შსს: გიგი უგულავას უკვე შეუძლია გადაკვეთოს საქართველოს საზღვარი
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
შს სამინისტროს განცხადების თანახმად, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პრობლემა აღარ შეექმნება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას. უწყების ცნობით, საზღვარზე პოლიტიკოსის შეჩერება იმით იყო განპირობებული, რომ არ მოხდა შს სამინისტროს ინფორმირება უგულავასთვის საპასპორტო შეზღუდვის გაუქმების თაობაზე.
„ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი უგულავას ბ.გ.- ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 2019 წლის 12 დეკემბერს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2000 ლარი, ხოლო დამატებითი ღონისძიების სახით განესაზღვრა საქართველოს მოქალაქის პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. „ფონდების“ საქმეზე, გიორგი უგულავას მიესაჯა საპატიმრო სასჯელი, ხოლო აეროპორტში მომხდარი ძალადობის საქმეზე სასამართლო განხილვის ეტაპზე, გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და დამატებითი ვალდებულება პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების თაობაზე.
პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების ვალდებულების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მიუღია, შესაბამისად, ბაზაში მონაცემები დარჩა უცვლელი. აქედან გამომდინარე, გიორგი უგულავამ ვერ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი. ამ ეტაპზე გიორგი უგულავას ბაზაში შეზღუდვა არ უფიქსირდება და მას აქვს უფლება გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი“,- აცხადებს შს სამინისტრო.
ამ განცხადების გავრცელებამდე, რადიო თავისუფლება მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა დაედგინა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას საზღვარზე შეფერხების მიზეზები. ჩვენ რამდენჯერმე უშედეგოდ დავუკავშირდით შს სამინისტროს, რომელმაც გარკვეულ ეტაპზე პროკურატურისკენ გადაგვამისამართა. პროკურატურაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ეს საკითხი მათ არ ეხებათ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ 23 იანვარს თავის ფეისბუკგვერდზე დაწერა, რომ მას საქართველოს საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს და საქართველო „პუტინის რუსეთს“ დაემსგავსა.
„შსს ეს ქვეყანა მართლა ივანიშვილის უკანა ეზოა? დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი -გაწითლებული ხარო, შეკითხვაზე, ცხადია, არ აქვთ პასუხი, რადგან არანაირი შეზღუდვა დაწესებული სასამართლოს მიერ მე არ მაქვს. ბოლოს განმიცხადეს, რომ საზღვარს ვერ გადაკვეთთო. ესე იქცევა პუტინის რუსეთი და მისი ოპრიჩნიკი პოლიცია“ - დაწერა გიგი უგულავამ.
მან საქმის შესწავლის მიზნით სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიასაც მიმართა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31065192.html
#ახალი_ამბები
#twitter