გახარია და მისი მოადგილეები ჩვენებაში რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანების გაცემას უარყოფენ

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140603 სახალხო დამცველი 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების ანგარიშში წერს, რომ მაშინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია და მისი მოადგილეები ჩვენებებში რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანების გაცემას უარყოფენ. ომბუდსმენის თქმით, მინისტრი და მისი მოადგილეები აცხადებდნენ, რომ მათ ცრემლსადენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება გასცეს. ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, გამოძიების პროცესში გამოიკითხა 625 პირი, მათ შორის - აქციის მონაწილეები, ჟურნალისტები, კლინიკების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სამართალდამცავები. შს მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, სამმართველოების უფროსები, რიგითი პოლიციელები. ომბუდსმენის მიგნებით, 20 ივნისის მოვლენების გამოძიებისას არ არის დანიშნული და ჩატარებული სამინისტროს ხელმძღვანელი პირების რაციების ჩანაწერების ექსპერტიზა. ასევე, ანგარიშის კიდევ ერთი მიგნებაა, რომ არ არის მოპოვებული სამინისტროს ხელმძღვანელი პირების, მეთოფეების სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაცია. "რაციების ჩანაწერების მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრმა 20 ივნისის 23:36 წუთზე უბრძანა მის მოადგილეებსა და სხვა დაქვემდებარებულ პირებს (მათ შორის, გდდ-ს დირექტორს), რომ აქციის დაშლისას გამოყენებული არ ყოფილიყო რეზინის ტყვიები. ამის საპირისპიროდ, ტელეკომპანიების მიერ გადაღებული კადრები უთითებს, რომ რეზინის ტყვიების გასროლა მალევე, 00:00 საათის დადგომისას დაიწყო. მიუხედავად ამისა, 21 ივნისის 00:16 წუთზე გდდ-ს დირექტორმა ხელმძღვანელობას მოახსენა, რომ თოფებს არ იყენებენ. რაციის ჩანაწერების მიხედვით, რეზინის ტყვიების არგამოყენებასთან დაკავშირებით ბრძანება გამეორდა 00:36 საათზეც, რომელიც კვლავ არ შესრულებულა. 02:34 საათზე გდდ-ს დირექტორმა რეზინის ტყვიების გასასროლად დამატებითი ნებართვა ითხოვა. აღნიშნულ მოთხოვნაზე კურატორი ხელმძღვანელისგან - კახაბერ საბანაძისგან - უარი მიიღო, რომლის მიღებაც დაადასტურა. აღნიშნულის მიუხედავად, ტელეკომპანიების ჩანაწერიდან იკვეთება, რომ მალევე კვლავ გაგრძელდა რეზინის ტყვიების ხშირი სროლა"- წერია ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ჩვენებაში უთითებს, რომ 23:30 საათზე, როცა პოლიციელების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას დაემუქრა საფრთხე, მან რაციით გადასცა ინფორმაცია მოადგილეებს და მინისტრის თანხმობით მიიღო გაზის გამოყენების ბრძანება. როგორც იგი უთითებს, შეიტყო, რომ ზოგმა მეთოფემ საკუთარი ინიციატივით გამოიყენა რეზინის ჭურვები. [...] უთითებს, რომ რეზინის ჭურვების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუცია. "მისი სამართლებრივი ვალდებულება იყო, აღეკვეთა მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. ასევე, საქმეში ამ ეტაპისთვის მოპოვებული მასალებით დასტურდება, რომ მას რამდენჯერმე ჰქონდა მიღებული პირდაპირი ბრძანება, არ გამოეყენებინა რეზინის ტყვიები" - წერია ანგარიშში. ომბუდსმენის ცნობით, გამოძიების ფარგლებში გამოკითხეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეთოფეები - თანამშრომლები, რომლებიც 20-21 ივნისს ცრემლსადენი გაზის ან/და რეზინის ტყვიებს ისროდნენ მომიტინგეების დაშლის მიზნით. მათი განმარტებით, ცრემლსადენი აირის ჭურვების გასროლაზე ბრძანება მიიღეს, ხოლო არალეტალური ჭურვები გამოიყენეს მხოლოდ საკუთარი შეხედულების მიხედვით, ხელმძღვანელობის მიერ გაცემული ბრძანების გარეშე. თანამშრომლები უთითებენ, რომ არალეტალურ იარაღს იყენებდნენ სიტუაციის მიხედვით, რადგან თავიდანვე ჰქონდათ მიღებული ზოგადი ნებართვა, რომ მზად ყოფილიყვნენ ყველა სიტუაციისთვის. "გარდა ამისა, მათ მიუთითეს, რომ არალეტალური ჭურვების გამოყენების დროს მათი მეთაურებიც იქვე იყვნენ, თუმცა, მათთვის არ მიუციათ ბრძანება, შეეწყვიტათ რეზინის ტყვიების გამოყენება" - წერია ანგარიშში.
0