ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანაში არ გვქონდეს პირბადეების დეფიციტი - ნათია თურნავა

0
„მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შემდეგი კვირიდან ადგილობრივი წარმოების პირბადეები, სააფთიაქო ქსელებში გამოჩნდეს ჩვეულებრივ გაყიდვაში. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის სახელმწიფო, მე ვიტყოდი, სახალხო პროექტი, პირბადეების ფასი იქნება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება რაოდენობას, პირველ ეტაპზე, შეიძლება სრულად ვერ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნები, რადგან დამოკიდებული ვართ ნედლეულის მოწოდებაზე, რაც არ არის მარტივი საქმე, თუმცა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ გვქონდეს ქვეყანაში პირბადეების დეფიციტი, მითუმეტეს, რომ საქართველოში იკერება პირბადეები არამხოლოდ ჩვენი პროგრამის ფარგლებში“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე რამდენი მსხვილი და წვრილი სამკერვალო კომპანიაა ჩართული პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამაში, რომელიც დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო. „ამ ეტაპზე, როდესაც ჩვენ მეტ-ნაკლებად სტაბილურად ავაწყვეთ ნედლეულის მოწოდება, რაც არ არის მარტივი, რადგან დოლბანდი, რომელსაც ვიყენებთ, არ იწარმოება საქართველოში, ეს არის შემოსატანი ნედლეული და ქვეყნებს ამასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები დაწესებული. თუმცა, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის დახმარებით უკვე უზრუნველყოფილია ნედლეულის მეტ-ნაკლებად სტაბილური მიწოდება“ - აღნიშნა ნათია თურნავამ. როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, პირბადეების გარდა, სახელმწიფოს თანადგომით საქართველოში ასევე იწარმოება სხვადასხვა დანიშნულების სამედიცინო, დამხმარე საშუალებებიც „დღეს ვგეგმავ ვიზიტს ერთ-ერთ ქართულ საწარმოში, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით აფართოებს სამედიცინო ხალათებისა და დამცავი სკაფანდრების კერვას, რა მისაბაძი მაგალითია და ყველა ასეთ წარმოებას დავეხმარებით“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
0