საფრანგეთის პრეზიდენტი ლიბანს ეწვია - ქვეყანაში საპროტესტო მუხტი გრძელდება

Interworld

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ორშაბათს, 31 აგვისტოს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჩავიდა. ეს არის მისი რიგით მეორე ვიზიტი 4 აგვისტოს მომხდარი უმძლავრესი აფეთქების შემდეგ. 1 სექტემბერს, ლიბანის 100 წლის იუბილე აღინიშნა. პირველი მსოფლიო ომის დასრულებისა და ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, 1920 წელს, ლიბანი ცალკეულ პოლიტიკურ სუბიექტად გამოცხადდა და ერთა ლიგის მანდატის ფარგლებში მაშინვე საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ „დიდი ლიბანის სახელმწიფოს“ სახელით შევიდა, ხოლო 23 წლის შემდეგ 1943 წელს, ქვეყანამ სრული დამოუკიდებლობა მიიღო ლიბანის რესპუბლიკა ჩამოყალიბდა. ამ ახლო აღმოსავლურ სახელმწიფოში ჩაფრენამდე მაკრონმა არ დამალა, რომ მისი ვიზიტის მიზანი არა იმდენად ისტორიული თარიღის აღნიშვნა, არამედ ადგილობრივ პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებების წარმოება და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის შესაძლებლობის ძიება წარმოადგენს. ჩამოყალიბდა მისი მოგზაურობის ძირითადი მიზანიც - „ზეწოლა ჩარევის გარეშე“. „განადგურებული შვეიცარია“ მრავალრიცხოვანი, მაგრამ არაორგანიზებული ლიბანური ოპოზიცია, რომელიც არსებული პოლიტიკური კლასის სრულ შეცვლას ითხოვს, უკმაყოფილოა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუსტაფა ადიბის დანიშვნით. ლიბანი, რომელსაც წარსულში „ახლო აღმოსავლეთის შვეიცარიას“ უწოდებდნენ, უმძიმეს ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისს განიცდის. 6 მლნ-იანი მოსახლეობიდან თითქმის ნახევარი სიღარიბეში ცხოვრობს. 2019 წლის 17 ოქტომბრიდან, ქვეყანაში პერმანენტული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ლიბანურმა ფუნტი ბოლო 1 წლის მანძილზე 5-ჯერ გაუფასურდა. მაკრონის ამოცანა ჟურნალისტებთან საუბრისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა მისთვის სასურველი რეფორმების შინაარსი არ დააკონკრეტა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიბანი პოლიტიკური ცვლილებების გარეშე აუცილებელ საგარეო დახმარებას ვერ მიიღებს. მაკრონმა ვიზიტი სიმბოლური ჟესტით დაიწყო - მოინახულა 85 წლის მომღერალი ფეირუზი, რომელიც ყველა ლიბანელის სიმპათიით სარგებლობს. შემდეგ გაემართა ბეირუთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ტყეში, სადაც ლიბანური კედარი დარგო და ბოლოს, აფეთქების შედეგად განადგურებული პორტი მოინახულა, სადაც ფრანგული საზღვაო ხომალდიდან ჰუმანიტარული დახმარების გადმოტვირთვა მიმდინარეობდა. ასევე ესაუბრა ადგილზე დისლოცირებულ ფრანგ ჯარისკაცებს, რომლებიც ლიბანის არმიას ეხმარებიან, აფეთქების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციაში. ფრანგი ლიდერის დღისწესრიგით 11 ადგილობრივ პოლიტიკოსთან, მათ შორის ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ წარმომადგენლებთან დაიგეგმა შეხვედრა. სამშაბათს, 1 სექტემბერს დასრულებული შეხვედრების შემდეგ, მაკრონმა ლიბანის პოლიტიკურ ელიტას 2 სახის არჩევანი შესთავაზა: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება და ავტომატურ რეჟიმში საგარეო დახმარების მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ იგივე (ძველი) გზა გაგრძელდება, „მხარდაჭერის ფანჯარა“ საბოლოოდ დაიხურება და ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შესაძლოა პირდაპირი, მიზნობრივი სანქციები დაუწესდეს. აქვე მან პირობა დადო, რომ იმ შემთხვევაში თუ რეფორმების განხორციელება დაიწყება, ოქტომბრის ბოლოს, კრიზისში მყოფი სახელმწიფოსთვის „დახმარების კონფერენციას“ ჩაატარებს. მაკრონის განცხადებით, ადგილობრივმა პოლიტიკოსებმა მასთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ 15 დღის მანძილზე ახალი მთავრობის ფორმირება მოხდება, რაც იქნება უპრეცედენტო მოვლენა, იქიდან გამომდინარე, რომ ლიბანში ხელისუფლების ჩამოყალიბებას როგორც წესი თვეები სჭირდება ხოლმე, არსებული სექტარიანული მართვიდან გამომდინარე. მთავრობის ფორმირების შემდეგ, ადგილობრივმა ელიტამ 3 თვის ვადაში უნდა განახორციელოს ენერგეტიკული და ფინანსური სექტორის რეფორმირება და კიდევ 1 წლის ვადაში ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები. დეკემბრის ბოლოს კი, მაკრონი კვლავ გეგმავს ლიბანში ჩასვლას და ადგილზე გაეცნობა მიმდინარე ცვლილებებს. დამატებით, ფრანგმა ლიდერმა არ გამორიცხა სანქციების დაწესების შესაძლებლობა ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, მაგრამ მანამდე ოფიციალურმა პარიზმა დეტალურად უნდა შეისწავლოს ისეთი სახის დანაშაულების არსებობა, როგორებიც მაგალითად კორუფცია ან ტერორიზმია. სასანქციო პოლიტიკა შესაძლოა გავრცელდეს პრეზიდენტ მიშელ აუნის სიძის, გებრალ ბასილის წინააღმდეგ, რომელიც საპარლამენტო მანდატების წილის მიხედვით, ქვეყნის უდიდეს პარტიას უდგას სათავეში. ჯერჯერობით, ყველა პოლიტიკურმა ძალამ (მათ შორის „ჰეზბოლამ“ და აუნის პარტიამ) გამოხატა მზადყოფნა ფრანგული ინიციატივის მიმართ. ადგილობრივი პოლიტიკოსების მხრიდან ასევე გაჟღერდა ინიციატივა სეკულარულ სახელმწიფო სისტემაზე გადასვლის თაობაზე, რომელიც დაასრულებს ე.წ. სექტარიანულ სახელისუფლებლო შტოებს. მაკრონი პრო-ირანული „ჰეზბოლას“ ინტერესებსაც ითვალისწინებს. პრო-ირანული შეიარაღებული ჯგუფი და პოლიტიკური პარტია დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის მხრიდან ტერორისტული ორგანიზაციების სიაში არის მოქცეული, მაგრამ საფრანგეთი ინარჩუნებს ურთიერთობებს მის ე.წ. პოლიტიკურ ფრთასთან. ლიბანში ემანუელ მაკრონის ვიზიტის პარალელურად, სამშაბათს, 1 სექტემბერს, საპროტესტო აქციები განახლდა და მომიტინგეებმა ბეირუთში მდებარე პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს. საპასუხოდ, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა, დემონსტრანტთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და სპეცტექნიკა გამოიყენეს. მომიტინგეები „ახალი ლიბანის“ ფორმირების მოთხოვნით გამოვიდნენ და საფრანგეთის პრეზიდენტს მოუწოდეს არ ითანამშრომლოს ადგილობრივ კრიმინალურ ხელისუფლებასთან. აქციის მონაწილეებმა 3 ძირითადი მოთხოვნა წამოაყენეს: სეკულარული სახელმწიფო (სექტარიანული მიდგომის დასრულება), სამოქალაქო ქორწინების არსებობა და პროდუქტიული ეკონომიკის შექმნა. ლიბანის რესპუბლიკის შექმნის შემდეგ, ქვეყანამ ე.წ. სექტარიანული მართვის მოდელი აირჩია 18 სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის მქონე სამშობლოში, როგორც ტოლერანტობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ნიმუში. სექტარიანული მიდგომა თავდაპირველად სტაბილურობის გარანტად მიიჩნეოდა, მაგრამ ახლა მრავალი რიგითი ლიბანელის მხრიდან ეს მხოლოდ და მხოლოდ უარყოფით კონტექსტში მოიხსენიება. დღესდღეობით, „ჰეზბოლა“ და მისი მოკავშირეები, პრეზიდენტ მიშელ აუნის მეთაურობით, დომინირებენ შიდა პოლიტიკაში და პარლამენტის უმრავლესობას აკონტროლებენ. ზემოხსენებული პრო-ირანული ორგანიზაციის თაობაზე ლიბანელთა აზრი იყოფა. იმის მიუხედავად, რომ შიიტი მუსლიმები მას აქტიურად უჭერენ მხარს, ზოგიერთი სხვა აღმსარებლობის ადამიანიც თანაუგრძნობს მათ, ისრაელის საწინააღმდეგო პოზიციების გამო. სხვები სულ უფრო მეტად მიიჩნევენ „ჰეზბოლას“, როგორც ირანის მძლავრ ბერკეტს ლიბანის ტერიტორიაზე. 1990 წელს დასრულებული სამოქალაქო ომის შემდეგ, „ჰეზბოლა“ იყო ერთადერთი ჯგუფი, რომელმაც შეიარაღება შეინარჩუნა, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ლიბანის სამხრეთ ნაწილში, ისრაელის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ იბრძოდნენ. დღესდღეობით არაერთი სამოქალაქო ომის დროინდელი სამხედრო პირი ხელმძღვანელობს კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს, იკავებს თანამდებობებს და აკონტროლებს ადგილობრივ, მძლავრ ბიზნეს-ინტერესებს. სამინისტროებსა და საჯარო დაწესებულებებში ინიშნებიან მხოლოდ კონკრეტულ ძალასთან აფილირებული და ლოიალურად განწყობილი პერსონები. ადგილობრივი საზოგადოება უკმაყოფილოა იმითაც, რომ რელიგიური პერსონები აქტიურად ერევიან პოლიტიკაში და აფერხებენ ქვეყნის განვითარებას, შესაბამისად მოქალაქეები ითხოვენ სეკულარული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. ზემოხსენებულ საკითხზე საუბარი უკვე დაიწყო პრეზიდენტმა მიშელ აუნმა და პარლამენტის თავმჯდომარე ნაბიჰ ბერიმაც, რომელთა მოსაზრებით, საჭიროა არსებული პოლიტიკური სისტემის ცვლილება. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Lebanon #France #Macron #visit #Beirut #crisis #Hezbollah #interworld ______________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com #ახალიამბები #პოლიტიკა