გადაკეთებული გვარები და ბოლშევიკური სოხუმი

Sokhumi Daily

1919 წლის გაზაფხულზე, როდესაც რუსეთის სამოქალაქო ომის სასწორი მოხალისეთა არმიის სასარგებლოდ გადაიხარა და მოსკოვზე შეტევამდე გენერალმა დენიკინმა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან გადაწყვიტა ანგარიშის გასწორება, სოჭის დაკარგვის შემდეგ საფრთხე პირდაპირ სოხუმის ოლქს დაემუქრა. საქართველოს ხელისუფლება თავდაცვის ყველა ხერხს განიხილავდა, მათ შორის ბოლშევიკების გამოყენებას მოხალისეთა წინააღმდეგ, თუ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე წინსვლას გააგრძელებდნენ. იუსტიციის სამინისტრომ 1919 წლის მარტში მასობრივი ამნისტია გამოაცხადა, სოხუმის ოლქში 1918 წლის ბოლშევიკური გამოსვლების მონაწილე პატიმრები ციხიდან გაათავისუფლა და ადგილობრივი სახალხო მილიციისა და აფხაზეთის კომისარიატის განსაკუთრებული რაზმის ფარული მეთვალყურეობის ქვეშ გადაიყვანა. თუმცა, მალე ქართული შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის შედეგად დენიკინის საფრთხე გაანეიტრალეს. 1919 წლის აგვისტოში, სოხუმის ბოლშევიკური არალეგალური კონფერენციის მუშაობისას, ბოლშევიკებმა მოაწყვეს რუსეთის კომუნისტური პარტიის სოხუმის საოლქო კომიტეტი, რომელსაც შემოკლებით „СОК“ (Cухумски окружнои комитет) ეძახდნენ, ამ კომიტეტმა მიზნად დაისახა არალეგალური მუშაობით და შეიარაღებული აჯანყების მომზადებით აფხაზეთის საქართველოსგან ჩამოცილება, საბჭოთა რუსეთისთვის მიერთება და მისთვის პლაცდარმის მომზადება საქართველოში დემოკრატიული წყობილების დამხობისა და ოკუპაციისათვის. სოხუმის საოლქო კომიტეტის აქტიური წევრები და ორგანიზატორები იყვნენ: სევერიან კუხალეიშვილი, ნიკოლოზ სვანიძე, ივანე ვიგრიანოვი, ჰანს ლემბერგი (ფსევდონიმით „Гегель“) და სხვები. დასახული მიზნის განსახორცილებლად ბოლშევიკებმა სოხუმის საოლქო კომიტეტთან ერთად მოაწყვეს გაგრის სამაზრო რევოლუციური კომიტეტი და სხვა წვრილი ორგანიზაციები სხვადასხვა მხარეებში. გაგრის სამაზრო რევკომს დავალებული ჰქონდა გაგრის ფრონტზე მდგარ ქართული ჯარის ნაწილებში ბოლშევიკური აგიტაცია, მათი დეზორგანიზაცია და დაშლა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, აფხაზეთის კომისარიატის განსაკუთრებული რაზმი, რომელსაც თარასხან (ილია) დიმიტრის ძე ეშბა ხელმძღვანელობდა და გაგრის სამხედრო კონტრ-დაზვერვის ზონა, სადაც მუდმივ კონტრ-დაზვერვით ოპერაციებს ატარებდა სამხედრო სამინისტროს დამზვერავი ნაწილის კონტრ-დაზვერვის განყოფილება და სახალხო გვარდიის კონტრ-დაზვერვა, კარგად იყვნენ ინფორმირებული აფხაზეთის ბოლშევიკების ქმედებების შესახებ. 1920 წლის ივნისის შუა რიცხვებიდან განსაკუთრებულმა რაზმმა სოხუმში ბოლშევიკების დაპატიმრება დაიწყო: 16 ივნისს დააპატიმრეს სოხუმის საოლქო კომიტეტის წევრი კონსტანტინე მაკაროვი, 21 ივნისს სოხუმში დააპატიმრეს საოლქო კომიტეტის წევრები - სევერიან კუხალეიშვილი, ნიკოლოზ სვანიძე, ივანე ვიგრიანოვი და ჰანს ლემბერგი. კუხალეიშვილის სახლში საბრძოლო იარაღი, დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება და ბიკფორდის ზონარები აღმოაჩინეს, რომელსაც ის საქათმეში მალავდა. მასვე აღმოაჩნდა სოხუმის სამხედრო რუკა და არალეგალური ბოლშევიკური ლიტერატურა. ამავე დროს დააპატიმრეს ისააკ ჟვანია და აფხაზეთის ახალგაზრდა კომუნისტთა ორგანიზაცია „სპარტაკის“ მეთაური, ნიკოლოზ ბოკუჩავა, რომლებიც სამურზაყანოში (დღევანდელი გალის რაიონი) იყვნენ გაგზავნილი სამუშაოდ. ამავე დროს ფოთში დააპატიმრეს ჯარისკაცი ვარლამ კილაძე, რომელიც ფოთის ბოლშევიკური იატაკქვეშა ორგანიზაციის ლიდერი იყო და კავშირი ჰქონდა გაგრის სამაზრო რევკომთან. კილაძე სპეციალური მისიით იყო შესული სამხედრო სამსახურში, რათაუკეთ ეწარმოებინა არალეგალური საქმიანობა სამხედრო ნაწილებში - იგი ფირცხალაიშვილის ყალბი საბუთებით სარგებლობდა, რომელიც ყუბანის ოლქში იყო დამზადებული. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გუდაუთის კომიტეტის მეთაურის, ვასილ აგრბას დაპატიმრება იყო. აგრბა ყოფილი მღვდელი იყო, მან 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ანაფორა ნებაყოფილობით გაიხადა და ბოლშევიკურ მოძრაობას შეუერთდა. დაპატიმრებულ აგრბას ბევრი მნიშვნელოვანი დოკუმენტი აღმოაჩნდა, მას სოლიდური მისია ჰქონდა დაკისრებული - აგრბას უნდა მოეგროვებინა მებრძოლების ძირითადი მასა, რომლებსაც აჯანყების დაწყებისას ზურგში უნდა დაერტყათ გაგრის ფრონტზე განლაგებული ქართული სამხედრო დანაყოფებისთვის. მისი საბრძოლო რაზმები გუდაუთის აფხაზური სოფლების მცხოვრებთაგან შედგებოდა, აგრბას დაპატიმრებისას ამოღებულ მასალებში ჩანდა, რომ მას მუშაობა ჰქონდა გაჩაღებული 8სასოფლო საზოგადოების ბოლშევიკურ კომიტეტებთან, რომელთაც 14 საბრძოლო რაზმი ჰყავდათ და სრული შემადგენლობა კი 560 მებრძოლს ითვლიდა. მათი ნაწილი უკვე შეიარაღებული იყო, დანარჩენ იარაღს აგრბა გაგრის კომიტეტისგან ელოდა. აგრბას აღმოუჩინეს 10 ცალ-ცალკე აღრიცხული სია, სადაც მებრძოლი რაზმების რაოდენობა და ყველა მებრძოლის სახელები და გვარები იყო აღრიცხული: ლიხნში 70 კაცი, მათ შორის 40 ვინტოვკიანი. სოფელ დურპშახში - 30 კაცი, მათგან 10 შეიარაღებული. ახტოზახში - 50 კაცი, მათგან 30 შეიარაღებული. აცახში - 30, მათგან 15 შეიარაღებული, აბგარკახში - 70, მათგან 30 შეიარაღებული. ჯირხვანის საზოგადოება - 21 მებრძოლი. კალდახვარის კომიტეტის წევრები; ჩაგუ აშხარავა,მახტი ბენია და კონჯარია იყვნენ 30 მებრძოლით. ოთხარის საბრძოლო ჯგუფის 49 წევრი. 93 მებრძოლი. ბალდაქვარის კომიტეტის წევრები 15 კაციანი რაზმით. ამავე სიაში იყო რამდენიმე სასოფლო კომიტეტის სიები; მუგუდზირხვანის, ოთხარის, ჯირხვანის, კალდახვარის, ბარმიშის და ზვანდრიშის, თითოეული კომიტეტი 3 კაცისგან შედგებოდა. ბარლუშახის კომიტეტი, რომლსაც 28 მებრძოლი ჰყავდა. კალდახვარის კომიტეტის დამატება, რომელშიც 20 გვარი იყო მონიშნული. ჯირხვანის დამატება 22 გვარით. მუგუდზირხინის დამატება 41 გვარით. სიებში რომელი გვარის გასწვრივაც დასმული იყო ციფრი - 1, ნიშნავდა შეიარაღებულს. წყარო: archive.ge #სოხუმი #ბოლშევიკები #სსრკ #აფხაზეთი #sokhumidaily