რუსეთი ისევ არ ასრულებს დეპორტირებული ქართველებისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციის საქმის აღსრულების პროცესი შეაფასა და რუსეთის ფედერაცია კვლავ მკაცრად გააკრიტიკა სტრასბურგის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ამ ინფორმაციას დღეს, 2 ოქტომბერს ავრცელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სამდღიანი სხდომა 1 ოქტომბერს დასრულდა.
სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის მიერ 2019 წლის 31 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთი ვალდებულია საქართველოს სახელმწიფოს, როგორც მოსარჩელე მხარეს, ჩაურიცხოს 10 მილიონი ევრო იმ დაზარალებულებისთვის, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ.
მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კომპენსაციის გადახდის ვადა 2019 წლის 30 აპრილს ამოიწურა და რუსეთი დღემდე არ ასრულებს ამ ვალდებულებას, რის გამოც კომიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. ამასთან, რუსეთს მოუწევს ყოველ გადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს გადახდა.
თუ რუსეთი 2020 წლის 12 ნოემბრამდე არ დათანხმდება პირდაპირ საქართველოსთვის, ან ევროპის საბჭოს შუამავლობით თანხის გადახდას, 2020 წლის დეკემბრის სხდომაზე მიღებული იქნება შუალედური რეზოლუცია, რაც ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ პროცედურების დასაწყებად პირველი ნაბიჯია.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილებები 2019 წლის 23-25 სექტემბერს, 3-5 დეკემბერსა და 2020 წლის 3-5 მარტსა და 1-3 სექტემბერს მიიღო, რითიც გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს მოუწოდა კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს დაუყოვნებლივ გადახდისკენ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, თანხა უნდა განაწილდეს 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლ, სულ მცირე1500 პირზე.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30869896.html
#ახალი_ამბები
#twitter