მანუგეშებს ის, რომ ამით თქვენს სიცოცხლეს დავიცავ - მეუფე მელქისედეკი
Mediamall
წარმოდგენაც კი მზარავს რა გრძნობა იქნება, როდესაც ტაძარში, ჩემ მიერ წარმოთქმულ ,,ქრისტე აღსდგა-ს“, კედლების ექო უპასუხებს, მაგრამ მანუგეშებს ის, რომ ამით თქვენს სიცოცხლეს დავიცავ - ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა განაცხადა.
„მოგეხსენებათ, სიტუაციის გართულების პირველივე დღიდანვე აქტიურად მივყვებით მედიკოსთა და სახელმწიფოს რეკომენდაციებს. გავატარეთ უამრავი ღონისძიება, იქნებოდა ეს დისტანციის დაცვა, ტაძართა გახმოვანება, ჰიგიენის გამკაცრებული ნორმები და ა.შ. უფლის მადლით აქამდე წარმატებით მოვიდა საქართველოცა და ჩვენი ეპარქიაც, ახლა კიდევ ერთხელ უნდა შევუტიოთ ვერაგ ვირუსს. მე მესმის რთულია, რომ რაღაც საკითხების გამო არ დაესწროთ ღვთისმსახურებას, მაგრამ მერწმუნეთ, ჩემთვის უფრო რთულია ხალხისაგან დაცლილ ტაძარში ღვთისმსახურების ჩატარება; წარმოდგენაც კი მზარავს რა გრძნობა იქნება, როდესაც ტაძარში, ჩემ მიერ წარმოთქმულ ,,ქრისტე აღსდგა-ს“, კედლების ექო უპასუხებს, მაგრამ მანუგეშებს ის, რომ ამით თქვენს სიცოცხლეს დავიცავ. ახლა, ამ სასტიკ ომში, იძულებულნი ვართ რაღაცა დავთმოთ, რათა ადამიანის სიცოცხლე ვიხსნათ, თქვენი სიცოცხლე ვიხსნათ, თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების!“, - წერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი.