გიგი უგულავა:ოპოზიციის სახელით საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებებს გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა

Tbilisi Daily

ოპოზიციის სახელით საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებებს გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა. „გრიგოლ ვაშაძე არანაირ მოლაპარაკებას არ აწარმოებდა, ეს ინფორმაცია არის ტყუილი. შესაძლოა, მას პრივატული შეხვედრები ჰქონდა სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებთან, მე ამას არ გამოვრიცხავ მისი სტატუსიდან, თანამდებობიდან და ყოფილი პროფესიიდან გამომდინარე. ოპოზიციის სახელით საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებებს გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა. მე ვსაუბრობ ოპოზიციის საერთო სახელით, საუბრობდა თუ არა გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვინმესთან, ეს ამ პარტიის სხვა წევრებმა უნდა თქვან. გრიგოლ ვაშაძე არ საუბრობდა ოპოზიციის სახელით და ვერ ისაუბრებდა, რადგან ეს მანდატი აქამდე არ ჰქონია და ამ ინტერვიუს შემდეგ ვეჭვობ, საერთოდ ჰქონდეს“, - განაცხადა გიგი უგულავამ. მისივე თქმით, ეს ვითარება ოპოზიციის ერთობისთვის მჟავე გემოს ტოვებს, მაგრამ არ აზიანებს, რადგან ეს გრიგოლ ვაშაძის აზრია, მას არ ეთანხმება ოპოზიციის 100 პროცენტი და მისი პარტიის 99.19 პროცენტი. „პატივს ვცემ ყველანაირ განსხვავებულ აზრს. მომეჩვენა, რომ ბატონი გრიგოლი ადამიანურად არის ნაწყენი და ვთვლი, რომ ახლა არც ერთი ადამიანის გარიყვის და დამუნათების დრო არ არის. ეს პროცესი მიმდინარეობს საერთო ოპოზიციური ქოლგის ქვეშ და გადაწყვეტილებაც შესაბამისი ფორმატით მიიღება. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ იმის საფრთხეს, რომ ოპოზიციის ერთობას რაიმე თვალსაზრისით პრობლემა შეექმნას“, - აღნიშნა გიგი უგულავამ. „ჩემი განცხადების გაკეთების ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჩართულობით ჩაიშალა. ყოველდღე და თან არაერთხელ, მე პირადად ვიყავი კომუნიკატორი ოპოზიციიდან, საელჩოებთან ამ საკითხებზე. არ მაქვს ნებართვა, ეს დიპლომატიური წარმომადგენლები დავასახელო, მაგრამ მათ საქართველოზე გული, ჩვენზე არანაკლებად შესტკივათ", - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე „რუსთავი2“-თან.