კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება მაქსიმალურად შევაკავეთ, რითაც მოვიგეთ დრო

0
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების ე.წ. შეკავების ფაზა საქართველოში მაქსიმალურად გაიწელა. მისივე თქმით, საქართველოში ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება მაქსიმალურად შეაჩერეს და ამით მოიგეს დრო, რომ ჯანდაცვის სექტორი სერიოზულად მომზადებულიყო. გამყრელიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის ვითარება მათი პროგნოზების შესაბამისად იცვლება. „შემთხვევების ზრდა იქნება. შეკავების ფაზა საქართველოში მაქსიმალურად „გაიწელა“, ჩვენ შევაკავეთ მაქსიმალურად ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება, ამით მოვიგეთ დრო და მოემზადა ჯანდაცვის სექტორი უფრო სერიოზულად. დაახლოებით მივყვებით იმ პროგნოზებს, რაც ჩვენი მოდელირებით არის. ამ კვირის ბოლოს რასაც ვპროგნოზირებდით, შემიძლია გითხრათ, იმაზე ოდნავ ცოტაც არის. ასევე ვპროგნოზირებთ მომავალი კვირის შემთხვევებს როგორი იქნება და ვნახოთ“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა სოციალურ დისტანცირებას, რომელიც მისივე განმარტებით, არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი კორონავირუსთან საბრძოლველად. ამიტომ, გამყრელიძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დარჩნენ სახლში. „ამიტომ არის საჭირო, რომ ყველამ დავიცვათ ის ღონისძიებები, რასაც გულისხმობს საგანგებო მდგომარეობა, რასაც გულისხმობს კარანტინი, თივთიზოლაცია, პირადი ჰიგიენა, ნაკლები დიდი შხვედრები, ნაკლები დიდი სუფრები, ნაკლები კი არა საერთოდ აკრძალულია. თუ ყველაფერს დავიცავთ, პირველი იარაღი ამ ბრძოლაში გახლავთ სოციალური დისტანცირება. წამალი არა, წამალი გვჭირდება და მკურნალობა უკვე დაინფიცირებულ ადამიანზე, მაგრამ რომ არ დაგვიინფიცირდეს ხალხი, ამისთვის საჭიროა სოციალური დისტანცირება. თუ ჩვენ ამ ყველაფერს შევასრულებთ, მაშინ შესაძლებელია, ნაკლები დაზიანება იყოს“ , - აღნიშნა გამყრელიძემ.
0