გურჯაანის სამების ტაძარში შვიდგზის ზეთისცხება არ ჩატარდება

0
გურჯაანის სამების ტაძრის წინამძღვრის გადაწყვეტილებით, აღდგომის მარხვაში შვიდგზის ზეთისცხება არ ჩატარდება. მამა ილიას ინფორმაციით, ეკლესია და მისი მრევლი, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ შემოღებულ რეგულაციებს დაემორჩილებიან. „ჩვენ დავემორჩილებით წესებს, რაც მთავრობამ ამ ვითარებაში დააწესა. წირვა-ლოცვის დროს დავიცავთ დისტანციას, მრევლს ტაძარში დავუშვებთ შეზღუდული რაოდენობით. აღდგომის მარხვაში, შვიდგზის ზეთისცხება არ ჩატარდება. თუ სურვილი გამოითქმება, მივალთ და ზეთს სახლში ვაცხებთ. სიწმინდეებიდან ავადობა არ ხდება, მაგრამ სნეული ადამიანიდან ადამიანზე ხომ შეიძლება. ამასთან, ვერ დავუშვებ, რომ ჩემს მრევლში, სამ ადამიანზე მეტის შეკრების გამო, ვინმე დააჯარიმონ“, – განუცხადა მამა ილიამ „პრაიმტაიმს“. სამების ეკლესიაში საკვირაო წირვა-ლოცვა, ორ მეტრიანი დისტანციის დაცვით მიმდინარეობს, ეკლესიის მრევლი აღსარებას ჩააბარებს და ლოცვა-კურთხევა მიეცემა, სამადლობელი ლოცვები სახლში წაიკითხოს. მორწმუნეებს, წინამძღვრისგან, წირვაზე დასწრების გარეშე, სახლში ლოცვის კურთხევაც აქვთ მიცემული.
0