კალაძე მელიას „პარტიის უუფლებო წევრს" უწოდებს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას მისი ოფისის დაწვასთან კალაძის კავშირის შესახებ და მას სამარცხვინო უწოდა.  „საერთოდ არ ვუპასუხებდი ამ განცხადებას, რომ არა არჩევნების მეორე ტური. კიდევ ერთხელ, მინდა ხაზი გავუსვა და ჩემი პატივისცემა გამოვხატო გლდანის და გლდანელების მიმართ. განცხადებას რაც შეეხება, სამარცხვინოს ვუწოდებდი. კონკრეტული კრიმინალის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, პოლიტიკური ავანტიურისტის პირადი მოხმარების პარტიის უუფლებო წევრი, რომელიც აკეთებს ამ ტიპის და ამ შინაარსის განცხადებებს არის მხოლოდ და მხოლოდ სამარცხვინო“, - თქვა კალაძემ. მელიამ კონკრეტული პირები დაასახელა, რომელთა მეშვეობითაც, მისი თქმით, გადაწვეს მისი ოფისი. „კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი „კანონიერი ქურდი“ ნოდარ შუკაკიძე, რომელიც იმყოფება საბერძნეთის საპატიმროში და მას ყოველდღიური სატელეფონო წვდომა აქვს გლდანის დანაშაულებრივ სამყაროსთან. გარდა ამისა, მისი ძმის, სუს-თან აქტიურ კავშირზე მყოფი ლევან შუკაკიძის მეშვეობით აკონტროლებს და ძალადობს საარჩევნო პროცესში ყველაფერზე და ყველაზე“, - თქვა მელიამ. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით სხვისი ნივთის დაზიანებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება. გლდანის რაიონის მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნებში ნიკა მელიამ, როგორც მაჟორიტარმა კანდიდატმა მიიღო ხმების 44.06%; „ქართული ოცნების" მაჟორიტარმა კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა - 42.47%.  https://www.radiotavisupleba.ge/a/30953397.html #ახალი_ამბები #twitter