გაითამაშეს, თორე არავის წაუყვანია ტუალეტის გასახეხად, - მშობელი
Tbilisi Daily
ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა, სკოლაში დახურული შეხვედრის შემდეგ პოზიცია შეიცვალეს და ახლა ამბობენ, რომ მათი შვილებისთვის მერიის ტუალეტების დასუფთავება არავის დაუძალებია და მოსწავლეებმა ეს საკუთარი ნებით გააკეთეს - ვითომ წმენდდნენ, გადაუღეს სურათი, რომ სამახსოვროდ ჰქონოდათ, გაითამაშეს, თორე არავის წაუყვანია ტუალეტის გასახეხად, - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
საპირფარეშოს დასალაგებლად წაყვანილი ბავშვების მშობლებმა მედიასთან კომენტარი მაშინ გააკეთეს, როცა ისინი მერიის და სკოლის დირექციის წარმომადგენლებთან გამართულ დახურულ შეხვედრას ტოვებდნენ.
ადგილობრივი ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ მშობლებზე ზეწოლა ხდება იმისთვის, რომ გამოძიებას ჩვენებები არ მისცენ.
რომ გაიზრდებიან იტყვიან, რომ ამ ქალს უნდოდა ეს სიკეთე ჩვენთვისო - ასე გამოეხმაურა ეთერ ჯაფარიძე მომხდარს. სწორედ ჯაფარიძის ორგანიზებით წაიყვანეს სკოლის მოსწავლეები საპირფარეშოების დასალაგებლად.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩხოროწყუში მოსწავლეების მიერ მერიის შენობის დასუფთავების საკითხზე გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც უმკაცრესი რეაგირება ექნება.
"შეფასება შეიძლება იყოს მხოლოდ უმძიმესი აღშფოთება. ვერ წარმომიდგენია, ეს ადამიანები იმ შენობაში სამუშაოდ ხვალ როგორ უნდა მივიდნენ და როგორ უნდა ემსახურონ მოქალაქეებს იქ, სადაც ასეთი აღმაშფოთებელი რამ მოხდა. დარწმუნებული ვარ, გამოძიება მივა ბოლომდე და უმკაცრესი რეაგირება ექნება ამაზე გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც",- თქვა გახარიამ.
ცნობისთვის, დღეს აღნიშნული ინციდენტის გამო ჩხოროწყუს მერიის შენობის წინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქვით, იმის გამო, რომ ბავშვებს მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს პასუხისმგებლობა მერს უნდა დაეკისროს - აქციის მონაწილეები დათო გოგუას გადადგომას ითხოვენ.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები #ჩხოროწყუ