მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ დღეიდან პენიტენციური სისტემის ხელში გავლილ საკვებს აღარ მიიღებს - ადვოკატი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური სისტემის საკვებს აღარ მიიღებს. კლინიკა "ვივამედიდან" გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას დათანხმდა. "გამოაცხადა, რომ დღეიდან პენიტენციური სისტემის ხელში გავლილ საკვებს აღარ მიიღებს. მხოლოდ იმ საკვებს მიიღებს, რომელსაც შეუტანენ ოჯახის წევრები ან ადვოკატი. მიზეზი არის ის, რომ გუშინ ევროპარლამენტმა თავის რეზოლუციაში ჩაწერა - სააკაშვილი არის მოწამლული. მოწამლული არის სისტემაში, პენიტენციურ დაწესებულებაში, ამიტომ მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე იგი იძულებულია მიმართოს ამ ზომებს", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პალატაში ყოფნის ამსახველი კადრები გუშინ, 14 დეკემბერს, გაავრცელა. გუშინვე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო სხდომა, რომელსაც ექსპრეზიდენტი არ დასწრებია - პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოს ოფიციალური წერილით აცნობა, რომ "შესაბამისი ტექნიკური საშუალებების" არქონის გამო ვერ ჩართავდა პატიმარს დისტანციურად. სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისი სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. მორიგი სხდომა 22 დეკემბერს არის დანიშნული. სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს. "სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტის წონის კლება ამ ტემპით გაგრძელდება, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება. https://www.radiotavisupleba.ge/a/32177959.html

Source: radiotavisupleba.ge