ირაკლი კობახიძე: "ქართული ოცნების“ წევრები მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს stopcov გადარიცხავენ

0
საქართველოს მთავრობისა და პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები, მომდევნო სამი თვის ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს ჩვენი ქვეყანა, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. „პანდემია საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე მათ კეთილდღეობას. პანდემიასთან ბრძოლა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ამ ბრძოლაში „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ პარტიას, ვითარების მართვაზე პასუხისმგებელ პოლიტიკურ ძალას, განსაკუთრებული როლი აკისრია. ჩვენი გუნდის ლიდერები და რიგითი წევრები, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, მაჟორიტარი დეპუტატები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წევრები, ჩვენი პარტიის სხვა წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ, რათა ეპიდემიამ რაც შეიძლება მცირე ზიანი მიაყენოს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. საერთაშორისო შეფასებებით აღიარებულია, რომ „ქართული ოცნების“ ერთიანმა სახელისუფლებო გუნდმა მაქსიმალურად ეფექტურად გაართვა თავი ამ ეტაპზე ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებს. მიუხედავად ამისა, პარტიაში არ წყდება დისკუსია იმის შესახებ, თუ რა დამატებითი წვლილის შეტანა შეუძლია პარტიას და მის თითოეულ წევრს ეპიდემიასთან და მის შედეგებთან ბრძოლის საქმეში. პარტიის წევრები ყოველდღიურ რეჟიმში გვთავაზობენ საკუთარ იდეებსა და კონკრეტულ ინიციატივებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ამ ვითარებაში სოლიდარობის გამოვლენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. „ამგვარი სოლიდარობის მაგალითი იყო ჩვენი პარტიისა და მისი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების მოხალისეობრივი ჩართულობა ჩვენი საზოგადოების სოციალურად დაუცველი წარმომადგენლებისთვის სოციალური დახმარების მიწოდებაში. ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, პარტიაში მიმდინარე დისკუსიისა და კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობაში, მთავრობისა და პარლამენტის თითოეულმა წევრმა, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ ჩვენი მომდევნო სამი თვის ხელფასის 1/3. მზად ვართ შევიტანოთ წვლილი ეპიდემიასთან ბრძოლის საქმეში. დარწმუნებული ვართ, ჩვენი პარტიის სხვა წევრებიც, ყველა, ვისაც მიუხედავად რთული ვითარებისა, აქვს შესაძლებლობა, დასაქმებულია კერძო თუ საჯარო სექტორში და აქვს შემოსავალი, ამ შემოსავლისა და სოციალური მდგომარეობის შესაბამისად, განახორციელებენ შენატანებს აღნიშნულ ფონდში და ამით გამოხატავენ სოლიდარობას ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ. ეპიდემიასთან და მის შედეგებთან ბრძოლაში ჩართული ადამიანების პროფესიონალიზმთან ერთად, სოლიდარობა არის მთავარი რამ, რაც საშუალებას მოგვცემს, პრობლემა დავძლიოთ მინიმალური ზიანით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
#georgiandream
#stopcovid19
#stopcov
0