დღეს საზღვარგარეთ გაცილებით მეტი ახალგაზრდა სწავლობს, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. მაგრამ მაინც ითვლება, რომ საქართველოს რეგიონიდან აშშ-ს მოწინავე უნივერსიტეტებში მოხვედრა გაცილებით უფრო რთულია ვიდრე თბილისიდან, შეუძლებელიც კი.
ოცნების ასრულება ხშირად რთული შეიძლება იყოს, მაგრამ არა შეუძლებელი. ამის დასამტკიცებლად დღეს ვესაუბრეთ ბათუმელ ახალგაზრდას, სესილი ბერიძეს, რომელმაც საკუთარი ამერიკული ოცნება აისრულა და ბრანდეისის უნივერსიტეტში (Brandeis University) კომუნიკაციისა და მედიის ფაკულტეტის მეორე კურსზე სწავლობს.
სწავლა, საკუთარი თავისთვის გამოყოფილი დრო და რეგულარული ფიზიკური დატვირთვა - ეს მისი ამერიკული ცხოვრების სამი მნიშვნელოვანი კომპონენტია. უნივერსიტეტში ჩარიცხვამდე კი ამერიკული გამოცდებისთვის მზადება და თვითდისციპლინა, როგორც თვითონა ამბობს, არის ის, რაც ოცნებას კონკრეტულ მიზნად აქცევს.
კორონავირუსის პანდემიის გამო, სესილის, ისევე როგორც სხვა ქართველ ახალგაზრდებს, საქართველოში დაბრუნება მოუწია. სანამ ის ამერიკულ განათლებას დისტანციურად აგრძელებს, ჩვენ მისი წარმატების ისტორიით დავინტერესდით.
"ამერიკაში თვითგანვითარების მხრივ მეტი შესაძლებლობაა, ვიდრე აქ", ამბობს სესილი და ამატებს, რომ ამერიკული განათლების მთავარი დამახასიათებელი ინდივიდუალური მიდგომა და თვითგანვითარებაზე ზრუნვაა - ის, რაც საქართველოში ჯერ ვერ განვითარდა.
როდესაც საქართველოსა და ამერიკის შორის მთავარ განსხვავებას ეხება საქმე, სესილი გვიყვება: "ამერიკაში ცხოვრებამ დამანახა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში საჭიროა, საქართველო სწრაფად განვითარდეს. ძალიან დიდი განსხვავებაა ამ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თუ სოციალური კუთხით, მაგრამ მთავარი მაინც ადამიანების მიდგომაა. ამერიკაში მხოლოდ შენ შეგიძლია საკუთარი თავი განავითარო, მონდომებაზეა ყველაფერი დამოკიდებული და არავინ გამოგეკიდება, დაგაძალებს რამეს".
სკოლაში სწავლის პერიოდში სესილიმ შეამჩნია, რომ "საქართველოში განათლების სისტემა ზღუდავს ადამიანს" და იგივეს უნივერსიტეტში გამეორება არ უნდოდა, ამიტომ არჩევანი ამერიკაზე შეაჩერა. გამოცდებისთვის მზადება აქტიურად დაიწყო, ჩააბარა TOEFL-ისა და SAT-ის ტესტები, შეავსო აპლიკაცია ბევრ უნივერსიტეტში და ბოლოს არჩევანი ბრანდეისზე შეაჩერა.
ბრანდეისი მასაჩუსეტსის შტატშია, ბოსტონთან ახლოს. ბრანდეისის კურსდამთავრებულთა შორის არიან ნობელის პრემიის მფლობელები ქიმიისა და ფიზიოლოგია-მედიცინის დარგებში. ასევე, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პულიცერის პრემიის მფლობელები ლიტერატურის დარგში.
ასეთი წარსულის უნივერსიტეტმა სესილის ყურადღება სწრაფად მიიქცია, რადგან საკუთარ მომავალზე ფიქრობდა. "მომავალში, ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ფიზიკურად სად ვიქნები - მთავარია, სად გამოვიყენებ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს", ამბობს სესილი.
რას უსურვებს სესილი სხვებს? მისი მთავარი რჩევაა, საკუთარ ინტერესებს გაჰყვნენ და მხოლოდ ასე მიიღონ ამერიკულ უნივერსიტეტში ჩაბარების გადაწყვეტილება.
"ნუ მიყვებით იმ კარიერულ გეგმას, რომელიც უსაფრთხო გზად მიგაჩნიათ. საქართველოს მოაზროვნეები სჭირდება, ამერიკული ლიბერალური განათლების მიდგომა კი ამაში უალტერნატივოა. თუ მეცნიერება არ გიზიდავთ, ნუ მიჰყვებით მას - გააკეთეთ ის, სადაც თავს მაქსიმალუეად გამოამჟღავნებთ".
#ბოსტონი
#სწავლა
#საზღვარგარეთი
#BATUMIDAILY