3 votes
0 comments
0 shares
Save
პრემიერ-მინისტრი „აჭარის ტექსტილის“ საწარმოში პირბადეების დამზადების პროცესს გაეცნო
116 views
Mediamall
Tbilisi · 3 months ago

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში, „აჭარის ტექსტილის“ საწარმოში პირბადეების დამზადების პროცესს გაეცნო.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ადგილობრივი წარმოების განვითარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით პირბადეებზე მსოფლიოში შექმნილი დეფიციტის გათვალისწინებით.

ამასთან, გიორგი გახარიას განცხადებით, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საწარმოში დასაქმებულია 3200 ადამიანი, ეს კი ნიშნავს, რომ შექმნილი კრიზისის მიუხედავად, დაახლოებით 3200 ოჯახს შემოსავლის წყარო უნარჩუნდება.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი კვირის განმავლობაში ექვსმა ქართულმა საწარმომ უკვე მილიონი პირბადე დაამზადა. მათ რიცხვს ორშაბათიდან კიდევ ორი საწარმო შეემატება. პრემიერის თქმით, ეს სახელმწიფოს გარკვეულ დროში მისცემს საშუალებას, შიდა ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს.

საქართველოში წარმოებული პირბადეები უპირველეს ყოვლისა უფასოდ დაურიგდათ 70 წელს გადაცილებული ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებს, შემდეგ – ჯანდაცვის სექტორს, საპატრულო პოლიციას, მებაჟეებსა და სასურსათო ქსელებში დასაქმებულებს. მომდევნო ეტაპზე კი, ფარმაცევტული ქსელების სრულად მომარაგება იგეგმება.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვირუსთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, რათა მან კრიზისის დასრულებისთანავე სწრაფად აღიდგინოს ძალები და ჩაანაცვლოს იმპორტი

#batumi #georgia #mask #gakharia
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
ფონდი „ქართუ“ ადგილობრივი წარმოების 4 მილიონ პირბადეს ჯანდაცვის სექტორისთვის შეიძენს
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიამ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობიდა აცნობეს. მათი ცნობით, წარმოების დაწყების პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად ადგილზე გაეცნო. მთავრობის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირბადეები მოხმარდება სამედიცინო პერსონალს, რომელიც დღეს Covid-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგას. „მოგეხსენებათ, Covid -19 არის გლობალური გამოწვევაა, რომელმაც ბევრი ახალი, სამწუხარო სიახლე შემოიტანა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ ყველანი, სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდით უნდა მივეჩვიოთ ყოველდღიურად პირბადით, ხელთათმანებით ცხოვრებას. თუმცა, ასევე, ამ გამოწვევის შედეგია, რომ დღეს, ისეთ ელემენტარულ ნივთზე, როგორიცაა სამედიცინო პირბადე, გლობალური დეფიციტია შექმნილი. ქართულმა კომპანიამ მოახერხა და ჩამოიტანა დანადგარი, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე აწარმოებს ერთჯერად სამედიცინო პირბადეს, რომელიც ასე გვჭირდება ჩვენ და ჩვენს მედიკოსებს. კომპანია უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ დამატებით ხაზს აამოქმედებს და შეძლებს დღეში დაახლოებით 250 000 ერთჯერადი პირბადის წარმოებას. მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ „ქართუ“ ჯგუფმა აიღო ვალდებულება და ამ საწარმოში წარმოებულ პირველ 4 მილიონ პირბადეს, სახელმწიფოს, მთავრობას აჩუქებს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს პირბადეები მოხმარდება ჩვენს სამედიცინო სექტორს, მათ, ვინც წინა ხაზზეა კოვიდ-19-თან ბრძოლაში. მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს“. ის, როგორც ყოველთვის, გვერდში უდგას სახელმწიფოს და ყოველთვის გვეხმარება იქ, სადაც ყველაზე უფრო გვჭირდება. მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, StopCov-ფონდში იმ 100 მილიონის გადმორიცხვისთვის, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. ქართული კომპანია „რესპირატორი“ დღე-ღამეში საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი 200 000-დან 250 000-მდე სამედიცინო ნიღბის წარმოებას შეძლებს. როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახის პირბადეების დასამზადებლად საჭირო ნედლეული დღეს მსოფლიოში დეფიციტშია, კომპანიამ საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით, შესაბამისი მასალის საქართველოში ჩამოტანა შეძლო. „ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს მდგომარეობას იმ კუთხით, რაც გამოწვეული იყო მსოფლიო მასშტაბით არსებული პირბადეების ზოგადი დეფიციტით. არ შეიძლება, არ აღინიშნოს ფონდ „ქართუს“ ძალიან დიდი წვლილი. „ქართუ“ დგამს კიდევ ერთ უპრეცედენტო ნაბიჯს და 4 მლნ პირბადეს უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს, რაც ძალიან მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს იმ ტვირთს, რომელიც დღეს გაგვაჩნია Covid-19-ის ინფექციასთან ბრძოლიდან გამომდინარე“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტმა ეკატერინე ტიკარაძემ. ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, რომ სამედიცინო ნიღბების საქართველოში წარმოება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ჯანდაცვის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წვლილს. „დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა ებრძვის ახალ, უხილავ მტერს, მსოფლიო პანდემია Covid-19-ს, გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ბრძოლაში. ფონდმა „ქართუმ“ გადაწყვიტა, შეიძინოს და სახელმწიფოს გადასცეს საქართველოში წარმოებული 4 მილიონი სამედიცინო პირბადე. ეს არის პირველი საწარმო საქართველოში, შპს “რესპირატორი”, რომელმაც მოახერხა ამ ხაზის უმოკლეს დროში გამართვა და მწყობრში მოყვანა. ფონდმა „ქართუმ“, როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ 100 მილიონი ჩარიცხა, კოვიდ-19-თან ბრძოლის ფონდში და ამასთან ერთად ახორციელებს შემდგომ დახმარებას სახელმწიფოსთვის. ჩვენ ამ საწარმოსგან აღნიშნულ პირბადეებს შევიძენთ და გადავცემთ სახელმწიფოს, რომელიც მას მოიხმარს როგორც ჯანდაცვის, ისე სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელ ობიექტებში. ვიმედოვნებთ, ამით აღმოიფხვრება ის დეფიციტი, რომელიც მთელ მსოფლიოშია და ბუნებრივია, საქართველოშიც გაჩნდა სამედიცინო დაცვის საშუალებებთან მიმართებაში“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა. უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. კომპანია „რესპირატორი“ დაარსა გუნდმა, რომელიც 2017 წლიდან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველო“-ს მხარდაჭერით განვითარდა და აქვს ახალი მიმართულება - ციფრული ბეჭდვა UV ტექნოლოგიით, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე უმაღლესი ხარისხის პირბადეებს აწარმოებს.
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
მთავრობის ადმინისტრაცია უწყებათაშორისო საბჭოს დღევანდელი სხდომის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
მთავრობის ადმინისტრაცია კორონავირუსთან დაკავშირებით შექნილი უწყებათაშორისო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებებისა და განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „საქართველოს იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც მოსახლეობის პროაქტიული თერმოსკრინინგი ტარდება და სპეციალური გამშვები პუნქტებია მოწყობილი, ვანის მუნიციპალიტეტი დაემატა. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა. გადაწყვეტილების მიღების პროცესში საბჭომ გაითვალისწინა ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია, ვინაიდან კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე ახალი შემთხვევიდან ერთი ვანის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. აღნიშნულ შემთხვევაში უკვე მიღებულია შესაბამისი ზომები და მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება, თუმცა დამატებითი ღონისძიებები ხელს შეუწყობს საჭირო ნაბიჯების ეფექტურობას. ვიდეოკონფერენციისას განხილული იყო საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების შემოწმების პროცესი იმ საწარმოებში, რომლებიც ფუნქციონირებას განაგრძობენ ან შესაბამისი განაცხადით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართეს. მინისტრ ნათია თურნავას ინფორმაციით, გასული ორი დღის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციასთან ერთად, ინსპექტირება ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 76 საწარმოში, რომელთაგან 14-ში ხარვეზები დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან სამუშაო პროცესისა და გარემოს შესაბამისობის უზრუნველსაყოფად მათ დრო მიეცათ. ანალოგიური კონტროლი ხორციელდება სამშენებლო ობიექტებზე. თბილისის მერმა კახა კალაძემ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დედაქალაქში უკვე შემოწმდა 130-მდე სხვადასხვა მშენებლობა. ყველა ობიექტზე, სადაც დაკმაყოფილებულია შესაბამისი სტანდარტები, სამუშაო პროცესი გრძელდება. ის მშენებლობები კი, სადაც უსაფრთხოების ზომების არასათანადო უზრუნველყოფა გამოვლინდა, ამ ეტაპზე შეჩერებულია. შრომის უსაფრთხოების წესების კონტროლი გრძელდება საქართველოს მასშტაბით აგრარულ ბაზრებზეც. მუშაობის განახლებას შეძლებენ ის ბაზრები, რომელთა ადმინისტრაციები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალურ სავალდებულო პროტოკოლს სრულად დააკმაყოფილებენ. სხდომაზე განიხილეს ადგილობრივი წარმოების, მათ შორის პირბადეების წარმოების მიმართულებით არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ ქართული წარმოების პირბადეები საქართველოს მასშტაბით სააფთიაქო ქსელებში უკვე გაყიდვაშია და მასზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ეტაპობრივად გაიზრდება. საქართველოში წარმოებული დოლბანდის პირბადეების საცალო ღირებულება 50 თეთრი იქნება. ამასთან, აქტიურად გრძელდება პირველადი ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის კონტროლი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ პროცესის და შესაბამისი კონტროლის ჯგუფის გაძლიერების აუცილებლობას, რომელსაც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ხელმძღვანელობს. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რათა პროცესი კიდევ უფრო აქტიურად, ჯანდაცვის სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში წარიმართოს. ამასთან, გრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. ამ მიზნით, სხვადასხვა ქვეყნიდან ხორციელდება სპეციალური რეისები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. მკაცრად კონტროლდება ბილეთების გაყიდვა დადგენილ ფასად, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით, 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, დღეისთვის სამშობლოში დაბრუნებულია საქართველოს 5000-მდე მოქალაქე, ხოლო საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა შესაბამისი მატერიალური და ტექნიკური დახმარება გაუწია 40 ქვეყანაში მყოფ საქართველოს 2 425 მოქალაქეს. სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც თანდათან რთულდება. აღინიშნა, რომ ქვეყანაში არსებობს ინფიცირების შემთხვევების ზრდის მოლოდინი, ამიტომ მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან დადგენილი წესები და სახლიდან მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 48 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ, სიცოცხლესთან შეუთავსებელი მრავლობითი თანმდევი და ქრონიკული დაავადებების გამო, გარდაცვლილია 3 ადამიანი, რომელთა ოჯახებს საკოორდინაციო საბჭომ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. ინფიცირებულ პირებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4682 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 375 პირი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინტენსიურად ვიდეოკონფერენციის ფორმატში განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.#უწყებათაშორისოსაბჭო #კორონავირუსი #გადაწყვეტილებები #tbilisidaily
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
გიორგი გახარიამ ექიმებს მიმართა - მადლობა იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე ჩადიხართ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ექიმებს და სამედიცინო პერსონალს კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობას უხდის. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრთან ერთად დღეს ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც ექიმებს შეხვდა და მათგან მოისმინა ინფორმაცია ქვეყანაში ვირუსთან ბრძოლის პროცესში მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და პაციენტების მდგომარეობის შესახებ. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ წინ უფრო რთული გამოწვევებია და ამ პროცესში ყველას განსაკუთრებით ექიმების პროფესიონალიზმის იმედი აქვს. მისი თქმით, შეიქმნა სპეციალური კლინიკური მართვის ჯგუფი, რომელსაც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს. პრემიერის განცხადებით, სწორედ თენგიზ ცერცვაძე იქნება პასუხისმგებელი მკურნალობის პროცესის წარმართვაზე. „მადლობას გიხდით იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე ჩადიხართ. რა თქმა უნდა, თქვენი პერსონალური დამსახურებაა, რომ შედარებით ნორმალურად მივდივართ. მესმის, წინ რთული გამოწვევები გველოდება და აქაც თქვენი იმედი გვაქვს. რაც ჩვენზეა დამოკიდებული, მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს. კარგად ვიცით პრობლემებიც, შენობიდან დაწყებული, სხვა მიმდინარე თემებიც, რომლებსაც სწრაფად მოვაგვარებთ. ახლა მთავარი ამოცანაა ამ ვირუსის დაძლევა და მაინტერესებს, როგორია თქვენი პროფესიული მოსაზრება, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისე გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას, რომ მინიმალური ზიანი მიიღოს მოქალაქის ჯანმრთელობამაც, ეკონომიკამაც და საერთოდ ქვეყანამაც. ის, რაც ახლა ევროპაში ხდება, ჩვენ საკმაოდ სუსტი ეკონომიკის ქვეყანა ვართ და გაგვიჭირდება მსგავსი შედეგებით ამ გამოწვევიდან გამოსვლა. ამიტომ მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ამ ზიანის მინიმიზებისთვის. ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ თქვენი დახმარებით. ამიტომ, ბატონო თენგიზ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ და თქვენს მთელ გუნდს. დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენი მაღალი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე ამ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხებთ. მინდა, მთავრობის თითოეული წევრის და მთლიანად, გუნდის სახელით, დიდი მადლობა გადაგიხადოთ“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძეს და კლინიკის ექიმებს. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პრემიერ-მინისტრს კლინიკაში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა უშუალოდ გიორგი გახარიას და მისი პირდაპირი სამთავრობო მმართველობის უმნიშვნელოვანეს როლს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ეფექტურობაში. მისი შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა სულ სხვა დონეზე აიყვანა საპასუხო ღონისძიებების როგორც დაგეგმვა, ისე განხორციელება და შედეგი სახეზეა – კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე საქართველო საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის მქონე ბევრ ქვეყანაზე უკეთეს პირობებში იმყოფება. თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას გადაწყვეტილება, სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ოთხ წამყვანი ჰოსპიტალის – რესპუბლიკური საავადმყოფოს, საუნივერსიტეტო კლინიკის, გორის ჰოსპიტალისა და ბოჭორიშვილის კლინიკის უშუალოდ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნებისთვის გამოყოფა და კლინიკური მართვის ერთიანი სისტემის დაწესება ძალიან დროული და სწორი იყო. მთავრობის მეთაურმა დღეს პირადად დაათვალიერა ინფექციური პათოლოგიების და შიდსის ცენტრის ადმინისტრაციული შენობა, სადაც დღემდე არასათანადო პირობებია და წყალი ჩამოდის. კლინიკის დირექტორის განმარტებით, შენობის არასათანადო მდგომარეობა გამოწვეულია იმით, რომ 2009 წელს, წინა ხელისუფლებამ აღნიშნული ტერიტორია და შენობა-ნაგებობები კერძო კომპანიას მიჰყიდა. თენგიზ ცერცვაძემ გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა იმ გადაწყვეტილების მიღებისთვის, რომლითაც ინფექციური საავადმყოფოს შენობასთან დაკავშირებული პრობლემები უახლოეს პერიოდში მოგვარდება. #georgia #pm #კორონავირუსი
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
წლის ბოლომდე საქართველოსთვის დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ფინანსური რესურსი იქნება ხელმისაწვდომი
საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა, პანდემიასთან გამკლავების პარალელურად, ხაზი გაუსვა ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ძირითადი ამოცანა ეკონომიკაზე მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შემცირებაა. „თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ახლა ვართ კრიზისული მართვის პერიოდში და ვსაუბრობთ კრიზისის პერიოდში მართვაზე. შესაბამისად, ეს ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფიც, რომელიც შექმნილია როგორც უწყებათაშორისი საბჭოს გაგრძელება, უკიდურესად მნიშვნელოვანია და არა რაღაც თეორიული საუბრებისთვის, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად. ამოცანა მარტივია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ეკონომიკური ცხოვრება მაქსიმალურად სწრაფად, ეტაპობრივად ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. ერთ და ორ თვეში ვერ აღვიდგენთ იმ სასტარტო პირობებს, რომლებიც 2020 წლის დასაწყისში გვქონდა, მაგრამ 1,5-2 წლის განმავლობაში უნდა აღვიდგინოთ. ერთმნიშვნელოვნად მადლობა უნდა გადავუხადოთ ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკს იმ მუშაობისთვის, რომელიც მათ ერთობლივად, კოორდინირებულად გასწიეს დონორებთან და პირველ რიგში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF). ფონდის თანამშრომლობის გაფართოებული პაკეტი, რომელიც 450 მილიონამდეა, უკიდურესად მნიშვნელოვანია და აქედან 200 მილიონი უახლოეს დღეებში, აპრილის ბოლომდე საბიუჯეტო დახმარების სახით ქვეყნის ბიუჯეტში გაჩნდება. დონორებთან მუშაობის შედეგად, ქვეყნის ბიუჯეტს და ეკონომიკას, სახელმწიფოს ნაწილში წლის ბოლომდე ექნება 1,5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება, ისევე, როგორც დონორებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ იგივე ოდენობის რესურსი ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი კომერციული საბანკო სექტორისთვის. ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით ჩვენთვის ხელმისაწვდომია დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის რესურსი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, მსგავსი შედეგი არც ერთ ქვეყანას არ აქვს. „არც ერთ ქვეყანას ასეთი შედეგი არ აქვს. ჩვენ ვიქნებით პირველი, ვინც სავალუტო ფონდთან განახლებული გაფართოებული პროგრამა შეათანხმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის პირველი აუცილებელი ნაბიჯი, რაც კრიზისისას უნდა გადაგვედგა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამავდროულად აუცილებელია მსჯელობა პოსტკრიზისულ პერიოდში მოქალაქეების, ბიზნესისა და ეკონომიკის მიზნობრივ დახმარებაზე. საქართველოს მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ეპიდემიასთან ბრძოლის ეფექტურობა შეზღუდვებიდან გამოსვლასა და ეკონომიკის აღდგენის ეტაპზე გადასვლასთან პირდაპირ კავშირშია. პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მხარდაჭერისთვის ევროკავშირს, მსოფლიო ბანკს, აზიის განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, ევროპის საინვესტიციო ბანკს, გერმანიის განვითარების ბანკს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა. ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი ვიდეოკონფერენციის ფორმატში რეგულარულად შეიკრიბება. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანი, კოორდინირებული მართვისთვის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოსთან ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი შეიქმნა, სადაც მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად მუშაობენ საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომიტეტების წარმომადგენლები, ასევე ეროვნული ბანკი. ამ ფორმატში, მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან ერთად, აქტიურად არიან ჩართული პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩევლები – სოზარ სუბარი და ბექა ლილუაშვილი, ინვესტორთა საბჭოს მდივანი გიორგი ჩერქეზიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
სამკერვალო საწარმოები მზად არიან, პირბადეების წარმოება აქტიურ რეჟიმში დაიწყონ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სამკერვალო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა პირბადეების აქტიურ რეჟიმში წარმოების დაწყება იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, კომპანიების ხელმძღვანელებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, საპრევენციო ღონისძიებების განხორციელებაში მაქსიმალური ძალისხმევითა და რესურსებით გვერდში დაუდგებიან სახელმწიფოს და საკუთარ მოქალაქეებს. „იმის გამო, რომ დღეს საქართველოში პირბადე და სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალებები გარკვეულ პრობლემად რჩება, ჩვენ, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მზად ვართ, ამ პროცესში აქტიურად ჩავერთოთ და პირბადეების გარკვეული ნაწილი უსასყიდლოდ შევთავაზოთ სახელმწიფოს და საქართველოს მოსახლეობას“,- აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომპანია „აჭარა ტექსტილის“ წარმომადგენელმა გიორგი ლომინაძემ. კორონავირუსის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერის მზაობა გამოხატა კომპანიამ „მოვი.“ როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ანა ანდრონიკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საწარმო ჩართულია პირბადეების წარმოებასთან დაკავშირებით პროცესში. „დღეს მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ შეზღუდვები არ დაწესდება ლოგისტიკასთან დაკავშირებით, ჩვენ მაქსიმალურად ვდგავართ სახელმწიფოს გვერდით და ამისკენ მოვუწოდებთ სხვა მწარმოებლებსაც,“ - აღნიშნა ანა ანდრონიკაშვილმა. ფარმაცევტული კომპანია „სმარტ ფარმის“ განცხადებით, კომპანია მზად არის, მარლის არსებული ნაშთი უფასოდ გადასცეს სახელმწიფოს პირბადეების წარმოებისთვის. „ჩვენმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი, რომ მარლის არსებული ნაშთი გადასცეს სახელმწიფოს უფასოდ, რათა შეუფერხებლად განხორციელდეს პირბადეების წარმოება. მომდევნო ეტაპზე, მომდევნო მოწოდებასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად ვიყოთ ჩართულები, რომ შეუფერხებლად მოხდეს მარლის იმპორტი და მიწოდება იმ წარმოებისთვის, რომლებიც მზად არიან და გამოხატეს პასუხისმგებლობა, რომ ჩაერთონ წარმოებაში და მხარში დაუდგნენ სახელმწიფოს“ - განაცხადა „სმარტ ფარმის“ წარმომადგენელმა, თეა მგალობლიშვილმა.#stopcovid19 #georgia
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
პრემიერ-მინისტრი ბათუმის პორტში ორ გემს დახვდა,რომლითაც ქვეყანაში ჯამურად 63 000 კგ საკვები შემოვიდა
ბათუმის პორტში შემოდის ორი კონტეინერმზიდი გემი შემოვიდა, რომელთაგან ერთი 40 000კგ საკვებ პროდუქტით ხოლო მეორე, რომელიც – 23 000კგ საკვებითა და მედიკამენტებით არის დატვირთული, – გემებს ბათუმის პორტში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დახვდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული კრიზისის ფონზე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ საყოველთაო კარანტინის პირობებშიც კი საქართველოს პორტები რჩება ღია და სატვირთო ოპერაციები შეუფერხებლად ხორციელდება. პრემიერმა ხაზი გაუსვა ბათუმსა და ფოთში ქვეყნის მთავარი ნავსადგურების გამართულ საქმიანობას, ვინაიდან, სურსათითა და პირველადი მოთხოვნილების პროდუქციით, სახმელეთო გამშვებ პუნქტებთან ერთად, საქართველო საზღვაო პორტების მეშვეობითაც მარაგდება. საქართველოს პორტებში უზრუნველყოფილია გემების უსაფრთხო და დროული შემოსვლა-გასვლა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის, მარტიდან გამკაცრებულია წესები საქართველოს პორტებში შემომსვლელი გემებისთვის. შემოსვლა დაიშვება მხოლოდ თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ. ასევე, დეზინფექცია უტარდება ტვირთს და ავტოსატრანსპორტო საშუალებას; მიღებულია ყველა ზომა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად. 2020 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულია – 144 897 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში წარმოადგენს 9%-იან ზრდას, მათ შორის ბათუმში – 36 436 TEU ( 102%-იანი ზრდა). ბათუმში გენერალური ტვირთების 62%-იანი მატება დაფიქსირდა, ხოლო ნაყარი ტვირთის მიმართულებით ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში 27%-იანი მატებაა.#batumi #food #gakharia #stopcovid19 #coronavirus #georgia
Sokhumi Daily
Sokhumi · 1 week ago
ტამიშის დესანტი - წარმატებული ოპერაციით კატასტროფასთან მიახლოვება.
თავი I 1993 წლის 16 მარტს ქართულმა მხარემ წარმატებით მოიგერია სოხუმზე მასირებული შტურმი, რომელიც უშუალოდ რუსეთის გენშტაბის გენერლების მიერ იყო დაგეგმილი. შედეგად სხვადასხვა მონაცემებით აფხაზურმა მხარემ 400-დან 1000-მდე მებრძოლი დაკარგა. საგულისხმოა, რომ აფხაზურ მხარეს ამხელა მსხვერპლი არც ერთ სხვა ოპერაციაში არ უნახავს და მეტად მნიშვნელოვანია, რომ ის სწორედ აფხაზების მიერ ქართველებზე თავდასხმის დროს მოხდა და არა ქართველების მიერ აფხაზებზე თავდასხმისას. მარტის შტურმის შემდეგ ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს უკვე რუსული რეგულარული ჯარის ნაწილები იბრძოდნენ, რა დროსაც იყენებდნენ სამხედრო ავიაციას, არტილერიას და თანამედროვე კავირგაბმულობის საშუალებებებს. რაც მთავარია ოპერაციები ტარდებოდა კვალიფიციურად მომზადებული სამხედრო გეგმების მიხედვით. ზოგადად რუსეთის ფედერაციის მონაწილეობა აფხაზეთის ომში ძალიან სპეციფიური მეთოდით ხდებოდა, ვინაიდან რუსეთი აიარაღებდა, როგორც ქართულ მხარეს ისე სეპარატისტებს, ამ თემაზე როგორც წესი ქართული მხარე გაურბის საუბარს, თუმცა ფაქტია, რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი სულფიან ბიპპაევი აქტიურად ემუშავებოდა ქართულ მხარეს და არწმუნებდა, რომ აფხაზებთან მოლაპარაკების გზით შედეგის მიღწევა შეუძლებელი იყო და საჭირო იყო სამხედრო ოპერაციის ჩატარება, რისთვისაც საჭირო შეიარაღების და ინსტრუქტორების გამოყოფას თავად უზრუნველყოფდა (იგივე ფუნქციას ასრულებდა ყარაბახის კონფლიქტში, აზერბაიჯანული მხარეს). საწყის ეტაპზე სულფიან ბიპპაევის დახმარებით რუსეთის გენშტაბმა მართლაც გამოყო ინსტრუქტორთა ჯგუფი (რომლებიც ეტაპზე არც არაფრით გვეხმარებოდნენ და პირიქით სადაზვერვო ინფორმაციებს აწვდიდნენ ხელმძღვანელობას) და გადმოგვცა აფხაზებთან შედარებით გაცილებით დიდი შეიარაღება, თუმცა კონფლიქტის დაწყებიდან ორ თვეში უკვე ჩვენ მხარეს შეუმცირა შეიარაღება (1992 წლის ბოლოს საერთოდ შეწყვიტა მოწოდება, გაიწვია ინსტრუქტორებიც) და აფხაზურ მხარეს გაუზარდა, ამავე დროს კრიტიკულ მომენტებში მათ ეხმარებოდა ავიაგამანადგურებლებით და არტილერიით, რასაც ქართული მხარისათვის არ აკეთებდა. ამავე დროს ზედაპირულად ცდილობდა არ გამოჩენილიყო კონფლიქტში აფხაზი სეპარატისტების ღია მხარდამჭერად, ამისათვის რუსეთის გენშტაბმა კონფლიქტამდე დიდი ხნით ადრე მოიძია კავკასიაში მცხოვრები ოფიცრები, რომელთაც ზუსტი ინსტრუქციები წინასწარ ქონდათ მიღებული, ისე რომ კონფლიქტის დაწყების მეორე დღეს 1992 წლის 15 აგვისტოს მათი პირველი ჯგუფი უკვე გუდაუთაში ჩავიდა. პარალელურად აფხაზეთის დასახმარებლად შეიქმნა ე.წ. სამობილიზაციო შტაბები, რომლებიც 1992 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებდა მოსკოვში, პეტერბურგში, მაიკოპში, ნალჩიკში, გროზნოში, კრასნოდარში და სხვა ქალაქებში, სადაც უშუალოდ რუსეთის ფედერაციის გენ.შტაბის დაფინანსებით კრიბავდნენ უსამსახუროდ დარჩენილ კვალიფიციური სამხედროების ჯგუფებს, აიარაღებდნენ და უზრუნველყოფდნენ მათ ტრანსპორტირებას კონფლიქტის ზონაში, უპირატესობა ენიჭებოდათ კავკასიური წარმომავლობის პირებს. ოფიციალურად ამ საქმიანობას ეწეოდა რუსეთის ფედერეაციის უშიშროების სამსახურის მიერ შექმნილი ორგანიზაცია „მთიელ ხალხთა კონფედერაცია“. კონფლიქტის მიმდინარეობამ აჩვენა, რომ მხოლოდ დაქირავებული ბოევიკებით ვერ შეასრულებდნენ დასახულ ამოცანებს, ამიტომ კონფლიქტში აფხაზურ მხარეს მოქმედი რუსი სამხედრო ოფიცრებიც მოავლინეს, რომლებიც იმ შემთხვევაში თუ ცოცხალი ან მკვდარი ქართველებს ჩაუვარდებოდნენ ხელში (და ასეთი რამდენიმე ათეული შემთხვევა მოხდა), მათ პირად საქმეებს უკანა თარიღებით ურთავდნენ ბრძანებებს რუსეთის არმიის რიგებიდან გათავისუფლების შესახებ, შედეგად ისინი ასაჯაროებდნენ ასეთ დოკუმენტებს და მათ უკვე მოიხსენიებდნენ, როგორც ყოფილი რუსეთის ფედერაციის სამხედროები. სწორედ ასეთი იაფფასიანი თაღლითობით იყო დაკავებული რუსეთის ფედერაციის გენშტაბი. 1993 წლის მარტში აფხაზური მხარე რუსეთის სამხედრო „მხარდაჭერის“ პირობებში არ ელოდა ასეთ მძიმე მარცხს და თითქმის ერთი კვირა ვერ გამოვიდა შოკიდან (აღსანიშნავია, რომ მარტის შეტევის რუსული გეგმა ქართულმა სამხედრო დაზვერვამ მოიპოვა წინასწარ (თუ სპეციალურად გადმოგვცეს რუსებმა დღემდე გაურკვეველია)). სწორედ ამ დროს დაიკარგა მთელი ომის განმავლობაში ერთადერთი თეორიული შანსი, აფხაზეთში წარმოებული სამხედრო კამპანია ქართული მხარის გამარჯვებით დასრულებულიყო. დღემდე ბუნდოვანია საკითხი თუ რა მიზეზების გამო არ განახორციელა ქართულმა მხარემ კონტრშეტევა გუდაუთის მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ 17 მარტს კონტრშეტევის გეგმის ძირითადი მონახაზი უკვე წარმოდგენილი ჰქონდა ქართულ სარდლობას (კვალიფიციური სამხედრო ოპერაციების გეგმები იშვიათობა იყო მთელი ომის განმავლობაში) და საჯარისო ნაწილებიც მზადყოფნას აცხადებდნენ. როგორც სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი გელა ჩარკვიანი თავის წიგნში „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“ აღწერს, მარტის ოპერაციის დასრულებისთანავე შევარდნაძეს დაურეკა რუსეთის გენ.შტაბის გენერალმა (სავარაუდოდ გენშტაბის ხელმძღვანელმა პაველ გრაჩოვმა), რომელმაც პირდაპირი ტექსტით დაიმუქრა, რომ იმ შემთხევაში თუ ქართული ნაწილები კონტრშეტევას დაიწყებდნენ, თავად დაჯდებოდა ავიაგამანადგურებელზე და თბილისს გაასწორებდა მიწასთან. ამ თუ სხვა მიზეზების გამო ქართულმა მხარემ კონტრშეტევა არ განახორციელა და პოზიციები ისევ მდინარე გუმისთის მარცხენა სანაპიროზე დატოვა. აფხაზურმა მხარემ კვლავინდებურად დახმარებისათვის კრემლს მიმართა, ვინაიდან სწორედ მათი ინიციატივითა და გარანტიებით ჩაებნენ აფხაზები მანამდე არსებულ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო ოპერაციაში და სრული კრახის შემდეგ პრეტენზიები სწორედ რუსების მიმართ გაუჩნდათ. 1993 წლის 23 მარტს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დავმჯდომარე სეპატატისტი ვლადისლავ არძინბა უშუალოდ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა მიიღო კრემლში და ყოველმხრივ დახმარებას დაჰპირდა. არძინბა კავკასიური ვირეშმაკობით ცდილობდა რუსეთის პრეზიდენტი პროაფხაზურად განეწყო, ამისათვის გუდაუთაში მყოფ სეპარატისტული მთავრობის წევრებს მისი ვიზიტის პარალელურად მიმართვაც კი გააგზავნინა კრემლში (1993 წლის 23 მარტს დათარიღებული) სადაც აფხაზური მთავრობა ითხოვდა აფხაზეთის რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციაში მიღებას (მანამდე ლენინური იდეების ერთგულებას ეფიცებოდა მოსკოვს და საბჭოთა კავშირის დაშლის წინააღმდეგ აქტიურობდა). რამდენიმე დღეში მოსკოვიდან დიდი დელეგაცია ჩამოვიდა აფხაზეთში, საკითხის შესასწავლად და ქართული მხარე დაითანხმა დაედო ახალი სამშვიდობო შეთანხმება. ახალი შეთანხმება 1993 წლის 14 მაისს გაფორმდა, რომელიც გულისხმობდა 20 მაისიდან ძალების დაშორიშორებას და ცეცხლის შეწყვეტას. მიუხედავად შეთანხმებისა პოზიცური ბრძოლები მაინც გაგრძელდა, თუმცა მას მაშტაბური ხასიათი ივლისის თვემდე აღარ ქონია. ქართული მხარე ჩაერთო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მოქმედი კომისიის რუტინულ და არაფრისმომცემ მოლაპარაკებებში და რეალურად ყურადღება მოადუნა, შეათხელა პოზიციებზე მყოფი სამხედროების რაოდენობა, სოხუმის ჩრდილოეთით სოფლებიდან გამოიყვანა მძიმე ტექნიკაც და შეიარაღებული ძალებიც. 1993 წლის მაისის ბოლოს სეპარატისტული აფხაზეთის თავდაცვის მინისტრმა სულტან სოსნალიევმა (რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკი, ეროვნებით ყაბარდოელი, 15 აგვისტოს მიავლინეს გუდაუთაში), რუსეთის გენ.შტაბიდან ახალი შეტევის გეგმა მიიღო. ოპერაციას „ქარიშხალი 777“ დაერქვა, რომელიც ჩვენთან „ტამიშის დესანტის“ სახელწოდებით არის ცნობილი, თუმცა ეს უკანასკნელი ტერმინი არ ასახავს მრავალი მიმართულების მქონე ოპერაციის რეალურ სურათს. მაისის თვეშივე გუდაუთაში სპეციალური დავალებით ჩამოვიდნენ რუსი ოფიცრები, რომლებმაც სულტან სოსნალიევს ქართული პოზიციების აერო.ფოტოები ჩაუტანეს, სადაც დეტალურად ჩანდა ქართული მხარის მძიმე ტექნიკის, საარტილერიო დანადგარების, სანგრების, სამეთაურო შტაბების და ა.შ. მდებარეობა. საგულისხმოა, რომ აერო.ფოტოები მხოლოდ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის თანხმობით გაიცემოდა, შესაბამისად ცხადია თუ რა დონეზე მზადდებოდა შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. თავად ოპერაცია მანამდე განხორციელებულ შეტევებში დაგროვილი გამოცდილების და დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით, მოიცავდა რემდენიმე მიმართულებას, რომელთაგან ძირითადი მიზანი სოხუმის ჩრდილოეთით პოზიციების დაკავება გახლდათ და თავად ოპერაცია სოხუმზე საბოლოო შტურმისთვის მოსამზადებელი ფაზა იყო. თუ ოპერაციას კარგად გავაანალიზებთ, იგი ძველი აღმოსავლური საბრძოლო პრინციპით დაიგეგმა „ხმაური აღმოსავლეთში, დარტყმა დასავლეთში“, რაც გულისხმობს მოწინააღმდეგის ძალების არასწორ ადგილზე კონცენტრაციის უზრუნველყოფა-იძულებას, რისი საბოლოო ამოცანაცაა თავდასხმის ნამდვილი ადგილის შენიღბვა. შეტევის პირველი მიმართულება ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალის ჩაკეტვა-კონტროლი, მეორე და მთავარი კი სოხუმის ჩრდილო-დასავლეთ პოზიციებზე დაკავება იყო. თავად ამ მიმართულებასაც ჰქონდა ცალკე ორი ქვე მიმართულება, რომელიც გულისხმობდა სოხუმის დასავლეთით გუმისთის ფორსირებას ეშერის ხიდის მიმდებარედ, რათა ქართული ძალების კონცენტრაცია იქ მომხდარიყო და ძირითად მიმართულებაზე სოხუმის ჩრდილოეთით შრომა-კამანის არეალში ნაკლები წინააღმდეგობა შეხვედროდათ. ოპერაციის მოსამზადებლად რუსულ-აფხაზურმა მხარემ სამშვიდობო შეთანხმების პირობებით ისარგებლა, ისე რომ ერთი წუთითაც არ შეუჩერებია მომავალი ოპერაციის მოსამზადებელი სამუშაოები და არც ჰქონია სურვილი სამშვიდობო პროცესის განვითარების. მაისის თვეში ადიღეას დედაქალაქ მაიკოპში საიდუმლო შეხვედრა გაიმართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბორის პასტუხოვსა და სეპარატისტთა ლიდერ სოკრატ ჯინჯოლიას შორის. აფხაზებმა სოხუმის ჩრდილოეთით სამხედრო-საინჟინრო ჯგუფების დახმარებით ყოფილი სატყეო-მეურნეობის გზების გამოყენებით, მდინარე გუმისთის დასავლეთ შენაკადთან შემოვლითი გზის აღდგენა-გაჭრა დაიწყეს. ვინაიდან საერთო ოპერაციაში უნდა ჩართულიყო ტყვარჩელის დაჯგუფებაც ე.წ. „აღმოსავლეთის ფრონტზე“ ტყვარჩელში არსებულ აფხაზურ შენაერთებთან მოაწესრიგეს კომუნიკაციის არხები, ხოლო უშუალოდ ახალი ოპერაციის გეგმის ტყვარჩელში ჩატანა სულტან სოსნალიევის დავალებით ე.წ. აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ვალერი აიბას დაევალა. აიბას გაუკეთდა სამშვიდობო მოლაპარაკებების მონაწილის ყალბი საბუთები, სოხუმის გავლით სრულიად უპრობლემოდ გადავიდა ტყვარჩელში, ჩაიტანა ახალი ოპერაციის გეგმა და ადგილობრივ სარდლობასთან დეტალურად გაიარა ოპერაციის ყველა წვრილმანი. რუსეთის ფედერაციიდან პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ოპერაციის სპეციფიკის შესაბამისი შეიარაღების შემოტანა, როგორც ფსოუს საზღვრიდან სარკინიგზო გზით, ისე საავიაციო საშუალებებით, გუდაუთის აეროდრომის გამოყენებით. ასევე ტყვარჩელის დაჯგუფების შესაიარაღებლად აფხაზებს გადაეცათ მცირე ზომის შვეულმფრენები, რომლებიც გუდაუთიდან რუსეთის ფედერაციის გავლით გადადიოდნენ ტყვარჩელში, მართალია ე.წ. „კუკურუზნიკებს“ ტვირთამწეობა მცირე ქონდათ, თუმცა მაინც მოხერხდა ტყვარჩელში გარკვეული რაოდენობის შეიარაღების, ინსტრუქტორების გადაყვანა და დაიწყო აფხაზთა წვრთნისა და მომზადების პროცესი. 18 ივნისს რუსული მხარის დაჟინებული მოთხოვნით, ტყვარჩელში შევიდა ე.წ. „ჰუმანიტარული კოლონა“, რომლშიც რუსების განცხადებით პირველადი მოხმარების საკვები და სამედიცინო საშუალებები იყო განთავსებული, თუმცა ქართულ მხარეს არ მიეცა იმის საშუალება, რომ გაეკონტროლებინა ტვირთის შიგთავსი, შემდგომში გაირკვა, რომ ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად იარაღი და საბრძოლო მასალებიც შევიდა დანიშნულების ადგილზე, ტრადიციული რუსული მეთოდით. გარდა ამისა ტყვარჩელის დაჯგუფება საკმაოდ ეფექტურად ესხმოდა თავს ოჩამჩირიდან სოხუმში მიმავალ პატარა ქართულ ჯგუფებს და იარაღისა და ამუნიციის საკმაოდ რაოდენობას მოუყარა თავი. სამშვიდობო მოლაპარაკების ჯგუფებში ჩართულ აფხაზებს და რუსებს ევალებოდათ ოპერაცია „ქარიშხალი 777“ მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებამდე გაეწელათ მოლაპარაკებები. 30 ივნისს სულტან სოსნალიევს უკვე მიღებული ჰქონდა მზადყოფნის შესახებ პატაკი გუმისთის პოზიციებიდან, რომელსაც ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერაციიდან მოვლენილი ჩერქეზი პროფესიონალი სამხედრო მუჰამედ კილბა; ტყვარჩელის დაჯგუფებიდან, რომელსაც ხელმძღვანელობდა მერაბ ქიშმარია და დესანტის მხრიდან რომელსაც ხელმძღვანელობდა ზაურ ჭანტოს ძე ზარანდია. 1993 წლის 1 ივლისს, ხუთშაბათ დღეს 21:00 საათზე რუსულ-აფხაზურმა მხარემ ოპერაცია დაიწყო, გუდაუთიდან გამოვიდა საზღვაო ბარჟა „გუმა“ და სადესანტო ხომალდი „პროექტ 105რ“ რომალთაც შენიღბვის მიზნით რამდენიმე კატერი აცილებდათ. სოხუმის სამხედრო შტაბის რადიომეტრისტებმა მცურავი საშუალებები მაშინვე შენიშნეს და ამის შესახებ ინფორმაცია ქართული შეიარაღებული ძალების მეორე საარმიო კორპუსის ოპერატიულ შტაბს მოხსენდა, თუმცა ამას არანაირი რეაგირება არ მოჰჰყოლია. დესანტის შემადგენლობა სხვადასხვა მონაცემებით 300-დან 600 კაცამდე იყო (ყველაზე სარწმუნო წყაროებით 350 კაცს არ აღემატებოდა). დადასტურებულია, რომ დესანტის შემადგენლობაში იყვნენ დონის და ყუბანის კაზაკების 100 პროფესიონალი მებრძოლი, შამილ ბასაევის ჩეჩნური დაგჯუფებიდან არჩეული 30 მებრძოლი, თურქეთში მცხოვრები აფხაზურის დიასპორიდან 25 კაცი, დნესტრისპირეთიდან მოვლენილი რუსული სპეც.დანიშნულების ბატალიონი „დელფინის“ ელიტარული ოფიცრებით დაკომპლექტებული 8 კაციანი ჯგუფი, ჩრდილოეთ კავკასიელთა რაზმი 50 კაციანი შემადგენლობით, რუსული რეგულარული არმიის 20 კაციანი ოფიცერთა ჯგუფი, სპეცდანიშნულების ბატალიონი „ედელვაისის“ 50 კაციანი ჯგუფი, ოჩამჩირის რაიონის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები პირები, რომლებიც ტამიშს და მიმდებარე ტერიტორიას კარგად იცნობდნენ. ქართული ნაწილების მიერ კონტროლირებად საზღვაო აკვატორიაში პირველი ხომალდი 2 ივლისს 03:00 საათზე გამოჩნდა, ქართულმა სარდლობამ გემის წარმომავლობაზე ინფორმაცია ოჩამჩირის რუსულ პორტში გადაამოწმა, რუსებმა განუცხადეს, რომ ეს იყო მშრალი ტვირთის გემი „გელენჯიკი“ რომელიც ბათუმის მიმართულებით მიდიოდა და გაურკვეველი ტექნიკური პრობლემების წარმოშობის გამო ცდილობდა ნაპირთან მოახლოვებას. რამდენიმე წუთში კიდევ სხვა მცურავი საშუალებებიც გამოჩნდნენ. მალე ცხადი გახდა, რომ მათ მშვიდობიანი მიზნები არ გააჩნდათ, რაც ქართული მხარისათვის სრულიად მოულოდნელი იყო. დიდი დრო დასჭირდა იმის გარკვევას თუ ვის ეკუთვნოდა ხომალდი, რა მარშუტით გადაადგილდებოდა, ამავე დროს ქართული მხარე ხვდებოდა, რომ ხომალდისათვის ცეცხლის გახსნა სამშვიდობო შეთანხმების ცალსახა დარღვევას ნიშნავდა და ისედაც ქაოსში მყოფ ქართულ ნაწილებს გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდათ (ამ დროს ალბათ იმოქმედა იმ ფაქტორმაც, რომ ქართული მხარის მიერ 1992 წლის 14 დეკემბერს დაშვებულ იქნა საბედისწერო შეცდომა, პირდაპირ შეიძლება ითქვას ჩადენილ იქნა დანაშაული, ვინაიდან ტყვარჩელიდან მომავალი რუსული ვერტმფრენი იქნა ჩამოგდებული, სადაც ძირითადად ეთნიკური აფხაზები 35 ბავშვი და 30 ქალი გარდაიცვალა. თუმცა ამ შემთხვევაშიც ბევრი საეჭვო დატალი იკვეთება). 2 ივლისს გამთენიისას შეთანხმებული გეგმის შესაბამისად ტყვარჩელის 800 კაციანმა დაჯგუფებამაც დაიწყო ზღვის მიმართულებით დაშვება, ათამდე ერთეული სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკის თანხლებით და თითქმის დაბრკოლების გარეშე გამოიარა წესით ქარველების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დიდი ნაწილი, ამას გარდა აფხაზურმა მხარემ 1200 კაცის მობილიზება და ფრონტის ხაზზე გამოყვანა შეძლო ოჩამჩირე-სოხუმის გზის მთელ ჩრდილოეთ პერიმეტრზე. საერთო გეგმის ფარგლებში 2 ივლისს გამთენიისას გუმისთის პოზიციებიდან მასირებული შეტევის იმიტირებისათვის მდინარის ფორსირება დაიწყო აფხაზთა 18 კაციანმა სპეც.ჯგუფმა, რომელსაც თითქმის ერთი თვე მდინარე ბზიფზე ავარჯიშებდნენ რუსი ინსტრუქტორები, მდინარის სწრაფად გადალახვასა და ნაპირზე პლაცდარმის მოწყობაში. თუმცა იმ დღეს გუმისთამ ქართველები საიმედოდ დაიცვა, ძალიან ადიდდა და დინებაც არნახულად სწრაფი იყო, ცურვაში ბავშვობიდან გაწაფულმა აფხაზმა მებრძოლებმა (რომელთაც აფხაზმა ერმა „სმერტნიკები“ შეარქვა წინასწარ) მდინარეში მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შეძლეს და დინებამ ისინი ისე გაიტაცა, რომ ძირითადი აღჭურვილობაც დაკარგეს და ორი მათგანი დახჩობას მედ.დებმა ძლივს გადაარჩინეს. გუმისთის ნაწილში ოპერაცია იმ დღეს ჩაეშალათ. დაახლოებით 2 ივლისს 03:30 საათზე ტყვარჩელის აფხაზურმა ფორმირებებმა საავტომობილო გზა გადაკვეთეს. დაჯგუფების პირველად ამოცანას ზღვის სანაპიროზე დესანტის გადმოსასხმელად ზუსტი ადგილის მითითება-კორექტირება და უსაფრთხო დერეფნის შექმნა იყო, სამწუხაროდ ზღვის სანაპირო ზოლიც ფაქტიურად არ კონტროლდებოდა, რის შესახებაც აფაზურ მხარეს სადაზვერვო ინფორმაცია ჰქონდა და სწორედ ყვლაზე დაუცველი წერტილები იქნა შერჩეული შესატევად. სეპარატისტები გვერდს უვლიდნენ ქართულ ნაწილებს და მხოლოდ შემთხვევით გამვლელების განეიტრალებას ახდენდნენ, ისე რომ მასშტაბურ შეტაკებებს ერიდებოდნენ, შედეგად ტყვარჩელის დაჯგუფებამ ზღვის ზოლში დერეფანი შექმნა და გაამაგრა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს მოხდა უბრალოდ ცარიელი სივრცეების დაკავებით და არა ქართული ნაწილების განადგურების შედეგად, რასაც აფხაზური მხარე წლებია ამტკიცებს. საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა ვთქვათ, კონკრეტული ამოცანა ტყვარჩელის დაჯგუფებამ რამდენიმე საათში შეასრულა. დეორგანიზებულმა ქართულმა ნაწილებმა ინფორმაცია მიიღეს ზღვიდან დესანტის მოსალოდნელი გადმოსხმის თაობაზე, მათ ჯერ არაფერი იცოდნენ გარკვეულ მონაკვეთებში, როგორც ფლანგიდან ისე ჩრდილოეთიდან მტრის მოახლოების შესახებ. სულ ცოტა ხანში ზღვის მხრიდანაც იგივე მოელოდათ. ქართული ჯარის სარდლობამ დაახლოებით ხუთი საათისთვის მიიღო გადაწყვეტილება გემებისთვის საარტილერიო ცეცხლი გაეხსნათ, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო. საარტილერიო ცეცხლმა მხოლოდ დროებით შეაფერხა დესანტის გადმოსხმის ოპერაცია. 05:30-საათზე სოფელ ნაოჩთან დესანტმა პირველი ჯგუფის გადმოსხმა დაასრულა და სწრაფად დაიწყო პოზიციების დაკავება-გაფართოვება. ნაპირზე ფორსირების მონაკვეთში დესანტის მხარდასაჭერად რუსეთის არმიის ორმა სუ-27 ტიპის ავიაგამანადგურებლებმა დაიწყო მანევრირება. რუსულ-აფხაზურმა ფორმირებებმა პირველი დარტყმა ტამიშის, ზემო კინდღის და ლაბრის მიდამოებში განახორციელეს, მხოლოდ დღის პირველ ნახევარში ქართულმა მხარემ 250-ზე მეტი სამხედრო პირი დაკარგა, მათ შორის განსაკუთრებით დაზარალდნენ ორხევის, დუშეთისა და, ჩოლოყაშვილის ბატალიონები, შავნაბადასა და ავაზას ნაწილები. შინაგანი ჯარის ოცეული, რომელმაც ჩრდილოეთიდან მიიღო დარტყმა მთლიანად იქნა პოზიციებზე განადგურებული. ტყვარჩელის დაჯგუფებამ საერთო გეგმის მიხედვით მთელ საგზაო პერიმეტრზე გახსნა ცეცხლი, პარალელურად გაგზავნა დივერსიული ჯგუფი, რომელსაც დაევალა მდინარე კოდორზე არსებული ხიდის აფეთქება, თუმცა ქართულმა ნაწილებმა შენიშნეს ისინი და მათი ძირითადი ნაწილი გაანადგურეს. რამდენიმე საათში სეპარატისტების მეორე გემი შემოვიდა სოფელი ნაოჩის მიმდებარედ სანაპიროზე თემურ ხახუტას-ძე ნადარაიას ხელმძღვანელობით, საიდანაც შეარაღებაში საარტილერიო დანადგარები და სხვა სახის საჭირო შეიარაღება შეემატათ, რითაც შემდგომში სოხუმის აეროპორტის ასაფრენი ბილიკიც კი დაბომბეს. თუმცა ქართულმა არტილერიამ ინტენსიური, მაგრამ არაზუსტი ცეცხლით საშუალება არ მისცა მეორე გემს სრულად გადმოეტვირთა საბრძოლო მასალები. მიუხედავად ამისა იარაღის დანაკლისი დესანტმა მალევე განადგურებული ქართული ნაწილების შეიარაღებით შეივსო, მათ შორის 3 ერთეული ტანკი ტ-55 ჩაიგდეს ხელთ. 2 ივლისს შუა დღეზე დესანტმა ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი ჩაკეტა და მისი კონტროლი დაიწყო. ქართული მხარე მსგავსი მასშტაბის სამხედრო პროფესიული თვალსაზრისით გამართულ ოპერაციას არ ელოდა, არ ელოდა რომ რუსული მხარე ასეთი დაჟინებული მოთხოვნის და ჰუმანისტური იდეების პროპაგანდირების შემდეგ ასე ცინიკურად დაარღვევდა სამშვიდობო შეთანხმებას, რომ ყოველდღიურად სამშვიდობო პირობებზე მომუშავე აფხაზური მხარის წარმომადგენლები ასეთ ტყუილებს იკადრებდნენ. ამ ყველაფერს ემატებოდა ის, რომ ქართულ ჯარში მორღვეული იყო ყოველგვარი დისციპლინა, ჩვენი ჯარისკაცების გარკვეული ნაწილი გართული იყო ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობით, პოზიციებზე ჯარისკაცების დამატება და მოხსნა (უფრო მოხსნა) ხდებოდა თითქმის უკონტროლოდ. სტატიის ავტორი : გიორგი გიგინეიშვილი
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
ნათია თურნავა - საქართველოში დამზადებული პირბადეები კომერციულ სექტორშიც გავა, ოღონდ ფასის კონტროლით
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს ფოტში, იმყოფებოდა სადაც კომპანია „აჭარა ტექსტილის“ საწარმოს ეწვია და სამედიცინო პირბადეების წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მინისტრმა პირბადის დამზადებაში თავადაც მიიღო მონაწილეობა. ნათია თურნავას თქმით, პირველ ეტაპზე, საქართველოში დამზადებული პირბადეები იმ კატეგორიას გადაეცემა, რომელსაც ყველაზე დიდი შეხება აქვს ვირუსის რისკისჯგუფებთან. შემდეგ კი, პრიორიტეტი ბიზნესსექტორში დასაქმებული ადამიანები იქნებიან. ამასთან, მინისტრის განცხადებით, პირბადეები კომერციულ სექტორში გავა, ოღონდ ფასის კონტროლით. „მსოფლიოში პირბადეები წარმოადგენს ძალინ დიდ დეფიციტს, ძალიან მაღალ არის მოთხოვნა და ძალიან დიდი აუცილებლობა გახდა საქართველოში, კორონავირუსის გამოწვევიდან გამომდინარე, ადგილზე სწრაფად დაგვეორგანიზებინა პირბადეების წარმოება. დღეს ჩვენ ვიწყებთ შესაბამის პროგრამას პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დავალებით, ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით. საქართველოში, სხვადასხვა სამკერვალო ფაბრიკაში ვიწყებთ ადგილობრივი პირბადეების შეკერვას. პირბადეები დამზადდება სხვადასხვა მასალისგან, რომელიც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და ლუგარის ლაბორატორიაში გაიარა შემოწმება, პირველ ეტაპზე ეს არის დოლბანდიდან დამზადებული პირბადეები, რომელიც შეიძლება, გამოვიყენოთ მრავალჯერ, ირეცხება“, – განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, საქართველოში დამზადებულ სამედიცინო პირბადეებს გამოყენების თავისი ინსტრუქცია ექნება. „უფრო სპეციფიური მოხმარების დროს კი, მაგალითად სამედიცინო მუშაკებისთვის იქნება ერთჯერადი. ეს პირბადეები იკერება ათამდე სამკერვალო ფაბრიკაში, ვინც გამოთქვა სურვილი, ჩაერთოს ამ პროგრამაში და ამ ეტაპზე, სახელწიფო თვითონ ქმნის მარაგს, რადგან ნედლეულების მოწოდება არის გარკვეულ სირთულეებთან დაკავშირებული, მაგრამ ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან ვართ კონტაქტზე და და ამ კონტაქტებს ვიყენებთ, რათა შეუფრხებლად მოხდეს დოლბანდის ნედლეულის მოწოდება“, – განაცხადა მინისტრმა. ნათია თურნავას თქმით, ამ დროისთვის საკმარისი მარაგი არსებობს პირველი პარტიის დამზადების დასაწყებად. „პირველი პარტია იქნება გადანაწილებული სახელწიფოს მიერ იმ მოხელეთა კატეგორიებზე, რომლებსაც აქვთ ყველაზე დიდი შეხება რისკის მატარებელ ჯგუფებთან, ხოლო ამის შემდეგ პრიორიტეტია ბიზნესები, სადაც ასევე დასაქმებული ადამიანები გარკვეული მაღალი რისკის ქვეშ არიან. შემდეგ, რა თქმა უნდა, კომერციულ სექტორში გავა პირბადეები, ოღონდ ფასის კონტროლით“, – განაცხადა ნათია თურნავამ. #კორონავირუსი #საქართველო #პირბადე
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 1 week ago
არუნდატი როი - პანდემია პორტალია
ვისღა შეუძლია წარმოთქვას ფრაზა „ვირუსულად გავრცელდა“ ისე, რომ შიშმა არ აიტანოს? ვისღა შეუძლია შეხედოს საგნებს – კარის სახელურს, მუყაოს ყუთს, ბოსტნეულის ტომარას – ისე, რომ არ წარმოიდგინოს მათზე შემოჯარული უხილავი, უკვდავი, უსიცოცხლო, ჯამისებრი საწოვარებით დაწინწკლული ბურთულები, რომლებიც ჩვენს ფილტვებზე მიმაგრებას ელიან? ნამდვილი შიშის გარეშე ვისღა შეუძლია იფიქროს უცხო ადამიანის კოცნაზე, ავტობუსში ასვლაზე ან ბავშვის სკოლაში გაშვებაზე? ვისღა შეუძლია რისკების გამოთვლის გარეშე იფიქროს ყოველდღიურ სიამოვნებაზე? რომელი ჩვენგანი არ არის ცრუ ეპიდემიოლოგი, ვიროლოგი, სტატისტიკოსი და წინასწარმეტყველი? რომელი მეცნიერი ან ექიმი არ ლოცულობს ფარულად სასწაულისთვის? რომელი მღვდელი არ ემორჩილება – ფარულად მაინც – მეცნიერებას? და თუნდაც ვირუსის გავრცელების ფონზე, ვინ არ ააღელვა დიდ ქალაქებში ჩიტების ჭიკჭიკის გაძლიერებულმა ხმამ, გადასასვლელებზე ფარშევანგების ცეკვამ და დადუმებულმა ზეცამ? მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. დაღუპულია 50 ათასზე მეტი ადამიანი. შესაძლოა ასობით ათასი ან უფრო მეტი კიდევ დაინფიცირდეს. ვირუსი თავისუფლად გადაადგილდა სავაჭრო გზებთან და საერთაშორისო კაპიტალთან ერთად, და მისმა თანმხლებმა საშინელმა ავადმყოფობამ ადამიანები თავიანთ ქვეყნებში, ქალაქებსა და სახლებში გამოკეტა. თუმცა კაპიტალის მოძრაობისგან განსხვავებით, ეს ვირუსი გავრცელებისკენ ისწრაფვის და არა მოგებისკენ. მან გაუაზრებლად, გარკვეული დოზით დინებას მიმართულება შეუცვალა. მასხრად აიგდო საიმიგრაციო კონტროლი, ბიომეტრია, ციფრული კონტროლი და სხვა ნებისმიერი სახის მონაცემთა ანალიზი. ჯერჯერობით ყველაზე მეტად გავრცელდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ, ძლიერ ქვეყნებში, მწყობრიდან გამოიყვანა კაპიტალიზმის ძრავა. შესაძლოა, დროებით, მაგრამ საკმაო დროით იმისთვის, რომ მისი ნაწილები შევისწავლოთ, რათა შევაფასოთ და გადავწყვიტოთ, მისი შეკეთება გვირჩევნია, თუ უკეთესი ძრავის ძიება. სამთავრობო პირები, რომლებიც პანდემიის მართვას ხელმძღვანელობენ, გატაცებით საუბრობენ ომზე. ისინი „ომს“ როგორც მეტაფორას კი არა, პირდაპირი გაგებით იყენებენ. და ეს მართლაც რომ ომი იყოს, ვინ მოემზადებოდა აშშ-ზე უკეთ? წინა ხაზის მებრძოლებს ნიღბებისა და ხელთათმანების ნაცვლად – იარაღები, „ჭკვიანი ბომბები“, ბუნკერის ასაფეთქებლები, წყალქვეშა ნავები, რეაქტიული გამანადგურებლები და ატომური ბომბები რომ სჭირდებოდეთ, იქნებოდა კი მათი დეფიციტი? ღამღამობით ნახევარი მსოფლიოს დაშორებით, ზოგიერთი ჩვენგანი ნიუ-იორკის გუბერნატორს გაუგებარი აღტაცებით უყურებს. თვალს ვადევნებთ სტატისტიკას და ვისმენთ ამბებს ამერიკის გადატვირთულ საავადმყოფოებზე, დაბალანაზღაურებად, მუშაობით გადამწვარ ექთნებზე, რომლებსაც ნიღბების ნაგვის ჩანთებისგან და ძველი საწვიმრებისგან დამზადება უწევთ, რომლებიც ყველაფერს რისკავენ ავადმყოფის დასახმარებლად. ვისმენთ ამბებს, როგორ ეცილებიან შტატები ერთმანეთს ვაჭრობაში სასუნთქი აპარატების მისაღებად; ვისმენთ ექიმების დილემის შესახებ, რომლებსაც უწევთ არჩევანი გააკეთონ, ვინ მიიღებს სასუნთქ აპარატს და ვის გაწირავენ სასიკვდილოდ. ჩვენ კი ჩვენთვის ვფიქრობთ, „ღმერთო ჩემო! ეს ამერიკაა!“ ტრაგედია არის უეცარი, ნამდვილი, მასშტაბური და ის ჩვენს თვალწინ იშლება. თუმცა ეს არ არის ახალი. ეს იმ მატარებლის მარცხია, წლების განმავლობაში რომ გზიდან ვარდებოდა. ვის აღარ ახსოვს ვიდეოები „გადაგდებულ პაციენტებზე“ – იმ ავადმყოფებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ საავადმყოფოს პერანგი ეცვათ, საჯდომი მოშიშვლებოდათ და რომლებსაც მალულად იშორებდნენ ქუჩის კუთხეში? საავადმყოფოების კარი ძალიან ხშირად დახურულა ამერიკის უიღბლო მოქალაქეებისთვის, მიუხედავად იმისა, რამდენად სერიოზული იყო მათი ავადმყოფობა ან როგორ იტანჯებოდნენ. ახლა მაინც აღარ ხდება ასე – რადგან ახლა, ვირუსის ხანაში ღარიბი ადამიანის ავადმყოფობამ შეიძლება მდიდრის ჯანმრთელობას ავნოს. და ახლა, ამ პერიოდშიც კი ბერნი სანდერსს, სენატორს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის ხისტ კამპანიას ეწეოდა, თავისსავე პარტიაშიც კი თეთრი სახლისთვის შეუფერებლად მიიჩნევენ. ჩემს ქვეყანაზე რაღა ვთქვა, ჩემს მდიდარ-ღარიბ ქვეყანაზე, ინდოეთზე – სადღაც ფეოდალიზმსა და რელიგიურ ფუნდამენტალიზმს, კასტურობასა და კაპიტალიზმს შორის გაჭედილზე, რომელსაც რადიკალი მემარჯვენე ინდუსი ნაციონალისტები მართავენ. დეკემბერში, სანამ ჩინეთი ვირუსს უჰანში ებრძოდა, ინდოეთის მთავრობას ასობით ათასი მოქალაქის საპროტესტო გამოსვლასთან უწევდა გამკლავება. მოქალაქეები მუსლიმთა წინააღმდეგ მიღებულ დისკრიმინაციულ კანონს აპროტესტებდნენ. COVID-19-ის პირველი შემთხვევა ინდოეთში 30 იანვარს დადასტურდა, დელი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დატოვა რესპუბლიკის დღის აღსანიშნავი აღლუმის საპატიო სტუმარმა, ამაზონის ტყის მშთანთქმელმა და COVID-ის უარმყოფელმა ჯაირ ბოლსონარომ [ბრაზილიის პრეზიდენტი]. თუმცა თებერვალში უამრავი საქმე იყო საიმისოდ, რომ მმართველი პარტიის დღის წესრიგში ვირუსის საკითხი დაეყენებინათ. თვის ბოლოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტი იყო დაგეგმილი. ის მიიტყუეს იმ დაპირებით, რომ გუჯარათის შტატის სპორტულ მოედანზე მილიონიან აუდიტორიას დაახვედრებდნენ. ამ ყველაფერმა ბევრი დრო და ფული წაიღო. შემდეგ იყო დელის საკანონმდებლო ასამბლეის არჩევნები, რომელშიც პარტია ბჰარატია ჯანატა („ხალხის პარტია“) დამარცხებისთვის იყო განწირული, ძალისხმევის გაორმაგების მიუხედავად – მავნე, ყველაფრის მკადრებელი ინდუსნაციონალისტური კამპანიით. ეს კამპანია ფიზიკური ძალადობისა და „მოღალატეების“ ამოხოცვის მუქარით იყო გაჯერებული. ისინი მაინც დამარცხდნენ [ბჰარატია ჯანატა მეორე ადგილზე გავიდა]. ამიტომ ამ დამცირებაში ბრალდებული მუსლიმები უნდა დაესაჯათ. შეიარაღებული ინდუსი ვიჯილანტების ბრბომ დელიში, მუშათა კლასის დასახლებაში მცხოვრებ მუსლიმებს შეუტია. მათ პოლიციაც უმაგრებდა ზურგს. გადაწვეს სახლები, მაღაზიები, მეჩეთები და სკოლები. საპასუხოდ იმ მუსლიმებმაც შეუტიეს, რომლებიც ამბის ასეთ განვითარებას ელოდნენ. დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი. ათასობით ადამიანი ადგილობრივ სასაფლაოებზე მდებარე დევნილთა ბანაკებში გადასახლდა. ჯერ კიდევ დასახიჩრებული გვამებისგან ბინძურ, მყრალ საკანალიზაციო ქსელს ასუფთავებდნენ, როდესაც მთავრობის წევრებმა პირველი შეხვედრა გამართეს COVID-ის შესახებ და ინდოელთა უმეტესობამ პირველად გაიგო „ხელის სანიტაიზერის“ შესახებ. მარტის თვეც დატვირთული იყო. პირველი ორი კვირა დაეთმო ცენტრალურ შტატში, მადჰია-პრადეშში მთავრობის კონგრესს და „ხალხის პარტიის“ მთავრობის დანიშვნას. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა. ორი დღის შემდეგ, 13 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ კორონა „ჯანმრთელობისთვის არ არის საგანგაშო“. საბოლოოდ, 19 მარტს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ერს მიმართა. ბევრი არ უვარჯიშია. მან უბრალოდ საფრანგეთისა და იტალიის სტრატეგიები მიითვისა. გაგვაფრთხილა „სოციალური დისტანცირების“ საჭიროებაზე (ეს მარტივი გასაგებია საზოგადოებისთვის, რომელიც ასე ღრმად არის ჩაფლული კასტურ წყობაში) და 22 მარტიდან კომენდანტის საათი გამოაცხადა. არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებდა მთავრობა კრიზისის დროს, თუმცა ხალხს სთხოვა, გამოსულიყვნენ აივნებზე და ჯანდაცვის მუშაკებთან მისასალმებლად ქვაბებსა და ტაფებზე დაეკრათ. პრემიერ-მინისტრს იმ დრომდე არც კი ეხსენებინა, ინდოეთი რომ კვლავ ეწეოდა დამცავი და სასუნთქი აღჭუღვილობების ექსპორტს. ნაცვლად იმისა, რომ ეს აღჭურვილობა საავადმყოფოებისა და სამედიცინო პერსონალისთვის შემოენახათ. გასაკვირი არც იყო, ნარენდა მოდის [პრემიერ-მინისტრის] წინადადებას დიდი ენთუზიაზმით რომ შეხვდნენ. ურტყამდნენ ქვაბებს, ცეკვავდნენ და აწყობდნენ პროცესიებს. მთლად სოციალური დისტანცირებაც არ გამოვიდა. მომდევნო დღეებში კი კაცი წმინდა ძროხის ნაკელის გროვაში ჩახტა, ხოლო „ხალხის პარტიის“ მხარდამჭერებმა ძროხის შარდის სმის წვეულებები გამართეს. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრმა მუსლიმურმა ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ყოვლისშემძლე [ღმერთი] იყო პასუხი ვირუსისთვის და მორწმუნეებს მეჩეთებში შეკრებისკენ მოუწოდა. 24 მარტს, საღამოს 8 საათზე მოდი ტელეკრანზე ისევ გამოჩნდა და გამოაცხადა, რომ შუაღამის შემდეგ მთელი ინდოეთი მკაცრი თვითიზოლაციის რეჟიმზე გადაერთვებოდა. მისივე თქმით, იზღუდებოდა კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. ისიც დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებდა არა როგორც პრემიერ-მინისტრი, არამედ როგორც ჩვენი ოჯახის უხუცესი. ვის შეუძლია გადაწყვიტოს, რომ 1.38-მილიარდიანი სრულიად მოუმზადებელი მოსახლეობა თვითიზოლაზიაში გადავიდეს? თან ისე, რომ ამის შესახებ 4 საათით ადრე ატყობინებ. მან ეს მთავრობასთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა, მთავრობას კი ამ გადაწყვეტილების საზიანო შედეგებთან გამკლავება მოუწევს. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოიაზრებს მტრულ ძალად, რომელსაც თავს მოულოდნელად უნდა დაესხა და არასდროს ენდო – მისი მეთოდები სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. და ვიყავით თვითიზოლაციაში. ჯანდაცვის ბევრი სპეციალისტი და ეპიდემიოლოგი ამ ნაბიჯს მიესალმა. შეიძლება, ისინი თეორიულად მართლები არიან. თუმცა, ცხადია, არცერთ მათგანს არ შეუძლია მხარი დაუჭიროს დამღუპველ რამეს – გეგმის არქონას. ან მზაობას, ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდ, სადამსჯელო იზოლაციას, რომელიც ბოლოს დასახული მიზნების სრულიად საპირისპირო მოვლენად იქცა. კაცმა, რომელსაც სეირის ყურება უყვარს, თვითონვე შექმნა ყველა სეირის სეირი. სანამ შეშფოთებული მსოფლიო აკვირდებოდა, ინდოეთმა ყველა თავისი სირცხვილი გამოააშკარავა – სისასტიკე, სტრუქტურულობა, სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, გაუხეშებული ინდიფერენტულობა ტანჯვის მიმართ. იზოლაციამ იმ ქიმიური ექსპერიმენტივით იმუშავა, დამალულ ნივთიერებებს რომ ამჟღავნებს. მაღაზიების, რესტორნებისა და სამშენებლო ინდუსტრიის დახურვასთან ერთად, მდიდარი და საშუალო კლასი გალავანშემორტყმულ დასახლებებში გამოიკეტა. ჩვენმა ქალაქებმა და მეგაქალაქებმა კი მუშათა კლასის თავიდან მოცილება დაიწყო. მიგრანტ მუშებს წანაზარდებივით იშორებდნენ. ბევრი მათგანი დამსაქმებელმა ან მიწათმფლობელმა გაიყვანა ქალაქიდან. ხოლო რადგანაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არსად ჩანდა, საკუთარ სოფლებამდე ფეხით მსვლელობა დაიწყო მილიონობით ღატაკმა, მშიერმა, მწყურვალმა, ახალგაზრდამ და მოხუცმა, კაცმა, ქალმა, ბავშვმა, სნეულმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონემ, მათ, ვისაც წასასვლელი აღარსად ჰქონდა. ისინი დღეების განმავლობაში მიაბიჯებდნენ ასობით კილომეტრით დაშორებულ ბადაუნისკენ, აგრასკენ, აზამგარჰისკენ, ალიგარჰისკენ, ლუქნავისკენ, გორაკჰპურისკენ. ზოგიერთი მათგანი გზაში დაიღუპა. მათ იცოდნენ, რომ შინ ბრუნდებოდნენ, რათა შიმშილი დაეოკებინათ. ალბათ ისიც იცოდნენ, რომ შეიძლებოდა ვირუსის გადამტანი ყოფილიყვნენ და ოჯახის წევრებისთვის, მშობლებისა და ბებია-ბაბუებისთვის გადაედოთ. თუმცა მათ საშინლად სჭირდებოდათ სიახლოვის ნამცეცი, საკვებივით სჭირდებოდათ – თუ სიყვარულივით არა – თავშესაფარი და ღირსების გრძნობა. სანამ მიდიოდნენ, ზოგიერთს კომენდანტის საათის წესების დარღვევის გამო სასტიკად უსწორდებოდა და ამცირებდა პოლიცია. ბიჭებს ქუჩაში ხტუნვასა და ბუქნების გაკეთებას აიძულებდნენ. ქალაქ ბარელისთან კი ადამიანები შეაჯგუფეს და ქიმიური სპრეი გადაასხეს. რამდენიმე დღის შემდეგ მთავრობამ ვირუსის გავრცელების შიშით შტატების შესასვლელები ქვეითებისთვისაც ჩაკეტა. ადამიანები, რომლებიც დღეების განმავლობაში სახლებისკენ მიიწევდნენ, შეაჩერეს და აიძულეს ქალაქების იმ ბანაკებში დაბრუნებულიყვნენ, საიდანაც ასევე იძულებით წამოვიდნენ. ხანდაზმულებს 1947 წლის გადასახლების მოგონებები გაუცოცხლდათ, როდესაც ინდოეთი გაიხლიჩა და პაკისტანი დაიბადა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ახლანდელი გამოსვლა [ბიბლ.] არა რელიგიამ, არამედ კლასობრივმა დაყოფამ განაპირობა. თუმცა ისინი ინდოეთის უღარიბეს ადამიანებს არ წარმოადგენდნენ. მათ სამსახური მაინც ჰქონდათ (აქამდე მაინც) ქალაქში და სახლი, სადაც დაბრუნდებოდნენ. უსამსახურონი, უსახლკარონი და უიმედონი ისევ იქ რჩებოდნენ, სადაც აქამდე იყვნენ – ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც დიდ გაჭირვებას ამ ტრაგედიამდე კარგა ხნით ადრე ჰქონდა ფესვი გადგმული. ამ კოშმარული დღეების მიუხედავად, შინაგან საქმეთა მინისტრი ამიტ შაჰი საჯაროდ მაინც არ გამოჩენილა. როცა დელიში მსვლელობა დაიწყო, ღაზიპურამდე მისასვლელად იმ ჟურნალის პრესბარათი გამოვიყენე, რომლისთვისაც რეგულარულად ვწერ. ბიბლიური სცენა იყო. ან შეიძლება არც იყო. ბიბლია ვერ წარმოიდგენდა ადამიანების ასეთ სიმრავლეს. ფიზიკური დისტანცირების მიზნით გამოცხადებულმა თვითიზოლაციამ საპირისპირო შედეგი გამოიღო – წარმოუდგენელი მასშტაბის ფიზიკური სიმჭიდროვე. ინდოეთის ქალაქებშიც კი ეს არის სინამდვილე. მთავარი ქუჩები შეიძლება ცარიელი იყოს, მაგრამ ღარიბები გამოკეტილნი არიან ბარაკებში, ჯურღმულებსა და ქოხმახებში. მსვლელობაში მონაწილეთაგან ვისაც ვესაუბრე, ყველა ღელავდა ვირუსის გამო. თუმცა ის ამ ადამიანების ცხოვრებაში ნაკლებად რეალური, ნაკლებად ხელშესახები იყო, განსხვავებით მოსალოდნელი უმუშევრობისგან, შიმშილისა და პოლიციის ძალადობისგან. ყველა იმ ადამიანს შორის, ვისაც გავესაუბრე (მათ შორის ერთი კვირით ადრე ანტიისლამურ თავდასხმებს გადარჩენილ მუსლიმი მკერავების ჯგუფს), ერთი კაცის სიტყვებმა განსაკუთრებით ამაღელვა. ის დურგალი იყო, მარჯიტი ერქვა და გორახპურამდე, ნეპალის საზღვრის მახლობლად განეზრახა მისვლა. „იქნებ, როცა ბატონი მოდი ამ გადაწყვეტილებას იღებდა, ჩვენ შესახებ არვინ არაფერი უთხრა. იქნებ მან ჩვენზე არ იცის?“, – თქვა მან. ეს „ჩვენ“ დაახლოებით 460 მილიონი ადამიანია. შტატების ადგილობრივმა მთავრობებმა (აშშ-ის მსგავსად) მეტი გულისხმიერება გამოიჩინეს კრიზისის დროს. სავაჭრო გაერთიანებები, კერძო პირები და სხვადასხვა კოლექტივი საკვებსა და განსაკუთრებით საჭირო პროდუქტებს არიგებდნენ. ცენტრალური მთავრობა კი აუჩქარებლად პასუხობდა ადგილობრივ ხელისუფლებათა სასოწარკვეთილ თხოვნებს ფულად სახსრებზე. ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრის დახმარების ეროვნულ ფონდს არ გააჩნია ხელმისაწვდომი მზა თანხა. ამის ნაცვლად, კეთილისმსურველთა ფული როგორღაც ახალ ამოუცნობ ფონდში PM-CARES-ში გადაუტანიათ. წინასწარ შეფუთულმა საკვებმაც დაიწყო გამოჩენა, შეფუთვებზე პრემიერ-მინისტრის სახე იყო გამოსახული. ამ ყველაფერთან ერთად, პრემიერ-მინისტრმა იოგა ნიდრას ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში კომპიუტერული ანიმაციით შექმნილი, საოცნებო სხეულის მქონე თავისივე პროტოტიპი იოგას მოძრაობებს ასრულებს, რათა ხალხს თვითიზოლაციის სტრესთან გამკლავებაში დაეხმაროს. ნარცისიზმი ძალზედ შემაწუხებელია. შეიძლება, ერთ-ერთი ასანა [იოგას პოზა] სათხოვარი ასანა იყოს, რომლის მეშვეობითაც პრემიერი მოდი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს სთხოვს: დაგვრთოს ნება, რომ დავარღვიოთ ის პრობლემური შეთანხმება Rafale-ის რეაქტიულ გამანადგურებლებზე [ინდოეთის მთავრობამ საფრანგეთისგან 7,8 მილიარდ ევროდ 36 ახალი საბრძოლო ხომალდი შეისყიდა] და ის 7,8 მილიარდი ევრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საგანგებო ღონისძიებებს მოვახმაროთ მილიონობით მშიერი ადამიანის დასახმარებლად. ფრანგებიც უეჭველად გაგვიგებენ. თვითიზოლაციის მეორე კვირას მომარაგების ჯაჭვი წყდება, წამლები და განსაკუთრებული მნიშვნელობის მარაგები თავდება. ათასობით სატვირთოს მძღოლი ცოტაოდენი საკვებითა და წყლით შუა გზაშია მიტოვებული. მოსამკელად გამზადებული თავთავები ნელ-ნელა ლპება. დგას ეკონომიკური კრიზისი. მიმდინარეობს პოლიტიკური კრიზისი. კორონავირუსის ამბავი მეინსტრიმულმა მედიამ ერთხმად გადააქცია 24-საათიან, ტოქსიკურ ანტიმუსლიმურ კამპანიად. „სუპერგამავრცელებელი“ აღმოჩნდა ორგანიზაცია Tablighi Jamaat. ისინი ინფორმაციას მუსლიმთა სტიგმატიზებისა და დემონიზების მიზნით ავრცელებდნენ. ზოგადი რიტორიკა კი ისეთი იყო, თითქოს მუსლიმებმა შექმნეს ვირუსი და გაავრცელეს, როგორც ჯიჰადის ფორმა. Covid-ის კრიზისი ჯერ კიდევ წინ არის. ან არ არის. არ ვიცით. თუ/როდესაც ეს კრიზისი დადგება, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ არსებული ცუდი წინასწარგანწყობები რელიგიის, კასტისა და კლასის მიმართ კიდევ უფრო გამძაფრდება. დღეს (2 აპრილს) ინდოეთში კორონავირუსის თითქმის 2 000 დადასტურებული შემთხვევა და 58 გარდაცვლილია. ცხადია, ეს მონაცემები სანდო არც არის, რადგან ის, სამწუხაროდ, ტესტების უმნიშვნელო რაოდენობას ემყარება. ექსპერტთა მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ზოგიერთი მილიონობით ინფიცირებულს წინასწარმეტყველებს. სხვები ფიქრობენ, რომ დანაკარგი გაცილებით ნაკლები იქნება. ჩვენ შეიძლება ვერასდროს დავინახოთ კრიზისის კონტურები, მაშინაც კი, როცა ჩვენ შემოგვიტევს. რაც ვიცით, ის არის, რომ ჯერ საავადმყოფოებზე მოთხოვნა არ გაზრდილა. ინდოეთის სახელმწიფო ჰოსპიტლები და კლინიკები ვერ უმკლავდებიან მილიონამდე ბავშვს, რომლებიც ყოველწლიურად იღუპებიან დიარეის, საკვების უკმარისობისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამო. ვერ უმკლავდებიან ტუბერკულიოზით დაავადებულ ასობით ათას პაციენტს (მსოფლიოში დაავადებულთა მეოთხედი), ანემიურ და კვების უკმარისობით დასუსტებულ პოპულაციას, რომლისთვისაც ნებისმიერი ავადმყოფობა შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს – აქ ისეთ კრიზისს ვერ გაუმკლავდებიან, როგორიც ამერიკასა და ევროპაშია. მთელი ჯანდაცვა მეტ-ნაკლებად შეჩერებულია, რადგან საავადმყოფოები ვირუსთან ბრძოლაზე გადაერთნენ. ინდოეთის სამედიცინო დისციპლინების ლეგენდარული ინსტიტუტის ტრავმის ცენტრი დახურულია. კიბოთი დაავადებული ასობით პაციენტი კი, რომლებიც საავადმყოფოს გზებზე ცხოვრობენ, ნახირივით გაფანტულა. მათ „კიბოს დევნილების“ სახელით იცნობენ. ადამიანები დაავადდებიან და სახლებში დაიხოცებიან. ჩვენ მათი ამბავი შეიძლება ვერასოდეს გავიგოთ. ისინი შეიძლება სტატისტიკადაც კი ვერ იქცნენ. ჩვენ მხოლოდ იმედიღა გვრჩება, რომ ის მკვლევრები, რომელთა აზრითაც, ვირუსს ცივი ამინდი მოსწონს, არ ცდებიან (თუმცა სხვა მკვლევრებს ამაში ეჭვი ეპარებათ). ასე ძლიერად, ასე ირაციონალურად ხალხს არასოდეს უნატრია მწველი, სასტიკი ინდური ზაფხული. რა არის ეს, რაც ჩვენ დაგვემართა? კი, ვირუსია. მას არ გააჩნია მორალური ღირებულება. თუმცა ის ნამდვილად ვირუსზე მეტია. ზოგიერთს სწამს, რომ ეს უფლის გზაა ჩვენს აზრზე მოსაყვანად. ზოგიერთის აზრით, ეს ჩინური კონსპირაციაა, რათა მსოფლიოზე ბატონობა შეძლონ. #პოლიტიკა #პანდემია #კრიზისი
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა -გახარიას განცხადებაა
„დღეიდან, იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა. იხურება ყველა ობიექტი. ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. მუნიციპალიტეტების ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მაცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად. ასევე, ჩვენ დავუშვით გამონაკლისი და იმ შემთხვევაში, როდესაც გვექნება მედიკოსების მიერ მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად შესაძლებლობა, მარნეულის და ბოლნისის მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების. მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და საგანგებო რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სრული პრეროგატივა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრის თქმით, მარნეულის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსი“, რომელშიც მოთავსებული იყო კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი უკვე გადასულია კარანტინის რეჟიმზე. „კლინიკა, დღეის მდგომარეობით, არის სრულად კარანტინის რეჟიმზე გადასული. აქ, კლინიკის მახლობლად, კლინიკის ტერიტორიაზე, ასევე, უახლოეს პერიოდში, დაახლოებით 24 საათის განმავლობაში განთავსდება საველე ჰოსპიტალი. ხოლო მეორე კლინიკა, „ავერსის კლინიკა“ მარნეულის რაიონში გააგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს და უზრუნველყოფს, რომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადაცემის მასშტაბი და სისწრაფე იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის ნაბიჯების ეფექტიანობა დამოკიდებულია არა მხოლოდ იმ ღონისძიებებზე, რომელსაც ის გაატარებს, არამედ საქართველოს მოქალაქეებთან თანამშრომლობაზე, მათ კეთილ ნებასა და სამოქალაქო თვითშეგნებაზე. „ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის იძულებით გადადგმული ნაბიჯები და ამ ნაბიჯების ძირითადი მიზეზი და მიზანი გახლავთ თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და უზრუნველვყოფთ, რომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადაცემის მასშტაბი და სისწრაფე იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. ეს არის, ამ საკმაოდ მძიმე და მკაცრი ნაბიჯების ძირითადი მიზანი. თუმცა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ნაბიჯების შედეგი და ეფექტიანობა დამოკიდებულია არა მხოლოდ იმ ღონისძიებებზე, რომელსაც მთავრობა გაატარებს, არამედ ჩვენს მოქალაქეებთან თანამშრომლობაზე, მათ კეთილ ნებაზე, სამოქალაქო თვითშეგნებაზე, ისევე, როგორც სამოქალაქო სექტორის თვითშეგნებაზე, ამ მუნიციპალიტეტებში და ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, მარნეულსა და ბოლნისში ადგილობრივი მედია და პრესა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას, სხვა მედიასაშუალებებისთვის კი ინფორმაციის მიწოდებას უზრუნელყოფს საზოგადოებრივი მაუწყებელი. „რა თქმა უნდა, ყველა ადგილობრივი მედია და პრესა გააგრძელებს ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას, ხაზგასმით ვამბობ – ადგილობრივი. სხვა ყველა მედიასაშუალება, ინფორმაციას და მედიარესურსს მიიღებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საშუალებით და „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ეყოლება რამდენიმე სპეციალურად აღჭურვილი ჯგუფი, რომელიც იფუნქციონირებს და იმოძრავებს ამ მუნიციპალიტეტების ფარგლებში“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ. მისივე განცხადებით, მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციას სრულად უზრუნველყოფს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი. „პრემიერის აპარატის და მთავრობის სახელით ამ მიმართულებას დღეს კურირებს ბატონი სოზარ სუბარი, რომელიც ასევე შეასრულებს კოორდინაციის ფუნქციასაც“, – აღნიშნა პრემიერმა. გიორგი გახარიას თქმით, ხვალ დილიდან, ადგილობრივი ხელისუფლება და ჯანდაცვის ორგანოები, მუნიციპალიტეტებში დაიწყებენ კარდაკარ სიარულს შესაძლო ინფიცირებებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირებისთვის. „ხვალ დილიდან მუნიციპალიტეტები და ჯანდაცვის ორგანოები დაიწყებენ, ფაქტობრივად, ამ ორ მუნიციპალიტეტში კარდაკარ სიარულს, იმისთვის, რომ თითოეულ ოჯახში გამოავლინონ შესაძლო რისკის შემცველი, მაღალი ტემპერატურის მქონე ადამიანი, რათა მათ ხელი შეუწყონ, რაც შეიძლება სწრაფად გამოვავლინოთ შესაძლო ინფიცირების შემთხვევები სწრაფი რეაგირებისა და მკურნალობისათვის, ისევე როგორც, ამ ადამიანებს აქვთ დავალებული რეაგირება მოახდინონ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ოჯახების ნებისმიერ მოთხოვნილებაზე, იქნება ეს საკვები პროდუქტი, სამედიცინო თუ ა.შ.“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ყველაფერი გაკეთდება ამ გამოწვევის მაქსიმალურად სწრაფად დასაძლევად. „ხვალ დილიდან, ადგილობრივი ხელისუფლება, მუნიციპალიტეტები და ჯანდაცვის ორგანოები, ისევე როგორც ყველა ის ადამიანი, ვის პასუხისმგებლობის ზონაშიც შედის მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლების, ჩვენი მოქალაქეების კომფორტული და ამ გამოწვევასთან ეფექტური გამკლავების ვალდებულება, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად და, პირველ რიგში, ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად მსუბუქად და სწრაფად გადავიაროთ და გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას“, – აღნიშნა პრემიერმა.