მსოფლიო ბანკი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის 486 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140642 მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს მიერ დღეს დამტკიცებული “საგანგებო რეაგირების საწყისი გლობალური პაკეტის” ფარგლებში ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნები ისარგებლებენ სწრაფი აღდგენის მექანიზმითა და ასევე სხვა სახის დაფინანსებით, რომლებიც სახელმწიფოებს COVID-19 (კორონავირუსის) პანდემიით გამოწვეული შედეგების შემსუბუქებასა და მათზე რეაგირებაში დაეხმარებათ. COVID-19-ით გამოწვეულ შედეგებზე სწრაფი რეაგირებისთვის მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსების პირველი ნაწილიდან, ოცდახუთი ქვეყანა მთლიანობაში, დაახლოვებით 2 მლრდ. აშშ დოლარს მიიღებს. ამ ქვეყნებს შორისაა ევროპისა და ცენტრალური აზიის ორი ქვეყანა, კერძოდ, ტაჯიკეთი და ყირგიზეთის რესპუბლიკა, რომლებიც შესაბამისად 11.3 მლნ. და 12.15 მლნ. აშშ დოლარს მიიღებენ. ამასთან ერთად, რეგიონის რამდენიმე ქვეყანა იღებს მსოფლიო ბანკის დახმარებას დაფინანსების სხვადასხვა საშუალებების მეშვეობით, ადრეული გაცემის ან არსებული პროექტების და სესხების რესტრუქტურიზაციის ჩათვლით. ყირგიზეთის რესპუბლიკაში 9 მლნ. აშშ დოლარის გადანაწილება განხორციელდა ყირგიზეთის მდგრადობის ამაღლების პროექტის საშუალებით, სრულად აღჭურვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების 15 მანქანის, მობილური ტექნიკისა და პირადი დაცვის აღჭურვილობის შესაძენად. კატასტროფების სპეციალური საკრედიტო ხაზიდან (CAT-DDO) რუმინეთისთვის გამოყოფილ იქნა 400 მლნ. ევრო (დაახლოებით 441 მლნ. აშშ დოლარი). ყაზახეთმა განახორციელა სოციალური ჯანდაცვის დაზღვევის პროექტის ნაწილის რესტრუქტურიზაცია 10 მლნ. აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად კრიტიკული მნიშვნელობის სამედიცინო აპარატურისთვის. სომხეთი იყენებს 3 მლნ. აშშ დოლარს ინტენსიური თერაპიისა და პირადი დაცვის აღჭურვილობის შესაძენად წინა ხაზზე მომუშავე ჯანდაცვის მუშაკებისთვის. „ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები, ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიო, ჯანდაცვის კუთხით საგანგებო ვითარების წინაშე დგანან, რასაც თან სოციალური და ეკონომიკური სირთულეები ახლავს, რომლის მსგავსიც ახლო წარსულში არ გვახსენდება. მსოფლიო ბანკი მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტითა და ფინანსებით ეხმარება ქვეყნებს, შეამსუბუქონ პანდემიის ზეგავლენა ადამიანების ცხოვრებაზე, “-განაცხადა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე – პრეზიდენტმა სირილ მიულერმა. ამჟამად, ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის ათზე მეტი ქვეყანა მსოფლიო ბანკთან განიხილავს პროექტებს COVID-19 -ის პანდემიის ზემოქმედების შერბილებისა და მასზე რეაგირების მიზნით. „ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რეგიონის ქვეყნების მთავრობებთან სიცოცხლის დანაკარგების მინიმუმამდე დასაყვანად, ჯანდაცვის სისტემების გასაძლიერებლად და ეკონომიკაზე ზემოქმედების შესარბილებლად. დაფინანსების ეს პირველი ნაწილი დღეს წარმოადგენს დაუყოვნებლივ ღონისძიებას ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, ხოლო ხვალ ის მიმართული იქნება სამუშაო ადგილების და საარსებო საშუალებების დასაცავად მომდევნო ფაზების მეშვეობით“ – აღნიშნა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის მომავალმა ვიცე- პრეზიდენტმა ანა ბიერდემ. დღეისათვის COVID-19 -ის წინააღმდეგ მიმართული მსოფლიო ბანკის რეაგირების ღონისძიებები ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის შემდეგ ქვეყნებში ხორციელდება: ტაჯიკეთი – სწრაფი რეაგირების ფარგლებში მიღებული დაფინანსება 11.3 მლნ. აშშ დოლარის მოცულობით ხელს შეუწყობს ინტენსიური თერაპიის შესაძლებლობების გაფართოებას აღჭურვილობის, მარაგების და ტრენინგის თვალსაზრისით. ასევე, მიმართული იქნება საზოგადოებასთან კოორდინაციისა და კომუნიკაციის გასაძლიერებლად. ყველაზე მოწყვლადი ოჯახები ასევე დაცულები იქნებიან დროებითი სოციალური დახმარების საშუალებით. ყირგიზეთის რესპუბლიკა – სწრაფი რეაგირების მიზნით გამოყოფილი 12.15 მლნ. აშშ დოლარი ხელს შეუწყობს ჯანდაცვის მიმართულებით არსებული საჭიროებების დაკმაყოფილებას – სამედიცინო ტექნიკის, პირადი დაცვის აღჭურვილობის და ტესტების შეძენას და ინტენსიური თერაპიის განყოფილებების მოწყობას. ამასთან ერთად, 9 მლნ. აშშ დოლარის გადანაწილება ხდება ყირგიზეთის მდგრადობის ამაღლების მიმდინარე პროექტის საშუალებით სრულად აღჭურვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების 15 მანქანის, სწრაფი რეაგირების ჯგუფების მობილური ტექნიკის და პირადი დაცვის აღჭურვილობის შესაძენად წინა ხაზზე მომუშავე ჯანდაცვის მუშაკებისთვის. რუმინეთი – 400 მლნ. ევროს გამოყოფა (დაახლოებით 441 მლნ. აშშ დოლარი) ქვეყანას დაეხმარება პირველადი ჯანდაცვის გაფართოებაში, განსაკუთრებით მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილისთვის, და აამაღლებს ჯანდაცვის სფეროში ხარჯვის ეფექტიანობას. ყაზახეთი – 10 მლნ. აშშ დოლარის საშუალებით შესაძლებელი გახდა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის (APV) 236 აპარატის შეძენა, რომლებიც აუცილებელია COVID-19 -ის დადასტურებული დიაგნოზის მქონე პაციენტების მზარდი რაოდენობის სამკურნალოდ ყაზახეთის რეგიონებში. ასევე იგეგმება დამატებითი დაფინანსების გამოყოფა კიდევ 123 ასეთი აპარატის შესაძენად. სომხეთი – 3 მლნ. აშშ დოლარით ფინანსდება ინტენსიური თერაპიის და პირადი დაცვის აღჭურვილობის შეძენა წინა ხაზზე მომუშავე ჯანდაცვის მუშაკების დასახმარებლად მწვავე რესპირატორული ინფექციების მართვაში COVID-19 -ის დადასტურებული დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობისას.
0