ეპიდემიის შემდეგ, სამედიცინო მარიხუანას ლეგალიზაციას თავიდან უნდა მოვუბრუნდეთ

0
ეპიდემიის შემდეგ, სამედიცინო მარიხუანას ლეგალიზაციას თავიდან უნდა მოვუბრუნდეთ - წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი ფეისბუქის გვერდზე. "როდესაც ეპიდემია ჩაივლის და ეკონომიკის რეანიმაციაზე გადავა მთელი კონცენტრაცია, მთავარი ბრძოლა შემდეგ გველოდება. ჩვენ მოგვიწევს ბევრი ნაბიჯის გადადგმა, ექსპერიმენტების დრო არ გვექნება და დანის პირზე უშეცდომოდ უნდა გავიაროთ. აქედანვე უნდა გავაცნობიეროთ, რომ ბევრი არაპოპულარული, მტკივნეული და ამასთანავე უკომპრომისო გადაწყვეტილება იქნება მისაღები. ბევრი პროექტი, რომელიც სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო თაროზეა შემოდებული, ყველა მათგანმა მზის სინათლე უნდა ნახოს და რეალური გახდეს. სამწუხაროდ, ბევრია სხვადასხვა ინტრესების მქონე ჯგუფების უსაფუძვლო ხუშტურების გამო გაჩერებული პროექტები თუ ინიციატივები. ერთ-ერთზე მინდა ყურადღება გავამახვილო. ასეთია ხელისუფლების მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც სამედიცინო მოხმარების მიზნით მარიხუანას კულტივაციის ლეგალიზაციას გულისხმობდა. რომელიც, სხვათა შორის, სულ ცოტა ხნის წინ გაუგებარი მიზეზებით დაიბლოკა. ვთვლი, რომ როდესაც ეპიდემია ჩაივლის, ამ საკითხს თავიდან უნდა მოვუბრუნდეთ. უამრავმა განვითარებულმა ქვეყანამ (კანადა, იტალია, დიდი ბრიტანეთი, აშშ და სხვა) ეს გზა გაიარა და კონკრეტული ანალიზის გაკეთება შესაძლებელია, თუ რამხელა ბენეფიტები აქვს ამ ინიციატივას. სხვადასხვა გათვლებით, მხოლოდ სამედიცინო მოხმარებისთვის მარიხუანას ლეგალიზაცია საქართველოს 1 მილიარდი დოლარის (მთლიანი ექსპორტის 1/3) საექსპორტო პროდუქციას მისცემდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დასაქმების მაჩვენებლები, ფისკალური სარგებელი და სხვა უამრავი ფაქტორი. ბუნებრივია, მსჯელობის დროს ყველა ჯგუფის მოსაზრება გაზიარებული უნდა იყოს, თუმცა საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება მხოლოდ კონკრეტულ ანალიზს უნდა ეფუძნებოდეს. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არავინ ცდილობს არც ქართველობის წართმევას, არც მართლმადიდებლობას ემუქრება საფრთხე, არც "საქართველოს ავღანიზაციაზეა" საუბარი. ზოგადად, არავის ინტერესებში შედის ჩვენ ღირებულებებთან ბრძოლა. უბრალოდ არსებული რეალობის გათვალისწინებით, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ უმართავი ემოციების ნაცვლად, რაციონალური აზროვნება გვჭირდება. ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ქმედებას თუ პროტესტს მხოლოდ ანალიზი უნდა ედოს საფუძვლად და არა ემოციები. მსჯელობა, აზრთა სხვადასხვაობა, განხილვა და ცივი გონებით აზროვნება არის ქვეყნის სწორად მშენებლობის ფუნდამენტი. სინამდვილეში წარმატების რეცეპტი მარტივია. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა რესურსი და ყველა შესაძლებლობა, ყველაფერი, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებას დააჩქარებს და ჩვენ მოსახლეობას სწრაფად გაამდიდრებს. უნდა ვიყოთ უფრო გაბედულები, კეკლუცობის და ემოციების დრო არ გვაქვს. ეს პანდემია ბევრ რამეს შეცვლის, ბევრი მიდგომა და ხედვა შეიცვლება. ზოგადად, ჩვენ მივიღებთ ახალ მსოფლიო დღის წესრიგს და, იმედი მაქვს, საქართველოშიც შეიცვლება მთელი რიგი საკითხების მიმართ მსჯელობის სტილი."- წერს ანდრია გვიდიანი.
#marikhuana
#stopcovid19
#georgia
0