საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პირველ პაციენტს „საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა“

0
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პირველ პაციენტს „საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა“. „დღეს დილით ადრე დადასტურდა სამწუხარო შემთხვევა გარდაცვალებისა, კორონავირუსულ ინფექციასთან ასოცირებული დაავადებით. ეს გახლავთ 79 წლის ქალბატონი, რომელიც შევიდა 31 მარტს თსსუ-ში და გარდაცვალება დაფქსირდა დღეს დილით. ძირითადი დიაგნოზი გახლავთ ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება Covid-19 და მწვავე პნევმონია. გართულებები არის მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, სეფსისი, სეპტიური შოკი, სპონტანური პნევმოთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები ამ პაციენტთან იყო საკმაოდ მძიმე, “- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე განმარტებით, იმ ე.წ. კლასტერში, რომელშიც აღნიშნული ქალი შედიოდა, ინფექციის განვითარების ჯაჭვი სრულად ცნობილია. „ეს პაციენტი მიეკუთვნება კლასტერს, რომელიც ჩვენს შიდა კლასიფიკაციაში მოხსენიებულია ქვემო ბოლნისის სოფელ კაპანახჩის კლასტერის სახელით, სადაც ჩვენ გვაქვს 5 დადასტურებული შემთხვევა. ეს ქალბატონი არს კონტაქტირებული ადამიანებთან, რომლებიც შემოვიდნენ საქართველოში რუსეთ-აზერბაიჯანიდან და ამ სოფელში ერთ-ერთ სარიტუალო სუფრაზე გახლდნენ და ასევე, რელიგიური დღესასწაული მიმდინარეობდა ამ პერიოდში და აქედან ერთ-ერთმა გადასდო სწორედ ამ ქალბატონს, რომელიც არის ნათესავი იმ პირველი ინფიცირებულის. ანუ ამ შემთხვევაში ჯაჭვი ინფექციის განვითარებისა სრულად არის ცნობილი, “- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
0