ კორძაია გვიძღვის. ზღვის პირზე ჯაბა იოსელიანი და გენო ადამია დაგვხვდნენ.
ამათგან მოშორებით, წითელი ხიდის მხარეს, ედუარდ შევარდნაძე დაცვის გარეშე იდგა. მას სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილი ორიოდე მამაკაცი და ქალი ელეპარაკებოდა. მისი გაფითრებული სახე შორიდან შევნიშნე. ახლოს არ მივსულვარ, ის კი გავიგე, რომ „სოხუმი არ დავთმოთო“, მოუწოდებდა. ამ დროს მის ზურგს უკან, ბევრი ჩვენი ფორმიანი ქალაქს ტოვებდა.
ჯაბა იოსელიანმა და გენო ადამიამ ჩვენი რაზმის ხელმძღვანელს, ვალერი კორძაიას უკან დაბრუნება უბრძანეს, „დამხმარე ძალებიც მალე მოვა და სოხუმი არ დავთმოთო“.
სოხუმის მთა-ფუნიკულიორი უკვე მტრის ხელში იყო. ისინი ქალაქს ბომბავდნენ. ქალაქის სამხრეთი ნაწილი დასავლეთიდან აღმოსავლეთით, თითქმის კელასურამდე, მათ ეკავათ. მხოლოდ ზღვის ნაპირი იყო დარჩენილი.
ჩემი ფიქრით, უკან დაბრუნება სასაფლაოზე შესვლას ნიშნავდა, მაგრამ ჩვენი მეთაური ამაზე დათანხმდა: უარის თქმა ვერ ვიკადრებთ... ამ დროს ვფიქრობდი: ერთი შვილი მაინც მყავდეს სამშვიდობოს გაშვებული, ბედნიერი კაცი ვიქნებოდი-მეთქი. ახლა რომ გამოვეყოთ და სამივე გავიქცეთ, რაც ვიწვალეთ, ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება მეთქი. მოღალატეების სახელით სახლში, ე.ი. სვანეთში ვერ ავიდოდით. უმცროს ბიჭს მაინც ვუთხარი, რომ წასულიყო, მაგრამ უარი თქვა: სადაც თქვენ იქნებით, მეც იქ უნდა ვიყოო. უფროსი ბიჭი, გოგი ამ დროს ჯაბას წინ გაეჭიმა. ჯაბამ ჰკითხა, რა გვარი ხარო? ავალიანიო, უპასუხა. ჯაბა გადაეხვია და დაავალა: „შენ გაუძეხი წინო“...
სიკვდილ-სიცოცხლის გზაგასაყარზე შვილებიანად დავდექი. გაქცევა თუ თავგანწირვა? შიშს თავმოყვარეობამ აჯობა. აღმოსავლეთით, წითელ ხიდთან, შევარდნაძე იდგა. მის წინ როგორ უნდა გამევლო და გავქცეულიყავი? ასეთ ღალატს ნამდვილად ვერ ვიკადრებდი. გადავწყვიტე, დასავლეთით, მებრძოლებიდან წავსულიყავით. ზოგი „იკარუსში“ შევედით, რომლითაც ქუთაისის ბატალიონის ბიჭები უკან გაუშვეს, ზოგი - ყველგანმავალ მანქანაში ავიდნენ. გზა მხოლოდ ზღვის ნაპირებისაკენ იყო დარჩენილი. „უჩხოზის“ ტერიტორიაზე, მე-12 საშუალო სკოლაში მივედით, სადაც მე-6 ბატალიონის შტაბი იყო. იქ ტყვია-იარაღით დავიტვირთეთ. ყველაზე ძიმე ყუთები ჩვენმა ბიჭებმა აიკიდეს. ასე მიპარვით, პირველ და მეორე მიკრორაიონის საზღვარზე, 14 სართულიან შენობამდე მივაღწიეთ. იქ პოზიციებზე განაწილება მოხდა.
იმ შენობის გასწვრივ, პირდაპირ შენობაში მე, ჩემი ბიჭები, დათო ბაკურაძე და 4 კაცი პოზიციას კავშირის გარეშე ვიცავდით. ამ დროს 30-მდე კბილებამდე შეიარაღებული კაცი (აფხაზებს არც შეხედულობით და არც ჩაცმულობით არ ჰგავდნენ) სამეთვალყურეო პუნქტისკენ ასაღებად მიდიოდა. ეს გოგიმ შეამჩნია. მან და დათო ბაკურაძემ ცეცხლი უკანა მხრიდან გაუხსნეს. რამდენიმე დაეცა. საპასუხო ცეცხლი ყუმბარმტყორცნებითა და ავტომატური იარაღიდანაც ძლიერი მივიღეთ. ამ დროს გოგი თავში უკვე მეორედ დაიჭრა. ჩვენს დასახმარებლად შემოსული თამაზ თოდუაც დაიჭრა. მძიმედ დაჭრილმა ზური გაბუნიამ ჩვენამდე ვერც მოაღწია.
იმ მონაკვეთიდან, დაჭრილებითურთ სასწაულებრივად გამოვაღწიეთ. ერთი სოხუმელი რუსი ებრაელიც მოგვეხმარა, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძოდა.
შემდგომ, „მუსორა სვალკაზე“ გავლის დროს, დათო ბაკურაძე მძიმედ დაიჭრა, ჩვენი სხვა შენაერთებიდან სამი გვარდიელი (ვინც დაჭრილების გამოყვანაში მოგვეხმარა) დაიღუპა, მათგან სამი მეტრის დაშორებით, „ძველი პასიოლკიდან“ ნასროლი ჭურვი დაეცა. დაჭრილი ზური ადამია და დათო გადარჩნენ. ვინც ფეხზე იდგა, ისინი დაიხოცნენ.
ასე ივაღწიეთ მე-12- საშუალო სკოლამდე. იქ, იღბალზე, „ვილისი“ მოვიდა. ვინ იყო, არ ვიცი, სახელის გაგების თავი ვის ჰქონდა, წითელი ხიდი იბომბებოდა. ასე, ვაი-ვაგლახით, აგუძერამდე მივაღწიეთ.
იქ ჩემს ბიჭს ნაპო მესხიამ ოპერაცია გაუკეთა.
27 სექტემბერს ოპერაცია 12 საათზე დაიწყო და 16 საათზე დამთავრდა. თავიდან ტყვია გამოუღეს.
შემდგომ გემით ევაკუაცია ფოთში. შემდგომ თვითმფრინავით თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მეც მკლავში მსუბუქად ვიყავი დაჭრილი. ვინაიდან, ინფექციას თავის დროზე ვერ მივხედე, აბსისამდე წავიდა. მარცხენა ხელი ლამის მოსაჭრელი გამიხდა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ნევროლოგიური და ჩირქოვანი განყოფილებების, პირველ რიგში კი, ნაპო მესხიას წყალობით, ყველანი ცოცხლები ვართ, ოღონდ, ყველანი, უმცროსი ბიჭის გარდა, მე-2 ჯგუფის ინვალიდები გავხდით.
ზოგიერთი ახლობელისა თუ თანამემამულისაგან ხშირად მესმის, სულელები ყოფილხართ, ყველანი რომ ომობდითო.
ჩვენ ომის არაფერი ვიცოდით. ჯარში ნამყოფიც არ ვიყავი, ჩემი შვილები კი 18-19 წლისანი გახლდნენ. მაგრამ გულმა ასე გვიკარნახა, სხვანაირად არ შეგვეძლო.
გულდასაწყვეტია ასეთი რამ...
მე პროფესიონალი სამხედრო არ ვარ. მე აგრონომი კაცი გახლავართ. ჩემი აზრით, ომს თავისი კანონები აქვს: ზოგჯერ გაქცევა, შენი თანამემამულეების პოზიციებზე დატოვება არა მარტო იმათი ღალატია, არამედ მთლიანად სამშობლოსი! თუ გასაქცევია, ეს ხელმძღვანელობამ, სარდლობამ უნდა შეატყოს და ყველანი უნდა
გაიქცნენ.
ისეთი მომენტიც დგება, თავის გადარჩენაც გმირობაში უნდა ჩაგეთვალოს.
ჯანმრთელობაც დავკარგეთ მე და ჩემმა შვილმა, ქონებაც, ოჯახის საბუთებიც, დიპლომიც...
მიუხედავად ამისა, ჩემი სინდისისა და ერის წინაშე თავს ბედნიერად მივიჩნევდი, მაგრამ, მაინც დავმარცხდით.
ამას იმათი თავგანწირვის გაუფასურება მოჰყვა, ვინც ამ ომს ალალად შეეწირა. არადა, როგორ შეიძლება, ერმა თუნდაც ჩემი ახლობელი ბიჭები დაივიწყოს: ვალოდია ჯანხოთელის შვილი ლაშა ჯანხოთელი, ვალოდიას ცოლის ძმა ტარიელ ონიანი და სხვა მრავალნი მამულს შეეწირნენ.
არაერთიანობის გამო გამოწვეული ეს ტრაგედია საქართველოს ისტორიაში შავ დროებად ჩაიწერა. ისტორიული გაკვეთილია. დროა, გონს მოვეგოთ, შავი და თეთრი გავაანალიზოთ. ჩვენი გადარჩენის საბოლოო მაშველი ხომ მაინც ერთობაა.
ძვირფასო თანამემამულენო! გთხოვთ, სწორად გამიგოთ, ეს წერილი არც ვინმეს ინტერესით, არც ვინმეს ხათრით არ დამიწერია. არც თანამდებობის მაძიებელი გახლავართ, არც პოლიტიკოსი (ისედაც ბევრი გვყავს), ჩემი ოჯახი არც ვინმეზე უკეთესად ცხოვრობს. პირიქით, მარტო იმათ ვჯობივარ, რომლებმაც თავიანთი საყვარელი ოჯახის წევრები დაკარგეს. ზოგმა მათი საფლავები არც კი იცის! ჩემმა გულმა კი ის ტრამვა სამჯერ გადაიტანა, რასაც შვილების, ვითომდა, სიკვდილი ჰქვია. ბოლოს ყველანი ცოცხლები კი გადავრჩით, მაგრამ... იმ ტკივილს დღემდე ვერ ვივიწყებ.”
ლაზარე (ანზორ) ავალიანი. 2000 წელი
წყარო: veqtori.ge
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#აფხაზეთი
#სოხუმი
#ომი
#პოლიტიკა
#ოკუპაცია
#sokhumidaily