უჩვეულო რამ ხდებოდა პარიზში 1914 წლის 7 სექტემბერს. პოლიციელები ტაქსებს აჩერებდნენ, მძღოლებისგან მოითხოვდნენ მგზავრები ჩამოესვათ და სასწრაფოდ ინვალიდების სასახლესთან მოედანზე მისულიყვნენ. მოედანზე მისულ ტაქსებში ჯარისკაცები სხდებოდნენ და ქალაქიდან 50 კილომეტრის დაშორებით ფრონტისკენ მიემართებოდნენ. საქმე ის გახლდათ, რომ 5 სექტემბერს მდინარე მარნაზე საფრანგეთის ჯარებმა ინგლისელების დახმარებით კონტრშეტევა დაიწყეს გერმანიის არმიის წინააღმდეგ. სასტიკ და სისხლისმღვრელ ბრძოლაში წარმატების მიღწევისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფრონტზე დამატებითი ძალების გადასროლას. 7 სექტემბერს პარიზში ფრონტზე გასამგზავრებლად კიდევ ერთი დივიზია ჩამოვიდა. დრო არ ითმენდა და საჭირო იყო ამ რეზერვის სასწრაფოდ ბრძოლის ველზე მიყვანა, მაგრამ იქამდე 50 კილომეტრი აშორებდათ. საჭირო გახდა გამოსავლის მოძებნა. სწორედ ამ დროს საფრანგეთის დედაქალაქის სამხედრო გუბერნატორმ, გენერალმა ჟოზეფ გალიენმა საინტერესო და მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო.რეზერვის გადაყვანა პარიზელ ტაქსისტებს დაევალათ. უკლებლივ ყველა ტაქსისტი დათქმულ ადგილზე გამოცხადდა. სულ 600-მდე ავტომობილი. თითეულმა ორ-ორი რეისი შეასრულა და ძალიან სწრაფად მოახერხა 6 ათასი ჯარისკაცის გადაყვანა. ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გერმანელთა წინსვლის შეჩერებასა და შემდგომ უკვე უკან დახევაში.
ყველაფერი კი რამდენიმე თვით ადრე დაიწყო, როდესაც 1914 წლის 28 ივლისს ქალაქ სარევოში მოკლეს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრე ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი და მისი მეუღლე გრაფინია სოფია. თავდასხმაგანახორციელა 18 წლის სერბმა სტუდენტმა, გავრილო პრინციპმა. ავსტრია-უნგრეთის საიმპერატორო კარზე ჩათვალეს, რომ ამ ტერორისტული აქტის უკან სერბეთის სახელმწიფო იდგა და 23 ივლისს ამ უკანასკნელს ულტიმატუმი წაუყენეს მოთხოვნებით, რომელთა მიღებაც ნებისმიერი სახელმწიფოს თავმოყვარე მთავრობას გაუჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, სერბეთის მხარე თითქმის ყველა მოთხოვნას დათანხმდა, გარდა ერთისა --- არ მისცა უფლება ავსტრია-უნგრეთის პოლიციას სერბეთის ტერიტორიაზე განეხორციელებინა გამოძიება და დამნაშავეთა დაკავება.
ვენაში ჩათვალეს, რომ ეს ულტიმატუმის მიუღებლობას ნიშნავდა და, მიუხედავად იმისა, რომ სერბეთს ისეთი დიდი და ძლიერი მოკავშირე ჰყავდა, როგორიც რუსეთის იმპერია იყო, 28 ივლისს სერბეთს ომი გამოუცხადეს. ავსტრია-უნგრეთი ასეთ ნაბიჯს ალბათ არ გადადგამდა, რომ არა მისი მოკავშირის, გერმანიის მხარდაჭერა და გარკვეულწილად წაქეზებაც კი.
ამ დროისთვის ევროპაში უკვე არსებიბდა ორი სამხედრო პოლიტიკური გაერთიანება "სამთა კავშირი" , რომელშიც გერმანია, ავსტრია-უნგრეთი და იტალია შედიოდნენ და "ანტანტა" რომლის წევრებიც რუსეთი, ინგლისი და საფრანგეთი იყვნენ. ამ გაერთიანებების შექმნა დიდ სახელმწიფოთა შორის არსებულმა დაპირისპირებამ (მაგ. საფრანგეთს ელზასისა და ლოთარინგიის პროვინციების დაბრუნება სურდა, რუსეთსა და ავსტრია-უნგრეთს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე უნდოდათ გავლენის მოპოვება და სხვა.) გამოიწვია. მრავალწლიანი ცხადი თუ ფარული დიპლომატიური მოალაპარაკებების შედეგად ევროპის დიდი სახელმწიფოები ამ ორ ურთიერთდაპირისპირებულ კავშირში გაერთიადნენ. მათ შორის არსებული წინააღმდეგობების მშვიდობიანად გადაჭრის შესაძლებლობა მეტად მცირე იყო, ამიტომ ყველა მეტ-ნაკლებად ომისთვის ემზადებოდა.
ყველაზე მეტად მომავალი სამხედრო დაპირისპირებისთვის გერმანიის იმპერია ემზადებოდა. ეს მზადება გამოიხატებოდა არა მხოლოდ სამხედრო მრეწველობის განვითარებაში, ჯარის გაწვრთნასა და რაოდენობის გაზრდაში, არამედ მომავალი სამხედრო მოქმედებების გეგმების დეტალურ დამუშავებაში. გერმანიის გენერალურ შტაბში კარგად ხვდებოდნენ, რომ მომავალი ომის შემთხვევაში გერმანიას ორ ფრონტზე მოუწევდა ბრძოლა. აღმოსავლეთში რუსეთთან და დასავლეთში საფრანგეთთან. ეს კი გერმანიისთვის შეიძლება დამღუპველი ყოფილიყო, რადგან ორ ფრონტზე ერთდროულ ინტენსიურ ბრძოლებს არსებული რესურსები ალბათ არ ეყოფოდა. საჭირო იყო გამოსავლის მოძებნა და გერმანელებმა ისეთი იპოვეს, როგორიც მართებულად მიაჩნდათ. ეს გახლდათ ე.წ. შლიფენის გეგმა, რომელიც ძირითადად გერმანიის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა ალფრედ შლიფენმა შეიმუშავა. გეგმის თანახმად, გერმანიის სამხედრო ძალები ომის დასაწყისში მიმართული უნდა ყოფილიყო საფრანგეთის წინააღმდეგ. ასეთი დიდი და კარგად მომზადებული ძალის შეტევას ფრანგები ვერ გაუძლებდნენ და სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან 39-ე დღეს გერმანელები პარიზს აიღებდნენ. ამას ცხადია, საფრანგეთის კაპიტულაცია და ომიდან გამოსვლა მოჰყვებოდა. ფრანგების ასეთი სწრაფი დამარცხებისთვის გერმანელებს საჭიროდ მიაჩნდათ ძირითადი შეტევის განხორციელება ბელგიის გავლით (რასაც ფრანგები არ ელოდნენ), საფრანგეთის არმიების მარცხენა ფრთის შემვლა და, ფაქტობრივად, მათი ალყაში მოქცევა. ის, რომ ამ შემთხვევაში ნეიტრალური ბელგიის დაპყრობა მოხდებოდა, გენერლებს არ ანაღვლებდათ.
ცხადია, გასათვალისწინებელი იყო საფრანგეთის მოკავშირის, რუსეთის ფაქტორი და გერმანელ გენერლებს აქაც ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ. მათ მიაჩნდათ, რომ თავსი დიდი მოუქნელი ბიუროკრატიული აპარატისა და ქვეყნის დიდი მაშტაბის გამო რუსეთი ვერ შეძლებდა ჯარების სწრაფად მობილიზებას, საჭირო პოზიციებზე თავმოყრას, შეტევის დაწყებას და თავისი მოკავშირის დახმარებას. გერმანელ გენერალთა გათვლებით, რუსეთს თვე-ნახევარი დასჭირდებოდა სრული საომარი მზადყოფნისათვის. ამასობაში გერმანია დასავლეთის ფრონტზე საფრანგეთს გაანადგურებდა და შემდეგ მთელ ძალებს უკვე რუსეთის წინააღმდეგ გადაისროდა (საინტერესოა, რომ გერმანიაში რკინიგზა სამხედრო უწყებას ექვემდებარებოდა, რადგან ჯარების გადასროლის ზუსტი გრაფიკიც კი წინასწარ იყო შედგენილი).
გერანელებს იმის იმედიც ჰქონდათ, რომ ომში ინგლისი არ ჩაერეოდა.
გერმანიის იმპერიის როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური ხელმძღვანელობა თვლიდა, რომ სახელმწიფო ომისთვის მზადაა და "დროის დაკარგვა" არ შეიძლება. ამიტომ გერმანია საკმაოდ აგრესიულად იქცეოდა და ავსტრია-უნგრეთს ომისკენ აქეზებდა.
ავსტრია-უნგრეთის მიერ სერბეთისთვის ომის გამოცხადებამ სათავე დაუდო ომს, რომლის მსგავსიც მანამდე კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა. პირველ აგვისტოს გერმანიამ ომი გამოუცხადა რუსეთს, ხოლო 3 აგვისტოს - საფრანგეთს. 4 აგვისტოს გერმანიას ომი გამოუცხადა ინგლისმა. ასე დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, რომელშიც მთლიანობაში 33 სახელმწიფო აღმოჩნდა ჩართული....
" სამხედრო მოქმედებები ომის დროს"
ბერლინში , ვენაში, პეტერბურგში, პარიზსა და ლონდონში თითქმის ყველა დარწმუნებული იყო , რომ ომი რამდენიმე თვეში დასრულდებოდა. ცხადია , ყველა მხოლოდ საკუთარ გამარჯვებაზე ფირობდა .
გერმანელებმა სამხედრო მოქმედებები "შლიფენის გეგმის" თანახმად კი დაიწყეს, მაგრამ ყველაფრის ზუსტად ისე განხორციელება, როგორც ეს ქაღალდზე იყო, რეალურად ძალიან გაჭირდა. მოულოდნელად, დიდი წინააღმდეგობის უნარი აღმოჩნდა ბელგიის არმიას მეფე ალბერტ I-ის მეთაურობით. ფრანგებიც არ აღმოჩნდნენ ისეთი სუსტები, როგორებიც გერმანელ გენერლებს ეგონათ. რუსეთმაც მათიგათვლების საპირისპიროდ იმოქმედა, არ დაელოდა ჯარების სრულ მობილიზაციას და ისე დაიწყო სამხედრო მოქედებები აღმოსავლეთის ფრონტზე, სხვათა შორის, არცთუ წარუმატებლად და გერმანიის ენერალური შტაბი იძულებული გახდა, რამდენიმე სამხედრო შენაერთი სასწრაფოდ გადაესროლა დასავლეთის ფრონტიდან აღმოსავლეთში.
ყოველივე ამისა და ასევე სხვა მიზეზთა გამო გერმანელებმა დასახულ მზანს ვერ მიაღწიეს. ფრანგების არმიებს ალყა ვერ შემოარტყეს და პარიზი ვერ აიღეს. პირიქით, ფრანგები გადავიდნენ კონტრშეტევაზე და მდინარე მარნაზე 5-12 სექტემბრის ბრძოლების შედეგად გერმანელებს უკან დაახევინეს. მართალია მანამდე, 28 აგვისტოს გერმანელებმა აღმოსავლეთის ფრონტზე რუსების დამარცხება შეძლეს, მაგრამ მათი თავდაპირველი გათვლები უკვე ჩაშლილი იყო . საფრანგეთსა და რუსეთთან ერთდროული ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. დასავლეთისა და აღმოსავლეთის ფრონტებზე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა .
სამხედრო მოქმედებების პარალელურად დიდი დიპლომატიური მოლაპარაკებებიც წარმოებდა. ყველა მხარე მოკავშირეებს ეძებდა და ომში ახალი სახელმწიფოების ჩართვას ლამობდა.
მიუხედავად იმისა, რომ იტალია გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის მოკავშირე იყო 1914 წელს ის ომში არ ჩაერთო. სამაგიეროდ, გერანიამ შეძლო და "ანტანტის"წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე ოსმალეთის იმპერია დაითანხმა. ოსმალეთისა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ბალკანეთისა და კავკასიაში ეჯახებოდა. სულთანის კარზე ჩათვალეს, რომ რუსეთის დასამარცხებლად დაკარგული პოზიციებს აღსადგენად ხელსაყრელი ვითარება შეიქმნა.
ნოემბერში სამხედრო მოქმედებები უკვე კავკასიაშიც დაიწყო. 1915 წელს ომში იტალია ჩაება, თუმცა, "ანტანტის" მხარეს. სამაგიეროდ, გერმანიამ ბულგარეთის მიმხრობა შეძლო. დასავლეთის ფრონტზე პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობდა. ასეულობით კილომეტრზე გადაჭიმული სანგრები, საფუძვლიანად გამაგრებული საცეცხლე წერტილები, ორივე მხრიდან მობილიზბული ცოცხალი ძალის უდიდესი რაოდენობა მანევრირებისა და მოულოდნელი იერიშების განხორციელების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამცირებდა.დაპირისპირებული სახელმწიფოები ფრონტის ხან ერთ, ხან მეორე ადგილზე ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტენიკის თავმოყრის საშვალებით შეტევის განხორციელებისა და მოწუნააღმდეგის თავდაცვითი ხაზების გარღვევას ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ.
აღმოსავლეთის ფრონტზე შედარებით განსხვავებული ვითარება იყო. საბრძოლო მოქმედებები შედარებით უფრო დიდ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა და მანევრირების მეტი საშვალება არსებიბდა. რუსეთის მრეწველობა, რომელიც გერმანიის, საფრანგეთისა და ინგლისის მრეწველობასთან გაცილებით სუსტიდ იყო განვითარებული, საჭირო რაოდენობის იარაღს, ტყვია-წამალსა და ჭურვებს ვერ ამზადებდა. ეს ჯარის ბრძოლისუნარიანობას ამცირებდა.
აშკარა გახდა, რომ სწრაფ და იოლ გამარჯვებას ვერც ერთი მხარე ვეღარ მიაღწევდა. ომი გახანგძლივდა . ასეთ ვითარებაში დიდი მნიშვნელობა რესურსების არსებიბას ენიჭებოდა. ფაქტობრივად, ომი "გამოფიზვაზე" დაიწყო.
შექმნილ ვითარებაში "ანტანტის" უპირატესობა ცხადი გახდა.ინგლისი და საფრანგეთი საკუთარი კოლონიების ხარჯზე მეტ-ნაკლებად ახერხებდნენ როგორც ცოცხალი ძალის (ადამიანური რესურსი), ისე მატერიალური რესურსების შევსებას. რესურსები მათ მესამე მოკავშირეს, რუსეთსაც საკმარისად გააჩნდა, მაგრამ ინგლის-ფრანგებისგან განსხვავებით, მეტად სუსტი ეკონომიკა ჰქონდა. ამას ქვეყნის მართვის არაეფექტური სისტემაც ემატებოდა. რუსეთი ამ სამეულის ყველაზე სუსტი წევრი იყო.
კოლონიები გერმანიასაც ჰქონდა, თუმცა ინგლისს და საფრანგეთთან შედარებით ნაკლები. მაგრამ ზღვებზე მსოფლიოში უძლიერესი ინგლისელთა ფლოტი ბატონობდა და ეს გერმანიას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. ავსტრია-უნგრეთი და ოსმალეთი კი ისედაც სუსტი მოკავშირეები იყვნენ და ხანგძლივი ომის შემთხვევაში მათგან სერიოზული დახმარების მიღება ნაკლებად იყო მოსალოდნელი. მთელი სიმძიმე გერმანიას აწვებიდა. 1915 წლის ბოლოს ინგლისის საზღვაო მინისტრი უინსტონ ჩერრჩილი ინიციატივით გამოვიდა, რომ ინგლისსა და საფრანგეთს ოსმალების დედქალაქის, კონსტანტინოპოლის დაკავება ეცადათ. ამ მიზნით გადაწყდა, დესანტი გადაესხათ დარდანელის სრუტეში, დაეკავებინათ პლაცდარმი, მოეხდინათ იქ ჯარების კონცენტრირება და შემდეგ შეეტიათ კონსტანტინოპოლისთვის.
თებერვალში ინგლის-საფრანგეთის გაერთიანებულმა ფლოტმა დარდანელის სრუტის თავდაცვითი სისტემების დაბომბვა დაიწყო, რასაც შემდგომ დესანტის გადსხმა მოჰყვა.
მათ წინააღმდეგ მოქმედ ოსმალეთის სამხედრო შენაერთებს გერმანელი გენერალი სანდერსი მეთაურობდა. ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სასტიკი სისხლისმღვრელი ბრძოლები, რომელიც საბოლოოდ ინგლის-საფრანგეთის მარცხით დასრულდა.
დასავლეთის ფრონტზე მოწინააღმდეგეები უშედეგოდ ცდილობდნენ ერთმანეთის თავდაცვითი პოზიციების გარღვევას. მდინარე იპრთან ბრძოლისას, გერმანელებმა ისტორიაში პირველად გამოიყენეს ქიმიური იარაღი (ქლორის გაზი) .
აღმკსავლეთის ფრონტზე უპირატესობა გერმანელთა მხარეს იყო. რუსეთის არმიები უკან იხევდნენ. შექმნილ ვითარებაში გერმანიის გენშტაბი იმედოვნებდა, რომ ინგლის-საფრანგეთთან შედარებით, უფრო ადვილად შეძლებდა რუსეთის დამარცხებას ან აიძულებდა მას, ომიდან გამოსულიყო. ამის შემდეგ კი აღმოსავლეთის ფრონტზე გამოთავისუფლებულ ძალებს მთლიანად დასავლეთის ფრონტზე გადაიყვანდა. ამიტომ გერმანელებმა კიდევ უფრო გააძლიერეს შეტევა რუსეთის წინააღმდეგ.
1916 წელს გაიმართა პირველი მსოფლიო ომის ყველაზე ცნობილი საზღვაო ბრძოლა, რომელიც ისტორიაში იუტლანდის ბრძოლის სახელით შევიდა. უპირატესობა ინგლისელთა მხარეს იყო. მრავასაათიანი ბრძოლის შემდეგ გერმანელთა ფლოტმა ბრძოლა შეწყვიტა და თავისი პორტებისკენ გაემართა. თუმცა ინგლისელებმა ვერ შეძლეს მთავარი ამოცანის შესრულება, გერმანიის ფლოტი ვერ გაანადგურეს. ამ დროისთვის უკვე აქტიურად მოქმედებდნენ გერმანული წყალქვეშა ნავები. გერმანია უკვე ე.წ. შეუზღუდავ წყალქვეშა ომს აწარმოებდა, რომელიც არა მხოლოდ "ანტანტის" სამხედრო გემების, არამედ ბრიტანეთის კუნძულებთან გამოჩენილი ნებისმიერი სავაჭრო გემის ჩაძირვასაც გულისხმობდა. ამ გზით ცდილობდნენ ინგლისის საზღვაო კომუნიკაციების გადაჭრას და კოლონიებთან მისი კავშირის შეწყვეტას.
1916 წელს დასავლეთის ფრონტზე სამხედრო ოპერაციების წარმოების ხასიათი არ შეცვლილა. თებერვალში გერმანელებმა დიდი შეტევა განახორციელეს ვერდენის მიმართულებით, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს. საპასუხოდ, საფრანგეთმა და ინგლისმა მდინარე სომასთან დიდი შეტევა წამოიწყეს. გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია, თუმცა მოწინააღმდეგის ფრონტი ვერ გაარღვია. აი იერიშის დროს მსოფლიო ისტორიაში პირველად ინგლისელებმა ტანკები გამოიყვანეს. აღმოსავლეთის ფრონტზე რუსეთმა განახორციელა პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შეტევა ავსტრია-უნგრეთის ჯარების წინააღმდეგ, ე.წ. ბრუსილოვის გარღვევა. რისეთის სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის ჯარებმა გენერალ ბრუსილოვის მეთაურობით, მოწინააღმდეგის თავდაცვითი ხაზის გარღვევა შეძლეს და ღრმად შეიჭრნენ მის ტერიტორიაზე. ავსტრია-უნგრეთი კატასტროფისგან გერმანიის დახმარებამ იხსნა. რუსეთს წარმატებები ჰქონდა კავკასიის ფრონტზეც, სადაც ქალაქები ერზრუმი და ტრაპიზონი დაიკავა.
ომის გაგრძელება თითეული სახელმწიფოსგან უზარმაზარ რესურსებს მოითხოვდა. ეკონომიკური ვითარება ყველა ქვეყანაში მძიმე იყო, მაგრამ განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში გერმანია და რუსეთი აღმოჩდნენ.
რუსეთში უკვე აშკარად იგრძნობოდა სურსათ-სანოვაგის ნაკლებობა. ფრონტზე გერმანელების წინსვლის შეჩერება ვერ ხერხდებოდა. იმპერატორისა და, საზოგადოდ, ხელისუფლების ავტორიტეტი სწრაფად ეცემოდა. სახელმწიფოში შექმნილმა პრობლემებმა 1917 წლის თებერვალში რევოლუცია გამოიწვია. იმპერატორი ნიკოლოზ II ტახტიდან გადადგა და ქვეყნის მართვა დროებით მთავრობას დაევალა. თუმცა ვერც ამ უკანასკნელმა შეძლო ვითარების გამოსწორება. სამხედრო ოპერაციები მარცხით სრულდებოდა, ეკონომიკური მდგომარეობა უარესდებოდა. გერმანელებმა დაიკავეს რიგა და უკვე დედაქალაქ პეტროგრადს (ომის დაწყებისთანავე პეტერბურგს სახელი გადაარქვა და პეტროგრადი ეწოდა) ემუქრებოდნენ. შექმნილი ვითარებით ისარგებლა პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელსაც ბოლშევიკებს უწოდებდნენ და ოქტომბერში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო. დროებითმა მთავრობამ არსებიბა შეწყვიტა და ხელისუფლებაში ლენინის მეთაურობით ბოლშევიკები მოვიდნენ. რუსეთში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა.
რუსეთში მიმდინარე პროცესები და ომიდან მისი ფაქტობრივი გამოსვლა "ანტანტის" დასუსტებას იწვევდა. თუმცა გერმანიისა და მისი მოკავშირეების მდგომარეობა მაინც მძიმე იყო. მათი გამარჯვების შანსები კიდევ უფრო შემცირდა, როდესაც 1917 წლის აპრილში ომში "ანტანტის" მხარეს აშშ ჩაერთო. დასავლეთის ფრონტზე მოწინააღმდეგეები კვლავ უშედეგოდ ცდილობდნენ გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვებას.
1918 წლის მარტში საბჭოთა რუსეთმა ქალაქ ბრესტში ზავი დადო გერმანიასა და მის მოკავშირე ოსმალეთთან და ოფიციალურადაც შეწყვიტა ომი. მიუხედავად ამისა, გერმანიისა და მისი მოკავშირეების მდგომარეობა უმძიმესი გახლდათ. გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობამ სცადა მდგომარეობა გამოესწორებინა და გაზაფხულზე დასავლეთის ფრონტზე ახალი იერიში წამოიწყო. თითქმის მთელი რეზერვების მობილიზაციისა და უზარმაზარი მსხვერპლის ფასად, შეძლეს გარკვეული ხნით წარმატების მიღწევა და პარიზსაც კი მიუახლოვდნენ 70 კილომეტრით, მაგრამ მეტის გაკეთება უკვე შეუძლებელი იყო . მალე საფრანგეთმა და ინგლისმა კონტრიერიში განახორციელეს და ყველასთვის ცხადი გახდა, გერმანია ომს ვერ მოიგებდა.
ოქტომბერ-ნოემბერში გერმანიის მოკავშირეებმა. ბულგარეთმა, ოსმალეთმა და ავსტრია-უნგრეთმა ბრძოლა შეწყვიტეს და "ანტანტის" ქვეყნებთან დროებითი ზავი დადეს. გერმანიაში დაიწყო არა მხოლოდ საპროტესტო პოლიტიკური გამოსვლები, არამედ შეიარაღებული ამბოხებებიც. ვითარება კატასტროფილი იყო. გერმანიის ხელისუფლება იძულებული გახდა, ომი შეეწყვიტა და მისმა წარმომადგენლებმა 1918 წლის 11 ნოემბერს კომპიენის ტყეში, ფრანგ მარშალ ფოშის ვაგონში ხელი მოაწერეს კაპიტულაციას. ომი დასრულდა.
პირველი მსოფლიო ომის დროს საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა და ქართველები ამ ომში როგორც იმპერიის ქვეშერდომები მონაწილეობდნენ.ფრონტზე გაწვეული იყო დაახლოებით 150-200ათასი კაცი. რუსეთის ჯარში იბრძოდა 2 -3 ათასი ქართველი ოფიცერი და 30-მდე გენერალი. ომოს მონაწილე ქართველთა შორის ყველაზე მაღალი თანამდებობა გენერალ-ლეიტენატ ილია ოდიშელიძეს ეკავა. ის ჯერ პირველი არმიის შტაბის უფროსი იყო, ხოლო შემდეგ კავკასიის არმიის სარდალი. საარმიო კორპუსს მეთაურობდა გენერალ-მაიორი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი. დივიზიებს ხელმძღვანელობდნენ გენერლები: დავით ართმელაძე, აბელ მაყაშვილი და სხვები. რუსეთის დასავლეთის ფრონტზე იბრძოდა და ვარშავასთან ბრძოლისას მძიმედ დაიჭრა გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. "ბრუსილოვის გარღვევაში" მონაწილეობდა პოლკოვნიკი ზაქარია ბაქრაძე. კავკასიის ფრონტზე სარიყამიშის ბრძოლის დროს თავი ისახელა ლეიტენატმა ქაიხოსრო ჩოლოყაშვილმა. კაპიტანმა ტარასი ვაშაკიძემ კი თავისი ასეულით დაატყვევა ოსმალთა არმიის კორპუსის სარდალი, თანმხლები ასამდე ოფიცერითა და 1300-მდე ჯარისკაცით (ამის მერე ვაშაკიძეს "შაითან კაპიტანი" შეარქვეს. ქართველთა ერთი ნაწილი თვლიდა, რომ ომში გერმანია თუ გაიმარჯვებდა, გაჩნდებოდა შესაძლებლობა, აღვედგინა საქართველოს დამოუკიდებლობა. ამიტომ ისინი მხარს გერმანიასა და მის მოკაჳშირეებს უჭერდნენ.ამ ჯგუფში, ძირითადად, ევროპაში მყოფი ქართველები შედიოდნენ.
მათ შექმნეს "ქართული ლეგიონი" ლეო კერესელიძის სარდლობით, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდა.
"ომის შედეგები"
პირველი მსოფლიო ომის დროს დაიღუპა 8 მილიონზე მეტი ადამიანი დაიჭრა 21 მილიონზე მეტი. ამ ომში პირველად გამოიყენეს ტანკები და ქიმიური მომწამვლელი გაზი. ძალიან გაიზარდა ავიაციისა და წყალქვეშა ნავების მნიშვნელობა.
დაემხო ოთხი იმპერია: რუსეთის, გერმანიის, ავსტრია-უნგრეთის, ოსმალეთის. წარმოიქმნა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ფინეთი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ჩიხოსლოვაკია, უნგრეთი. განხორციელდა მთელი რიგი ტერიტორიული ცვლილებები: საფრანგეთს დაუბრუნდა ელზასი და ლოთარინგია, იტალიას გადაეცა სამხრეთ ტიროლი, რუმინეთს ტრანსილვანი და ა.შ. 1919 წელის იანვარში პარიზში გაიხსნა სამშვიდობო კონფერენცია, რომლის მიზანიც იყო ომის შედეგად შექმნილი მდგომარეობის განხილვა, დამარცხებულ ქვეყნებთან საზავო ხელშეკრულებების გაფორმება და არსებული სხვადასხვა პრობლემის გადაწყვეტა ( მაგ. ახალწარმოქმნილი სახელმწიფოების ცნობა). ფაქტობრივად, გამარჯვებული ოთხეული: ინგლისი, საფრანგეთი, აშშ და იტალია მსოფლიოში ახალ პოლიტიკურ სისტემას ქმნიდნენ. ამავე კონფერაციაზე გადაწყდა, სამომავლოდ ახალი ომების თავიდან ასაცილებლად საერთაშორისო ორგანიზაციის -- ერთი ლიგის შექმნა, რომელიც სახელმწიფოთა შორის არსებულ პრობლემებს მშვიდობიანად გადაწყვეტდა და საქმეს ომამდე არ მიიყვანდა.