გამოვდივარ ინიციატივით, საქართველოში მევახშეობა აიკრძალოს - მამუკა ხაზარაძე

Pirveliradio Ge

"ლელოს საქართველოსთვის" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით "მევახშეობა" აიკრძალოს. ამ თემაზე მან TV პირველის ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ ადამიანებს ბანკი და მევახშე ერთმანეთში ერევათ. "მე დავდივარ მიტინგზე, მოდიან ქალბატონები და ამბობენ, ბანკის ძალიან დიდი ვალი მაქვს, მე ვეკითხები - რომელი ბანკის? იმ 16 ბანკის, რომელმაც მსოფლიოში სახელი გაითქვა და ყველაზე დიდი ინდუსტრია შექმნა? არა და მეუბნებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ან ვიღაც კერძო პირის თემას. პირდაპირ მინდა ინიციატივით გამოვიდე, სხვადასხვა ეთერში გადის არაეთიკური სარეკლამო რგოლები და ჩვენ გვამკობენ სიტყვა მევახშით. მე მინდა, მოსახლეობას განვუმარტო სიტყვა მევახშე რას ნიშნავს, ქართული განმარტებითი ლექსიკონით, მევახშე არის კერძო პირი, რომელიც ასესხებს მეორე პირს თანხას და ამით ნახულობს სარგებელს. ამიტომ, მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ მსგავსი საქმიანობა საქართველოში, რომელიც არალეგალურია, იქნას კანონით დასჯადი". – ამბობს ხაზარაძე. ხაზარაძემ ასევე მოუწოდა ოპოზიციას, შეეშვას უცენზურო და არაეთიკურ თავდასხმებს. მისი თქმით, თუ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ ლექსიკა უნდა დაიხვეწოს და ოპოზიციამ ერთმანეთში "აზრები აჭიდაოს".