კორონავირუსით გამოწვეული პრობლემები მაღალმთიან აჭარაში

0
მაღალმთიან აჭარაში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ტრანსპორტით გადაადგილება პრობლემური გახდა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ტრანსპორტის გამოყენება იზღუდება. მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ აღარ მუშაობს, ხოლო პირადი ავტომობილის გამოყენებისას საჭიროა დისტანციის დაცვა მგზავრთა შორის - მანქანით ორ მგზავრზე მეტი ვერ სარგებლობს. აღნიშნული შეზღუდვები პრობლემას უქმნის ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებს. აჭარის ამ ნაწილებში ფეხით გადაადგილება საკმაოდ რთულია, საკვებისა თუ სხვა საჭირობების დასაკმაყოფილებლად მოსახლეობას ხშირად მანქანით ან ავტობუსით მომსახურება სჭირდება. ბუნებრივია, დღეს მათ ამის საშუალება არ აქვთ. რუსუდან შავაძემ, შუახევის მერის მოადგილემ, აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მერიის ავტომობილები მზად არიან, მოსახლეობას მოემსახურონ. შავაძეს თქმით, მედიკამენტების, საკვების, ან სხვა რესურსების მისატანად მოქალაქეებს შეუძლიათ, შუახევის მერიას მიმართონ. ხულოს მერის განცხადებით, მოქალაქეებს შეუძლიათ ცხელ ხაზზე დაურეკონ მერიას და საჭიროების შემთხვევაში, მერია დაეხმარება ადგილობრივებს. ტრანსპორტთან ერთად, პრობლემურია სურსათის ფასების რეგულირებაც. სოფლის მაღაზიებში, ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით, პროდუქტებზე ფასი მატულობს. პროდუქტების ფასის რეგულაცია მუნიციპალიტეტის პრეროგატივაში არ შედის და პრობლემის მოსაგვარევლად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების რეაქციაა საჭირო.
0