ByLuckyGeorgia
0
#poetry
#notes
ამ ცოტა ხნის წინ, სამსახურში, ჩამოგვირიგეს ყველას ბლანკები: მაგალითად, ერთ დღეს, უცებ, ადექი და მოკვდი, ვის დაუტოვებ ერთი წლის ხელფასს, შვილს, ცოლს, ქმარს, დედას, მამას, მამიდას... ოჰ, დავფაცურდით სამსახურში. მივუდექით საქმეს გულისყურით, აი, ზუსტად ისე, თითქოს ვწერდით სტატიას, ან ტექსტს სიუჟეტისთვის - დასაცავია სიზუსტე! მოვიჩხრიკეთ პირადი ნომრები, ქმრებს მივწერეთ, ცოლებსაც - “შენი პირადობა ჩამიგდე რა”. სახლებში დავრეკეთ, მოვიძიეთ შვილების დაბადების მოწმობები, ზოგი სკოლაში დატოვებული, ზოგი ოდესღაც დასკანერებული, იქ საფოსტო ინდექსები გადავამოწმეთ... - შუაზე გავუყოფ ორივეს, თანაბრად. - ოთხზე არც ისე ბევრი გამოდის, მაგრამ ეგაა, რაცაა. - ქმარსაც უყოფ, თუ მარტო შვილს? - მე ყველაფერს შვილს ვუტოვებ, 100%-ს. - ისე, რამდენი გამომდის ერთი წლის ხელფასი?.. - ცოტა ხანს კი ეყოფა. და დავსვით ბლანკის ბოლოში ხელმოწერა, როგორც ყოველ საღამოს, სტატიის ქვეშ, მაგალითად, ნინო თარხნიშვილი. ოღონდ არავინ ხუმრობდა, ოღონდ არავინ ფიქრობდა იმ წამს, რომ ავსებდა ბლანკს, რომელიც მისი უეცარი სიკვდილის შემთხვევაში, ოჯახის წევრებს საზეიმოდ თუ სამძიმრად გადაეცემოდა. და მერე, როცა გლოვა დამთავრდებოდა, შვილი ამ ფულით იყიდიდა მაგალითად, ზოლიან კაბას, ცოლი - სუნამოს, ქმარი აკუმულატორს, მამა წამალს დედა კი... დედა ალბათ არაფერს. 2018 ნინო თარხნიშვილი
ByLuckyGeorgia
0