კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულ ქალს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს
Tbilisi Daily
კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი თელავის კლინიკაში პნევმონიის დიაგნოზით მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ქალს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. რეგიონში ის 10 დღის წინ იყო.
ეპიდემიოლოგები კონტაქტების მოძიებას და წყაროს დადგენას ცდილობენ. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ისევ გაშლილია საველე სამედიცინო კარავი, სადაც მოქალაქეებს უფასო PCR ტესტირება და თერმოსკრინინგი უტარდებათ.
მატანის მსგავსად, სოფელ ველისციხეშიც მოაწყვეს კარავი, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა 8 სექტემბერს გამოვლინდა. იქ ადგილობრივებს ამ ეტაპზე მხოლოდ თერმოსკრინინგი უტარდებათ.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 196 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის, ერთი - კახეთში.
გუშინ, სამედიცინო ცენტრ „ციტოში“ 213 ნიმუში გაიგზავნა,რომელთაგან ვირუსი ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს დაუდასტურდა. რეგიონში, კორონავირუსი სულ 35 ადამიანს გამოუვლინდა.