სუსი ავრცელებს იმ ქონების ჩამონათვალს, რომელიც გოგაშვილსა და მის ახლობლებს დაუყადაღეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს იმ ქონების ჩამონათვალს, რომელიც ამავე უწყების ყოფილ მაღალჩინოსანს, სოსო გოგაშვილსა და მის ახლობლებს დაუყადაღეს. პატიმრობაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უწყებები მათ ებრძვიან გოგაშვილის მიერ დანაშაულის ფაქტებზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ. სუსის ინფორმაციით, გოგაშვილის ოჯახსა და ახლობლებს დაუყადაღეს: თბილისში, კახეთის რეგიონში, ხონის მუნიციპალიტეტში, მარტყოფსა და დაბა ბაკურიანში მდებარე, ჯამში 34 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით 4 439 260 კვადრატული მეტრი, 4 საცხოვრებელი ბინა და სიღნაღში მდებარე სასტუმრო; 13 მანქანა, 3 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, 3 ერთეული მოტოტექნიკა და 15 ცეცხლსასროლი იარაღი. "ხსენებული უძრავი და მოძრავი ქონებების რეალური საბაზრო ღირებულებების დადგენის მიზნით დანიშნულია სასაქონლო ექსპერტიზა", - აღნიშნავს სუსი განცხადებაში და განმარტავს, რომ გამოძიება ანტიკორუფციულ სააგენტოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე მიმდინარეობს. სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს. დაკავებამდე მან ფეისბუკზე დაწერა, რომ ფლობდა მოქმედი ხელისუფლების მამხილებელ ინფორმაციას. დაკავების შემდეგ მან დაიწყო ამ ინფორმაციის გავრცელება და ხელისუფლების დადანაშაულება სხვადასხვა გახმაურებულ საქმეში. ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის მისი ყოფილი უფროსი, მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, აცხადებენ, რომ გოგაშვილი იტყუება.   https://www.radiotavisupleba.ge/a/32048395.html

Source: radiotavisupleba.ge