ახალმა საცდელმა პრეპარატმა ხელოვნურად გამოყვანილ ქსოვილებში COVID-19 მნიშვნელოვნად დაბლოკა

0
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელსაც კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის მკვლევარი ჯოზეფ პენინგერი ხელმძღვანელობს, აღმოაჩინა საცდელი მედიკამენტი, რომელიც ეფექტიანად კეტავს იმ უჯრედულ კარს, რომელსაც კორონავირუსი SARS-CoV-2 მასში შესაღწევად იყენებს. მეცნიერთა მთელი ყურადღება ახლა მიმართულია ACE2-ისკენ — ცილა უჯრედის მემბრანის ზედაპირზე, რომელიც საკვანძო რეცეპტორია კორონავირუს SARS-CoV-2-ის გლიკოპროტეინისთვის, ანუ, უჯრედში ვირუსი სწორედ ამ რეცეპტორის საშუალებით შედის. კვლევის დასაწყისში, პენინგერმა და მისმა კოლეგებმა ტორონტოს უნივერსიტეტიდან, ვენის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრებთან ერთად მოახდინეს ACE2-ის იდენტიფიცირება და აღმოაჩინეს, რომ ცოცხალ ორგანიზმებში ACE2 საკვანძო რეცეპტორია SARS-ისთვის, ვირუსული რესპირატორული დაავადებისთვის, რომელმაც 2003 წელს გლობალური ეპიდემია გამოიწვია. ლაბორატორიაში ასევე შეისწავლეს ამ ცილის კავშირი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან და ფილტვების უკმარისობასთან. „ორგანოიდების გამოყენება საშუალებას გვაძლევს ძალიან მოქნილი გზით გავტესტოთ პრეპარატები, რომლებიც უკვე გამოიყენება სხვა დაავადებების წინააღმდეგ ანდაც ახლები, რომლებიც მალე იქნება მზად. ახლა, როცა დრო არ იცდის, ადამიანის ორგანოიდები გვიზოგავს დროს, რომელიც ახალი წამლის ადამიანზე გასატესტად არის საჭირო“, — ამბობს კატალონიის ბიოინჟინერიის პროფესორი ნურია მონსერატი. პენინგერის გაცხადებით, COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი SARS-ის ვირუსის ახლო ნათესავია. „ჩვენმა ადრინდელმა კვლევამ საშუალება მოგვცა ახლა სწრაფად დაგვედგინა, რომ SARS-CoV-2 უჯრედში შესაღწევად რეცეპტორ ACE2-ს იყენებს, რაც ძალიან ბევრ რამეს ხდის ნათელს ამ დაავადების შესახებ. ახლა უკვე ვიცით, რომ ACE2-ის ხსნადი ვერსია, რომელიც ვირუსს ბოჭავს, შეიძლება იყოს საკმაოდ რაციონალური თერაპია, რომელიც მიზანში იღებს იმ ჭიშკარს, რომლითაც ვირუსი ჩვენს უჯრედებში შედის. ამ საშინელი პანდემიის დამარცხების იმედი ნამდვილად გვაქვს“, — ამბობს კვლევის ავტორი, კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის მკვლევარი ჯოზეფ პენინგერი.
#covid19
#coronavirus
#stopcovid19
0