მოტყუებული ქონება ჩამორთმეულები და ოცნების შეუსრულებელი მთავარი დაპირება

Tbilisi Daily

“სამართლიანობის აღდგენა" - 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო. 8 წლის შემდეგ მოცემულობა ასეთია - სამართლიანობის აღდგენის და ქონების დაბრუნების მოთხოვნით მოქალაქეებს აქციების გამართვა და კარვების გაშლა უწევთ. მათ შორისაა დავით ანანიძე, ე.წ ხოფის ბაზრობის ყოფილი მეპატრონეც. "პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო, სხვა პარტიიდან ვიყრიდი კენჭს და დამიჭირეს. მოგვთხოვეს ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონება დაგვეთმო. ე.წ ხოფის ბაზრობის 51 პროცენტზეა საუბარი. მიხელ სააკაშვილის მმართველობის დროს აზრი არ ჰქონდა დავას, მას შემდეგ არაერთხელ მივმართეთ შესაბამის ორგანოებს, პრემიერ მინისტრს, მაგრამ უშედეგოდ. ამიტომ ავირჩიეთ ეს გზა,"- ამბობს დავით ანანიძე, რომელიც იძულებული გახდა ყურადღებია მისაქცევად კარვები გაეშალა აჭარის მთავრობის სახლის წინ. აქციას შეუერთდნენ სავაჭრო ცენტრ "ჭოროხის" ყოფილი ხელმძღვანელებიც. მათი თქმით, ქონება დაკარგეს და დაზარალებული არიან. თორნიკე რიჟვაძე შეკრებილებთან შესახვედრად არ გამოვიდა. მათ ჯერ აჭარის მთავრობის წარმომადგენელი ზაზა შაშიკაძე შეხვდა, შემდეგ კი არჩილ ჩიქოვანი, აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი. ჩიქოვანს უშუალოდ დავით ანანიძე ესაუბრა. კიდევ ერთი დაპირება მიიღო - მას ჩიქოვანი დაჰპირდა ზეპირ და წერილობით შუამდგომლობას პროკურატურაში, რომ სწრაფად დაიწყოს საქმის გამოძიება. მიუხედავად დაპირებისა, კარვები აჭარის მთავრობის სახლთან კვლავ რჩება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ მიაყენებენ ზიანს მუნიციპალურ ქონებას, გაუფრთხილდებიან ნარგავებს და არ დაანაგვიანებენ მიდამოს, თუმცა დარჩებიან მანამ, სანამ არ დაინახავენ მათი პრობლემების მოსაგვარებლად გადადგმულ ქმედით ნაბიჯებს.