ზელენსკიმ მოქალაქეებს მიმართა: ჩემი ქართული იდეალური არ არის, თუმცა გრძნობა გულწრფელია

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსთველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მდგომ მოსახლეობას მიმართა. აქციის მონაწილეებმა მისი მიმართვის მხოლოდ ხმა მოისმინეს, ვიდეოჩანაწერს კი სატელევიზიო ეთერების მაყურებელი ნახავდა, საერთო სიგნალით, რომელსაც სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია" გადასცემდა. "მადლობელი ვარ საქართველოს შვილების, რომლებიც ჩვენს მებრძოლებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან. მათი წარმატება ჩვენი წარმატებაა. მათი ჭრილობა ჩვენი ჭრილობაა. და ჩვენი გამარჯვება თითოეული მათგანის გამარჯვება იქნება, ასევე ყოველი თქვენგანის.  ჩვენ არასოდეს დავნებდებით, რადგან დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა ისევე, როგორც აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი თქვენია. თუ ვინმეს უნდა ეს დაივიწყოს, თუ ვინმეს უნდა ეს წაშალოს, აუცილებლად შევახსენებთ, ჩვენ თქვენთან ვიქნებით. გუშინ უკრაინამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, თქვენ ამ გზაზე ხართ. იარეთ- ჩვენ დაგეხმარებით! უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ! დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას! მართალია, ჩემი ქართული იდეალური არ არის, თუმცა ჩემი გრძნობა თქვენ მიმართ გულწრფელია. წარმატებას გისურვებთ", - თქვა ზელენსკიმ. დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე ათასი ადამიანი სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებულ აქციაზე ისევ შეიკრიბა. აქციის ორგანიზატორებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. აქციის დღეს, 24 ივნისს, გამართვის შესახებ ცნობილი გახდა 20 ივნისის საღამოს, ამავე შინაარსის შკრებაზე. ხალხს პარლამენტთან მისვლისკენ "სირცხვილიას" წარმომადგენლებმა მოუწოდეს. 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. https://www.radiotavisupleba.ge/a/31913954.html

Source: radiotavisupleba.ge