„22-ე დღეა, რაც სახლიდან მხოლოდ ორჯერ გავედი პროდუქტების საყიდლად“… – ეკა ჩხეიძის ქალიშვილი მილანშია

0
მსახიობ ეკა ჩხეიძის ქალიშვილი ინანო მუშკუდიანი, რომელიც 7 წელია იტალიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ქვეყანაში არსებულ ვითარებას ეხმიანება. ქართველ დიზაინერს „პრაიმტაიმი“ მილანში დაუკავშირდა და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა: – „2013 წელი იყო, გადავწყვიტე პროფესია შემეცვალა და დიზაინი მესწავლა. ჩემი ბიზნეს ადმინისტრირების დიპლომიც და იმჟამინდელი სამსახურიც, გვერდზე გადავდე და ინტერიერისა და ინდუსტრიული დიზაინის საბაკალავრო პროგრამაზე ჩავაბარე, რომში. არ ვიცოდი, ინტერიერი უფრო მაინტერესებდა თუ, ინდუსტრიული დიზაინი, ამიტომ, ორივე ვისწავლე და სადიპლომო ნაშრომის დაცვის შემდეგ გადავწყვიტე მილანში გადავსულიყავი საცხოვრებლად. – რატომ გადაწყვიტე მილანში ცხოვრება? – რომი უნიკალური ქალაქია, ერთადერთი და განუმეორებელი. გარდა იმისა, რომ ნებისმიერი პატარა ქუჩის უმნიშვნელო სადარბაზოს სახელურიც კი საოცრად ესთეტურია, რომს თავისი განსაკუთრებული სურნელი და აურა აქვს. ამ და ბევრი სხვა მიზეზების გამო, რომი ტურისტული ეპიცენტრია, თუმცა ამ ყველაფრის მიღმა, დიდი უმუშევრობის პრობლემა დგას. ზუსტად ტურიზმზეა დამოკიდებული ქალაქის განვითარებაც, და იქიდან გამომდინარე, რომ არქიტექტორების და დიზაინერების უმეტესი ნაწილი ჩრდილოეთ იტალიაში, ლომბარდიაში მოღვაწეობს, მეც მომიწია დავმშვიდობებოდი ჩემთვის უსაყვარლეს ადგილს და მილანში გადავსულიყავი სამუშაოდ. – როგორია ცხოვრების რიტმი? – მილანში, თუ ძალიან სწრაფი ნაბიჯით არ მიექანები ქალაქის რომელიმე მიმართულებით, ესეიგი, აქ დასასვენებლად ხარ, რამოდენიმე დღით ჩამოსული. ინდუსტრია, მოდა, არქიტექტურა, მხატვრობა, მუსიკა და საერთოდ ნებისმიერი სფერო, სათავეს აქ იღებს და მერე, გარშემო იდგამს ფესვებს. – გადაწყვიტე, მეორე პროფესია აგერჩია და დიზაინერის სპეციალობას დაუფლებოდი... – როგორც გაირკვა, ჩემთვის არასდროს, არაფერი საკმარისი არ არის, არც ორი დიპლომი, ამიტომ მილანში პროდუქტის (ინდუსტრიული) დიზაინის მაგისტრატურაზე ჩავაბარე. სწავლის პარალელურად რამოდენიმე სტუდიაში ვიმუშავე კოლაბორაციით და დიპლომის დაცვის შემდეგ, მუშაობა საკმაოდ მნიშვნელოვან კომპანიაში დავიწყე. დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა, რადგან ისეთი ბრენდებისთვის ვაკეთებდი მაღაზიების დიზაინს, როგორებიცაა როლექსი, ვაშერონ კონსტანტინი, პიზა, უბლო, დეგრიზოგონო და ა.შ. სამსახურის პარალელურად უნივერსიტეტში ვკითხულობდი ბრენდ დიზაინის და გრაფიკული დიზაინის ლექციებს. – სწორი გადაწყვეილება მიიღე? – ამ პროექტებზე მუშაობის დროს, დავრწმუნდი ზუსტად იმაში, რომ იტალიაში ჩამოსვლით, სწორი გადაწყვეტილება მივიღე და საყვარელი საქმე ვიპოვე. საყვარელი საქმე, ძალიან დიდი ბედნიერებაა ადამიანისთვის, ქრება ის უსიამოვნო გრძნობა, რომ ხვალ ორშაბათია – ამ ეტაპზე სად მუშაობ? – ზუსტად ერთი წლის წინ, 1 აპრილს, გადავწყვიტე მუშაობა „ვინჩენცო დე კოტის სტუდიაში“ გამეგრძელებინა. ვინჩენცო, იმ საკმაოდ მცირე ადამიანების ჯგუფს მიეკუთვნება, რომელთა ნიჭიც, განურჩევლად გემოვნებისა და ეროვნებისა, ყველა ქვეყანაში ფასობს. გარდა არქიტექტურისა, მისი მთავარი საქმე დიზაინის კეთებაა, რაც კიდევ უფრო მიმძაფრებს აქ მუშაობის სტიმულს. გადამუშავებული, ნაგავსაყრელზე ნაპოვნი ნივთებისგან, საოცრად დახვეწილი ავეჯის და განათებების კეთება, ვინჩენცო დე კოტისმა მაშინ დაიწყო, როდესაც ამაზე ჯერ არავინ ფიქრობდა. ძალიან საინტერესო პროცესია, ასეთი დიზაინის კეთება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცეხში, საკუთარი ხელებით მარმარილოზე და მიტოვებული ნავების ნაწილებზე, ერთდროულად მუშაობ. ექსპერიმენტების ჩატარებაში, ახალი მასალების გამოგონებაში და მათთვის ფუნქციის მინიჭებაში დრო ისე გარბის, ზოგჯერ იქიდან გაუაზრებლად ღამის პირველ და ორ საათზეც გამოვდივართ.
0