"ქართული ოცნების ხელწერაა.."

Batumi Daily

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ოფისი დააზიანეს. პარტიის წევრის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, ჩამტვრეულია მინა. მისივე თქმით, შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც აჭარის მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობდა, ოფისში კი არავინ იყო. მირდატ ქამადაძის თქმით, გამოძიება დაწყებულია, თუმცა ჯერ-ჯერობით არ აქვს ინფორმაცია იდენტიფიცირებულია თუ არა დამნაშავე. ენმ-ს წევრი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ კრიმინალებს კანონით დადგენილი წესით ებრძოლონ. ოფისების დარბევით კი ოპოზიციას ვერავინ დააშინებს. ოპოზიცია მომხდარში ''ქართული ოცნების'' ხელწერას ხედავს. ''ეს არის ''ქართული ოცნების'' ხელწერა. ეს იყო კოორდინირებული ქმედება, გუშინ ხათუნა დეკანოიძის ავტომობილი დააზიანეს, ასევე ნიკა მელიას ოფისზე მოხდა თავდასხმა. სამწუხარო ფაქტია, რომ პოლიცია ნაცვლად იმისა, რომ იცავდეს კერძო საკუთრებას და ზოგადად ადამიანის უფლებებს, ისინი 31 ოქტომბერს კრიმინალებს იცავდნენ'' - აცხადებს ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში