სომხეთის ხელისუფლება „გადატრიალების მცდელობებს“ არ დაუშვებს
Interworld
ა.წ. 11 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად, სომხეთის ხელისუფლება ადგილობრივ ოპოზიციას „გადატრიალების მოწყობის“ მცდელობებზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყანაში გამოცხადებული საომარი მდგომარეობის დროს მასობრივი გამოსვლები აკრძალულია.
მთიანი ყარაბაღის რეგიონში დასრულებული 6 კვირიანი შეტაკებებისა და ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების შემდეგ, სომხეთის რესპუბლიკაში შიდა პოლიტიკური კრიზისი მწვავდება.
ტელევიზიით გამოსვლისას, ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინიანმა მოქმედი მთავრობის გადადგომა არ გამორიცხა, მაგრამ ამავდროულად, რადიკალურ ოპოზიციურ ძალებს „გადატრიალების მოწყობის“ მცდელობებისგან თავშეკავებაზე მკაცრად მიუთითა.
„მინდა მივმართო ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც საომარი მდგომარეობის პირობებში „ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას“ ცდილობს, თქვენს მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულება არ იქნება. საჭიროების შემთხვევაში მთავრობა გადადგება და ახალი ხელისუფლება აირჩევა, მაგრამ მე და ჩვენი გუნდი გადატრიალების მცდელობებს არ დავუშვებთ“, - განაცხადა ავინიანმა.
პარალელურად, პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლებთან დაიწყო კონსულტაციები, არსებული დაძაბულობის განმუხტვისა და ეროვნული ერთიანობის შესანარჩუნებლად.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Armenia #mass #protest #Nagorno #Karabakh #conflict #interworld