http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140648
ყველა ვხედავდით, რომ რეზინის ტყვიების გამოყენება არ იყო მიზანდასახული - ასე უპასუხა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების კითხვას 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით. მისი თქმით, 20 ივნისის ღამეს ყველასთვის თვალსაჩინო იყო, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციელებზე მიმდინარეობდა მიზნობრივი, მიზანდასახული შტურმი.
ცქიტიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ20 ივნისის ღამეს რეზინის ტყვიების გამოყენების გადაწყვეტილება სპეცრაზმელებმა ინდივიდუალურად მიიღეს და რომ ეს არ ყოფილა შინაგან საქმეთა მინისტრის, მისი მოადგილის ან განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს დავალება.
"ყველასთვის თვალსაჩინო იყო, რომ პოლიციელებზე მიმდინარეობდა მიზანდასახული შტურმი. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავდით, როგორ იტაცებდნენ პოლიციელებს დაცვის ზოლიდან, როგორ ართმევდნენ მათი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს. ძალიან ბუნებრივი იყო ის რეაგირება, რომელიც აღნიშნული პოლიციელების მხრიდან განხორციელდა. რა თქმა უნდა, სამწუხარო იყო, რომ ამ რეაგირებას ცალკეულ შემთხვევებში ტრაგიკული გამოვლინებები მოყვა, რომელსაც მოქალაქეების ჯანმრთელობის დაზიანება ჰქვია, მაგრამ ყველანი ვხედავდით, რომ რეზინის ტყვიების გამოყენება არ ატარებდა მიზანდასახულ ხასიათს. ეს არ იყო მინისტრის ან მისი მოადგილის, ან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება, ეს იყო იმ პოლიციელების გადაწყვეტილება, რომლებზეც მიმდინარეობდა შტურმი, რომელთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა აღმოჩნდა რისკის წინაშე", - თქვა მაია ცქიტიშვილმა.