მაიკლ რუბინი: შესაძლოა, პომპეომ საქართველოს გარკვეული გარანტიები მისცა
Tbilisi Daily
ამერიკელი ექსპერტი ახლო აღმოსავლეთისა და თურქეთის საკითხებში, პენტაგონის ყოფილი თანამშრომელი მაიკლ რუბინი საუბრობს საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის შესახებ.
როგორც მაიკლ რუბინი "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან აცხადებს, ბაიდენის ადმინისტრაცია მეტ ყურადღებას დაუთმობს სამხრეთ კავკასიის რეგიონს, ვიდრე ეს ობამასა და ტრამპის პრეზიდენტობისას იყო.
ის ფიქრობს, რომ შესაძლოა, პომპეომ საქართველოს გარკვეული გარანტიები მისცა.
“მე არ ვიცი, რაზე ისაუბრა სახელმწიფო მდივანმა საქართველოში, თუმცა ფაქტია, საქართველო ერთადერთი დემოკრატია, რომელიც მნიშვნელოვანი დასაყრდენია ამერიკისთვის. აშშ წლებია, მხარს უჭერს საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას, ეს პოზიცია ამერიკის ყველა პრეზიდენტს აქვს დაფიქსირებული – ბუშს, ობამას, ტრამპსა და ჯო ბაიდენს. ასე, რომ შესაძლოა, მაიკ პომპეომ საქართველოს გარკვეული გარანტიები მისცა, რათა მოხდეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გაგრძელება.
რუსეთი წლებია, თავისი ქმედებით ამბობს და აფრთხილებს მეზობელ ქვეყნებს – თუ თქვენ გექნებათ დემოკრატია, დაკარგავთ ქვეყნის ტერიტორიებს, თუ პრორუსული იქნებით – დაიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს. ეს მოცემულობაა, რომელიც შექმნა კრემლმა.
ასე მოუვიდა აზერბაიჯანის პირველ პრეზიდენტს, ასე მოხდა საქართველოშიც 2008 წელს, ახლა იგივე დაემართა სომხეთს რევოლუციის შემდეგ. ამ პროცესების განვითარებას ხელი შეუწყო ობამასა და ტრამპის ადმინისტრაციებმა, ყურადღება მოადუნეს სამხ. კავკასიის რეგიონში.
ფაქტია, რომ რეგიონისადმი დიდი ყურადღება როგორც უმცროსი ბუშის დროს იყო, აღარ ყოფილა, რამაც რეგიონში ვითარება ძალიან გაართულა. აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში, რეგიონისადმი ყურადღება უფრო გაძლიერდება” – აცხადებს მაიკლ რუბინი.
წყარო: ამერიკის ხმა