ჩინური სასწაული - ეკონომიკური ზრდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი კრიზისის ფონზე

0
ზესახელმწიფოებრიობის ამბიციის მქონე ჩინეთი მსოფლიოს განცვიფრებას განაგრძობს, იმ დროს როცა სახელმწიფოთა აბსოლუტურ უმრავლესობაში 2020 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკა ორნიშნა მაჩვენებლით შემცირდა, ჩინეთი 3.2%-იან ზრდაზე გავიდა, რითაც თავის უშუალო კონკურენტ შეერთებულ შტატებს, რომელმაც თავის მხრივ ვარდნის ანტირეკორდი მოხსნა, კიდევ უფრო მიუახლოვდა. ჩინეთის აწმყო უახლოესი წარსულისგან 180 გრადუსით განსხვავდება. 80-იან წლებამდე, მაო ძედუნის მმართველობის პერიოდში, ქვეყანას მართალია გააჩნდა ბირთვული შეიარაღება, მაგრამ ასობით მილიონი ადამიანი სიღატაკისგან იტანჯებოდა. 1976 წელს, მაოს გარდაცვალების მომენტში, ჩინეთში შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე 2010 წლის მუდმივ ფასებში დათვლით $267-ს შეადგენდა, ანუ უფრო ნაკლებს ვიდრე რუანდაში, სუდანში, სიერა ლეონეში, ზიმბაბვესა და ზამბიაში. იმ დროისთვის, მსოფლიო ბანკის მონაცემებით ჩინეთზე ღარიბი მთელს პლანეტაზე ერთადერთი სახელმწიფო - მიანმარი (ბირმა) იყო. ხელისუფლების სათავეში დენ სიაო პინის მოსვლის შემდეგ, 1978 წლიდან მოყოლებული ჩინეთის ეკონომიკა მუდმივად იზრდება, მათ შორის ეკონომიკური კრიზისების ფონზეც. ბოლო 42 წელიწადში ჩინეთი ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე 16-ჯერ გავიდა, მათ შორის 7-ჯერ 12%-საც გადააჭარბა. ასეთ ზრდას არათუ მოსახლეობით #1 სახელმწიფო ნებისმიერი პატარა ქვეყანა ინატრებდა, სადაც როგორც წესი ტრანსფორმაცია და რეფორმების, მათ შორის მტკივნეული რეფორმების გატარება ბევრად უფრო ადვილია. ჩინეთი ის შემთხვევაა როდესაც გამონაკლისები წესებს ამტკიცებენ. 1978-2019 წლებში ჩინეთში მუდმივ ფასებში დაანგარიშებული შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე 2600%-ით გაიზარდა. კერძო საკუთრების დაშვების სიკეთეები მოსახლეობისთვის ხელშესახები 90-იანი წლებიდან გახდა. თუ 1990 წელს დღიურად $1.9-ზე ნაკლებს მოსახლეობის 66.2% ხარჯავდა, 2015 წელს ის 95-ჯერ 0.7%-მდე შემცირდა.
პეკინისთვის მოსახლეობის კეთილდღეობა შეიძლება მნიშვნელოვანია, მაგრამ არა უმთავრესი, მისი გაცხადებული მიზანია, რომ 2049 წელს, სოციალისტური რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავზე იყოს #1 სახელმწიფო როგორც სამხედრო ასევე ეკონომიკური სიძლიერით. 1980 წელს ჩინეთის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 1.7%-ს შეადგენდა, აშშ-ის 25.4%-ს, 1990 წელს ჩინეთის წილი 1.6%-მდე შემცირდა, აშშ-ის კი 26.4%-მდე გაიზარდა, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი აშშ-ში რეიგანისეულმა ზრდამ და საბჭოთა კავშირის დასუსტებამ ითამაშა, თორემ ჩინეთი ორნიშნა ზრდას განაგრძობდა. სურათი 2000 წლისთვის იცვლება, რა დროსაც ჩინეთის წილი 3.6%-მდე იზრდება. ამ დროისთვის რეკორდულია ჯერ კიდევ უკონკურენტოდ დარჩენილი აშშ-ის წილი და 30.5%-ს შეადგენს. 2010 წელს აშშ-ის წილი 22.6%-მდე მცირდება ჩინეთის კი 9.2%-მდე იზრდება. ბოლო 2019 წლის მონაცემებით აშშ-ის წილი 24.4%-ს შეადგენს, ხოლო ჩინეთის 16.4%-ს. ანუ თუ 30 წლის წინ აშშ-ის ეკონომიკა ჩინეთისაზე 16-ჯერ დიდი იყო, ახლა მხოლოდ 1.5-ჯერაა დიდი. 2021 წელს, როდესაც 2020 წლის სტატისტიკა გახდება ცნობილი ჩინეთის პოზიციები მკვეთრად გაუმჯობესებული აღმოჩნდება.
ჩინური სასწაულის ერთ-ერთი გამოვლინება კრიზისების მიმართ მდგრადობაა. 80-იანი წლების საბანკო კრიზისის დროს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი 4%-დან 0.4%-მდე შემცირდა. 1982 წელს შეერთებულმა შტატებმა 1.8%-იანი ვარდნა აჩვენა. 0.4%-ით შემცირდა გერმანიის მშპ-ც. მთლიანად იმდროინდელი ევროკავშირის ეკონომიკა უმნიშვნელოდ 0.5%-ით გაიზარდა, ჩინეთი კი 9%-იან ზრდაზე გავიდა. აზიის კრიზისის დროს როდესაც როგორც განვითარებული: კორეა და იაპონია, ასევე განვითარებადი ინდონეზია და ფილიპინები მინუსში გავიდნენ, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი უბრალოდ 10%-დან 7.7%-მდე შემცირდა. უკანასკნელი კრიზისის დროს 2009 წელს ჩინეთის ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა. 2020 წლის მეორე კვარტალი აშშ-ისთვის კატასტროფული აღმოჩნდა. ეკონომიკა 31.7%-ით შემცირდა. აპრილში უმუშევრობამ 14.7%-ს მიაღწია და აღნიშნულ მაჩვენებელს მხოლოდ აგვისტოში დაუბრუნდა. 20.4%-ით შემცირდა ბრიტანეთის ეკონომიკაც, კანადის 12%-ით, ევროკავშირის - 11.7%-ით, G7-ის 10.7%-ით, OECD-ის ქვეყნების 9.8%-ით, იაპონიის 7.8%-ით. დადებითი 3.2%-იანი ზრდა კი მხოლოდ ჩინეთმა აჩვენა.
ორნიშნა ზრდა ჩინეთისთვისაც წარსულს ჩაბარდა. 2011 წლიდან მოყოლებული ზრდის ტემპი ყოველ შემდგომ წელს, წინაზე უფრო ნაკლებია, გამონაკლისს 2017 წელი წარმოადგენა, 2019 წელს ზრდის ტემპმა 6.1% შეადგინა ყველაზე დაბალი 1990 წლის შემდეგ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 2020 წელს ზრდის ტემპი კიდევ უფრო დაბალი იქნება, თუმცა ეს იქნება ერთ-ერთი, შესაძლოა ერთადერთი გამონაკლისიც კი როცა ზრდა დადებითი იქნება. 8 თვის მონაცემებზე დაყრდნობით ნათლად შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი ყველაზე მასშტაბურია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შეერთებული შტატებისთვის დიდი დეპრესიის შემდეგ, მაგრამ კრიზისი არ ეხება ჩინეთს. მან უარყოფითი ზრდით მხოლოდ პირველი კვარტალი დახურა. იმ ფაქტმა რომ წლის დასაწყისში კორონავირუსი ჩინეთის საზღვრებში იყო მოქცეული უამრავი კონსპირაციული, ზოგ შემთხვევაში აბსურდამდე მიყვანილი თეორია გააჩინა, რომლის მიხედვითაც ვირუსი შეერთებულ შტატებში შეიქმნა და მისით მხოლოდ ჩინელები ავადდებოდნენ. მითმა რამდენიმე კვირა იმ დრომდე გაძლო სანამ ვირუსი ევროპაში მასიურად გავრცელდებოდა, რის შემდეგაც ძალიან მალე საპირისპირო მითი შეიქმნა, რომლის მიხედვითაც ვირუსი სპეციალურად უკვე არა შეერთებულმა შტატებმა არამედ ჩინეთმა შექმნა. საბჭოთა კავშირის დაშლა მისმა ეკონომიკურმა დასუსტებამ მნიშვნელოვნად დააჩქარა. დღეს რუსეთის ეკონომიკა უფრო ნაკლებია ვიდრე AMAZON-ის ან APPLE-ის კაპიტალიზაცია, რის გამოც სავსებით გასაგები ხდება ფაქტი თუ რატომ მიიჩნევს ტრამპი მთავარ საფრთხედ ჩინეთს და არა რუსეთს. ჩინეთის მშპ აშშ-ის მშპ-ის 67%-ს შეადგენს, რუსეთის მშპ კი მხოლოდ 8%-ს. ჩინეთი მეორეა სამხედრო ბიუჯეტით. ჩინეთს და არა რუსეთს გააჩნია GOOGLE-ის რეალური ალტენატივა Baidu-ს სახით. GOOGLE-ის წილი 77%-ს შეადგენს, Baidu-სი 14%-ს, რუსული Yandex-ის 1%-ზე ნაკლებს. GPS-ის ალტერნატივა BeiDou-ც ჩინეთმა შექმნა და არა რუსეთმა. პლასტიკურ ბარათებში ჩინურ UnionPay-ს, ამერიკული VISA-სა და MasterCard-ის შემდეგ 20%-იანი წილით მესამე ადგილი უკავია. უკვე წლებია რაც ჩინეთი #1 ექსპორტიორია, 2019 წელს მან $2.5 ტრლნ-ის ღირებულების საქონლის ექსპორტი მოხდინა, $800 მლრდ-ით მეტი ვიდრე შეერთებულმა შტატებმა. ეკონომიკური გაძლიერების ფონზე სულ უფრო იზრდება ჩინეთის ექსპანსიური პოლიტიკა. პეკინმა მოახერხა და ჩაახშო 2019 წლის ჰონგ-კონგის გამოსვლები, 2020 წელს კი „უსაფრთხოების კანონით“ ქალაქ-სახელმწიფოს ფართო ავტონომიას, რომელიც ფაქტიურად დამოუკიდებელ სუბიექტს წარმოადგენდა, თავისი ვალუტითა და საგადასახადო პოლიტიკით, პრაქტიკულად წერტილი დაუსვა. ჩინეთი ემუქრება ტაივანსაც და პირობას დებს რომ კუნძულზე, რომელსაც 1971 წლამდე გაეროში ჩინეთის კანონიერ წარმომადგენლად მიიჩნევდნენ, კონტროლს ნებისმიერ ფასად, მათ შორის სამხედრო ოპერაციითაც აღადგენს. პეკინს ტერიტორიული პრეტენზიები აღმოსავლეთ ჩინეთისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვებში მდებარე კუნძულებზეც გააჩნია. პანდემიამდე არსებულ პერიოდში ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში ჩინეთს აშშ-ისთვის 2030 წლისთვის უნდა გაესწრო. რაიმე ახალი გლობალური მოულოდნელობის გარეშე ეს თარიღი დაჩქარდება. თუმცა ეკონომიკით პირველი ადგილი ჯერ კიდევ არ ნიშნავს გავლენით 1-ელ ადგილს. შეერთებულმა შტატებმა ბრიტანეთს 1880-იან წლებში გაუსწრო, მაგრამ რეალურ ზესახელმწიფოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა. დღესაც რუსეთზე დიდი ეკონომიკა 10 სახელმწიფოს, მათ შორის კანადასა და ბრაზილიას გააჩნიათ, თუმცა სურათი განსხვავებულია პოლიტიკური გავლენების მიხედვით. რამდენად დააზარალებს პოსტპანდემიურ პერიოდში ჩინეთს საწარმოების გასვლა, სავაჭრო ომი და შესაძლო სანქციები? მათ რაღაც ტიპის გავლენა აუცილებლად ექნებათ, თუმცა მკაცრი სანქციები მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ასეთ შემთხვევაში იმავე ან საპასუხო სანქციის ძალით თავად სანქციის დამდებიც დაზარალდება. მომზადებულია გიორგი ელიზბარაშვილის მიერ. #China #global #economy #rush #USA #Russia #EU #interworld ______________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ახალიამბები
#პოლიტიკა
#ბიზნესი
#ტექნოლოგიები
0