„ეს დიდებული და საპასუხისმგებლო საქმეა, რასაც კარგად ვაცნობიერებ...“
Zugdidi Daily
ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია ქვეყნისთვის სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს სოციალურ ქსელში.
თითქმის 50 წლიანი პაუზის შემდეგ, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკო დადიანის სასახლე დამთვალიერებლის მისაღებად ემზადება.
„თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პაუზის შემდედ სამეგრელოს უბრწყინვალესი თავადის ნიკო დადიანის სასახლე დამთვალიერებლის მისაღებად ემზადება! საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დაფინანსებით აღდგენილი ეს უნიკალური შენობა უკვე სრულად დატვირთულია, ჩატარებულია წარმოუდგენელი მასშტაბის სამუშაო, გადარჩენილია ქართული საერო არქიტექტურის დიდებული ძეგლი! მუზეუმის შენობაში უკვე დაიწყო შიდა საფონდო და საექსპოზიციო სამუშაოები... დღეს დადიანების საუკუნოვანი ბიბლიოთეკა დავათვალიერე, საუკეთესოდაა მომზადებული ე.წ ფრანგული ტიპის ვიტრინები სადაც შესანიშნავი ნივთები განთავსდება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანადგომით მაქვს პატივი ზუგდიდის დადიანების სასახლეში ახალი ექსპოზიციის მოწყობას და მუზეუმის განვითარების ახალი გეგმის შექმნას მე ვუხელმძღვანელო, ეს დიდებული და საპასუხისმგებლო საქმეა, რასაც კარგად ვაცნობიერებ და იმედი მაქვს ხელოვნების სასახლის და ზუგდიდის დადიანების სასახლეების თანამშრომლების თანადგომით ამ ტვირთს ადვილად ავწევ! ჩვენ ვიწყებთ!"
შეგახსენებთ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობითა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. რეაბილიტაციის დაწყებამდე ევროპული სტილის სასახლე, რომელსაც ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი აქვს, წლების განმავლობაში დანგრევის პირას იყო მისული და ბოლო პერიოდში ვიზიტორებს უსაფრთხოების მიზნით ვეღარ იღებდა.
ინფორმაციისთვის, დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმი სამეგრელოს სასახლე-კომპლექსშია მოთავსებული და ის 4 ძირითად ობიექტს მოიცავს: დედოფლის სასახლე, ნიკოსეული სასახლე, მთავრისეული ტაძარი და სასახლესთან არსებული ბოტანიკური დეკორატიული ბაღი. ნიკოსეული სასახლე XIX ს-ის 80-იან წლებშია აგებული რუსი არქიტექტორის ლეონიდ ვასილიევის მიერ. ორსართულიანი რეზიდენცია გამოარჩევს ქვის აივანი და საქართველოში ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი. მუზეუმი დაარსდა 1921 წლის აპრილში სამეგრელოს მთავრის დავით ლევანის ძე დადიანის ძველ ნივთთა საცავ –საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია–მონასტრებიდან გადმოტანილი ქართულ სიძველეთა ბაზაზე.
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
ფოტო: გიორგი კალანდია
#ისტორია
#წარსული
#დადიანები
#დადიანებისსასახლე
#პიროვნება
#მუზეუმი
#ახალიამბები
#ხელოვნება
#zugdididaily